აგროსიახლეები

დამთვალიერებლებისთვის წალკის კანიონის უნიკალური ეკოტურისტული სივრცე გაიხსნა

სტუმრებისთვის წალკის კანიონის უნიკალური ეკოტურისტული სივრცე გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, საქართველოს პარლამენტის წევრები, მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო, ვინც ჩართული იყო ამ უნიკალური პროექტის განხორციელების პროცესში – მადლობა ჩვენს ინვესტორებს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ადგილობრივ მოსახლეობას. მადლობა ყველას იმისათვის, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის ღირსშესანიშნაობათა ჩამონათვალს კიდევ ერთი გამორჩეული ადგილი დაემატა. წალკის კანიონი, თავისი ბუნებრივი სილამაზით აქამდეც იზიდავდა დამთვალიერებლებს, თუმცა, ეს შესანიშნავი ინფრასტრუქტურა, ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტ ინტერესს გამოიწვევს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვეყოლება ძალიან ბევრი უცხოელი და ადგილობრივი ვიზიტორი, რაც ნიშნავს მეტ შესაძლებლობას რეგიონისთვის, მეტი ადგილობრივი მცხოვრებლის დასაქმებას და მეტ განვითარებას.

წალკის კანიონი 2222222222222

ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია გარემოზე, ბუნებაზე ზრუნვა. ჩვენ მნიშვნელოვან რეფორმებს ვახორციელებთ ამ მიმართულებით.

საქართველოსა და კავკასიაში პირველი დაცული ტერიტორია 110 წლის წინ შეიქმნა. ეს იყო ლაგოდეხის ნაკრძალი და მისი ფართობი მაშინ, დაახლოებით, 3 500 ჰექტარს შეადგენდა. დღეს კი, საქართველოს დაცული ტერიტორიების ფართობი 800 000 ჰა-ს შეადგენს. წელს ვგეგმავთ ახალი დაცული ტერიტორიების შექმნას, რომლის ფარგლებშიც, ეს ფართობი კიდევ 100 000 ჰექტარით გაიზრდება.

არ შეიძლება აღნიშვნის გარეშე დავტოვოთ ის წარმატება, რაც გასულ წელს ჰქონდა დაცულ ტერიტორიებს. 4 დაცულ ტერიტორიას, პირველად საქართველოს ისტორიაში, მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. ეს ჩვენი ბუნების უნიკალურობის კიდევ ერთი აღიარებაა მსოფლიო საზოგადოების მხრიდან. ჩვენ ვალდებული ვართ, დავიცვათ ბუნება და, ამავდროულად, გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რომელიც მას ეკოტურისტული მიმართულებით აქვს.

ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ დონორებთან, გვაქვს ამ მიმართულებით მხარდაჭერა, რისთვისაც მათ მადლობა მინდა გადავუხადო. რამდენიმე დღის წინ, დაცული ტერიტორიების მიმართულებით დავიწყეთ ახალი პროექტი გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, რომლის ფარგლებშიც, გერმანიის განვითარების ბანკიდან მივიღეთ 24 მლნ ევროს ოდენობის გრანტი, რაც შემდგომ წლებში დაცული ტერიტორიების და ეკოტურიზმის განვითარებას მოხმარდება.

ჩვენ ღია ვართ ინვესტორებისთვის, რა თქმა უნდა, იმ პირობით, რომ დაცული უნდა იყოს ჩვენი ბუნება და ხელი შეეწყოს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

დაცულ ტერიტორიაზე, წალკის კანიონზე, პირველად საქართველოში, საჯარო კერძო პარტნიორობის პროექტის ფარგლებში მოეწყო გრანდიოზული სივრცე. კანიონზე, საქართველოში პირველად, უნიკალური 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი აშენდა თანმდევი ეკოტურისტული ბილიკებით, ვიზიტორთა ცენტრით, მოეწყო ზიპ-ბაიკი და საქანელა, რომელიც მოგზაურობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის. მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა სასტუმროები და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა. აღნიშნული პროექტით, ერთი მხრივ, მოხდა ბუნებრივი იერსახის შენარჩუნება, მეორე მხრივ კი, უნიკალური ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

წალკის კანიონის პროექტის ინვესტიცია, ჯამში, 120 000 000 ლარს შეადგენს. ამ მოცულობის ინვესტიცია რეგიონისთვის რეკორდულია, ხოლო პროექტით გათვალისწინებული ობიექტები საქართველოსთვის ახალი და უნიკალური.