ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების სათესლე მასალის მომზადება დასათესად
სათესლე მასალის სწორად და კარგად მომზადება ბოსტნეული კულტურების კარგი მოსავლის მიღების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა. მებოსტნეები სათესლე მასალის ხარისხის (თვისებების) გასაუმჯობესებლად სხვადასხვა მეთოდებს იყენებენ. ესაა სათესლის დაკალიბრება, შეწამვლა, მათი გაცხელება, დალბობა, გაღვივება, გამოწრთობა, დასველება და სხვ.
თესლის დაკალიბრება
თესლის მასასა და მის სათესლე თვისებებს შორის პირდაპირი კავშირია. ყველაზე მსხვილი, დიდი ხვედრითი წონის მქონე თესლი სამარაგო საკვები ნივთიერებების აუცილებელ ოდენობას შეიცავს და მაღალი სიცოცხლისუნარიანობა აქვს. თესვისთვის აუცილებელია ყველაზე მსხვილი და გამძლე თესლის გამოყენება. მსხვილი თესლის (კიტრის, ყაბაყის) დაკალიბრება სათითაოდ შეიძლება, მსხვილი და მძიმე და მომცრო, დაზიანებული და სუსტი თესლების გადარჩევით.
მშრალი გადარჩევის გარდა, თესლის სორტირებას 3%-იან ან 5%-იან მარილხსნარშიც (1 ლ. წყალზე 30-50 გრ. საკვები მარილი) აკეთებენ. კიტრის, პომიდვრის, წიწაკის, ბადრიჯნის, ყაბაყის, კომბოსტოს თესლს ჭურჭელში ყრიან, მარილხსნარს ასხამენ, ურევენ და 2-3 წუთის განმავლობაში აჩერებენ. ფუტურო და სუსტი თესლი ზედაპირზე ამოდის. ჩაძირულ, მძიმე თესლებს კი სუფთა წყალში ორჯერ რეცხავენ და დასათესად ისე იყენებენ.
თესლის შეწამვლა
თესლის ზედაპირზე შეიძლება ბაქტერიული, სოკოვანი და ვირუსული დაავადებების გამომწვევები იყოს. გარდა ამისა, სათესლე მასალაში შეიძლება გავრცელებული იყოს სხვადასხვა მავნებლები – ტკიპები და სხვ. დაავადებების გამომწვევების გასანადგურებლად, თესლის გაღვივების უნარის ასამაღლებლად და კიტრის, პომიდვრის, წიწაკის, ბადრიჯნისა და სხვა ბოსტნეული კულტურების ახალგაზრდა აღმონაცენების დაავადების გამომწვევი ორგანიზმებისგან დასაცავად თესლს 20-30 წუთის განმავლობაში მანგანუმჟავა კალიუმის მუქ-შინდისფერ ხსნარში (1 გრ. მანგანუმი 1 ჭიქა წყალზე) წამლავენ. შეწამვლის შემდეგ თესლი სუფთა წყალში კარგად უნდა გაირეცხოს.
თესლის გაცხელება
სათესლე მასალის დეზინფექციის ერთ-ერთი საშუალება მისი გახურებაა. მაგალითად, ბაქტერიოზისა და სოკოვანი დაავადებების გამომწვევებისგან დასაცავად კომბოსტოს თესლს 48-500C ტემპერატურის ცხელ წყალში 20-25 წუთის განმავლობაში აჩერებენ.
კიტრის თესლის შემთხვევაში, მდედრი ყვავილების ფორმირების დასაჩქარებლად, თესვის წინ თესლს 50-600C ტემპერატურის წყალში სამი საათის განმავლობაში აცხელებენ. სითბური რეჟიმის შესანარჩუნებლად დასაშვებია ჩვეულებრივი თერმოსის გამოყენება. გახურების შემდეგ თესლი 2-3 წუთის განმავლობაში ცივ წყალში უნდა გაგრილდეს. თესლის გაღვივების უნარის გასაუმჯობესებლად, განსაკუთრებით, თუკი სათესლე მასალა ცივ პირობებში ინახებოდა, 3-4 დღის განმავლობაში მას ჰაერზე, მზეზე აცხელებენ. ამ პროცესის დროს თესლს პერიოდულად ურევენ.
თესლის დალბობა
ბოსტნეული კულტურების სათესლე მასალის მომზადების შემდეგ თესლს, ჩვეულებრივ, ალბობენ, რაც მის ზრდას აჩქარებს და აღმონაცენების გაჩენას უწყობს ხელს. დამბალი თესლის დათესვის შემთხვევაში აღმონაცენი 2-6 დღით ადრე ამოვა, ვიდრე მშრალი თესლის დარგვის შემდეგ.
თესლის დასალბობად ძალიან ეფექტურია მიკროელემენტების ხსნარი. ასეთი ხსნარისთვის 1 ლ. წყალზე იღებენ: ბორის მჟავას – 0.3 გრ., მანგანუმჟავა კალიუმს – 0.2 გრ., გოგირდმჟავა კალიუმს – 0.25 გრ., გოგირდმჟავა თუთიას – 0.05 გრ., ალუმინის მოლიბდატს – 0.1 გრ., აზოტმჟავა კობალტს – 0.05 გრ. დასალბობად თესლს ან უბრალოდ ყრიან წყალში და სველ ჩვარს აფარებენ, ან სველი ქსოვილის ორ ფენაში ახვევენ. შესაძლებელია, თესლი წყალში ქსოვილის ტომრითაც ჩაიდოს. სითბოს მოყვარული კულტურებისთვის წყალი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს (18-200C), დანარჩენებისთვის ნაკლებიც შეიძლება, თუმცა, არანაკლებ 10-120C-სა. ლბობის პროცესში წყალს დღე-ღამეში 1-2-ჯერ ცვლიან. თესლი წყალში სრულ გაჟღენთვამდე უნდა გაჩერდეს. კიტრის, ყაბაყისა და გოგრის თესლი 12-15 საათში, ხოლო პომიდვრის, წიწაკისა და ბადრიჯნის თესლი – 24/48 საათში ლბება.
თესლის გაღვივება
დამბალი თესლი შეიძლება მაშინვე დაითესოს. თუმცა, ადრეული ნაყოფის მისაღებად, მებოსტნეთა უმრავლესობა დალბობის შემდეგ თესლს აღვივებს. გაღვივება ბოსტნეულ კულტურათა უმრავლესობაში აღმონაცენის გაჩენას აჩქარებს. თესლს სათესლე ყუთებში 20-250C ტემპერატურაზე აღვივებენ. თესლის დალბობა და გაღვივება ეფექტურია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა შემდეგ ის ტენიან, თბილ ნიადაგში უნდა დაითესოს.
თესლის გამოწრთობა
სითბოს მოყვარული კულტურების, როგორიცაა კიტრი, პომიდორი და წიწაკა, თესლის გამოწრთობა გარე ტემპერატურის ვარდნისადმი მათ გამძლეობას საგრძნობლად ზრდის. გამოსაწრთობად თესლს წინასწარ წყალში ალბობენ, აღვივებენ და შემდეგ 3-5 დღის განმავლობაში 20-300C ტემპერატურაზე აჩერებენ.
თესლის დასველება
თესლის შეღწევადობისა და აღმონაცენების გაჩენის დასაჩქარებლად ბოსტნეული კულტურების უმრავლესობის თესლებს წყლით ან საკვები ნივთიერებებიანი ხსნარით (მაგალითად, მიკროელემენტიანი ხსნარით) ასველებენ. დამუშავების ხანგრძლივობა, პირველ რიგში, მცენარის ტიპზეა დამოკიდებული. მაგალითად, პომიდვრის თესლის დამუშავების ხანგრძლივობა 12-20, კიტრის ‒ 15-20, წიწაკის თესლის კი ‒ 24-36 საათია.