ბოცვრის დაავადებების პროფილაქტიკური ღონისძიებების განრიგი
მებოცვრეობაში ვეტერინარული ღონისძიებები ორი მიმართულებით ტარდება:
⇒ შენახვის ჰიგიენა;
⇒ დაავადებების პროფილაქტიკა.
ღონისძიებების გეგმები ფერმებში შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს, მაგრამ ყველა მათგანი უნდა ითვალისწინებდეს სულადობის დათვალიერებას, ვაქცინაციას, დეჰელმენტიზაციას, დერატიზაციას, დეზინსექციას და დეზინფექციას.
ყველა ღონისძიება ტარდება წლის სეზონის გათვალისწინებით. შენობის სრულ და ზედმიწევნით გასუფთავებას აწარმოებენ ზამთარში 2 დღეში ერთხელ, დანარჩენ სეზონებზე – ყოველ დღე; შენობის დეზინფექციას ატარებენ კვარტალში ერთხელ, ინვენტარის დეზინფექციას – 10 დღეში ერთხელ; სანიტარულ წყვეტას, ანუ ბოცვრებისგან შენობის სრულ განთავისუფლებას 10-15 დღით მიმართავენ წელიწადში ერთხელ. დერატიზაციას და დეზინსექციას ატარებენ წლის განმავლობაში აუცილებლობის მიხედვით. ბოცვრებს ათვალიერებენ ყოველ დღე, რათა გამორიცხონ ინფექციური დაავადებების ეპიდემია. დაავადებაზე ეჭვის შემთხვევაში, ბოცვერს გამოაცალკევებენ და კარანტინზე აყენებენ, ხოლო დაცემის შემთხვევაში ვეტექიმი აწარმოებს მის გაკვეთას და მთელი შენობის დეზინფექციას.
ვეტერინალურ-პროფილაქტიკური ღონისძიებების სანიმუშო გეგმა
♦ სულადობის კლინიკური დათვალიერება და წუნდება ⇒ ყოველდღე;
♦ საკვების ლაბორატორიული გამოკვლევა ⇒ კვირაში ერთხელ;
♦ კოკციდიოზის, პასტერელიოზის,ინფექციური რინიტის პროფილაქტიკა ⇒ ყოველთვე – გრაფიკის მიხედვით 10 დღის განმავლობაში;
♦ პროფილაქტიკული დამუშავება კუჭნაწლავის დაავადებების წინააღმდეგ ⇒ აუცილებლობის მიხედვით – “მარგანცოვკის” სუსტი ვარდისფერი სითხით (1გ 2ლ წყალზე);
♦ საბოცვრის აეროზოლური დეზინფექცია ⇒ ყოველთვე 4 სეანსი დღეგამოშვებით – 2 გ, სკიპიდარი+20გ ქლორიანი კირი 1 მ³ ჰერმეტულ სივრცეზე, ექსპოზიცია 1 სთ;
♦ სასუნთქი ორგანოების დამუშავება ანტიბიოტიკების სიგარის ბოლით ⇒ აუცილებლობის მიხედვით – სადედე და სარემონტო გუნდი;
♦ გალიების, საბუდარის, ყუთების, ინვენტარის დეზინფექცია, გადასასვლელების, სანაკელე არხების და თხრილების სველი დეზინფექცია ⇒ ცხოველების გადაყვანის დროს- აირის ცეცხლის ალით, კაუსტიკური სოდის 2%-ნი სითხით;
♦ კანის დაავადებების პროფილაქტიკა ⇒ 2-ჯერ ერთკვირიანი ინტერვალით – ქლოროფოსის 3% ხსნარი ვაზელინზე, სკიპიდარი მზესუმზ. ზეთზე (1:1), ფენოტიაზინი;
♦ საბოცვრის მოწყობილობების და ინვენტარის პროფილაქტიკური დამუშავება ⇒ ზაფხულის განმავლობაში 2-3-ჯერ – 0,5% აქტივირებული კრეოლინის ცხელი სითხე;
♦ საბოცვრის, საწყობის, დამხმარე შენობის დერატიზაცია ⇒ ყოველთვე 1-დან 20 რიცხვამდე – ბაქტოკუმარინი, ზოოკუმარინი, თუთიის ფოსფიდი;
♦ მიქსომატოზის წინააღმდეგ ვაქცინაცია ⇒ 2-ჯერ წელიწადში გაზაფხულზე და ზაფხულში მწერების გამოჩენისას;
♦ სანიტარული დღე ⇒ კვირაში 1 დღე – სამუშაო ადგილების, გალიების, ინვენტარის მიმდინარე დეზინფექცია;
♦ სანიტარული წყვეტა ⇒ წელიწადში 10-15 დღე – საბოცვრის განთავისუფლება სულადობისგან, ყველა სახის დეზინფექციის ჩატარება, მ.შ. აეროზოლური 25% ფორმალდეგიდის სითხით, ერთდღეღამიანი ექსპოზიციით.
„ბოცვრის ხორცის წარმოების ტექნოლოგიური რუკა“
უშანგი აბაშიძე