პამიდვრის თესლის დამზადება

პამიდორი ერთწლიანი, სითბოს მოყვარული მცენარეა, რომელიც ნაყოფს და თესლს პირველ წელსვე იძლევა.
პამიდვრის უხვი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად აუცილებელია ნიადაგის განოყიერება როგორც ორგანული, ისე მინერალური _ აზოტიანი, კალიუმიანი და ფოსფორიანი სასუქებით.

 ორგანული სასუქი-საქონლის გადამწვარი ნაკელი 1 ჰა-ზე მობნევით შეტანი-სას საჭიროა 40-60 ტონა, ხოლო ნახევრად გადამწვარი 60-70 ტონა. ბუდნებში შეტანისას საჭიროა ერთ ძირზე 0,5-1,0 კგ.

ორგანული, ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქები უნდა შევიტანოთ შემოდ-გომაზე მზრალად ხვნის წინ ან გაზაფხულზე კულტივაციის წინ ჭარბტენიან და სარწყავ ადგილებში. რაც შეეხება სულფატამონიუმს ერთ ჰექტარზე უნდა შევიტანოთ 4-5 ცენტნერი, ან ამონიუმის გვარჯილა 2,5-3,0 ცენტნერი, ხოლო სუპერფოსფატი 5-7 ცენტნერი და კალიუმის მარილი  1,7-2,0 ცენტნერი. შეტანის წესი: ხელით ან მანქანით, მწკრივად ან მობნევით.

პამიდვრის მოსაყვანი ნაკვეთის დამუშავება იწყება წინამორბედი კულტურის გასუფთავება-გაწმენდით, რის შემდეგაც საჭიროა ორგანულ-მინერალური სასუქების შეტანა და წინმხვნელიანი გუთნით 28 სმ სიღრმეზე მოხვნა. გაზაფხულზე მზრალის შეშრობისთანავე, ნიადაგის ტენის შენარჩუნების მიზნით საჭიროა დაფარცხვა. ჩითილების დარგვამდე მიზანშეწონილია ჰა-ზე 150-200 კგ აზოტიანი სასუქის შეტანა და მაშინვე კულტივაცია-დაფარცხვა. ამის შემდეგ იჭრება ბაზო და სარწყავი კვლები.

პამიდვრის ჩითილის გამოყვანა ხდება კვალსათბურში, პოლიეთილენის სათ-ბურკვალში ან ღია თბურკვალში. ჩითილი საჭიროებს მორწყვას, გაფხვიერებას, გამოხშირვას, მარგვლას, გამოკვებას, წრთობა-გაკაჟებას. გადასარგავ ჩითილს განვითარებული უნდა ქონდეს 5-7 ნამდვილი ფოთოლი. ჩითილი ამოღების წინ აუცილებელია მოირწყოს ორი დრით ადრე, შეიწამლოს სისტემური ფუნგიციდის და ინსექტიციდის ხსნარით და გადაირგოს წინასწარ მომზადე-ბულ მუდმივ ადგილზე, დაბალმოზარდი ჯიშებისათვის 70×50 -ზე კვების არით, ხოლო მაღალმოზარდი ჯიშები 70×70-ზე კვების არით. დაბალმოზარდი ჯიშე-ბის ფორმირება ხდება ბაზოკვლებზე დაწვენით, ხოლო მაღალმოზარდი ჯიშების კი საყრდენებზე. საყრდენად შეიძლება გამოვიყენოთ: ბამბუკი, ხის სარი, ჭიგო, მსხვილი მავთული. პამიდორი უნდა აიკრას საყრდენებზე 2-3 ადგილას სხვადასხვა დროს.

ვეგეტაციის პერიოდში საჭიროა მწკრივთაშორისების გაფხვიერება ფრეზ-კულტივატორით ან თოხით 2-3ჯერ, რწყვა მოთხოვნილების მიხედვით, გამოკვება ორგანულ-მინერალური სასუქებით, სისტემატური ბრძოლა მავნებელ-დაავა-დებებთან ჰერბიციდების კომბინირებული ხსნარით.

მაღალმოზარდი ჯიშები საჭიროებს გასხვლას. პამიდორს უნდა დარჩეს ძირიდან ორი ღერო, დანარჩენი ამონაყარი უნდა შეეცალოს, რაც ხელს შეუწყობს მცენარის კვების პირობების გაუმჯობესებას, მცენარის ბუჩქის გაძლიერებას, ნაყოფის დამსხვილებას და მავნებელ-დაავადებების გავრცელების შემცირებას.

პამიდორის თესლის მოსავლიანობა დამოკიდებულია  დამზადების ტექნოლოგიაზე. ყველაზე მაღალხარისხოვნად ითვლება მე-2, მე-3, მე-4, მე-5 საყვავილე მტევნიდან შერჩეული საუკეთესო ნაყოფებიდან დამზადებული თესლები.

მოკრეფილი პამიდორის ნაყოფები 3-4 დღე უნდა დავალაგოთ დამატებითი მომწიფებისათვის, რათა ნაყოფი დარბილდეს და თესლი ადვილად გამოეცალოს.

ნაყოფი თესლის დამზადების წინ უნდა გაირეცხოს, რათა რბილობი სუფთა დარჩეს სხვადასხვა დანიშნულებით გამოსაყენებლად.

პამიდორის ნაყოფი გარდიგარდმო იჭრება შუაზე და კოვზის ან ცერა თითის დაჭერით თესლს თესლბუდიდან ვაცალკევებთ ხის კასრში ან მინის ჭურჭელში და ვტოვებთ 2-3 დღე დასადუღებლად. მეოთხე დღეს უკვე დადუღებულ თესლს ვასხამთ წყალს, მოურევთ ხის კოვზით ან ხელით კარგად და წყალს გადავწურავთ. ასე გავიმეორებთ რამდენიმეჯერ თესლის ჭურჭლის ძირზე და-ძირვამდე.

კარგად გარეცხილ თესლს გავშლით ფიცარზე, ქაღალდზე ან ტილოზე და გავაშრობთ ჩრდილში. გამშრალი თესლი თუ დაიკოშტა, საჭიროა მისი ხელით დაფშვნა. გამშრალი თესლი უნდა მოთავსდეს ნაჭრის ტომარაში სათანადო წარწერით.

ნატო კაკაბაძე -სმმ დოქტორი