ბუნებრივი ნაყრობის თავიდან აცილების ხერხები
ამ არასასურველი მოვლენის თავიდან აცილება, ან მისი გაჩენის შესაძლებლობის შესუსტება საფუტკრეში ქვემოთჩამოთვლილი ხერხების გამოყენებით შეიძლება:
_ ფუტკრის ოჯახს შეიძლება წაერთვას ბარტყიანი ფიჭები ზედ მსხდომი ახალგაზრდა ფუტკრით, გადაიდგას ახალ სკაში და მიეცეს განაყოფიერებული დედა ფუტკარი, ან ხელოვნურად მიღებული მწიფე სადედე;
_ ახალგაზრდა, კარგი კვერცხმდებელი დედა ფუტკრებით (არა უმეტეს 2 წლისა) საფუტკრის დაკომპლექტება ხელს უშლის ნაყრობას;
_ ოჯახში ფუტკრის მასის ზრდის კვალად მისი ბუდე უნდა გაფართოვდეს როგორც აშენებული, ისე ხელოვნური ფიჭებით, რაც ფუტკარს საშუალებას მისცემს, დასაქმდეს ფიჭის შენებით, საკვების მიტანით, სკაში მისი განთავსებით და ბარტყის გამოზრდით;
_ სკაში თუ გაჩნდა სანაყრე სადედეები, შეიძლება ოჯახი ხელოვნურად გაიყოს, ერთ-ერთში დარჩეს ძველი დედა, ხოლო მეორეს მიეცეს კარგად განვითარებული, ძველ სკაში არსებული სანაყრე სადედე;
_ ფუტკრის ოჯახს უნდა შეექმნას სკის ვენტილირების საშუალება, რაც ნაწილობრივ შეასუსტებს ნაყრის გამოსვლის საფრთხეს და გააუმჯობესებს ნექტრის დამწიფების პირობებს, ამასთან ერთად საფუტკრეში გაშენებული ნარგაობა იცავს სკებს ცხელ ამინდში გადახურებისაგან;
ნაყრობის საწინააღმდეგო რადიკალურ საშუალებად გამოიყენეთ საფუტკრეში სანაშენე მუშაობის სწორად წარმართვა – არამონაყრე, მაღალპროდუქტიული ოჯახებიდან დედა ფუტკრების ხელოვნურად გამოზრდა და ამით საფუტკრის სადედე სულადობის შეცვლა.
ასეთ ხერხს მეფუტკრეობის განვითარების თვალსაზრისით მოწინავე ქვეყნების პრაქტიკოსები მიმართავენ.
_ სკაში ბარტყიანი ბუდის გარშემო თაფლიანი ფიჭების ზღუდე არ უნდა შეიქმნას, ბუდე რეგულარულად უნდა ფართოვდებოდეს კარგად აშენებული, ღია ფერის ფიჭებით. ამავე მიზანს ემსახურება მეორე კორპუსის დადგმა და იქ თაფლიანი ფიჭების ატანა;
_ მონაყრე ოჯახში სადედეების მოშლა ნაყრობის საწინააღმდეგოდ გამოდგება მხოლოდ ნაყრობისათვის მზადების დასაწყისში. შემდგომში ეს ღონისძიება უკვე დაწყებულ ნაყრობას ვერ აღკვეთს.
გიორგი მაძღარაშვილი
„მეფუტკრეობა“