ჩაის მწარმოებელი ძირითადი ქვეყნები
ჩაი ამჟამად მსოფლიოს 80 ქვეყანაში მოჰყავთ, მათ შორისაა: აფრიკის 28, აზიის 25, სამხრეთ ამერიკის 9, ევროპის 5 ქვეყანა. აზიის ქვეყნებზე მოდის პლანტაციების 85 და წარმოებული პროდუქციის 80 პროცენტი.
ჩაის დიდი რაოდენობით (წელიწადში 960 ათას ტონაზე მეტს) მოიხმარს მსოფლიო. აქედან, დაახლოებით, _ 45 პროცენტს ევროპა, _ 30% აზია, _ 20% ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა, ხოლო დანარჩენს კი სხვა ქვეყნები.
ჩაის მწარმოებელი წამყვანი სახელმწიფოებია: ჩინეთი, ინდოეთი, შრი-ლანკა, პაკისტანი, კენია, თურქეთი, იაპონია, ვიეტნამი, ინდონეზია და სხვა. განვიხილოთ თითოეული ცალკ-ცალკე:
ჩ ი ნ ე თ ი _ აქაური ჩაის პროდუქცია მაღალი ხარისხისაა და, ბუნებრივია, კარგადაც ფასობს მსოფლიო ბაზარზე. იგი ჩინელების ყოველდღიური კვების პროდუქტია. გაშენებულია შედარებით მწირ ნიადაგებზე, ჭადრაკული წესით, რომლის მოვლა-მოყვანის სამუშაოები, ძირითადად, ხელით სრულდება. მეჩაიეობის 22 ოლქში განლაგებული პირველადი გადამუშავების ჩაის ფაბრიკები ძირითადად ამზადებენ მწვანე, შავ, წითელ და თეთრ ბაიხაო ჩაის. შავი ჩაი ძირითადად ექსპორტზე იგზავნება. თუ 1955 წელს ჩინეთში იყო 300 ათასი ჰექტარი ჩაის პლანტაცია და აწარმოებდა 105 ათას ტონა მზა ჩაის, 2015 წლისათვის აქ ჩაის ეკავა 2.255 ათასი ჰექტარი, ხოლო წარმოებამ 970 ათას ტონას გადააჭარბა. Aაქედან 355 ათასი ტონა უცხოეთის ბაზრებზე გაიყიდა.
ი ა პ ო ნ ი ა _ ჩაის კულტურას, რომელსაც აქ საუკუნოვანი ისტორია აქვს, წარმოდგენილია პატარ-პატარა პლანტაციების სახით და მის გასაშენებლად უმთავრესად მთის ფერდობებს იყენებენ. გაშენების წესი, ძირითადად, ჭადრაკულია, თუმცა გვხვდება შპალერული პლანტაციებიც. იაპონური ჩაი მაღალი ხარისხისაა, მოსავლის ასაღებად უნარიანად იყენებენ ტექნიკას, განსაკუთრებით გავრცელებულია ხელით საკრეფი აპარატები. მინიმუმამდეა შემცირებული ნედლეულის დანაკარგები. ჩაის ფოთლის გადამუშავებისთვის მაქსიმალური დროა მოკრეფიდან ნახევარი საათი. ამ მიზნით იყენებენ მოძრავ გადამამუშავებელ დანადგარებს, რომელიც უშუალოდ პლანტაციასთან ახლოს დაიდგას და საჭიროების შემთხვევაში მოხდეს მისი გადაადგილდება. ჩაით დაკავებული ფართობები 80 ათას ჰექტარს შეადგენს, ხოლო წარმოება 160 ათასამდე ტონა ფოთოლს აღწევს (2015წ), რომლიდანაც მზადდება მხოლოდ მწვანე ჩაი, რაც საკმარისია ქვეყნის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად (ერთ სულზე მოდის 500 გრამი). მართალია ეს ფიზიოლოგიურ ნორმაზე 3-ჯერ ნაკლებია, მაგრამ იაპონელები დიდი რაოდენობით ხმარობენ ყავას, კაკაოს, რომლებიც უცხოეთიდან შეაქვთ.
ი ნ დ ო ე თ ი _ ჩაის პროდუქციის ყველაზე დიდი მწარმოებელია მსოფლიოში. მის წილად მოდის დამზადებული ჩაის წარმოების 1/3. ჩაის მსოფლიო ბაზარი და მომხმარებელთა უზრუნველყოფა ძირითადად ინდოეთსა და შრი-ლანკაზეა დამოკიდებული. დღეისათვის ქვეყანა ამზადებს დაახლოებით 920 ათას ტონა მზა ჩაის, პლანტაციები კი 580 ათას ჰექტარზეა გაშენებული. პროდუქცია გააქვთ საექსპორტოდ. უმთავრესი მწარმოებელი რეგიონებია: ასამი, ბენგალია, დუარსი, ტერაი და მდინარე ბრახმაპუტრის ზედა აუზი, სადაც აწარმოებენ ჩაის 80 პროცენტზე მეტს. საუკეთესო ხარისხის ჩაის ფოთოლი მოდის ჰიმალაის სამხრეთ ქვედა კალთებზე (ნილგირი, ტრავანკორი). ჩაის ბუჩქების მცხუნვარე მზის სხივებისაგან დაცვის მიზნით, მათ აშენებენ ხეხილის ბაღების რიგთაშირისებში, ინდოეთში ჩაის პლანტაციებს ბაღებს უწოდებენ.
შ რ ი – ლ ა ნ კ ა (ცეილონი) _ ჩაის წარმოების ინტენსიური ქვეყანაა, რომელსაც მესამე ადგილი უკავია ჩაის წარმოების მხრივ, რომელიც წარმოდგენილია, როგორც პატარ-პატარა, ისე მოზრდილი პლანტაციების სახით. არის მსხვილი ჩაის მეურნეობებიც თავიანთი გადამამუშავებელი საწარმოებით; აგრეთვე მეჩაიეობის აგროსამრეწველო კომპლექსებით, რომლებიც აწარმოებენ ნედლეულს, ახდენენ მის გადამუშავებას და აფასოებენ კიდეც. შრი-ლანკის ჩაი საექსპორტოდ დაუფასოებელიც იგზავნება და მყიდველ ქვეყნებში ადგილზე აფასოებენ (ინგლისში).
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის საექსპორტო შემოსავლების 2/3 ჩაის პროდუქციაზე მოდის და წარმოებული პროდუქციის 90-95 პროცენტი საზღვარგარეთ გააქვთ. 2008 წელს ჩაის პროდუქციის რეალიზაციით ქვეყანამ 2 მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო. ფართობი 2008 წლისათვის 310 ათას ჰექტარს, ხოლო წარმოება 293 ათას ტონას შეადგენდა.
ი ნ დ ო ნ ე ზ ი ა _ ჩაის კულტურის განვითარება 1825 წლიდან დაიწყეს ძირითადად იავაზე და სუმატრაზე. გასული საუკუნის 50-იან წლებში ქვეყანას მსოფლიოში ჩაის წარმოებით მესამე ადგილი ეკავა. აქ ეს კულტურა გაშენებულია პლანტაციების სახით. გვხვდება აგრეთვე გლეხური მეურნეობებიც. მათი მთლიანი ფართობი 230 ათას ჰექტარს აღემატება. აქვთ ჩაის პირველადი გადამუშავების თანამედროვე ტიპის ფაბრიკები. წელიწადში აწარმოებენ 210 ათას ტონას.
ინდონეზია ცდილობს თავისი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის გამოიყენოს ყველა რესურსი, გაზარდოს ჩაის წარმოების მოცულობა, ამიტომ პროდუქციის დიდი ნაწილი (77-80%) საზღვარგარეთ გააქვს. ამითაა გამოწვეული მოხმარებასთან შედარებით ექსპორტის უფრო მაღალი ხვედრითი წილი.
პ ა კ ი ს ტ ა ნ ი _ ჩაის წარმოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა, სადაც ჩაის მცენარის მსხვილი პლანტაციებისა და მისი ფოთლის გადამუშავება უახლესი ტექნოლოგიებით წარმოებს. აგებულია ჩაის ფაბრიკები და ნედლეულს ქარხნული წესით ამუშავებენ. 2015 წელს 85 ათასი ჰექტარი ჩაის პლანტაცია იყო, საიდანაც მიღებული იქნა 32 ათასი ტონა მზა პროდუქცია. მსოფლიო ბაზარზე ჩაის საერთო რაოდენობიდან პაკისტანის ჩაის ხვედრითი წილი – 17,5 % – ია.
ვიეტნამი, ტაილანდი (სიამი), მიანვა (ბირმა) – ეს ქვეყნები სამხრეთით ესაზღვრებიან ჩინეთს, დიდი მეზობლის გავლენით ადრე ფლობდნენ ჩაის ფოთლის კრეფის, გადამუშავებისა და გამოყენების წესებს. ველური მცენარის ფოთლებიდან საუკუნეების განმავლობაში ამზადებდნენ ე. წ. იანა-ჩაის (დამწნილებულ ჩაის) და ფილა ჩაის. ჩაის კულტურა, ჩაის პლანტაციების ხელოვნურად გაშენება და ფოთლის გადამუშავების წესები ამ ქვეყანაში უფრო გვიან შეისწავლეს.
ჩაის პლანტაციების გაშენება ვიეტნამში ფრანგმა კაპიტალისტებმა 1825 წელს დაიწყეს, ბირმაში კი ინგლისელებმა – 1819 წელს.
მეჩაიეობა თანდათანობით განვითარდა წინა აზიის ქვეყნებშიც – ირანში, თურქეთში, აგრეთვე, სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე და აფრიკაში.
სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში (ბრაზილია, არგენტინა, პერუ, ეკვადორი და სხვა) ჩაის კულტურა მეოცე საუკუნის დასაწყისში გავრცელდა, მაგრამ ბოლო დრომდე ფეხი ფართოდ ვერ მოიკიდა. მიზეზი ალბათ ის იყო, რომ აქ ფართოდაა განვითარებული ყავის წარმოება. აშშ-ში ამჟამად სამრეწველო ჩაის პლანტაციები არ არის, თუმცა საამისო პირობები იქ, სამხრეთის შტატებში, სამხრეთ და ჩრდილო კაროლინაში, ჯორჯიასა და ფლორიდაში მისაღებია, მაგრამ მუშახელის სიძვირის გამო არარენტაბელური იყო და შემდგომი განვითარება ვერ ჰპოვა.
თ უ რ ქ ე თ ი _ თურქული ჩაი ხასიათდება კარგი საგემოვნო თვისებებით. 2015 წლისათვის ჩაის კულტურას 210 ათასი ჰექტარი ფართობი ეკავა სადაც აწარმოებდნენ 210 ათას ტონა მზა ჩაის, რაც ერთ სულზე გაანგარიშებით წელიწადში 600 გრამს შეადგენს. თურქეთს ყოველწლიურად საზღვარგარეთიდან 20-25 ათასი ტონა მზა ჩაის პროდუქცია. ამიტომაც შეიმუშავეს მეჩაიეობის განვითარების სახელმწიფოებრივი პროგრამა, რომლის წყალობით ქვეყანაში ბოლო 20-25 წლის განმავლობაში მისი ფართობისა და გადამამუშავებელი ფაბრიკების რაოდენობა გაიზარდა. რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართველი მეცნიერების მიერ გამოყვანილი ჩაის ჯიშებისა და ფორმებით პლანტაციების გაშენებას
რეზო ჯაბნიძე, სსმმ აკადემიის აკადემიკოსი