სასურსათო უსაფრთხოების დაცვა მთავრობის უპირველესი მოვალეობაა

„სიღარიბე სასურსათო უსაფრთხოების განუხორციელებლობის ძირითადი მიზეზია“

FAO-რომის დეკლარაციიდან. 1996 წელი.

სასურსათო უშიშროება (უსაფრთხოება) განეკუთვნება ფუნდამენტურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ პრობლემათა კატეგორიას. სურსათს, როგორც სასიცოცხლო უზრუნველყოფის მთავარ კომპონენტს, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

საქართველოში უახლოეს მომავალში გადასაჭრელი პრობლემებიდან უპირველესს სასურსათო უშიშროების უზრუნველყოფა წარმოადგენს. მისი გადაწყვეტა უმნიშვნელოვანესი სოციალურ-ეკონომიკური ამოცანაა. მასში მოიაზრება ქვეყნის უნარი (საშუალება) უზრუნველყოს საკუთარი მოსახლეობა კვების ძირითადი პროდუქტებით, ადგილობრივი რესურსების წარმოების ხარჯზე. დღეისთვის ამ პრობლემისადმი ქვეყანაში დამკვიდრებული დამოკიდებულება და მისი რაოდენობრივ-ხარისხობრივი მახასიათებლების არსებული პარამეტრები, არა მარტო საფრთხეს უქმნის ფიზიოლოგიური ნორმებით საქართველოს მოსახლეობის გამოკვებას, არამედ პრაქტიკულად გამორიცხავს ქვეყნის შემდგომ ინტეგრირებას მსოფლიო ეკონომიკაში და მთლიანობაში საფრთხის ქვეშ აყენებს ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების პერსპექტივას.

ჩვენი ქვეყნისთვის ამ პრობლემის აქტუალობას აძლიერებს საერთაშორისო სასურსათო ბაზარზე ჩამოყალიბებული ტენდენციები, სურსათზე ფასების ზრდის დინამიკა, ეროვნული სასურსათო ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა და ექსპორტ-იმპორტის ბალანსის მნიშვნელოვანი დეფიციტი, რომელიც არსებითად დიდი ოდენობის სურსათის იმპორტითაა განპირობებული (ცნობისათვის, 2012 წელს საქართველოში იმპორტირებულ იქნა 1,1 მლრდ. აშშ დოლარის სასურსათო პროდუქცია, ხოლო ექსპორტმა მხოლოდ 443 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. საყურადღებოა ის, რომ იგივე მაჩვენებლები 2003 წელს 171 და 163 მლნ. აშშ დოლარი იყო).

მართალია, ეროვნული სასურსათო უშიშროება დაფუძნებულია საკუთარი წარმოების კვების ძირითადი პროდუქტებით მოსახლეობის დაკმაყოფილებაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს სურსათის იმპორტზე საერთოდ უარის თქმას, რომლის გადიდება, როგორც წესი, იწვევს ადგილობრივი წარმოების გაჩანაგებას და სურსათით თვითუზრუნველყოფის დონის შემცირებას. ამიტომაა, რომ თანამედროვე მსოფლიოში ქვეყნები, ხელმძღვანელობდნენ რა კონკურენტული უპირატესობის კანონის მოთხოვნებით, დასაშვებად მიიჩნევენ სამამულო ბაზარზე სურსათის იმპორტს 15-20%-ის ფარგლებში. ამ პირობებში არც ეკონომიკური სარგებლის მიღების შანსი იკარგება და არც კონკურენცია სუსტდება სამამულო საქონელმწარმოებელთა შორის. ამასთან, საფრთხე არ ემუქრება არც ეკონომიკურ და არც სასურსათო დამოუკიდებლობას.

დღეს უკვე აღარ კამათობენ იმ ბანალურ ჭეშმარიტებაზე, რომ მიწის რესურსების მეტ-ნაკლებად მქონე ნებისმიერი ქვეყნისთვის სასურსათო უშიშროების მიღწევა აგროსასურსათო სექტორის განვითარებაზეა დამოკიდებული. ამ მიზნით განსაკუთრებული მნიშვნელობა ისეთი სამეურნეო და ეკონომიკური მექანიზმის შემუშავებას ენიჭება, რომელიც სრულად ითვალისწინებს ამ სექტორის განვითარების როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორებსაც. თუ ამ მოთხოვნების დონეზე გავაანალიზებთ საქართველოს აგროსასურსათო სექტორის განვითარების ძირითად მახასიათებლებს,  დავინახავთ, რომ ეკონომიკის ეს უმნიშვნელოვანესი სექტორი ჯერ კიდევ რეფორმირების პროცესშია და ამდენად აქ მოქმედ ერთიან, დასრულებული სახის სამეურნეო თუ ეკონომიკური ხასიათის მექანიზმზე ლაპარაკი არ შეიძლება. პირიქით, შეინიშნება ღრმა დისპროპორციები სექტორის ცალკეული დარგების განვითარებაში, ამასთან ერთად, სახეზეა სუსტი კავშირები და წინააღმდეგობები, რაც იწვევს მთლიანად აგროსასურსათო სექტორის განვითარების საწარმოო-ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესებას, მისი პროდუქტიულობის შემცირებას და ამით სასურსათო უშიშროების პრობლემის კიდევ უფრო გამწვავებას. ამაზე მეტყველებს დარგთაშორისი კავშირების რღვევა, არასწორი ფასების პარიტეტი სასოფლო და სამრეწველო წარმოშობის პროდუქციაზე, სასოფლო-სამეურნეო წარმოების დაცემის დიდი მასშტაბები და სხვ., რაც სულ უფრო ზრდის საზღვარგარეთის ქვეყნებზე საქართველოს სასურსათო დამოკიდებულების ხარისხს, ადიდებს საგადასამხდელო ბალანსის დეფიციტს და იწვევს მასთან დაკავშირებულ ნეგატიურ პროცესებს. სურსათის იმპორტზე ორიენტირება უარყოფითად აისახება ეროვნული სასურსათო პროდუქციის წარმოებაზე, რაც, საბოლოო ანგარიშით, მკვეთრად აქვეითებს ქვეყნის ეკონომიკური უშიშროების დონეს, ამცირებს სავალუტო რეზერვების მოცულობას და ქმნის ეროვნული ვალუტის ინფლაციის საშიშროებას.

უდავო ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური სიტუაცია და მისგან გამომდინარე სოციალური ფონი, ძირითადად, ეკონომიკურ პროცესებში სახელმწიფოს მონაწილეობის პასიური როლითაა განპირობებული. მსოფლიო გამოცდილება ადასტურებს, რომ არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია მეტ-ნაკლებად ნორმალური განვითარება ეკონომიკურად ძლიერი სოფლის მეურნეობის გარეშე, მით უფრო საქართველოს, სადაც სამამულო სოფლის მეურნეობის განვითარება მაღალი მულტიპლიკაციური ეფექტით აისახება მთელი ეკონომიკის განვითარებაზე. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ არც ერთ განვითარებულ ქვეყანას არ მიუღწევია წარმატებისთვის აგრარული სექტორის სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ მიმართულებით ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება, სადაც უკვე დიდი ხანია რაც ფუნქციონირებს სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ნედლეულის სახელმწიფო შესყიდვების სისტემა, რეგულირდება სურსათის ექსპორტი და იმპორტი, გამოიყოფა საჭირო სუბსიდიები სტრუქტურული გარდაქმნებისთვის, საწარმოო და არასაწარმოო ინფრასტრუქტურის შექმნისათვის, აგრარული პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებისა და რეალიზაციისთვის, დგინდება პროდუქციის წარმოების კვოტები, გარანტირებული ფასები და ა.შ. რაც შეეხება საქართველოს, აქ პრაქტიკულად არც ერთი ზემოაღნიშნული სტიმული არ მოქმედებს. მიგვაჩნია, რომ აგროსასურსათო სექტორის სახელმწიფო რეგულირებისა და მხარდაჭერის საკითხი ჩვენს ქვეყანაში განხილული უნდა იქნეს მეწარმეობის განვითარებასა და მიკროდონეზე წარმოების თვითრეგულირებასთან მჭიდრო კავშირში. ყველა შემთხვევაში სახელმწიფო რეგულირების ფორმისა და მეთოდის განსაზღვრისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ კონკრეტულ ეკონომიკურ თუ ორგანიზაციულ ღონისძიებებს, რომლებიც მაქსიმალურად უზრუნველყოფენ წარმოების ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, საბოლოო ანგარიშით კი, ქვეყანაში სურსათით თვითუზრუნველყოფას1 აღიარებული ნორმების ფარგლებში. ამას ადასტურებს საერთაშორისო ეკონომიკური და ფინანსური ინსტიტუტების დასკვნები, მსოფლიო პრაქტიკა და გამოცდილება.

ზოგადად, თანამედროვე მსოფლიოში სოფლის მეურნეობისა და სასურსათო უსაფრთხოებისადმი დიდი ყურადღება რამდენიმე მოსაზრებითაა განპირობებული:

 სურსათით თვითუზრუნველყოფა უსაფრთხოებისა და მდგრადობის გარანტიაა. მსოფლიო მოსახლეობაში საშუალო ფენის მკვეთრი ზრდა იწვევს საკვებზე მოთხოვნასა და, შესაბამისად, მასზე ფასების განუხრელი ზრდის ტენდენციას. ამიტომ სასურსათო უშიშროება ყველა სახელმწიფოს სტრატეგიაში ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს;

მოსახლეობის ტრადიციული საქმიანობა სოფლად ქვეყნის რეკრეაციული სიმდიდრისა და სოციალური ფასეულობების შენარჩუნებას ნიშნავს;

 სასოფლო-სამეურნეო წარმოება ეროვნული იდენტურობისა და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ელემენტია. კულტურულად, სოფელი და ღონიერი გლეხკაცი ერის თვითმყოფადობის (ვინაობისა და რაობის) შენარჩუნების ერთ-ერთი მძლავრი იარაღია;

საქართველომ, სხვა ცივილიზებულ ერთა მსგავსად, უნდა გამოკვეთოს პრიორიტეტები სოფლის მეურნეობაში. ჩვენი აზრით, პრიორიტეტები ამ სფეროში შეიძლება იყოს ორი მიმართულების: პირველი, სოფლის, როგორც ტერიტორიული და სოციალური ერთეულის შენარჩუნება (ამ ამოცანაში შედის კულტურული და ველური ლანდშაფტების დაცვაც) და მეორე, სასურსათო უშიშროების უზრუნველმყოფელი სოფლის მეურნეობის სტრუქტურის ჩამოყალიბება.

ნებისმიერ ქვეყანაში სოფლად მოსახლეობის რეალური დასაქმებისა და შედარებით მოკლე დროში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სათანადო დონის მიღწევა მხოლოდ სისტემური ცვლილებებითა და კომპლექსური ღონისძიებების განხორციელებითაა შესაძლებელი. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადამიანური რესურსების სამეწარმეო აქტივობის ამაღლებაა. უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების უძირითადესი პროდუქტია ჯანმრთელი, მაღალკვალიფიციური, სოციალურად და გონებრივად განვითარებული ადამიანი. იგი ქვეყნისთვის არანაკლებ დიდი განძია, ვიდრე ეკოლოგიურად სუფთა გარემო და მსოფლიოში რეალიზებადი პროდუქცია. ამიტომაც, სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის ძირითადი იდეაა გლეხკაცის მოფრთხილება და საზოგადოების გამოსაკვებად მისი შრომის სტიმულირება (მიწასთან მარადიული ურთიერთობა), ქვეყნის სურსათით თვითუზრუნველყოფა, სოფელსა და ქალაქს შორის სოციალურ-კულტურული განსხვავებების შემცირება. ასეა ჯანსაღ ქვეყნებში — ნაკლებ განვითარებულიდან დაწყებული და ყველაზე განვითარებული დემოკრატიებით დამთავრებული. მათ კარგად იციან, რომ წააგებს ყველა, ვისაც არასწორი სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა აქვს.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება ადასტურებს, რომ შრომითი რესურსების სამეწარმეო გააქტიურება ყველაზე კარგად სოფლად კოოპერაციული მოძრაობის განვითარებითაა შესაძლებელი. საყურადღებოა, რომ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საფუძვლად კოოპერაციულ საწყისებზე დამყარებული სოლიდარობისა და ურთიერთდახმარების გზა აირჩიეს თავის დროზე ევროკავშირის ქვეყნებმა, აშშ-მა, ისრაელმა და განვითარებული ეკონომიკის მქონე ბევრმა სხვამ (მათ შორის ბალტიის ქვეყნებმაც). ეს პროცესი ყველგან სახელმწიფოს აქტიური მარეგულირებელი როლითა და ხელშეწყობით წარიმართა.

საქართველოს უდავოდ შეუძლია კოოპერაციულ საწყისებზე მოახდინოს სოფლად მოსახლეობის სამეწარმეო აქტივობის მობილიზაცია და არა მარტო სოფლის მეურნეობის, არამედ მასთან ტექნიკურ-ტექნოლოგიურად დაკავშირებული დარგების სწრაფი რეაბილიტაციაც და შემდგომი განვითარება. სოციალურ სოლიდარობაზე დაფუძნებული მეურნეობრიობის ახალი ფორმების დამკვიდრებას ავტომატურად მოსდევს სოფლის მოსახლეობის მასობრივი დასაქმება, მათი შემოსავლების მკვეთრი ზრდა, აგრარული შრომის ავტორიტეტის ამაღლება და სოფლის კომპლექსური და დაჩქარებული განვითარება. ესაა ცნების — „ჯანსაღი საშუალო ფენა“ — რეალური შინაარსი.

1.სასურსათო „თვითუზრუნველყოფა“ გულისხმობს კვების ძირითადი პროდუქტებით ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნილების მაქსიმალურ დაკმაყოფილებას, ადგილობრივი წარმოების ხარჯზე. ამ შემთხვევაში ზუსტად არ არის განსაზღვრული სამამულო წარმოების ის მინიმუმი, რომელიც საკმარისია სასურსათო უშიშროების შესანარჩუნებლად. სხვადასხვა მოსაზრებით, ეს მონაცემი 80-85 პროცენტის ფარგლებში მერყეობს (ქვედა ზღვარია 60%), აღნიშნული მაჩვენებელი არის პირობითი ორიენტირი, თორემ თანამედროვე რეალობიდან გამომდინარე, მდგომარეობას ყველაზე უკეთ ასახავს დევიზი „დამოუკიდებელმა სახელმწიფომ უნდა აწარმოოს იმდენი სურსათი, რამდენის საშუალებასაც მისი ბიოგეოპოტენციალი იძლევა“

საქართველოს აქვს შესაბამისი ბიოგეოკლიმატური პირობები, აგრარული პოტენციალი და სხვა კომპონენტები (მ.შ. გეოპოლიტიკური), რომლებიც აუცილებელია მოსახლეობის სასურსათო უზრუნველყოფისთვის (ბიორესურსის გამოყენებით შეუძლია ლ10-12 მლნ. ადამიანის გამოკვება). ამასთან, ის გამოირჩევა იმითაც, რომ აქ ადამიანის კვებისთვის აუცილებელი თითქმის ყველა სახეობის პროდუქტის წარმოების შესაძლებლობა და საკმარისი რეზერვია. ეს ნიშნავს, რომ სწორი აგრარული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში საქართველოს შეუძლია საკუთარი მოსახლეობის გამოკვება სამამულო წარმოების პროდუქციით. ანუ შეგვიძლია თავი დავაღწიოთ ნებისმიერ სასურსათო კრიზისს, გამოვკვებოთ საკუთარი თავი და გარკვეული რაოდენობის სოფლის მეურნეობის პროდუქცია ექსპორტზეც გავიტანოთ.

როგორც ცნობილია, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების დაცვა გულისხმობს სახელმწიფოს მიერ მოსახლეობის სტაბილურ უზრუნველყოფას საკმარისი რაოდენობის, სრულფასოვანი, უვნებელი და ხელმისაწვდომი სურსათით (ვინაიდან სურსათი მიეკუთვნება ადამიანის პირველ სასიცოცხლო საჭიროებას, სასურსათო უსაფრთხოება პრაქტიკულად უტოლდება ფიზიკურ უსაფრთხოებას).1

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ წლებში უხეშად ირღვეოდა სასურსათო უსაფრთხოების პრინციპები, სურსათის მოხმარების ნორმები და აქედან გამომდინარე, წლიდან წლამდე უარესდებოდა მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

სასურსათო უსაფრთხოების ქვეშ 4 ძირითადი კომპონენტი უნდა მოვიაზროთ:
  1. მოსახლეობის უზრუნველყოფა საჭირო რაოდენობის სურსათით.

ეს მიიღწევა როგორც ადგილობრივი სასურსათო პროდუქციის წარმოებით (თვითუზრუნველყოფა), ასევე არასაკმარისი პროდუქციის იმპორტით. ამ პრობლემის გადაწყვეტაში ძირითადი როლი ენიჭება სოფლის მეურნეობის სამინისტროს. თუმცა მნიშვნელოვანია ეკონომიკის სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების თანამონაწილეობაც (ინვესტიციების მოზიდვა, მწარმოებელთა ხელშეწყობა იაფი კრედიტებით, ტექნიკით, სასუქებით, წარმოებული პროდუქციის ბაზრის მოძებნა, დაზღვევის ორგანიზაცია, ასევე იმპორტით დაინტერესებული ბიზნესმენების ხელშეწყობა და სხვ.).

  1. მოსახლეობის უზრუნველყოფა სრულფასოვანი და დაბალანსებული სურსათით.

მოსახლეობისათვის შეთავაზებული სურსათი უნდა იყოს მრავალფეროვანი და ხარისხოვანი, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ სასურსათო პროდუქტის მიღებას ფიზიოლოგიური ნორმების შესაბამისად. ეს ნიშნავს სხვადასხვა სურსათის იმ რაოდენობით მოხმარებას, რაც უზრუნველყოფს ორგანიზმის დაბალანსებულ მომარაგებას საჭირო ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით, ვიტამინებითა და ორგანიზმისთვის საჭირო მიკროელემენტებით.

აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტაში სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად პრიორიტეტული როლი ენიჭება ჯანმრთელობის სამინისტროსაც.

  1. მოსახლეობის უზრუნველყოფა უვნებელი სურსათით.

შესაძლოა სურსათი რაოდენობრივად საკმარისი იყოს და დაცული იყოს მისი მოხმარების ბალანსი, მაგრამ შეიცავდეს ჯანმრთელობისათვის საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს და მიკრობიოლოგიურ დამბინძურებლებს (რადიონუკლიდები, მძიმე ლითონები, პესტიციდების, ნიტრატების ნარჩენები, სხვადასხვა ნეგატიური მოქმედების მიკრობები, ბაქტერიები და სხვ.). ამ პრობლემის მონიტორინგი და სურსათის უვნებლობის დაცვა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს პრეროგატივაა, რაც უნდა განხორციელდეს „სურსათის უვნებლობის“ კანონის შესაბამისად. კერძოდ, შესაბამისი სამსახურის მიერ უნდა წარმოებდეს სისტემატური მონიტორინგი (ლაბორატორიული შემოწმება) სურსათის წარმოების ადგილზე, ასევე ტექნოლოგიური გადამუშავების პროცესში და სავაჭრო ქსელში, რამაც უნდა უზრუნველყოს ე.წ. „მიკვლევადობის“ განხორციელება.

  1. მოსახლეობის უზრუნველყოფა ხელმისაწვდომი სურსათით.

სურსათზე უნდა არსებობდეს როგორც ფიზიკური, ასევე მატერიალური ხელმისაწვდომობა. პირველში იგულისხმება ის, რომ საჭირო სურსათი ქვეყნის ნებისმიერი მხარისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.2

ფიზიკური ხელმისაწვდომობის არსებობისას უკვე წინა პლანზე გამოდის სურსათზე ფინანსური ხელმისაწვდომობა ანუ მომხმარებელს არა მარტო სურვილი, არამედ მისი შეძენის საშუალებაც უნდა გააჩნდეს. დღეისთვის ფაქტია, რომ ქვეყნის მოსახლეობის 72% არასრულყოფილად იკვებება. ეს პრობლემა ყველაზე აქტუალურია სასურსათო უსაფრთხოების დაცვის საქმეში და ობიექტურად მოითხოვს რადიკალური ზომების მიღებას ქვეყნის მოსახლეობის ფიზიკური გადარჩენისთვის.

განვიხილოთ სასურსათო უსაფრთხოების თითოეული კომპონენტი:

  1. რა მდგომარეობაშია სასურსათო პროდუქციის წარმოება საქართველოში და რამდენად ხორციელდება მოსახლეობის თვითუზრუნველყოფა სურსათით.

ჩატარებული კვლევები გვიჩვენებს, რომ სასურსათო პროდუქციის წარმოება 1990 წლიდან დღემდე ქვეყანაში 3-ჯერ შემცირდა, ხოლო 2004 წლიდან დღემდე — 2-ჯერ. ქვეყანაში წარმოებული სურსათი მნიშვნელოვნად ჩამორჩება მოსახლეობის ფიზიოლოგიური ნორმების შესაბამის რაოდენობასაც კი. ეს არც უნდა იყოს დიდი მოულოდნელობა, თუ გავიხსენებთ, რომ FAO -ს მონაცემებით 2003-2009 წლებში საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე აგრარული პროდუქციის წარმოების ინდექსი 29%-ით შემცირდა, რაც ყველაზე უარესი მაჩვენებელია მსოფლიოს 194 ქვეყანას შორის. ეს მაჩვენებელი ბალტიის ქვეყნებში გაიზარდა 38-47%-ით, ბელარუსში — 64%-ით, მოლდოვაში — 16%-ით, აზერბაიჯანში — 32%-ით, სომხეთში კი 89%-ით.

ნათესი ფართობების 2-ჯერ შემცირებასთან ერთად (2003-2011) 4-ჯერ შემცირდა ხორბლის წარმოება (თვითუზრუნველყოფა 35%-დან 6%-მდე დაეცა), სიმინდის, შესაბამისად — 1,6-ჯერ, კარტოფილის — 2-ჯერ, ბოსტნეულის — 2,5-ჯერ, ხორცის — 2-ჯერ, ხილის, ყურძნის, ციტრუსების — 5-ჯერ და ა.შ.

ფაქტობრივად შეწყდა ისეთი სტრატეგიული ნედლეულის წარმოება, როგორიცაა ჩაი და თამბაქო (ეს უკანასკნელი სურსათს არ მიეკუთვნება, მაგრამ მემცენარეობის ეს დარგი უმნიშვნელოვანესი იყო როგორც ადგილობრივი საწარმოებისათვის, ასევე თამბაქოს ნედლეული წარმატებით გამოიყენებოდა ექსპორტისათვის).

2.სასურსათო პრობლემა ადამიანისთვის შეიძლება წარმოიშვას ორი — ფიზიოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური ასპექტით. ფიზიოლოგიურ ასპექტში იგულისხმება სასურსათო დეფიციტი და მისი უვარგისობა. ამ შემთხვევაში ადამიანის მიერ მოხმარებული სურსათი ვერ, ან მხოლოდ ნაწილობრივ აღადგენს მის მიერ ცხოველმყოფელობის პროცესში დახარჯულ ენერგიას, რაც გამოხატულებას პოულობს შიმშილში და იწვევს ადამიანის ორგანიზმის თანდათანობით ცვეთას. რაც შეეხება სასურსათო უზრუნველყოფის დარღვევის სოციალურ-ეკონომიკურ ასპექტს (მხედველობაში გვაქვს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელმაც სამუდამოდ ან დროებით დაკარგა სამუშაო და ნაკლებ მსყიდველუნარიანი გახდა, რომ უზრუნველყოს საკუთარი მოთხოვნილება საკვებზე), მას გლობალური უარყოფითი შედეგების გამოწვევა შეუძლია. როდესაც ანალოგიური შემთხვევები მასობრივ ხასიათს იღებს, საქმე გვაქვს სახელმწიფოს მძიმე ზოგად ეკონომიკურ მდგომარეობასთან, რომელიც შესაძლოა სოციალურ აფეთქებაშიც გადაიზარდოს.
3.მაგალითად, ახალქალაქს უნდა მიეწოდოს აჭარაში მოწეული ციტრუსი და პირიქით ახალქალაქიდან აჭარას — კარტოფილი. ამის განხორციელებაში სახელმწიფომ უნდა მიიღოს თუ პირდაპირი არა, ირიბი მონაწილეობა მოვაჭრეთა ხელშეწყობის გზით.

საყურადღებოა ის, რომ თითქმის 2-ჯერ შემცირდა ძირითად სასოფლო — სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობაც, რაც საშუალოდ 3-ჯერ ნაკლებია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. მოსავლიანობის შემცირება პირდაპირი შედეგია წინა ხელისუფლების მიერ იმ ღონისძიებებზე უარის თქმისა, რომლებიც აუცილებელია აგროწარმოების განვითარებისა და შენარჩუნებისთვის. მხედველობაში გვაქვს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების მასობრივი გაუქმება ან შეზღუდვა (სოფლის მეურნეობა მეცნიერებაზე დამყარებული ინდუსტრიაა), სოფლად საქონელმწარმოებლების ბედის ანაბარად მიტოვება, მათი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით მომარაგებასა და პროდუქციის რეალიზაციაზე ხელის აღება და სხვ.

ხელისუფლების მიერ სოფლის მეურნეობის, როგორც ქვეყნისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის იგნორირებაზე ნათლად მეტყველებს უკანასკნელ წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისთვის გამოყოფილი მიზერული თანხები (0,4-1,5%-ის ფარგლებში) და შემოსული უცხო ინვესტიციების მოცულობა (საშუალოდ ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების 1%).

აგრარული სექტორის მიზანმიმართული განადგურების პოლიტიკის განხორციელების შედეგია აგრეთვე ის, რომ აგრარულ ქვეყანაში მოსახლეობის მიერ მოხმარებული სურსათის 70%-ზე მეტი იმპორტულია. ქვეყანაში შემოდის სასურსათო პროდუქციის ისეთი სახეობებიც, რომლის ძირითადი მწარმოებელი თვით საქართველო იყო (კარტოფილი, პომიდორი, კიტრი, სტაფილო და სხვა ბოსტნეული, ხილი). მაგალითად, ბოლო წლებში კარტოფილის იმპორტი 19-ჯერ გაიზარდა მაშინ, როცა ამ პროდუქციით თვითუზრუნველყოფა ქვეყანაში პრაქტიკულად 100%-ს შეადგენდა

დარგისადმი გატარებული ასეთი პოლიტიკა სრულიად მიუღებელი იყო ქვეყნისათვის, მაგრამ სამაგიეროდ ხელს აძლევდა მაღალი რანგის ჩინოვნიკებს, რომლებსაც ხელში ჰქონდათ ჩაგდებული სასურსათო პროდუქტების იმპორტის მონოპოლია.

სამწუხაროდ, არავის უფიქრია უახლოეს პერიოდში მოსალოდნელ უმწვავეს კლიმატურ კატაკლიზმებზე და მისგან მოსალოდნელ მწვავე სასურსათო კრიზისზე (რომელიც, საერთაშორისო ექსპერტების დასკვნებით, გარდაუვალია მსოფლიოში), რომლის ნეგატიური შედეგები უპირველესად სურსათის იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყნებზე აისახება.

აღსანიშნავია, რომ უახლოეს პერიოდში გარდაუვალი სასურსათო კრიზისის თავიდან აცილების ან შედარებით იოლად გადატანის მიზნით, დღეს პრაქტიკულად ყველა ქვეყანა ცდილობს მნიშვნელოვნად გაზარდოს სასურსათო პროდუქციის ადგილობრივი წარმოება და შეძლებისდაგვარად მოახერხოს სურსათით თვითუზრუნველყოფა.

ამ მხრივ საყურადღებოა საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის ოფიციალური პარამეტრების გაცნობა, რომლებიც მოცემულია ცხრილში:

როგორც ცხრილიდან ჩანს, საქართველოში დღეისათვის არსებული სურსათის რესურსების მოცულობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება არა მარტო ოპტიმალურს, არამედ კრიტიკულსაც კი.

უნდა აღინიშნოს, რომ ცხრილში მოყვანილი „ოპტიმალური“ პარამეტრები შეესაბამება ახალ „რეკომენდებულ“ ნორმებს, რომელიც სპეციალურად მნიშვნელოვნადაა შემცირებული საარსებო მინიმუმის გაიაფების მიზნით. ამის გამო ეს ნორმები მნიშვნელოვნად ჩამორჩება საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებულ რეკომენდებულ ნორმებს. კერძოდ, ხორცისა — 2,5-ჯერ, რძისა — 1,5-ჯერ, კვერცხისა — 1,6-ჯერ და ა.შ.

ზემოაღნიშნული შედეგია იმ არასწორი აგრარული პოლიტიკისა, რომელსაც ატარებდა ხელისუფლება 2003-2012 წლებში და რომელმაც, თავის მხრივ, სოფლად შექმნა გაუსაძლისი საყოფა-ცხოვრებო პირობები, რის შედეგადაც დაიწყო შრომისუნარიანი მოსახლეობის აქტიური მიგრაცია სამუშაოს საშოვნელად ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებსა და საზღვარგარეთ. დაუმუშავებელი დარჩა მათი კუთვნილი მიწა (60%-მდე) ან უკიდურესი გაჭირვების გამო გაიყიდა და მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოელების ხელში აღმოჩნდა.

პაატა კოღუაშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრი,

შოთა ჩხეიძე, ტექნიკის მეცნიერების დოქტორი

PS. ეს სტატია ჟურნალ „ახალ აგრარულ საქართველოში“ 2012 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა, როგორ არის ქვეყანაში ვითარება შეცვლილი, გაუმჯობესდა თუ არა ჩვენი მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფისა და სასურსათო უსაფრთხობის მხრივ ვითარება, განსჯა მკითხველისთვის მიგვინდივია.