დარგებიმეცხოველეობა

ჩვენი მთების სიმდიდრე _ ქართული მთის ძროხა

ისტორიოგრაფების მიერ აღიარებულია ცხოველთა შემოჩვევა-მოშინაურების ექვსი კერა, რომელთაგან ერთ-ერთი ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში მდებარეობს. ამდენად, გასაგები უნდა იყოს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო და შინაურ ცხოველთა აბორიგენული და ენდემური ჯიშების სიმრავლე, ხოლო მათი ნაირფეროვნება აქ მცხოვრებთა შემოქმედებითი შრომის შედეგია და მეტყველებს მათ მაღალ სულიერ კულტურაზე.

საქართველოში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ჯიშები ხასიათდებიან რიგი უნიკალური თვისებებით; მათ შორისაა: ბუნებრივი სავარგულების ათვისებისა და რაციონალურად გამოყენების უნარი, საკვების ხა-რისხისადმი ნაკლები მომთხოვნელობა, ცვალებადი კლიმატური პირობებისადმი ტოლერანტობა, ერთეულ პროდუქციაზე საკვების და წარმოების სხვა საშუალებების მცირე დანახარჯი, ზოგიერთი დაავადებისადმი გადიდებული მდგრადობა და სხვ. ამ ჯიშების ღირსება და კონკურენტუნარიანობა გამოიხატება იმითაც, რომ გავრცელების ზონების ეკოლოგიურ პირობებში ისინი ბევრად უფრო დიდ პროდუქტიულობას ავლენენ, ვიდრე საყოველთაოდ აღი-არებული კულტურული ჯიშები.

ეს თვისებები სრულად არის განვითარებული ძროხის ქართული მთის ჯიშში, რომელიც კავკასიის ენდემია და რომლის პროდუქტილობაზე ცნობილი ბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელე წერდა: „მიუხედავად იმისა, რომ ფურის მერძეულობა დაკავშირებულია მის ცოცხალ მასასთან, საქართველოში (კოლხეთში) ჰყავთ ძლიერ პატარა ტანის ძროხა, რომელიც იწველება ძალიან ბევრ რძეს“ (ს. ყაუხჩიშვილი, 1964; ი. დიურსტი, 1936).

ქართული მთის ძროხაში განასხვავებენ ფშავ-ხევსურულ, ოსურ, რაჭულ, სვანურ, აფხაზურ და აჭარულ ჯილაგებს. ექსტერიერით ისინი უახლოვდებიან მერძეულ ტიპს: თავი პატარა და მსუბუქი, კისერი საშუალო სიგრძის, ტანი ზომიერად გრძელი, გულმკერდი საშუალო სიღრმისა და სიგანის, მინდაო სწორი და საშუალო სიფართის, ზურგისა და წელის ხაზი სწორი, გავა ოდნავ დაქანებული, მუცელი მოცულობიანი, კანი თხელი და ელასტიური, კიდურები მოკლე, ჩლიქები მაგარი, კუნთოვანი ქსოვილი ზომიერად განვითარებული, ცური საშუალო სიდიდის, ჯირკვლოვანი და უმეტესად მომრგვალებული ფორმის.

ფერით ცხოველების 51% შავია, 24% წითელი ან ჩალისფერი, 15% შავჭრელი, 8% წითელჭრელი და 2% ვეჟანი. მსოფლიოში ცნობილი ჯუჯა ტანის ძროხის 17 ჯიშიდან, ქართული მთის ძროხა მხოლოდ ორ ჯიშს აღემატება სხეულის ზომებით და მასით: ზრდასრული ფურის სიმაღლე მინდაოში 98-102 სმ- ია, ცოცხალი მასა კი 180-230 კგ. თავის მხრივ, კურო-მწარმოებლის ცოცხალი მასა 280-300 კგ, ხოლო ახალშობილი ხბოს- კი 11-15 კგ- ია.

ცხოველები გამოირჩევიან მკვირცხლი ტემპერამენტით და მაგარი კონსტიტუციით. ჯიშისათვის დამახასიათებელი თვისებაა მთის ციცაბო, 35º- მდე დაქანებულ საძოვარზე საკვების მოპოვების უნარი, რასაც მკვლევარები სხეულის აგებულების თავისებურ პროპორციულობას, ორიენტაციის უნარს და ჩლიქების სიმაგრეს უკავშირებენ. ამასთან, ისინი მიუთითებენ ცხოველების კარგ ამტანობაზე და ამის მაგალითად მოჰყავთ ასეთი ფაქტი: ზოგიერთ ფერ-მერულ მეურნეობაში უკმარი კვების გამო ზამთრის პერიოდში ფურების ცოცხალი მასა 45-50 კგ- ით ანუ 20-25%- ით მცირდება; როგორც წესი, ამ დანაკარგს ცხოველები საძოვრული პერიოდის დასაწყისშივე სწრაფად აღიდგე-ნენ და გვაძლევენ საკმაოდ რაოდენობის მაღალცხიმიან რძეს.

ქართული მთის ძროხის სამეურნეო და ბიოლოგიური თავისებურებები ჯერ კიდევ სრულყოფილად არ არის შესწავლილი. ამ მხრივ გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს ფშავ-ხევსურული ჯილაგი, რომელიც სხვებთან შედარებით ხასიათდება მაღალი წველადობით.

მწირი კვების პირობებში ამ ჯილაგის ზრდასრული ფურების საშუალო ლაქტაციური მონაწველი 800-900 კგ რძეა, ხოლო სოფ. მაღაროსკარის სანაშენე მეურნეობაში გაუმჯობესებული მოვლა-შენახვისა და კვების პირობებში ფურის საშუალო მონაწველი 1300-1500 კგ- ს აღწევდა. ამასთან, ჯიში გამოირჩევა რძე-ღალიანობით: ნაწველში ცხიმის და ცილის საშუალო შემცველობა შეადგენს 4,2-4,3 და 3,3-3,4 პროცენტს.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს ჯიში ხასიათდება სარძეო პროდუქტიულობის მაღალი გენეტიკური პოტენციით, რაც დამტკიცებული იქნა გ. ჯორჯიკიას და სხვ. (1962) მიერ.

დადგენილია, რომ ნორმირებული კვების და გაუმჯობესებული მოვლა-შენახვის პირობებში ფურების საშუალო მონაწველი გაიზარდა 2530 კგ- მდე, მათ შორის კი ყველაზე დიდი მონაწველით გამოირჩეოდა ფური „გუტა“, რომელმაც IV ლაქტაციაზე მოიწველა 4111 კგ რძე 4,96% ცხიმით. ასეთი მაღა-ლი პროდუქტიულობა ამ ჯიშის პირუტყვში არ არის ერთეული შემთხვევა: ასე, მაგალითად, გასული საუკუნის 30- ანი წლების მონაცემებით (გ. სანიკიძე, 1935) ფურმა „ლელა“-  V ლაქტაციაზე მოიწველა 3126 კგ რძე 5,61% ცხიმით.

აღნიშნული ცხიმიანობის მონაწველის კულტურული ჯიშისათვის დამახა-სიათებელი ცხიმიანობის რძეზე გადაანგარიშებისას ამ ფურების მონაწველი იქნება 4870-5630 კგ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ ფურების ცოცხალი მასა 230-250 კგ იყო, გამოდის, რომ ყოველ 100 კგ ცოცხალ მასაზე მიღებულია 2117-2250 კგ 3,6% ცხიმიანობის რძე, რაც კულტურული სარძეო პროდუქტიული მიმართულების ჯიშების ფურებშიც კი მეტად იშვიათი მოვლენაა.

საყურადღებოა, რომ დღეს აღიარებული კულტურული ჯიშებისაგან განსხვავებით ქართული მთის ძროხის რძეში ცხიმის შემცველობა წველადობის გადიდებისას არ მცირდება, რაც სელექციური თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია.

ქართული მთის ჯიში გამოირჩევა სუქების კარგი უნარით: ნაიალაღარი მოზვრების სუქებისას ცოცხალი მასის საშუალო დღეღამურმა ნამატი 670 გ-ზე მეტია, ხოლო საკლავი გამოსავალი 51,2%- ს შეადგენს (ნ. გოცირიძე, 1975).

სახორცე პროდუქტიულობის შეფასებისას მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქართული მთის ძროხის ხორცი გამოირჩევა სინაზით, ზომიერად ცხიმიანი, საკმაოდ ცვრიანი და მეტად გემრიელია. რბილობი შეიცავს 64% წყალს, – 19,8% პროტეინებს, 15,3% ცხიმებს და 0,9% მინერალურ ნივთიერებებს. შესაბამისად 1 კგ- ის კალორიულობა 2400 კკალორია, ანუ დაახლოებით 10100 კილო-ჯოულია.

1980 წლის ჯიშიანი პირუტყვის აღწერით სახელმწიფო და საზოგადოებრივ მეურნეობებში ქართული მთის ძროხის სულადობამ 80321 სული, ანუ ქვეყა-ნაში ძროხის საერთო რაოდენობის 16,8% შეადგინა (მ.შ. 88,3% იყო ხალასჯიშიანი). გასული საუკუნის 90- ნი წლების დასაწყისისათვის ქვეყანაში ფუნქციონი-რებდა ამ ძროხის ჯიშთსაშენი და სანაშენე მეურნეობა (დუშეთის რაიონის სოფ. მაღაროსკარი).

სამწუხაროდ, ცნობილი მიზეზების გამო დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველ წლებში, ისევე როგორც სახალხო მეურნეობის სხვა დარგები, მეცხოველეობაც მნიშვნელოვნად დაზარალდა, კატასტროფულად შემცირდა ძროხის სულადობა. მომდევნო პერიოდში გაუქმდა სანაშენე მუშაობის და ხე-ლოვნური განაყოფიერების სახელმწიფო სამსახურები, სანაცვლოდ კი არაფერი არ შექმნილა.

დღეისათვის ფერმერულ მეურენობებში იგნორირებულია სასელექციო სამუშაოები, აღწარმოებისათვის გამოიყენება გაურკვეველი წარმოშობის კურო მწარმოებლები, რაც ხშირად ნათესაური შეწყვილების მიზეზი ხდება. ამის გამო ჯიშის განიცდის დეგრადაციას. მეტნაკლებად ხალასი სახით ქართული მთის ძროხა, ჯერ კიდევ, შემორჩენილია მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებთა პირად დამხმარე მეურნეობებში. მაგალითად, ჩვენს მიერ დადგენილია, რომ დუშეთის რაიონის ზედა ზონის სოფლებში ფშავ-ხევსურული ჯილაგის ცხოველთა რიცხოვნობა დაახლოებით 2500 სულია, რაც ამ რაიონში ძროხის საერთო რაოდენობის მხოლოდ 10 %- ს შეადგენს.

ქართული მთის ძროხა, ხშირ შემთხვევაში, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთა ცხოველური წარმოშობის ცილებით უზრუნველყოფის, აგრეთვე ფულადი შემოსავლების ერთადერთი წყაროა. იმავდროულად, ის გვაძლევს ეკოლოგიურად სუფთა, ე.წ. „ორგანულ“ რძეს და ხორცს, რასაც ტურიზმის, სამთო კურორტებისა და დასასვენებელი სახლების განვითარების შემთხვევაში უდიდესი მნიშვნელობა მიეცემა და გახდება ამ რეგიონებში მოსახლეობის „დამაგრების“, მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების საფუძველი.

ჩვენი აზრით, ამ ჯიშის, ისევე როგორც სხვა ენდემური და აბორიგენული ჯიშების განიხილვა როგორც მხოლოდ ეკონომიკური და სოციალური მნიშვნელობის ობიექტი არ არის სწორი; ეს ცხოველები წარმოადგენენ ქვეყნის მცხოვრებთა სამეურნეო საქმიანობისადმი შემოქმედებითი მიდგომის ცოცხალ მატიანეს და, ამდენად, ისეთივე დაცვა სჭირდებათ, როგორც მატერიალური კულტურის სხვა ძეგლებს.

ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ:
1. მათ თავისი გარკვეული ადგილი უკავიათ კონკრეტული მიკროზონების ეკოსისტემაში და უდიდესი მნიშვნელობა აქვთ ამ სისტემის სტაბილიზაციის თვალსაზრისით;
2. სასელექციო პროცესში ცხოველთა ამ გენფონდის გამოყენებამ მნიშვნელოვანი სიახლეები შეიძლება გამოავლინოს;
3. მათი წარმოშობის ისტორიისა და ფილოგენეზის ღრმა მეცნიერული შესწავლა საინტერესოა არა მარტო ორგანული სამყაროს ევოლუციური განვითარების შეცნობისათვის, არამედ კულტურის ისტორიის და ერების ეთნოგენეზის მკვლევართათვისაც.
საქმე ის არის, რომ დღეს სხვადასხვა ერებს შორის ნათესაური კავშირების კვლევისას ისტორიკოსები, ძირითადად, მიმართავენ ენის სტრუქტურისა და ლექსიკის შედარებას, მაშინ როდესაც სამეურნეო კულტურისა და ამ სფეროში მოღვაწეობის შედეგის, სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველთა ჯიშებს შორის კავშირების დადგენა კიდევ უფრო მიგვაახლოვებდა პრობლემის გადაჭრასთან.
მოსაზრების დასასაბუთებლად მოვიტანთ ერთ მაგალითს: XIX საუკუნის მკვლევარები ეყრდნობოდნენ რა კოლხურ და ბასკურ ცხვრებს შორის გარეგნული მსგავსების ფაქტს გამოთქვამდნენ მოსაზრებას ამ ორ ერს შორის შესაძლო ნათესაურ კავშირებზე. დღეისათვის ასეთი კავშირების დასაბუთება გაცილებით იოლია გენეტიკური კვლევის თანამედროვე მეთოდების, კერძოდ კი სისხლის ჯგუფებისა და სისტემების, სისხლის შრატის პოლიმორფული ცილებისა და ქრომოსომების შესწავლით.

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ქართული მთის ძროხის, ისევე როგორც სხვა სახეობების ცხოველების დაცვა-აღდგენისა და სრულყოფისაკენ მიმართული საქმიანობა გარკვეულ სიძნელეებთან არის დაკავშირებული, რომელთაგან გამოსაყოფია ფსიქოლოგიური და ეკონომიკური მომენტები. ეს არის იმის მიზეზი, რომ გასული საუკუნის 30- იანი წლებიდან დღემდე ამ მიმართულებით გადადგმული ყველა ნაბიჯი ნაკლებად ეფექტიანი გამოდგა ან საერთოდ უშედეგოდ დამთავრდა. და ეს მაშინ, როდესაც 90-ან წლებამდე რესპუბლიკაში მოქმედებდა სანაშენე მუშაობის საკმაოდ კარგად ორგანიზებული სამსახური, იყო სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ყველა ძირითადი, მათ შორის ადგილობრივი ჯიშის ცხოველების სამომშენებლოები, სანაშენე მეურნეობები ან ფერმები, მნიშვნელოვანი სახსრები იხარჯებოდა სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებზე და ა.შ.

სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ პერიოდში მწირი დაფინანსების მიზეზით ჩვენი ინსტიტუტის მკვლევარები, აგრეთვე აგრარული უნივერსიტეტის ზოოტექნიკური ფაკულტეტის პროფესორ-მასწავ-ლებლები სრულფასოვნად ვერ ახორციელებენ აბორიგენული და ენდემური ჯიშების თანამედროვე მდგომარეობის შესწავლის სამუშაოებს. ნაკლებად ეფექტიანია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ამ მიმართულებით განხორ-ციელებული საქმიანობა, ვინაიდან შესრულებული პროექტების უმრავლესობა, როგორც წესი, აღწერით ხასიათს ატარებს.

უნდა აღინიშნოს, რომ დღეს ცალკეული მოყვარული მომშენებელ-ენთუზიასტები, დარგის და ქვეყნის ისტორიის ჭეშმარიტი გულშემატკივრები, ცდილობენ შემოუნახონ მომავალ თაობას სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ენდე-მური და აბორიგენული გენოფონდი, მაგრამ, საფიქრებელია, რომ მძიმე ეკონო-მიკური მდგომარეობის გამო, სახელმწიფოს მხრიდან სათანადო მხარდაჭერის გარეშე, ისინი ვერ შესძლებენ რაიმე ხელშესახები შედეგების მიღებას;

ჩვენი აზრით, ადგილობრივ ჯიშებთან სანაშენე მუშაობის სწორად და მიზანმიმართულად წარმართვის საქმეში მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება პრობლემაზე მომუშავე ორგანიზაცია-დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია, დღეს მომქმედი ყველა პროგრამის მეთოდური საკითხების დეტალურად განხილვა, მათი შეჯერება და, ამის საფუძველზე, საერთო ეროვნული კონცეფციის შემუშავება. კონცეფციაში დეტალურად გაწერილი უნდა იქნას პირველი რიგის განსახორციელებელ სამუშაოთა მიმართულებები, აგრეთვე მიზნის მიღწევის გზები და საშუალებები.
ეს მეტად საშური საქმე დროულად გადასაწყვეტია, ვინაიდან ხვალ უკვე შეიძლება გვიანი იყოს!

გიული გოგოლი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი