„დაე, ჭიაყელებმა დამიხნან მიწა“ _ გერმანელმა ფერმერმა ტრადიციული გუთანი წარსულს ჩააბარა
როდესაც მატიას ცაიტკე თავის მიწაზე ლაპარაკობს, ცხადი ხდება, რომ ფერმერისთვის „ნულოვანი თესვა“ (No-Till) ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ნიადაგის დამუშავების მეთოდი.
ეს არის ცხოვრების წესი, რომელიც მიზნად ისახავს ნიადაგის გაჯანსაღებას.
43 წლის მატიას ცაიტკე გერმანიის სოფლის მეურნეობის სექტორში ცნობილი ნოვატორია. მან აღიარება რეგენერაციული (აღდგენითი) მიწათმოქმედების წარმატებით დანერგვით მოიპოვა. ის გახლდათ 2023 წლის პრესტიჟული Ceres Award-ის ფინალისტი ნომინაციაში „მიწათმოქმედი“, რაც გუთნის სრულად უარყოფისა და No-Till ტექნოლოგიაზე გადასვლისთვის მიენიჭა.
ცოიტკეს 500 ჰექტარ ფართობზე ტრადიციული ხვნისა და ნიადაგის ინტენსიური დამუშავების გარეშე, მოჰყავს ხორბალი, ქერი, სიმინდი და რაფსი.
ფერმერის მეთოდოლოგია რამდენიმე ძირითად პრინციპს ეფუძნება:
- მიწა არასდროს არის მოშიშვლებული, ის ყოველთვის მოსავლის ნარჩენებით ან სხვადასხვა კულტურებით (სიდერატებით) არის დაფარული;
- ცხვარი ძოვს საფარ კულტურებს ფონზე და თავისი ჩლიქებით ბუნებრივად ამუშავებს მიწას, რაც იცავს ნიადაგს ეროზიისა და გამოშრობისგან;
- აღნიშნული მეთოდი ფერმერს საშუალებას აძლევს, მნიშვნელოვნად შეამციროს მინერალური სასუქებისა და პესტიციდების მოხმარება.
როგორც ცაიტკე აღნიშნავს _ „მხოლოდ ჯანსაღი ნიადაგი შეიძლება გახდეს ჩვენი მომავალი“.
ჭიები, როგორც „ბუნებრივი გუთანი“
სოფლის მეურნეობის პროფესორმა ტომას ვეიერმა და სამხრეთ ვესტფალიის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის 50-მა სტუდენტმა ლუსოვის ფერმაში კვლევა ჩაატარეს, სადაც მეცნიერებმა ნიადაგის ნიმუშები 2,5 მეტრის სიღრმემდე აიღეს და აი, ასეთი რამ აღმოაჩინეს:
- ტრადიციულად დამუშავებულ ნიადაგში ერთ კვადრატულ მეტრზე საშუალოდ 30-მდე წვიმის ჭია ბინადრობს, ხოლო ცაიტკეს მინდვრებში ეს მაჩვენებელი 200-ს აღწევს.
პროფესორ ვეიერის აზრით, ჭიებმა თავის თავზე აიღეს ის ფუნქციები, რასაც ადრე გუთანი ასრულებდა: მათი სავალი არხები ღრმად აღწევს ნიადაგში, რაც მცენარეს ფესვთა სისტემის განვითარებასა და ტენის უკეთ ათვისებაში ეხმარება.
რა თქმა უნდა, ამ მეთოდს თავისი სირთულეებიც ახლავს. ნიადაგის ზედაპირის დაუზიანებლად დატოვება და დიდი რაოდენობით ორგანული მასა ხელს უწყობს მღრღნელების გამრავლებას, რადგან მათი ბუდეები, როცა ნიადაგი არ მუშვდება, ნაკლებად ზიანდება.
ამის მიუხედავად, ცაიტკე ტრადიციულ ხვნას არ უბრუნდება. მისი მთავარი არგუმენტი მოსავლიანობის სტაბილურობაა: გვალვიან წლებში, „ბუნებრივი გუთნით“ დამუშავებულ ნიადაგზე მოყვანილი მცენარეები ფესვებით ადვილად აღწევენ ნიადაგის ქვედა ფენებში არსებულ წყლის მარაგებს.
კლიმატური ცვლილებებისა და ექსტრემალური ამინდის ფონზე, მაღალი ბიოლოგიური აქტივობის ნიადაგი ფერმერებისთვის ნამდვილი გადარჩენაა, რადგან ის ტენს უკეთ ინახავს და პროდუქტიულობასაც დიდხანს ინარჩუნებს.
წყარო: Agrarheute

