ჩილე _ წარმატებული მაგალითი ქართველი მეღვინეებისათვის

  • სიდიდით მეოთხე ექსპორტიორია მსოფლიოში (2014 წ.)
  • ექსპორტის მოცულობა: 8 მლნ ჰექტოლიტრი (1,4 მლრდ დოლარი)
  • ჯიში- 62, აპელასიონი(ადგილწარმოშობა) -86
  • საექსპორტო ქვეყნები: დიდი ბრიტანეთი, აშშ, ბრაზილია
გასული საუკუნის 80-იან წლებამდე ჩილეს ღვინოების შესახებ მსოფლიო ღვინის საზოგადოებას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, ის უხარისხო იყო, მცირე რაოდენობით იწარმოებოდა და მხოლოდ შიდა ბაზარზე იყიდებოდა.

1980 წლის დასაწყისში ქვეყნის ეკონომიკის გახსნამ, ღვინის ინდუსტრიის ლიბერალიზაციამ დარგში რევოლუცია გამოიწვია. ქვეყანაში შევიდნენ ღვინის ცნობილი უცხოური მწარმოებლები (მათ შორის, Miguel Torres), რომლებმაც ხელი შეუწყეს ახალი ტექნოლოგიების დანერგვას ბაზარზე.

მათი დაინტერესება ჩილეს განსაკუთრებულმა კლიმატმა განაპირობა – ატაკამას უდაბნო, წყნარი ოკეანე და ანდები, რომლებიც ქვეყანას ესაზღვრება, ყურძნის წარმოებისთვის ნამდვილი სამოთხეა; ცხელი, მშრალი დღეები და ცივი ღამეები ღვინის მჟავიანობისთვის საუკეთესო პირობაა. ამასთან, ჩილე ერთადერთი ქვეყანაა კვიპროსთან ერთად, სადაც არ დაფიქსირდებულა ვაზის ფილოქსერა, დაავადება, რომელმაც 19 საუკუნეში ევროპის ვენახები, თითქმის, გაანადგურა.

შეიცვალა წარმოების ძველი მეთოდები, მაგალითად, კასრები, რომლებსაც ადგილობრივი ჯიშის ხისგან –   რაულისგან – ამზადებდნენ, ტემპერატურის მაკონტროლებელი უჟანგავი ავზებითა და ფრანგულ-ამერიკული მუხის კასრებით. შეიცვალა მარკეტინგული დიზაინი, ამასთან, ღვინის ტურიზმის განვითარებაზე დაიწყეს ზრუნვა.

მიუხედავად იმისა, რომ უცხოური კომპანიების წილი ჩილეს ღვინის წარმოებაში ძალიან მცირე იყო და არის(2005 წლის მონაცემებით, 12 ათასი ჰა ვენახების ფართობიდან მხოლოდ 50 ჰა-ს ფლობდნენ), სადემონსტრაციო ეფექტი ძალიან დიდი აღმოჩნდა. Miguel Torres-ისა და სხვათა დანერგილი ტექნოლოგიები მისაბაძი მაგალითი გახდა ადგილობრივი ფირმებისთვის. ბაზარზე ადგილის დაკარგვის შიშით, მათ ვენახებისა და წარმოების მოდერნიზება დაიწყეს.

თუმცა, 90-იან წლებამდე რადიკალური ზრდა ექსპორტში არ დაფიქსირებულა, რადგან პროდუქციის ძირითად ნაწილს კვლავ იაფფასიანი ღვინომასალა შეადგენდა, რომელსაც ყველაზე დაბალი საფასო სეგმენტი ეკავა საერთაშორისო ბაზარზე.

მეორე შოკი ჩილეს ღვინის ინდუსტრიამ 90-იან წლებში განიცადა, როდესაც ახალი საერთაშორისო ბრენდები, მათ შორის, ცნობილი Baron Philippe de Rothschild (საფრანგეთი) და Robert Mondavi (აშშ) გამოჩნდნენ. მათ ჩილეში ადგილობრივ მწარმოებლებთან ერთობლივი კომპანიები დააფუძნეს და პრემიუმ-კლასის ღვინის წარმოება გადაწყვიტეს. ამ სეგმენტში ჩილეს ღვინოს ყველაზე მეტად უჭირდა. შედეგმაც არ დააყოვნა: საშუალო საექსპორტო ფასმა ბოთლზე 4,9 დოლარს მიაღწია, მაშინ როცა, მანამდე, მხოლოდ, 1,6 დოლარს შეადგენდა.

ძირითადი წარმატება ქვეყანაში მაღალი ენოლოგიური ხარისხის ყურძნის სახეობების – მერლოს , კაბერნე-სავინიონისა და პინო ნუარის მასობრივმა გაშენებამ გამოიწვია, რომლებმაც ადგილობრივი დაბალხარისხიანი პაისი ჩაანაცვლეს (მაღალხარისხიანი ჯიშის ყურძნის ვენახების ფართობი 1979-2004 წლებში 18 ათასი ჰა-დან 81 ათას ჰა-მდე გაიზარდა, რაც შეეხება პაისს, მისი ფართობი კი 57 ათასი ჰა-დან 17 ათას ჰა-მდე შემცირდა). აღნიშნული ფრანგული ჯიშისგან დამზადებული ღვინოები მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნადია. ჩილეს ღვინოები ხარისხით ფრანგულ ღვინოებს არ ჩამოუვარდებოდა, სამაგიეროდ, გაცილებით იაფი ღირდა, რის გამოც, საერთაშორისო მომხმარებლის გული ადვილად მოიგო.

ჩილეს ღვინის განვითარების მეორე ეტაპზე ამჯერად უკვე ადგილობრივი მწარმოებლების ინიციატივით, პრემიუმ და ულტრა-პრემიუმ სეგმენტის ათვისება დაიწყო. პიონერი კი კომპანია Viña Montes იყო, რომელსაც გაუმართლა. მას ბევრმა მცირე მეწარმემ მიბაძა, რომლებსაც მანამდე არ ჰქონდათ არც სურვილი და არც ფინანსები საკუთარი მეურნეობის გასავითარებლად, შედარებით მცირე ფართობებზე ახალი ვენახების გაშენება და მაღალ საფასო სეგმენტის- ე.წ. ბუტიკური ღვინოების წარმოება დაიწყეს.

ცხოური კომპანიების შემოსვლის დამატებითი ეფექტი იყო დისტრიბუციის ქსელების მისაწვდომობა ძირითად ბაზრებთან და ჩილეს ღვინის იმიჯის გაუმჯობესება: ცოდნის გაღრმავება არა მხოლოდ ყურძნის მოყვანა -წარმოების, არამედ მარკეტინგის მიმართულებითაც განხორციელდა. მცირე და საშუალო კომპანიები მთლიანად ეყრდნობიან უცხოელი იმპორტიორების გამოცდილებას ღვინის ბრენდირებაში.

ადგილობრივი მეწარმეები ახალი ტექნოლოგიებოს ასათვისებლად უკვე აქტიურად იყენებენ უცხოელ კონსულტანტებს, ამასთან, საკუთარ განათლების სისტემასაც ავითარებენ – 1990-2000 წლებში 300 ენოლოგი მოამზადეს, მაშინ როცა წინა 80-იან წლებში – მხოლოდ 80- მდე.

ბელა ნოზაძე,

წყარო: http://eugeorgia.info/ka/article/309/vazis-525-jishi—dzveli-gvinis-axali-ucnobi-samyaro/