დარგებიმემცენარეობასტატიები

ჩაის სექტორი მსოფლიოსა და საქართველოში

ათასობით წელია, მარადმწვანე ბუჩქის (Camellia Sinensis) ფოთოლი იკრიფება, მუშავდება და მზადდება. ჩაის ტრადიციულ სამშობლოდ ჩინეთი მოიაზრება. მიუხედავად იმისა, რომ ჩაით ვაჭრობა უფრო ადრეულ პერიოდში დაიწყო, ევროპელმა ერებმა ჩაით მასშტაბური ვაჭრობა XVII-XVIII საუკუნეებში დაიწყეს, ბრიტანეთისა და ჰოლანდიის დაპყრობითი ომებისა და ინდოეთსა და შრი-ლანკაში (იმ დროისთვის ცეილონში) ჩაის პლანტაციების გაშენების შემდეგ.

ჩაის საერთაშორისო ვაჭრობაში ამჟამად დომინირებენ ბრიტანული და ჰოლანდიური წარმომავლობის ისეთი მულტინაციონალური კომპანიები, როგორებიცაა, მაგალითად, Unilever, Tata Global  Beverages და Twinings. ზოგადად, გლობალური მოთხოვნა ჩაიზე დროთა განმავლობაში იზრდებოდა (დობორჯგინიძე, 2008 წ.; ჩენგი, 2015 წ.).

ჩაის ბუჩქს დარგვიდან 5-7 წელიწადი ესაჭიროება, რათა მისი ფოთოლი მზად იყოს დასაკრეფად. ერთი ბუჩქის პროდუქტიული სიცოცხლის ხანგძლივობა 100 წელიწადზე მეტია. განასხვავებენ სხვადასხვა სახის ჩაის: თეთრს, ყვითელს, შავს, მწვანეს, ულუნს და პოსტ-ფერმენტირებულს. თუმცა ყველა მათგანი ჩაის ერთი და იგივე ფოთლისა და ყლორტისგან იწარმოება. ჩაი გადამუშავების პროცესში ხარისხდება სხვადასხვა სახის საბოლოო პროდუქციად.

მოსავლის აღების შემდეგ, დაკრეფილი ფოთოლი მალევე უნდა გადაეცეს გადამამუშავებელ ქარხანას, რათა  თავიდან ავიცილოთ ხარისხის გაუარესება. შემდეგ ფოთლებს აშრობენ და ზოგჯერ აქუცმაცებენ. დაქუცმაცების შემთხვევაში, შემდეგი ეტაპია ჩაის არევა, დაფასოება, ბრენდირება და საცალო და საბითუმო ბაზრებზე გატანა
საბოლოო მოხმარებისთვის.

სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სტატისტიკის მიხედვით, 2013 წელს ჩაის 36 ქვეყანა აწარმოებდა. მსოფლიოს მთლიანი წარმოება 2013 წელს 5 მილიონ ტონაზე ოდნავ მეტი იყო. მთავარი ჩაის მწარმოებელი ქვეყნებია ჩინეთი, ინდოეთი, კენია, შრი-ლანკა, თურქეთი, ვიეტნამი, ინდონეზია, იაპონია,  არგენტინა და ბანგლადეში.

FAO-ს მთავრობათშორისი ჯგუფის (IGG) სამდივნოსა (ჩენგი, 2015 წ.) და საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის (ITC) მონაცემებით (2013 წ.), მთავარი იმპორტიორი ქვეყნებია: რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, პაკისტანი და ეგვიპტე.

რაც შეეხება ჩაის ექსპორტიორებს,  ძირითადად ესენია: კენია, ჩინეთი, შრი-ლანკა, ინდოეთი და ვიეტნამი.

ქართული ჩაის სექტორი

ჩაის კულტივაცია დასავლეთ საქართველოში როცა პრინცმა გურიელმა ჩაის პირველი ბუჩქი ჩამოიტანა და დარგო გურიაში (რომლის ნახვაც დღესაც შესაძლებელია სოფელ გორაბეჟეულში). მას შემდეგ ჩაიმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს სოფლის მეურნეობაში, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის პერიოდში. აჭარის, გურიის,
სამეგრელოს, აფხაზეთისა და იმერეთის რეგიონების ნოტიო და სუბტროპიკული კლიმატი იდეალურია ჩაის მოშენებისთვის.

XIX საუკუნის ბოლოსკენ, ჩინელი მეჩაიე ლაო ძინ ძაო ჩამოვიდა საქართველოში ჩაის საწარმოებლად. მისი ჩამოსვლიდან დაახლოებით 7 წლის შემდეგ, მისმა ჩაიმ მოიგო ოქროს მედალი პარიზის მსოფლიო გამოფენაზე (Paris World Expo) 1900 წელს.

ქართული ჩაის წარმატება გახდა მიზეში 1920-იან წლებში თურქული ჩაის პლანატაციების გაშენების შთაგონების წყარო (საქლი, 2011 წ.).

საბჭოთა ხელისუფლება 1927 წლიდან აქტიურად უწყობდა ხელს ჩაის სექტორის განვითარებას. ჩაის წარმოების მოცულობა საგრძნობლად გაიზარდა, უკვე 1950-იანი წლების შუა ხანებში საქართველო იყო წამყვანი ჩაის მწარმოებელი ქვეყანა საბჭოთა კავშირში, რომლითაც მარაგდებოდა საბჭოთა კავშირის მოხმარების 95% (ნახუცრიშვილი, 2012 წ.). თუმცა წარმოების ზრდა ხარისხის კომპრომისის ხარჯზე ხდებოდა. ტრადიციული ხელით კრეფა, რომელიც 1890-იან წლებში გამოიყენებოდა, მოსავლის მასობრივად მექანიკურმა აღებამ ჩაანაცვლა. 1985 წელს მოსავლის რაოდენობამ 152,000 ტ. შეადგინა (ჰოლი, 2000 წ.), რაც კოლოსალური რაოდენობაა დღეს წარმოებულ 1,800 ტ-სთან შედარებით (საქსტატი, 2014 წ.). თუმცა, ამ ჩაის დიდი ნაწილი, შესაძლოა, დაბალი ხარისხის იყო.

საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე ქართული ჩაის სექტორი პრაქტიკულად ჩამოიშალა. 1990-იანი წლების დასაწყისის პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობის ფონზე, საქართველოს მთავრობამ ვერ შეძლო, საკუთარ თავზე აეღო ჩაის წარმოების ზედამხედველობა და ორგანიზება. არც ქართული ჩაის მრეწველობის ახალ ბაზრებზე გადამისამართება არ აღმოჩნდა ქვეყნის იმდროინდელი მთავრობის ამოცანა. 1993-1995 წლების ომმა აფხაზეთში, რომელიც ჩაის ძირითადი მწარმოებელი რეგიონი იყო, თავის მხრივ განაპირობა წარმოების დონის დაცემა. ბევრი მიტოვებული ქარხანა გაიძარცვა, მათი კაპიტალის ძირითადი ნაწილი ქვეყნის გარეთ გაიტანეს (უმეტესად ჯართის სახით).

გაჭიანურებული მოსავლის აღების გამო ჩაის პლანტაციები გაველურდა. ხელახალი დამუშავება ძვირადღირებული პროცესია. ერთი ჰექტარის დამუშავებას დაახლოებით 7000-8000 ლარი სჭირდება. ანასეულის ექსპერიმენტული ჩაის ქარხნის სპეციალისტების შეფასებით, პლანტაციების რეაბილიტაციისა და მათი ექსპლოატაციისთვის მოსამზადებლად სამ წელიწადზე მეტია საჭირო. ადგილობრივი ფერმერების მწირი შემოსავლები (საქსტატის 2015 წლის მონაცემებით, საშუალოდ, 495 ლარი თვეში) არ არის საკმარისი სარეაბილიტაციო სამუშოების დასაფინანსებლად. ფერმერების დაბალი და არასტაბილური შემოსავლები, კერძო ფინანსური ინსტიტუტების შედარებით მაღალ საპროცენტო განაკვეთებთან ერთად, მთავარი ბარიერია ფერმერების კრედიტებზე  წვდომისათვის. მეტიც, ბანკები უზრუნველყოფის სახით არ იღებენ ჩაის პლანტაციებსა და გადამამუშავებელ ტექნიკას, მცირე ფერმერების აბსოლუტურ უმრავლესობას კი არ სურს, კრედიტისმისაღებად რისკის ქვეშ დააყენოს კერძო  საკუთრება.

აღნიშნული ფინანსური შეზღუდვებისა და გაველურებული პლანტაციების რეაბილიტაციისთვის საჭირო  რესურსების სიმწირის გამო, მოსავლის აღებისთვის ვარგისი ჩაის პლანტაციების რაოდენობა მცირდება. საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლის, თენგიზ სვანიძის შეფასებით, 2013 წელს დაახლოებით 20,000 ჰა მიწა ჯერ კიდევ ვარგისი იყო ჩაის მოსავლის ასაღებად; 2015 წლის მაისში ეს რაოდენობა 10,700 ჰა-მდე შემცირდა.

დასავლეთ საქართველოში თხილის ბუმმა, კივისა და მოცვის მსგავსი სხვა კულტურების მზარდ პოპულარობასთან ერთად, ხელი შეუწყო ჩაის პლანტაციების ხსენებული კულტურებით მასობრივ ჩანაცვლებას.

ფერმერებთან პირისპირი ინტერვიუებიდან გაირკვა, რომ 1 ჰა ჩაის პლანტაციის გაკეთებისთვის საჭიროა დაახლოებით 30 000 ლარის ინვესტიცია და რამდენიმე წელიწადი. თუ გავიხსენებთ, რომ 1980-იან წლებში ჩაის პლანტაციები 67 000 ჰა-ზე იყო გაშენებული, მაშინ იოლად წარმოსადგენია, მხოლოდ ამ დარგში თუ რა ზარალი განიცადა ქვეყნამ, რისის უგულებელყოფაც შეუძლებელია.

„მეჩაიეობა საქართველოში:
ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი“