აგროსიახლეები

დადგენილება ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლისა და სპირტის წარმოების ზოგადი წესის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს მთავრობამ „ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლისა და სპირტის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ” დადგენილება მიიღო.

აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტის მიზანი, ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლისა და სპირტის წარმოებისა და რეალიზაციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრაა.

რეგლამენტი ადგენს ზოგად წესსა და მოთხოვნებს ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლისა და სპირტის ეტიკეტირების, წარდგენის, ბაზარზე განთავსებისა და ოფიციალური დასახელების გამოყენების მიმართ, აგრეთვე, განსაკუთრებულ მოთხოვნებს ღვინის კომპანიებისადმი, ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის კონტროლის განმახორციელებელი პირების ჩამონათვალს. ასევე, დადგინდა ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლისა და სპირტის წარმოების ნებადართული პროცესების მასალები და ნივთიერებები.

ახალი რეგლამენტით, სამომხმარებლო ბაზარზე დაუშვებელია ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლის განთავსება  სამომხმარებლო ტარაში დაფასოების გარეშე, შესაბამისად, სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული სპირტიანი სასმლის ფაქტობრივ მოცულობით სპირტშემცველობასა და ეტიკეტზე აღნიშნულ სპირტშემცველობას შორის გადახრა არ უნდა აღემატებოდეს ± 0,3%-ს.

ტექნიკური რეგლამენტით ასევე განსაზღვრულია ბრენდის კატეგორიები ასაკის ან დავარგების მიხედვით.

ტექნიკური რეგლამენტი შემუშავებულია  „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მისი მოთხოვნების დაცვა სავალდებულოა ყველა იმ ღვინის კომპანიისთვის, რომელთა სამეწარმეო საქმიანობა მოიცავს ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლისა და სპირტის წარმოებას.