ჩაის მცენარის გამრავლების, გაშენებისა და მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია
ჩაის მცენარე მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად (კალმების დაფესვიანებით და გადაწვენით). გამრავლების ამ ორ წესს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
ჩაის მცენარის თესლით გამრავლების დადებითი მხარეებია: თესლნერგი გარემოს არახელსაყრელ პირობებს უკეთ ეგუება, ვიდრე ვეგეტაციურად გამრავლებით მიღებული მცენარე, შრომის ნაკლები ხარჯი და სარგავი მასალის სიიაფე. დედა მცენარის მავნებელ-დაავადებათა შემდგომ თაობაზე გადაცემის საშიშროება ნაკლებია.
თესლით გამრავლების უარყოფითი მხარეა თესლნერგების არაერთგვაროვნება და პლანტაციის სიჭრელე. ნერგების ნელი ტემპით ზრდა და ყვავილობისაკენ მიდრეკილება.
ვეგეტაციური გამრავლების დადებითი მხარეებია: ერთგვაროვანი შედგენილობის პლანტაციის მიღება, მოვლით სამუშაოთა მექანიზაციის სიადვილე, საინტერესო ფორმების შენარჩუნება.
ვეგეტატიური გამრავლების უარყოფითი მხარეებია: აგროტექნიკის სირთულე, ახალი თაობისადმი მავნებელ-დაავადებათა გადაცემის საშიშროება.
ჩაის პლანტაციის თესლით გაშენებისას მიმართავენ ორ ხერხს:
- როდესაც სარგავი მასალა გამოყავთ სპეციალურ სანერგეში თესლის თესვისა და მიღებული ნათესარების გაზრდის გზით;
- როდესაც პლანტაციებს აშენებენ წინასწარ, სათანადოდ მომზადებულ ნაკვეთებზე, თესლის უშუალოდ მუდმივ ადგილზე ჩათესვით.
იმისათვის, რომ მივიღოთ მაღალმოსავლიანი, სრულფასოვანი ჩაის ფოთლის საკრეფი პლანტაციები, საჭიროა გვქონდეს მაღალხარისხოვანი ელიტური ჩაის თესლი (ელიტა-ჯიშისათვის საუკეთესო). ასეთი თესლის მიღება კი შესაძლებელია მხოლოდ ამ მიზნით სპეციალურად გაშენებულ სათესლე პლანტაციებიდან. თესლს პირველ რიგში, სელექციური ჩაის სათესლე და საფოთლე პლანტაციებში ამზადებენ.
ჩაის სათესლე პლანტაციების გასაშენებლად უმჯობესია ქარისაგან დაცული ჩრდილო-დასავლეთი და დასავლეთი ექსპოზიციის, მცირედ დაქანებული ადგილები. დაგეგმვის დროს მანძილი მწკრივებს შორის – 3, ხოლო მცენარეთა შორის მწკრივში 1 მეტრი უნდა იყოს. თესვა უმჯობესია გაზაფხულზე, ბუდობრივი წესით. თესლის აღება-დამზადება შეიძლება ექვსი და მეტი წლის პლანტაციებიდან. პირველ რიგში, კრეფის დაწყებისას ყველა ჩამოცვენილი, განუვითარებელი და ცარიელი თესლისაგან ფართობი უნდა განთავისუფლდეს და შემდგომ შეიძლება თესლის დამზადება.
ჩაის თესლი მწიფდება განაყოფიერებიდან ერთი წლის შემდეგ და ეს პერიოდი ორ თვეს გრძელდება, შესაბამისად, თესლის დამზადებაც სხვადასხვა დროს ხდება. ჩინური ჩაის თესლის დასამზადებლად საუკეთესო დროა: პირველი კრეფისათვის 15 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე, მეორე კრეფა კი იწყება 1 ნოემბრიდან 20 ნოემბრამდე. ჩაის თესლის შეგროვების საუკეთესო ხერხია კრეფა ბუჩქებიდან.
ჩაის თესლით გამრავლება გავრცელებული მეთოდია. იგი იძლევა საშუალებას, მოკლე დროში მიღებული იქნას დიდი რაოდენობით ჩაის ნათესარები, არ მოითხოვს რთულ აგროტექნიკურ ღონისძიებებს.
თესლით გამრავლებას აქვს ნაკლოვანი მხარეებიც: თესლიდან აღმოცენებული ჩაი დათიშვის გამო არაერთგვაროვანია, მცენარე ნელა იზრდება და მეტი მიდრეკილება აქვს გენერაციული განვითარებისაკენ.
თესლით გამრავლებული პლანტაცია არაერთგვაროვანია და დუყებით თანაბრად შემოსვლა არ ხდება, არც მიღებული პროდუქციის ხარისხია ერთნაირი. შედარებით გათანაბრებული მასალა შეიძლება მივიღოთ მცენარეთა გამოზრდით სანერგეში, სადაც მორფოლოგიური და სხვა ნიშან-თვისებების მიხედვით არჩევენ თესლნერგებს, თუმცა ამ დროსაც ძნელია, წინასწარ განვსაზღვროთ მათი გვალვა და ყინვაგამძლეობა, პროდუქტიულობა და სხვა.
ჩაის თესლის დამზადება და შენახვა. ჩაის სათესლე პლანტაციიდან თესლის კრეფა იწყება გაშენებიდან მეხუთე-მეექვსე წელს. პირველ რიგში თესლი მწიფდება სამხრეთ და აღმოსავლეთის ექსპოზიციის ფერდობებზე. კრეფა იწყება 15 ოქტომბრიდან და გრძელდება დეკემბრის შუა რიცხვებამდე. მცენარის თესლი საკრეფად მზად არის მაშინ, როდესაც ბუჩქზე ნაყოფის კოლოფების 2-3% დამსკდარია. შეგროვილ თესლს ყრიან ტომრებში ან ყუთებში, უკეთებენ სათანადო ეტიკეტებს, კრეფის ადგილის, დროისა და ჯიშის აღნიშვნით და გადააქვთ ფარდულებში გასაშრობათ. გაწმენდილსა და ჩრდილში გამშრალ თესლს, რომლის ტენიანობა 25-35% ფარგლებში უნდა იყოს, ატარებენ დამხარისხებელ ბარაბანში და 12 მმ-იან საცრებში. თესლი, რომლის დიამეტრი 12 მმ-ზე ნაკლებია, დასათესად არ იყენებენ.
ჩაის თესლი საჭიროებს აღების შემდგომ სტრატიფიკაციის ანუ დამწიფების პერიოდს. ეს დრო მან უნდა გაიაროს ან შემოდგომაზე მუდმივ ადგილზე თესვისას, ან სათანადო პირობებში შენახვისას.
ჩაის თესლი აღმოცენების შენარჩუნების ხანმოკლე (7-8 თვე) უნარით ხასიათდება. იმ შემთხვევაში, თუ თესვა გათვალისწინებულია შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, თესლს ტომრებით ან ყუთებით დროებით ინახავენ დახურულ შენობაში, სადაც ტერმპერატურა უნდა იყოს 2-10 გრადუსის ფარგლებში. თუ პლანტაციის გაშენება თესლის თესვით განპირობებულია გაზაფხულზე, მაშინ თესლი საჭიროებს ხანგრძლივ შენახვას სპეციალურ ტრანშეებში.
ვეგეტატიური გამრავლების ხერხები. საქართველოში ჩაის მცენარის ვეგეტატიური გამრავლების ხერხების გამოცდა ჩაის კულტურის დანერგვასთან ერთად დაიწყო. ჩაის ამრავლებენ გენერაციულად (თესლით) და ვეგეტატიურად (კალმებით, გადაწვენით და სხვა). გამრავლების ყოველ ხერხს აქვს როგორც დადებითი ისე უარყოფითი მხარე.
პირველი მეცნიერულად გამართული ცდები ჩაის მცენარის ვეგეტატიური გამრავლების საკითხებზე, ჩაატარა აკად. ტ. კვარაცხელიამ. ჩაის მცენარის ვეგეტატიური გამრავლების, კერძოდ დაკალმების საკითხებს სხვადასხვა დროს სწავლობდნენ ქ. ბახტაძე, შ. ზალდასტანიშვილი, მ. კოლელიშვილი, ს. ფირცხალაიშვილი, ვ. კუტუბიძე და სხვები.
კალმით გამრავლება: ჩაის მცენარის ვეგეტატიური გამრავლების ხერხებიდან ყველაზე სრულყოფილად დამუშავებული და პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს კალმით გამრავლებას. კალამი ჩაის ბუჩქის ტოტის, ყლორტისა და ფესვის ამონაყრისგან მოჭრილი ნაწილია, რომელსაც რგავენ გრუნტში დასაფესვიანებლად და დამოუკიდებელი მცენარის მისაღებად.
კალმის დაფესვიანების ხარისხი შეიძლება იყოს სხვადასხვა, რაც დამოკიდებულია კალმების დიამეტრზე, სიგრძეზე და იმ ტოტების ხნოვანებაზე, საიდანაც აღებულია ისინი.
საუკეთესო კალმებს ვღებულობთ ახალგაზრდა ყლორტებიდან, რომლებსაც 2-3 ფოთოლი და კვირტი აქვს. გარემო ფაქტორებიდან კალმების დაფესვიანებაზე დიდ გავლენას ახდენს ნიადაგობრივი პირობები. საუკეთესო ხარისხის კალმებიც კი, თუ ისინი შეუფერებელ ნიადაგში დაირგვება, სასურველ შედეგს ვერ მოგვცემს.
მცენარის მემკვიდრული ნიშან-თვისებების შესანარჩუნებლად და სარგავი მასალის დაჩქარებული წესით მიღებისათვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ვეგეტატიურ გამრავლებას მწვანე კალმების დაფესვიანებით. საამისოდ საქართველოში შექმნილია სპეციალური სანერგეები. ნისლწარმომქმნელ დანადგარებში ჩაის მწვანე კალმების დაფესვიანებამ 96-100 პროცენტს მიაღწია. სტანდარტული ნერგების გამოსავლიანობამ 80-85 პროცენტს. 1-1,5 წლის განმავლობაში შესაძლებელი გახდა პოლიეთილენის პარკებში სტანდარტული ნერგების მიწის კომით გამოყვანა, რომელთა მუდმივ ადგილზე გადარგვის შემთხვევაში გახარება 100% უახლოვდება, რაც გამორიცხავს ასეთი პლანტაციების მეჩხერიანობას.
გადაწვენით გამრავლება: ვეგეტატიური გამრავლების ხერხებიდან ყველაზე იოლი და მისაწვდომია გადაწვენით გამრავლება. ეს მეთოდებია: მიწის უბრალო შემოყრა, უბრალო გადაწვენა, ჰორიზონტალური ან რადიალური გადაწვენა და სხვა
მიწის შემოყრა: ვეგეტაციის დაწყებისას ჩაის ბუჩქს გადაჭრიან 3-4 სმ-ის სიმაღლეზე ნიადაგის ზედაპირიდან. როდესაც ამონაყარი ყლორტები მიაღწევს 15-20 სმ სიმაღლეს, მათ შემოაყრიან სტრუქტურულ, ნაყოფიერ, ფხვიერ, ტენიან მიწას.
ყლორტებს ზრდასთან ერთად შემოაყრიან ნიადაგს. ასე იმეორებენ 2-3-ჯერ, ვიდრე შემოყრილი კონუსის სიმაღლე 30-40, ფუძის დიამეტრი კი 50-60 სმ-ს არ მიაღწევს. სამი თვის შემდეგ მიწაშემოყრილ ყლორტებს უღვივდებათ ფესვთა სისტემა.
შემოდგომაზე დაფესვიანებულ ყლორტებს ირგვლივ მიწას აცლიან, ყლორტებს დედაბუჩქს აცილებენ, მიღებულ მცენარეები უკეთესი დაფესვიანების მიზნით გადააქვთ და რგავენ სანერგეებში.
უბრალო გადაწვენა: ყლორტები უკეთესად ფესვიანდება, როდესაც ბუჩქიდან რკალისებურად გადაღუნავენ და ნიადაგში ამაგრებენ. საამისოდ ყლორტი უნდა იყოს 50-60 სმ-ის სიგრძის, რასაც იგი ერთ სავეგეტაციო პერიოდში აღწევს.
შემოდგომაზე ყოველი გადაწვენილი ტოტი მრავალ დაფესვიანებულ ახალ ყლორტს გვაძლევს, მათ აშორებენ დედა ტოტის ფუძესთან და რგავენ მუდმივ ადგილას.
გამრავლების ეს ხერხი მეტად ხელსაყრელია ჩაის პლანტაციებში მეჩხერიანობის აღმოფხვრის მიზნით, შპალერების შესავსებად.
რეზო ჯაბნიძე,
სსმმ აკადემიის აკადემიკოსი