დარგებიმებოსტნეობა

ბოსტნეულის წარმოება ჰიდროპონიკურ სათბურებში

    ჰიდროპონიკურ სათბურებში ბოსტნეულის წარმოებას ჩვეულებრივ გრუნტთან შედარებით მრავალი უპირატესობა გააჩნია. ჰჰიდროპონიკის შემთხვევაში (ხელოვნურ სუბსტრატზე წარმოება, ნიადაგის გარეშე) რაციონალურადდვიყენებთ ტერიტორიას, უმჯობესდება მცენარის ფესვთა სისტემის კვების პირობები, იქმნება წყლისა და ჰაერის ხელსაყრელი რეჟიმი.

მებოსტნეობაში ეს მეთოდი უდიდეს უპირატესობას იძლევა  წარმოების მექანიზაციისა და ავტომატიზაციისთვის.

ჰიდროპონიკურ სათბურებში ჩვეულებრივ გრუნტთან შედარებით, 25-30 %-ით მეტი მოსავლის მიღებაა შესაძლებელი.

დღევანდელ მსოფლიოში, სოფლის მეურნეობის ყველა მოწინავე ქვეყანაში სასათბურე მეურნეობების უდიდესი ნაწილი ჰიდროპონიკურია.

ჰიდროპონიკურ სათბურებში, ნიადაგი, როგორც მცენარის განვითარების არე, შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა მასალებით, რომლებიც  შემდეგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს:

  • არ უნდა გამოყოფდნენ ტოქსიკურ ნივთიერებებს;
  • არ უნდა არღვევდნენ  მცენარეთა კვების რეჟიმს და ძლიერ არ უნდა ცვლიდნენ ხსნარის რეაქციას;
  • უნდა ხასიათდებოდნენ მაღალი ფორიანობით, რაც განაპირობებს კარგ აერაციას და წყალშეკავების უნარს;
  • გააჩნდეთ მაღალი შთანთქმის უნარი, რომელიც განისაზღვრება გაცვლითი კათიონების ჯამით, იგი გამოისახება  მილიეკვივალენტებში 100 გ სუბსტრატზე;
  • გამოყენებისას ახასიათებდეს მედეგობა, რაც განაპირობებს დრენაჟის გაუმჯობესებას და ფესვთა სისტემის აერაციას;
  • გააჩნდეს კარგი სითბოტევადობა;
  • არ შეიცავდეს სარეველების თესლებს და პათოგენურ მიკროორგანიზმებს;
  • გააჩნდეს დაბალი კუთრი წონა.   

სუბსტრატის შერჩევისას გასათვალისწინებელია მისი ღირებულება, ხელმისაწვდომობა და ჰიდროპონიკური მეთოდის ტიპი, რომლისთვისაც განკუთვნილია კონკრეტული სუბსტრატი.

 ზოგიერთი მასალის კუთრი წონა და ფორიანობა

სუბსტრატი კუთრიწონა კგ/მ2 ფორიანობა %
წიწვოვანთა ქერქი 224 69
ხის ნახერხი 192 78
ჩვეულებრივი ტორფი 224 78
პერლიტი 96-128 75
ვერმიკულიტი 48-160 80
ქვიშა 1600 40
ცეოლიტი 800-900 _
ვულკანური პემზა 480 65
მინერალური ბამბა 90 97
პოლიმერული ქაფები 8-32 _
წყალი

ჰიდროპონიკური მეთოდით ბოსტნეულის წარმოებისას, წყალი გვევლინება ერთდროულად როგორც საკვები ელემენტების გამხსნელად, ასევე ფესვთა სისტემის განვითარების არედ, ამიტომ მისი ხარისხი ამ მეთოდის  ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. წარმოების პროცესში დროდადრო აუცილებელია სარწყავი წყლის ხარისხის შემოწმება (განსაკუთრებით მარილების შემცველობა). აამიტომ უმჯობესია, გამოვიყენოთ წვიმის, წყალსაცავის ან გრუნტის წყალი.

 ორგანული სუბსტრატები

გრუნტის გარეშე ბოსტნეულის წარმოებისას, ორგანული სუბსტრატებიდან ყველაზე ფართოდ გამოიყენება ტორფი,  ხის ქერქი, ნახერხი. ისინი ხასიათდება  ექსპლუატაციის ხანგრძლივი პერიოდით, კარგი ჰაერტევადობითა და ტენტევადობით, რითაც იქმნება ხელსაყრელი პირობები მცენარეთა ნორმალური განვითარებისთვის.   ტორფი

ტორფი წარმოიქმნება მცენარეებისგან, რომლებიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვითარდებოდნენ ჭაობის ზედაპირზე. არასრული დაშლის შედეგად ჭარბი ტენისა და ჰაერის უკმარისობის პირობებში, ორგანული მასალა გარდაიქმნება ტორფად. ტორფის ხარისხი დამოკიდებულია იმ მცენარეებზე, რომლებისგანაც ის წარმოიქმნა, აგრეთვე მათი დაშლის პირობებზე და ხარისხზე. აქედან გამომდინარე არსებობს ტორფის სამი, ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული სახესხვაობა: ქვეური, გარდამავალი და ზეური.

ქვეური ტორფი შეიცავს ყველაზე მეტ ნაცროვან ელემენტებს და ხასიათდება დაბალი მჟავიანობით, ის მდიდარია საკვები ელემენტებით.

ზეური  ტორფი გამოირჩევა ნაცროვანი ელემენტების დაბალი შემცველობითა და ძლიერი მჟავა რეაქციით. იგი ღარიბია საკვები ელემენტებით.

გარდამავალ ტორფს ნაცრის, საკვები ელემენტების შემცველობით  და მჟავიანობით შუალედური ადგილი უკავია.

ადგილმდებარეობის მიხედვით ტორფი მკვეთრად განსხვავდება საკვები ელემენტების შემცველობითა და მჟავიანობით. ამიტომ მისი გამოყენებისას საჭიროა გულმოდგინე ანალიზის ჩატარება, რათა ზუსტად განისაზღვროს მასში საკვები ელემენტების რაოდენობა და მჟავიანობა.

სათბურებში ტორფის გამოყენების განმასხვავებელი ნიშანია _ დაბალი კუთრი წონა, კარგი ფორიანობა, მაღალი შთანთქმადობა.

მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება სფაგნუმის  (ხავსის) ტორფი. მისი უდიდესი საბადოები მოიპოვება ფინეთში.

 ხის ქერქი და ნახერხი

ხის ქერქი და ნახერხი ხე-ტყის გადამუშავების ნარჩენებია. მათ იყენებენ ნიადაგის მულჩირებისთვის, ორგანული სასუქებისა და კომპოსტის დასამზადებლად, აგრეთვე სუბსტრატად ჰიდროპონიკურ სათბურებში.

მემცენარეობაში ქერქისა და ნახერხის გამოყენება აიხსნება ამ მასალების კარგი ფიზიკური და ქიმიური თვისებებით.

ნახშირბადის მაღალი შემცველობა განაპირობებს მიკროფლორის აქტიურ განვითარებას და შეტანილი აზოტის შთანთქმას. მერქნის დაშლისას გამოიყოფა C02, რომლის რაოდენობაც დამოკიდებულია ხის სახეობაზე. აეს ფაქტორი განსაზღვრავს აგრეთვე აზოტის იმობილიზაციასაც.

აზოტის შეკავება დამოკიდებულია ხის ნაწილაკების სიმსხოზე, წვრილი ფრაქციის დროს ის გაცილებით მაღალია. ნახერხში აზოტის მიკრობიოლოგიური ფიქსაცია დამოკიდებულია მისი დაშლის ხარისხზე.

მიკროორგანიზმების მიერ შეთვისებულ ნახშირბადის ყოველ 50 ერთეულზე აუცილებელია 1 წილი აზოტი, 0,5 წილი ფოსფორი, 0,1 წილი გოგირდი. ამიტომ ხის ქერქს და ნახერხს წინასწარ ამუშავებენ აზოტით, ფოსფორით და გოგირდით. მმინერალურ აზოტს უმატებენ სუბსტრატს გამოყენებამდე 30 დღით ადრე. აამ პერიოდში აზოტი შეითვისება მიკროორგანიზმების მიერ.

ჩვეულებრივ ხის ქერქს და ნახერხს ახასითებთ pH 5,5-5,6. ამიტომ მათ კომპოსტირებისას უმატებენ კირს. წიწვოვანი ხეების ნახერხის გამოყენებისას ხშირად მჟავიანობა უფრო მაღალია, ამიტომ მათ შედარებით მეტი რაოდენობით უმატებენ კირს 3,5 კგ/მ3-ზე.

წყარო: „მებოსტნეობა“,

ილია მჭედლიძე