ღომი

საქართველოში ღომის კულტურის სიძველის შესახებ ძველქართულმა ისტორიულმა წყაროებმა მართალია ძუნწად შემოგვინახა ცნობები, მაგრამ მე-20 საუკუნის არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურეს, რომ ჯერ კიდევ უძველეს ეპოქაში ჩვენს წელთაღრიცხვამდე ღომის კულტურა ფართოდ იყო გავრცელებული. მაგალითად, არუხო I-სა და არუხო II-ში (აღმოსავლეთ საქართველო, VI-V-ვ ათასწლეული ჩვენს ერამდე) ნაპოვნია ხორბლის, შვრიის, ქერის, ფეტვის, ღომისა და ბარდის თესლები, რომელთა ხნოვანება დადგენილია ნახშირბადის (C 14) მეთოდით.


ღომის დანახშირებული მარცვლები სხვა ქართულ არქეოლოგიურ ძეგლებშიც იყო მიკვლეული. ქუთაისის მახლობლად ნაციხარზე (სათაფლია) დათარიღებულია ბრინჯაოს ხანით და ბიჭვინთის ტერიტორიაზე ჩვ. წ. ა. III საუკუნით. ასევე ღომი სხვა კულტურებთან ერთად ( ხორბალი, ჭვავი, ფეტვი) ნაპოვნია ზემო სვანეთის არქეოლოგიურ მასალებში, რომელიც თარიღდება I ათასწლეულით ჩვ.წ.აღ-მდე.

ზემოთ აღნიშნული მინაცემები საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ,რომ ღომი საქართველოს უძველესი კულტურაა.

ღომი დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთ მთავარ საკვებს წარმოადგენდა და განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით გამოირჩეოდა. იტალიელმა მისიონერმა არქანჯელო ლამბერტმა, რომელიც XVII საუკუნეში მოღვაწეობდა, საკმაო პერიოდი დაჰყო საქართველოში და თავის ნაშრომში „სამეგრელოს აღწერა“ არ მოიხსენიებს სიმინდს, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო ფართოდ გავრცელებული, თუმცა ბევრს საუბრობს ლობიოს შესახებ, რომელიც ასევე ამერიკიდან გავრცელდა ევროპაში. მთავარ საკვებად კი მოიხსენიებს ღომს და აღწერს მისი მოყვანისა და დამუშავების მთელ პროცესს. ასევე აღწერს ღომის შეჭამანდის მომზადებას. XVX საუკუნის ბოლოსთვის სიმინდის კულტურამ მთლიანად ჩაანაცვლა ღომის კულტურა, რადგან სიმინდის მოყვანას უფრო ნაკლები შრომა სჭირდება, ვიდრე ღომს. დღესდღეობით დასავლეთ და არამარტო დასავლეთ საქართველოში ღომს ამზადებენ არა ღომის კულტურიდან, არამედ სიმინდისაგან.

ღომი (ლათ. Se­ta­ria ita­li­ca) — ერთწლოვანი კულტურული მცენარეა, ძურწასებრთა გვარის, მარცვლოვანთა ოჯახის. აქვს სწორი, თითქმის ცილინდრული ღერო, რომლის სიმაღლე ,0 25-2 მ. აღწევს, აქვს ფართო ლანცეტისებრი ფოთოლი, თავთავისებრი საგველა ყვავილედი, მარცვალა ნაყოფი. სიცხეს კარგად იტანს. საქართველოში გვხვდება ღომის ადრეული, საშუალო და საგვიანო ჯიშები. დასავლეთ საქართველოში მოჰყავთ „შვიდკვირა“ და „ორმოსავალა“.

ღომი მაღალხარისხოვანი სასურსათო მცენარეა. მარცვალი შეიცავს ცილებსა და ვიტამინებს. ღომისგან ამზადებენ ფქვილს, მაკარონს, სპირტს, ლუდსა და სხვ. ღომის მწვანე მასას, ბზეს, ჩენჩოს, კილსა და სხვა ნარჩენს საქონლის საკვებად იყენებენ.

ღომი ადვილად იტანს მაღალ ტემპერატურას და მიეკუთვნება გვალვაგამძლე კულტურას. ღომის უმეტესი ჯიშები საგვიანოა, რომელთა ვეგეტაციის ხანგრძლივობა 120-დან 135 დღემდე შეადგენს. ამიტომ საჭიროა დაითესოს ისეთი ადგილობრივი ჯიშები, რომლებიც სავეგეტაციო პერიოდით მიეკუთვნებიან ადრეულ, საშუალო ჯიშებს.

ღომი მდიდარია კაროტინით დ უჯრედისით, B ჯგუფის ვიტამინებით (განსაკუთრებით B1,B2.), ასევე კალციუმით, კალიუმით, გოგირდით და ფოსფორით. ღომის ბურღული და ფქვილი გამოირჩევა ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მაღალი შემცველობით, აქვს მაღალი ენერგეტიკული ღირებულება და ამ მონაცემებით პირველი ადგილი უჭირავს სხვა საბურღულე კულტურებს შორის. ღომის ფაფის თბური დამუშავების შემდეგ მასში არსებული ცილები კარგად შეითვისება. ნახშირწყლების მაღალი შემცველობის გამო ღომისაგან დამზადებული კერძი მთელი დღის განმავლობაში წარმოადგენს ენერგიის ძვირფას წყაროს.

ღომისაგან დამზადებული კერძი ცნობილია ორგანიზმიდან ტოქსინებისა და მძიმე მეტალების გამოდევნით, ამიტომ მისგან დამზადებული საკვები განსაკუთრებით რეკომენდირებულია ისეთი დიდი ქალაქების მცხოვრებთათვის, სადაც მძიმე ეკოლოგიური პირობებია. უჯრედისის მაღალი შემცველობის გამო ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავების ნორმალურ მოქმედებას, ასევე ამაგრებს გულის კუნთებს, ამცირებს ათეროსკლეროზის რისკს, არეგულირებს არტერიულ წნევას.

დასავლეთ საქართველოში ღომის ფქვილისაგან ეროვნულ საკვებს ღომს, განსაკუთრებით საკალანდოდ ამზადებდნენ.

ღომის გამოყენება შეიძლება არამარტო სასურსათოდ, არამედ ცხოველთა და ფრინველთა საკვებად. რადგანაც ღომის 100 კგ მწვანე მასა შეიცავს 67,5 საკვებ ერთეულს და 3,4 კგ მონელებად პროტეინს, 100კგ თივა შესაბამისად შეიცავს 55,1 და 3,4, 100 კგ სილოსი — 63,4 და 3,0, ხოლო 100 კგ მარცვალი — 99 და 8,5. 1კგ მარცვალი შეიცავს 1,1 გ კალცს. 2,4 გ ფოსფორს და 1 მგ კაროტინს. მწვანე მასა შესაბამისად კი 1,3; 1,0 და15 . ღომის მწვანე მასით მსხვილფეხა პიროტყვი არცთუ კარგად იკვებება, მაგრამ თივას და სილოსს კარგად ითვისებს. ასევე მარცვალს დიდი მნიშვნელობა აქვს სასოფლ-სამეურნეო ფრინველთა კვებაში, რადგან მისი რეგულარული კვების რაციონში გამოყენებით ქათმები ადრეულ ასაკში იწყებენ კვერცხის დებას, უმატებენ კვერცხის დებას, იზრდება წიწილების გამოჩეკვა.

ზემით მოყვანილი მონაცემებიდან გამომდინარე საჭიროა ღომის კულტურას მიექცეს ყურადღება. მოძიებული იქნას ადგილობრივი უნიკალური ჯიშები, დამუშავდეს მისი ბიომიმართულებით მოვლა-მოყვანა, რათა გავრცელდეს და მიეცეს ფართო გამოყენება როგორც სასურსათოდ, ასევე საკვებად.

ზურაბ ბილანიშვილი,

სსიპ. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი

ცენტრის  ბიოაგროწარმოების სპეციალისტი