დაკარგული მილიონები და რიგები აფთიაქში _ რატომ ვატანთ წყალს ბუნებრივ „წამალს“?
საქართველოს სოფლებში საგანგაშო ტენდენცია სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. წლიდან წლამდე მცირდება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა, სოფლები ნახირის გარეშე რჩება, ხოლო ნატურალური, ცოცხალი რძის პროდუქტები დეფიციტური ხდება. პარალელურად, თუ ქალაქებისა და რაიონული ცენტრების ქუჩებს შევხედავთ, შევამჩნევთ მეორე, არანაკლებ შემაშფოთებელ სურათს: სოკოებივით მომრავლებულ აფთიაქებს და კუჭ–ნაწლავის დაავადებებით გადატვირთულ კლინიკებს.
მედიცინა და სტატისტიკა გვიჩვენებს: რაც უფრო ნაკლებ ნატურალურ, ფერმენტირებულ რძის პროდუქტს მოიხმარს მოსახლეობა, მით უფრო იზრდება ქრონიკული ანთებების, საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლისა და იმუნოდეფიციტის მაჩვენებელი. თუმცა, პრობლემა მხოლოდ პირუტყვის სიმცირეში არ არის. მთავარი ტრაგედია ის არის, რომ იმ მცირე რესურსსაც კი, რასაც ჩვენი შინამეურნეობა ჯერ კიდევ გვაძლევს, საკუთარი უცოდინრობით წყალს ვატანთ. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია რძის შრატი (სითხე, რომელიც ყველის ამოღების შემდეგ რჩება).
უხილავი კავშირი ნახირის შემცირებასა და მოსახლეობის დასნებოვნებას შორის
ათწლეულების წინათ, როდესაც თითქმის ყველა ოჯახს ჰყავდა ძროხა, მოსახლეობა ყოველდღიურად ე.წ. „ფუნქციურ საკვებს“ იღებდა. ნატურალური დო, მაწონი, შრატი და ყველი ადამიანის ორგანიზმს ამარაგებდა იმ დამცავი მოლეკულებით, რაც ნაწლავის მიკრობიომს (ჩვენს მთავარ იმუნურ ფარს) აცოცხლებდა.
ნახირის შემცირებამ ხალხი მასობრივად გადაიყვანა მაღაზიის კონსერვირებულ, მკვდარ საკვებზე. შედეგმაც არ დააყოვნა, მკვეთრად მოიმატა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომმა, გასტრიტებმა, კოლიტებმა და ალერგიებმა. ადამიანები ყოველთვიურად ასობით ლარს ხარჯავენ ძვირადღირებულ აფთიაქის მედიკამენტებში (პრობიოტიკებსა და ბუტირატის დანამატებში), მაშინ როდესაც ამ ნივთიერებების საუკეთესო, ცოცხალი წყარო ხელისგულზე გვიდევს.
მარტივი არითმეტიკა — რას ვკარგავთ 100 ლიტრი რძიდან?
მოდით, მარტივ არითმეტიკას მივმართოთ — რას ვკარგავთ, როდესაც ყველის ამოღების შემდეგ დარჩენილ შრატს უბრალოდ ვღვრით.
საწყის რიცხვად ძროხის 100 ლიტრი ნატურალური რძე ავიღოთ: 100 ლიტრი რძიდან ტრადიციული მეთოდით საშუალოდ ამოგვაქვს 12-14 კილოგრამი ყველი, გვრჩება, დაახლოებით, 88-86 ლიტრი რძის შრატი, რომელსაც მოსახლეობის დიდი ნაწილი უსარგებლო ნარჩენად მიიჩნევს და ღვრის. ამ 88-86 ლიტრ შრატში ჯერ კიდევ არის დარჩენილი უძვირფასესი რძის ცხიმი. თუ მას სეპარატორში გავატარებთ ან დავაყოვნებთ, მივიღებთ 400–დან 800 გრამამდე უმაღლესი ხარისხის სამკურნალო კარაქს. კარაქის მოხდის შემდეგ, ამავე შრატის ხელახალი წამოდუღებით მიიღება დამატებით 1.5-დან 2 კილოგრამამდე დიეტური, ცილოვანი ნადუღი.
ამრიგად, აღებული მოცულობის ნედლეულიდან ჯამური დანაკარგი რომ დავთვალოთ, გამოდის, ყოველ 100 ლიტრ რძეზე, რომლის შრატსაც ვღვრით, ოჯახი ბაზარზე არსებული ფასებით მინიმუმ 30-50 ლარის ღირებულების სუფთა, ნატურალურ და სამკურნალო პროდუქტს უბრალოდ ღვრის. წლის განმავლობაში კი დანაკარგი ათასობით ლარს აღწევს.
რაც შეეხება უშუალოდ შრატის კარაქს, მეცნიერული ანალიზი აჩვენებს, რომ ყველის კვეთის პროცესში, რძის ცხიმის 10-20% შრატში გადადის. ეს არ არის უბრალო ნარჩენი. ფერმენტებისა და სასარგებლო რძემჟავა ბაქტერიების წყალობით, ეს ცხიმი იცვლის სტრუქტურას და გარდაიქმნება უნიკალურ სამკურნალო პროდუქტად — შრატის კარაქად.
თუ ამ შრატს არ გადავღვრით, მისგან ზედაპირზე შეგროვებული ნაღების ადღვებვით ვიღებთ კარაქს, რომელიც თავისი თვისებებით სტანდარტულ ნაღების კარაქზე უმჯობესია და აი რატომ:
— მასში არის ბუტირატის მაღალი კონცენტრაცია: მოწინავე სამედიცინო კვლევები ადასტურებს, რომ ბუტირატი ნაწლავის კედლების (კოლონოციტების) პირველადი ენერგიის წყაროა. ის აშუშებს ანთებას, აღადგენს დაზიანებულ ლორწოვან გარსს და იცავს ორგანიზმს მსხვილი ნაწლავის ონკოლოგიური დაავადებებისგან.
შრატის კარაქში ეს მჟავა უკვე ნაწილობრივ თავისუფალ, ბიოხელმისაწვდომ ფორმაშია და მომნელებელი სისტემა მას წამალივით ითვისებს.
— მდიდარია ფოსფოლიპიდებით: შრატის კარაქი შეიცავს რძის ცხიმის გლობულების (ცხიმის წვეთები) უნიკალურ მემბრანას, რომელიც აუცილებელია ტვინის უჯრედების მუშაობისთვის, მეხსიერებისთვის და ნერვული სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის. ჩვეულებრივი კარაქის დამზადებისას ეს ნივთიერებები ძირითადად იკარგება.
— ვინაიდან პროდუქტმა უკვე გაიარა ყველის ფერმენტაციის ეტაპი, მასში კაზეინისა და ლაქტოზის კვალი მინიმალურია, რაც მგრძნობიარე კუჭ–ნაწლავის მქონე ადამიანებისთვის ნამდვილი ხსნაა.
ეს მხოლოდ ჯანმრთელობის პრობლემა არ არის, ეს ქვეყნის ეკონომიკური სიბრმავეცაა. ჩვენ ამ საოცარ სიმდიდრეს უბრალოდ ვღვრით, შემდეგ კი ვდგევართ აფთიაქში რიგში და ვყიდულობთ სინთეზურ ქიმიურ დანამატებს და ვწუწუნებთ, რომ ცხოვრება გაძვირდა.
დროა შევცვალოთ მიდგომა. სოფლად ფერმერებმა და ოჯახებმა უნდა ისწავლონ შრატის ბოლო წვეთამდე ათვისება, სეპარატორების ან მარტივი დაყოვნების მეთოდით ნაღების მოხდა და კარაქის ამოყვანა.აღსანიშნავია, რომ საქართველოს ზოგიერთ კუთხეში- მაგალითად, აჭარის მთიანეთში- მსგავსი ტრადიციული პრაქტიკა და ნატურალური რესურების სრული ათვისება დღემდე შენარჩუნებულია. შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ აჭარა გამოირჩეოდა და დღემდე გამოირჩევა 100 წელზე გადაცილებული ხანდაზმულების განსაკუთრებული რაოდენობით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატურალური, ცოცხალი საკვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის უპირატესობას.
ეს არის გზა ჯანსაღი მომავლისკენ, სადაც ფული მიდის არა აფთიაქების სალაროებში, არამედ საკუთარი ოჯახის ეკონომიკასა და ჯანმრთელობაში. ნახირის კლებას თუ ვერ ვაჩერებთ, ის მაინც ვისწავლოთ, რომ რაც გვაქვს, ოქროდ ვაქციოთ და არა ნარჩენად.
რატომ უჭირს ფერმერს ამ სიმდიდრის ათვისება?
თუმცა, პრობლემის მხოლოდ თეორიული განხილვა და ციფრების თვლა საკმარისი არ არის. როდესაც ვსვამთ კითხვას: დღევანდელ ყოველდღიურობაში რამდენად მარტივია ამ ტრადიციული პრაქტიკების აღდგენა? რეალობა გვაჩვენებს, რომ ეს პროცესი ნაწილობრივ რთულია, მაგრამ აბსოლუტურად შესაძლებელი და აუცილებელი.
ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს:
— დროისა და ენერგიის დეფიციტი სოფლად: დღეს სოფლად დარჩენილი მოსახლეობა ფიზიკურად ძალიან გადატვირთულია. მცირე მეურნეობებში თითოეული პროცესი ხელით კეთდება და ყოველდღიური რუტინა იმდენად დამღლელია, რომ დამატებითი ეტაპებისთვის (შრატის დაყოვნება, სეპარირება, დუღილი) ძალა და დრო იკლებს.
—ახალგაზრდების მონაწილეობის ნაკლებობა — ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა მიატოვა სოფლად ტრადიციული საქმიანობა, რის გამოც ცოდნა და უნარები იკარგება.
მიუხედავად ამისა, ეს გასაკეთებელია, რაც სახელმწიფოს ჩართვას საჭიროებს:
პირველ რიგში, როდესაც ოჯახები დათვლიან, რომ რეალურად ფულს ყრიან, ინტერესი გაიზრდება. მეორე მხრივ, რძის პროდუქტის წარმოებას ხელშეწყობა სჭირდება, მნიშვნელოვანია მცირე მეურნეობის მქონე ფერმერთათვის ხელმისაწვდომი გახდეს მცირე ზომის ელექტროსეპარატორები და მარტივი ტექნიკა, რომელიც ძველებურ, მძიმე ფიზიკურ შრომას მაქსიმალურად გაამარტივებს. თუ ამას ჯანსაღი კვების მზარდ ტრენდსაც მივუმატებთ, შრატის გადამუშავება არა მხოლოდ ოჯახის ეკონომიის, არამედ მომგებიანი მცირე ბიზნესის წყაროც შეიძლება გახდეს.
შრატის გადამუშავების ეს მაგალითი მხოლოდ ერთი კერძო ეპიზოდია იმ უზარმაზარი პოტენციური რესურსიდან, რომელიც ჩვენს აგრარულს სექტორს გააჩნია. რეალურად, ჩვენ ვდგავართ პარადოქსის წინაშე: ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომლის მადლიან მიწა-წყალსა და ბუნებრივ პირობებს თითქმის ამოუწურავი შესაძლებლობების მოცემა შეუძლია, თუმცა სისტემური მიდგომების ნაკლებობის, არასწორი მენეჯმენტისა და ყოველდღიური დაუდევრობის გამო, ამ სიმდიდრეს ვერ ვიყენებთ.
არსებული მატერიალური სირთულეების მიუხედავად, დროა, აქცენტი სწორად იმ რესურსების რაციონალურ ათვისებაზე გავაკეთოთ, რომლებიც რეალურად ჩვენს ხელთაა. აგრარული პოლიტიკისა და საოჯახო მეურნეობების დონეზე თითოეული ნატურალური პროდუქტის ბოლომდე გამოყენება არის ერთადერთი გზა, რომ ქვეყანამ თავისი პოტენციალი რეალურ ეკონომიკურ სარგებლობად და საზოგადოებრივ კეთილდღეობად აქციოს.
მიხეილ ჭიჭაყუა, აგრო ექსპერტთა ასოციაცია, ვეტერინარი–ექიმი, ბიოლოგიის დოქტორი

