აგრარული განათლებადარგებიმედია ფერმერებისთვის TVმცენარეთა დაცვა

ბიოპესტიციდი _ ბუნებრივი ბაქტერია როგორ ანადგურებს მავნებლების მატლებს

მცენარეთა ბიოლოგიური დაცვა სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს თანამედროვე სოფლის მეურნეობაში.   მეურნე-ფერმერები სულ უფრო ხშირად იყენებენ ისეთ პრეპარატებს, რომლებიც ეფექტურად აკონტროლებს მავნებლების გავრცელებას, ამცირებს ქიმიური ინსექტიციდების მოხმარებას და ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს.

ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პრაქტიკაში მრავალწლიანი გამოცდილებით დამტკიცებული ბიოინსექტიციდია-Bacillus thuringiensis var. kurstaki (btk)-ნიადაგში ბუნებრივად გავრცელებული ბაქტერია, რომელიც სპეციალურ ცილოვან ტოქსინებს (Cry-ცილებს) წარმოქმნის. ეს ტოქსინები მაღალი ეფექტიანობით ანადგურებს  ქერცფრთიანთა რაზმის (პეპლების)  მავნებლების მატლებს, იგი სწორად გამოყენების შემთხვევაში უსაფრთხოა ადამიანებისთვის, შინაური ცხოველებისთვის, ფუტკრებისმ თევზების და სხვა სასარგებლო მწერების უმეტესობისთვის.

როგორ მოქმედებს ბიოპესტიციდი Btk?

Btk-ას მოქმედების მექანიზმი მნიშვნელოვნად განსხვავდება ტრადიციული ქიმიური ინსექტიციდებისგან. პრეპარატი არის კონტაქტური მოქმედების და გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში  როდესაც მავნებლის მატლები იკვებებიან მცენარის ვეგეტატიური ნაწილებით.

პირველი ეტაპიპრეპარატის მიღება საკვებთან ერთად

დამუშავებულ ფოთლებთან ერთად მატლი ჭამს:

  • Btk-ას სპორებს;
  • Cry-ცილოვან კრისტალებს (Btk-ას ტოქსინებს).

პრეპარატის  კარგი ეფექტურობისთვის აუცილებელია  სამუშაო ხსნარით ფოთლებისა და ყლორტების თანაბარად და სრულყოფილად დაფარვა.

მეორე ეტაპიტოქსინის გააქტიურება

მატლის ნაწლავში ტუტე გარემოა (pH დაახლოებით 9-10), სადაც:

  • ცილოვანი კრისტალები იხსნება;
  • საჭმლის მომნელებელი ფერმენტები ტოქსინს ააქტიურებს;
  • აქტიური ტოქსინი ნაწლავის კედლის სპეციფიკურ რეცეპტორებს უკავშირდება.

მესამე ეტაპინაწლავის დაზიანება

გააქტიურებული ტოქსინი ნაწლავის უჯრედებში წარმოქმნის მიკროსკოპულ ფორებს, რის შედეგადაც:

  • ზიანდება ნაწლავის კედელი;
  • მატლი 3-4 საათში წყვეტს კვებას;
  • ბაქტერიის სპორები აღწევს სხეულის ღრუში;
  • რამდენიმე  (3-5) დღეში მავნებელის მატლები იხოცებიან.

ბიოინსექტიციდ Btkას ძირითადი უპირატესობები

პრეპარატები Btk,  არაერთი მნიშვნელოვანი უპირატესობით გამოირჩევა:

  • ეკოლოგიურად უსაფრთხოა და ბუნებრივად იშლება;
  • სწორად გამოყენებისას არ აზიანებს ფუტკრებსა და სასარგებლო მწერების უმეტესობას;
  • არ ტოვებს ნარჩენებს მოსავალში;
  • წარმატებით გამოიყენება მავნებელების  ინტეგრირებული მართვის (IPM) სისტემებში;
  • დაშვებულია ორგანულ  (ბიო) და   შერეულ მეურნეობებში გამოსაყენებლად;
  • მოქმედებს მხოლოდ სამიზნე მავნებლებზე და მინიმალურ გავლენას ახდენს სხვა ორგანიზმებზე.

როგორ მივიღოთ მაქსიმალური ეფექტი?

Btk-ას  მაღალი ეფექტიანობისთვის მნიშვნელოვანია:

  • შეწამვლა ჩატარდეს ახალგაზრდა  (I-II ხნოვანება) მატლების გამოჩენისთანავე;
  • სამუშაო ხსნარმა თანაბრად დაფაროს ფოთლების მთელი ზედაპირი;
  • დამუშავება განხორციელდეს საღამოს ან მოღრუბლულ ამინდში, რადგან მზის ულტრაიისფერი სხივები ამცირებს პრეპარატის აქტივობას;
  • ძლიერი წვიმის შემდეგ საჭიროების შემთხვევაში განმეორდეს  წამლობა;
  • Btk -ა უნდა გამოვიყენოთ მავნებელების ინტეგრირებული მართვის (IPM) სისტემის ფარგლებში.

პრაქტიკული რეკომენდაციები ქართველი  მეურნე-ფერმერებისთვის

სიმინდი

Btk-პრეპარატი გამოიყენება:

  • სიმინდის ღეროს ფარვანა (Ostrinia nubilalis);
  • ბამბის ხვატრის (Helicoverpa armigera) მატლების წინააღმდეგ.

დამუშავება ყველაზე ეფექტიანია კვერცხებიდან ახლად გამოჩეკილი მატლების წინააღმდრგ, სანამ ისინი ღეროში ან ტაროში შეაღწევენ.

კომბოსტო და სხვა ჯვაროსანი კულტურები

Btk ეფექტიანად აკონტროლებს:

  • კომბოსტოს ჩრჩილს (Plutella xylostella);
  • კომბოსტოს თეთრულას (Pieris brassicae);
  • სხვა ფოთლის მღრღნელ მატლებს ქერცლფრთიანთა რაზმიდან.

პომიდორი და წიწაკა

გამოიყენება:

  • ბამბის ხვატრის- Heliotis obsoleta;
  • სხვა ნაყოფისა და ფოთლის მღრღნელი მატლების წინააღმდეგ ქერცლფრთიანთა რაზმიდან. .

წამლობა უნდა ჩატარდეს ახალგაზრდა ასაკის მატლების გამოჩენისთანავე.

ვაზი

Btk-ა წარმატებით გამოიყენება:

  • ყურძნის ჭიის (Lobesia botrana) -ახალგაზრდა მატლების წინააღმდეგ.

.   კვირტის ჭია ( Theresia ampelophaga)- ახალგაზრდა მატლების წინააღმდეგ.

საუკეთესო შედეგისთვის აუცილებელია ფერომონული ხაფანგების გამოყენებით მავნებლის მონიტორინგი და  წამლობის  ოპტიმალური პერიოდის  შერჩევა.

ვაშლი და სხვა ხეხილი

Btk-ა  ეფექტურია:

  • ფოთოლმხვევების (Tortricidae);
  • ფოთლის მღრღნელი სხვა მავნებლების წინააღმდეგ ქერცლფრთიანთა რაზმიდან..

ვაშლის ნაყოფჭამიას (Cydia pomonella) წინააღმდეგ მისი ეფექტიანობა შედარებით შეზღუდულია, რადგან მატლები სწრაფად აღწევენ ნაყოფებში.

 

ასარგებლო ინფორმაცია

რომელ მავნებლებზე მოქმედებს და რომელზეარა Btk?

 ეფექტურია

  • კომბოსტოს თეთრულას; კომბოსტოს ჩრჩილის; ხვატრების; სიმინდის ღეროს ფარვანას; ყურძნის ჭიის; კვირტის ჭიის ფოთოლიხვევიების და სხვა ფოთლისა და ნაყოფის მღრღნელი მატლების წინააღმდეგ ქერცლფრთიანთა რაზმიდან.

 არ მოქმედებს

  • ბუგრებზე; თრიფსებზე; ტკიპებზე; ფრთათეთრაზე; ფარიანებზე და ცრუფარიანებზე; ნემატოდებზე; ლოკოკინებსა და ლოქორებზე; ხოჭოების უმეტესობაზე (გარდა სპეციალიზებული Btk-შტამებისა).

გახსოვდეთ: Btk-ა მხოლოდ მაშინ მუშაობს, როდესაც მავნებლის მატლები იკვებებიან მცენარის ვეგეტატიური ნაწილებით . ამიტომ ფიტო-სანიტარული მონიტორინგი  წარმატების უპირველესი პირობაა.

ექსპერტის 5 რჩევა პრეპარატი Btk ეფექტური გამოყენებისთვის

  1. სწორად ამოიცანით მავნებელი

დარწმუნდით, რომ მცენარეს ნამდვილად პეპლების რაზმის მავნებლის მატლები აზიანებენ.

  1. ნუ დააგვიანებთ შეწამვლას

Btk-ა ყველაზე ეფექტურია ახალგაზრდა (I-II ხნოვანება)  მატლების წინააღმდეგ.

  1. თანაბრად გავანაწილოთ პრეპარატის ნაზავი მცენარის ვეგეტეტიურ ნაწილებზე.

სამუშაო ხსნარი თანაბრად უნდა მოხვდეს ფოთლების ორივე მხარეს, რომლიოთაც იკვებებიან  მავნებლის მატლები.

  1. შეარჩიეთ ოპტიმალური დრო

წამვლობა უმჯობესია ჩატარდეს საღამოს საათებში მზის გადასვლის შემდეგ ან მოღრუბლულ ამინდში, როდესაც ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება ნაკლებია.

  1. გამოიყენეთ Btk- ინტეგრირებული დაცვის სისტემაში

რეგულარულად აკონტროლეთ მავნებლების გავრცელება, გამოიყენეთ ფერომონიანი ხაფანგები, დაიცავით რეკომენდებული ვადები და საჭიროების შემთხვევაში Btk-ა მონაცვლეობით გამოიყენეთ სხვა მოქმედების მექანიზმის მქონე პრეპარატებთან. ეს შეამცირებს რეზისტენტობის განვითარების რისკს და გაზრდის  მცენარეთა დაცვის ეფექტიანობას.

Bacillus thuringiensis var. kurstaki (Btk) ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და ეკოლოგიურად უსაფრთხო ბიოინსექტიციდია, რომელიც უკვე ათწლეულებია წარმატებით გამოიყენება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მთავარი უპირატესობაა მიზნობრივი მოქმედება მავნე  მწერების მატლებზე, სასარგებლო ორგანიზმების მაქსიმალური დაცვა და ქიმიური ინსექტიციდების გამოყენების შემცირების შესაძლებლობა.

თუმცა Btk-ის წარმატება დამოკიდებულია არა მხოლოდ პრეპარატის ხარისხზე, არამედ მავნებლების სწორ იდენტიფიცირებაზე,  წამვლობის დროულ ჩატარებასა და მცენარის ვეგეტატიური ნაწილების ხარისხიან დაფარვაზე. სწორედ ამ პირობების დაცვით მეურნე-ფერმერს შეუძლია ეფექტიანად დაიცვას მოსავალი, შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და მიიღოს  სანიტარულ-ჰიგიენურად უსაფრთხო, მაღალი ხარისხის სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია.

ბიოპესტიციდ  Btk-ას გამოყენება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თანამედროვე სოფლის მეურნეობაში, მაღალი მოსავლიანობისა და გარემოს დაცვის მიზნები წარმატებით შეიძლება შეითავსოს, თუ მეურნე-ფერმერი მეცნიერებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

მომამზადა შოთა მაჭარაშვილმა