აგროსიახლეები

საქართველოს ეროვნული ხის შერჩევა: ეროვნული იდენტობისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების სიმბოლო

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ეროვნული ხის შერჩევის კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. უწყების მინისტრის მოადგილის, გიორგი წკრიალაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ინიციატივის სტრატეგიული მნიშვნელობა და შერჩევის კრიტერიუმები განიხილეს.

ინიციატივის მიზანია იმ ხის სახეობის გამოვლენა, რომელიც საქართველოს ბუნებრივ და კულტურულ მემკვიდრეობას საუკეთესოდ წარმოაჩენს. პროცესის ფარგლებში, მრავალდარგობრივი კომისია, რომელიც მეტყევეების, ბოტანიკოსებისა და დარგის სხვა ექსპერტებისგან შედგება, ეკოლოგიური და ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით არაუმეტეს ხუთი კანდიდატი სახეობის იდენტიფიცირებას მოახდენს. შემდგომ ეტაპზე, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი საზოგადოებრივი ჩართულობის უზრუნველყოფას სპეციალური პლატფორმის მეშვეობით განახორციელებს, რაც საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას საზოგადოების პოზიციის გათვალისწინებას შეუწყობს ხელს.

ეროვნული ხის განსაზღვრა არა მხოლოდ გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების, არამედ ქვეყნის ეროვნული იდენტობის გაძლიერების მძლავრი ბერკეტია. ამ ნაბიჯით საქართველო შეუერთდება მსოფლიოს იმ 100-ზე მეტ სახელმწიფოს, რომელთაც უკვე აქვთ ბუნების ერთგვარი სიმბოლო, რაც, თავის მხრივ, ბიომრავალფეროვნების პოპულარიზაციასა და ბუნებრივი რესურსების მიმართ საზოგადოების პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას შეუწყობს ხელს.