დარგებიმეფუტკრეობა

დაზამთრებისწინა სამუშაოები საფუტკრეში

შემოდგომაზე უნდა ვეცადოთ, შევინარჩუნოთ ზაფხულის ბოლოს დაგროვებული ფუტკრის დიდი მასა დაზამთრებისწინა სამუშაოების სწორად შესრულებას სამეწარმეო მეფუტკრეობაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

მომავალი წლის მოსავალს სფუძველი ზაფხულის ბოლოს ეყრება.

მეფუტკრეობის აქტიური სეზონი თვალნათლივ იყოფა ორ ნაწილად: პირველი გრძელდება ზამთრის ბოლოდან ან ადრე გაზაფხულიდან მთავარ ღალიანობამდე, ხოლო მეორემთავარი ღალიანობის ბოლოდან დაზამთრების წინ გუნდად შეკვრამდე. მთავარი ღალიანობის დროს თაფლის მარაგის დაგროვებით ფუტკრის ოჯახი უკვე იწყებს ზამთრისათვის მზადებას.

მეფუტკრე ამ დროს განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იყოს და ყველანაირად შეუწყოს ხელი ფუტკრის ოჯახის საზამთროდ მზადებას. ფუტკრის ოჯახის კარგად გამოზამთრებისათვის აუცილებელია ზამთრისათვის მოვამზადოთ ჯანმრთელი, ძლიერი ფუტკრის ოჯახები, რომელთაც ჰყავთ ხარისხიანი ახალგაზრდა დედა და მუშა ფუტკრები, აქვთ ხარისხიანი და საკმარისი საკვები მარაგი.

კიდევ ერთხელ ჩამოვთვალოთ პირობები, რომლებიც ფუტკრის ოჯახის კარგ დაზამთრებისწინა განვითარებას სჭირდება:

  1. ჯანმრთელი ფუტკრის ოჯახები; ამისთვის აუცილებლად უნდა ჩატარდეს ვაროატოზის, სიდამპლეებისა და ნოზემატოზის საწინააღმდეგო მკურნალობა;
  2. საკვების მინიმალურად აუცილებელი მარაგი, არანაკლებ 6-8 კგ თაფლისა და 2-3 კგ ჭეოსი; (არ აგერიოთ თაფლის საზამთრო მარაგში, რომელიც 15-20კგ).
  3. კარგი დედა ფუტკარი, ჩვენი რჩევააიმავე წლის;
  4. ფუტკრის რაოდენობა არანაკლებ 2,0-2,5 კგისა და 5-8 ჩარჩო ბარტყი;
  5. ბუდის შუაში მოთავსებული ხარისხის ფიჭები;
  6. ნექტრისა და ჭეოს ზომიერი შემოტანა. უღალობის პირობებშიაუცილებელი გამაღიზიანებელი კვება (უკეთესია 2-5%-იანი ცილოვანი დანამატებით).
  7. გამოზამთრებული ფუტკრის ხარისხი პირდაპირ უკავშირდება ჭეოს იმ მარაგს, რომელსაც გუნდი ზამთარში ფარავდა.

განვიხილოთ უფრო დაწვრილებით ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები.

დასაზამთრებლად მხოლოდ ჯანმრთელი ფუტკრის ოჯახები

 ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად შემთხვევით არ დაგვისახელებია ფუტკრის ოჯახის ჯანმრთელობა, რათა ძლიერი და პროდუქტიული ოჯახები მივიღოთ წელიწადის ნებისმიერ დროს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაროატოზის და ნოზემატოზის დროს, რომელიც საქართველოს ყველა რაიონში გვხვდება.

მთავარი ღალიანობის დამთავრებისა და თაფლის მომწიფებისთანავე თაფლი სწრაფად უნდა ამოვიღოთ, რათა შეგვეძლოს ვაროატოზის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური მკურნალობის ჩატარება. ვაროატოზის წინააღმდეგ წამლობის საშემოდგომოდ გადადება არაფრით არ შეიძლება. საქმე ისაა, რომ ჩვენთან მაისი, ივნისი და ივლისი მთავარი ღალის მომცემი თვეებია. ამ თვეებში თაფლის ამოღებამდე მკურნალობას ვერ ჩაატარებ. ხოლო მკურნალობის შემოდგომამდე გადადება და 3-4 თვე ვაროატოზის თავის ნებაზე მიშვება ძალზე სახიფათოა. ვაროას ტკიპები გეომეტრიული პროგრესიით, რომლის მნიშვნელი 2-2,5 -ია, მრავლდებიან ყოველ 21 დღეში ( მუშა ფუტკრის განვითარების ერთ ციკლში). 4 თვის განმავლობაში 6 ასეთი ციკლი ეტევა, რომლის განმავლობაში ვაროა გამანადგურებლის (varoa destructor) ტკიპების რაოდენობა ფუტკრის ოჯახში სულ მცირე 500-ჯერ იზრდება.

წესად მივიღოთ, რომ ვაროა გამანადგურებლის წინააღმდეგ მკურნალობის ციკლებს შორის ინტერვალი 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

ვაროატოზის წინააღმდეგ ქიმიური პრეპარატებიდან ჩვენში გამოიყენება: ვაროკომი, მავრიკი, ბიპინი და ვაროსტოპი, თანდართული ინსტრუქციების მიხედვით. ასევე, ზოოტექნიკური და ბიომეთოდები, რომლებიც სწორად ჩატარების შემთხვევაში უსაფრთხო და არანაკლებ ეფექტიანია.

თაფლის ამოღების შემდეგ, ვაროატოზის საწინააღმდეგო მკურნალობასთან ერთად, თითოეულ ოჯახს გულდასმით ვათვალიერებთ. ამაში შედის ფუტკრის ოჯახის ხუთივე შემადგენილი ნაწილის (საკვები მარაგი, ფუტკარის რაოდენობა, ბარტყის რაოდენობა და ხარისხი, დედა ფუტკარი, ფიჭებიაშენებული ბუდე) შემოწმება.

შემოწმების შემდეგ უმჯობესია, რომ ორი-სამი აშკარად სუსტი ოჯახი, რომელთა გამოსწორების შანსი არ არის, შევაერთოთ. არაფრით არ შეიძლება სუსტი ოჯახის ძლიერთან შეერთება, რადგან ოჯახის სისუსტე შეიძლება რაიმე დაავადებით იყოს გამოწვეული და ძლიერი ოჯახიც დავღუპოთ.

მეფუტკრეობისთვის საშიში დაავადებებია სხვადასხვა სახის სიდამპლეები: ამერიკული, ევროპული, ცრუსიდამპლე და შერეული ინფექციები. ამ ბაქტერიული დაავადებების საწინააღმდეგოდ გირჩევთ ბაქტოპოლის ან ვესტას გამოყენებას. ეს ანტიბიოტიკები შედარებით იაფი და ძალიან ქმედითია.

განსაკუთრებულად კარგი შედეგი აქვს ბაქტოპოლს, რომელიც მეხუთე თაობის ანტიბიოტიკების ნაზავს წარმოადგენს და მოქმედების ძალიან ფართო სპექტრი აქვს.

 ნოზემატოზი ფუტკრის ძალიან გავრცელებული და საშიში დაავადებაა. მისი გამომწვევია ნოზემა აპის (NOZEMA APIS) და ნოზემა ცერანა (NOZEMA CERANAE). განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ორ ნოზემას განსხვავებული კლინიკური ნიშნები აქვს. საქართველოში ნოზემატოზი და ვაროატოზი პრაქტიკულად ყველა საფუტკრეში ფარული ფორმით მიმდინარეობს. ნოზემატოზი კიდევ უფრო საშიში გახდა ნოზემა ცერანას შემოჭრის შემდეგ. ჩვენთან ნოზემა ცერანათი გამოწვეული ნოზემატოზი კლასიკური ფორმით იშვათად ვლინდება (ფაღარათით, სკის დასვრილი კედლები, ჩარჩოები და მისაფრენი ფიცარი. ადრე გახაფხულზე ზანტად მცოცავი ფუტკარი და ერთი მუჭა ბარტყიეს ძირითადად ნოზემა აპისით გამოწვეული ნოზემატოზის კლინიკური ნიშნებია). ნოზემა ცერანას შემთხვევაში სკაც და ფიჭებიც სუფთაა. არც მცოცავი და დაავადებული ფუტკარი ჩანს სადმე. უბრალოდ, ფუტკარი სკაში სწრაფად მცირდება და საბოლოოდ ქრება, რადგან ნოზემა ცერანა ფუტკარს სიცოცხლეს უნახევრებს. ეს შემცირება გაქრობა ხშირად ისე სწრაფად ხდება, რომ ცარიელ სკაში თაფლთან ერთად 2-3 ჩარჩოზე მცირე რაოდენობის გადაბეჭდილი ბარტყიც გვხვდება. მეფუტკრეები ამ დაავადების პროფილაქტიკასა და მკურნალობას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, არადა ნოზემატოზისგან მეფუტკრეობის ეკონომიკური დანაკლისი ძალიან დიდია.

ქვემოთ გთავაზობთ ნოზემის საწინააღმდეგო მკურნალობის რამდენიმე მეთოდსა და საშუალებას.

მწარე აბზინდის ნაყენი და ექსტრაქტი ნოზემატოზის პროფილაქტიკისთვის

ნოზემატოზის საწინააღმდეგოდ რუსი მეფუტკრეები იყენებენ მწარე აბზინდის სპირტის ნაყენს, რომელიც ასე მზადდება: ჭურჭელს, რომელსაც თავი კარგად უნდა ეხურებოდეს, სანახევროდ ავსებენ მწარე აბზანდის (რომელსაც ასევე ვერცხლისფერ აბზინდას ან სამკურნალო აბზინდას ეძახიან) დაკეპილი მასით. ჭურჭელი შეივსება ღვინის სპირტით, უკეთესია, რომ დროდადრო შევანჯღრიოთ. ერთ კვირაში ნაყენი მზადაა. ერთი სუფრის კოვზი ნაყენი ერევა ერთ ლიტრ სიროფს, რომელიც 3-ჯერ, 5-7 დღის ინტერვალით ეძლევა ფუტკრის ოჯახს ყოველ ჩარჩო ფუტკარზე 100-150 მლის ოდენობით.

ჩვენ ვიყენებთ აბზინდის ექსტრაქტს, რომელსაც ასე ვამზადებთ: ბაღის სეკატორით ვჭრით მწარე აბზინდას ორ-სამსანტიმეტრიან ნაჭრებად და ვავსებთ 3 – ლიტრიან ქილას. მას ესხმება მდუღარე წყალი, ეხურება პოლიეთილენის თავსახური და თბუნდება. გაცივების შემდეგ 1 ლიტრი ექსტრაქტი ერევა 30-40 ლიტრ სიროფს. სამკურნალო სიროფი ზემოაღნიშნული დოზებით და ჯერადობით ეძლევა დაავადებული ფუტკრის ოჯახს. ჩვენი რჩევა იქნება, ნოზემატოზის პროფილაქტიკური მკურნალობა ჩაატაროთ ფუტკრის ოჯახის საზამთროდ მზადებისას და ადრე გაზაფხულზე.

ცხარე წიწაკის ნაყენის გამოყენება ნოზემატოზის საწინააღმდეგოდ

ნაყენის მომზადების რეცეპტი და გამოყენების მეთოდი შემდეგია: ნაყენის მოსამზადებლად მაკრატლით ან დანით იჭრება 50-60 გრ გამხმარი წითელი წიწაკა 1-2სმ-იან ნაჭრებად, იყრება თერმოსში და ესხმება ერთი ლიტრი მდუღარე წყალი. ნაყენი იხუფება და ჩერდება 10-20 საათი. მიღებული ნაყენის ერთი სუფრის კოვზი ერევა 20-30%-იან შაქრის სიროფს, რომელიც შეიძლება შევასხუროთ ჩარჩოზე მსხდომ ფუტკარს. შესხურება შეიძლება ბარტყიან ჩარჩოებზეც. შესასხურებლად ვიყენებთ ხელის პულვერიზატორს ან საღებავების გამფრქვევს.

მეორე წესით, დამზადებულ ცხარე წიწაკის ნაყენის ერთი სუფრის კოვზი ერევა 1 -ლ შაქრის სიროფს და ეძლევა საკვებურებში ნოზემატოზით დაავადებულ ფუტკრის ოჯახს სამჯერადად 5-7 დღის ინტერვალით, ყოველ ერთ ჩარჩო ფუტკარზე 100-150 გრამი.

აღსანიშნავია, რომ მწარე წიწაკის ნაყენი ძალიან მდიდარია ვიტამინებით, რითაც ხელს ვუწყობთ ფყუტკრის ოჯახის გამრავლებას.

ნოზემასტოპი, რუსული ნოზემატი

ქიმიური პრეპარატებიდან ჩვენ ძალიან კარგი შედეგი მოგვცა ნოზემასტოპმა და რუსულმა ნოზემატმა, ბულგარული პრეპარატი ნოზესტატი და სხვა პრეპარატები ძვირი და ნაკლებეფექტური გამოდგა. ნოზემასტოპის და ნოზემატის შერევა შეიძლება როგორც შაქრის სიროფში, ასევე ყანდშიც. განსაკუთრებით მარტივია ჩარჩოებს შორის ჩასხურების მეთოდი. 2 გრამი ნოზემასტოპი იყრება ლიტრიან პლასტმასის ბოთლში, ეყრება 200-300 გრამი შაქარი და 800 გრამი წყალი. კარგად შენჯღრევის შემდეგ, როცა შაქარი გაიხსნება, წვრილ ნახვრეტიანი თავსახურით ჩავაშხურებთ ჩარჩოებს შორის 10-15 გრამის ოდენობით (მავრიკის ან ბიპინის წყალხსნარის მსგავსად), შედეგი თითქმის იგივეა, ხოლო მატერიალური და შრომითი დანახარჯები ძალიან მცირდება. თუ ნოზემასტოპს ვერ იშოვით, შეგიძლიათ ნოზემის საწინააღმდეგო ნებისმიერი პრეპარატი გამოიყენოთ თანდართული ინსტრუქციის მიხედვით. გაითვალისწინეთ: ინსტრუქციაში უნდა ეწეროს, რომ პრეპარატი ეფექტურია ნოზემა ცერანას წინააღმდეგ. ნოზემატოზის დროულად მკურნალობის (მარტი-აპრილი და აგვისტო-სექტემბერი) შედეგია:

  1. ფუტკრის ოჯახების 100%-იანი გამოზამთრება; 2. გამოზამთრებულ ოჯახებში დედები არ იღუპებიან; 3. გაზაფხულზე ბარტყის რაოდენობა იმატებს 20%- ით; 4. მუშა ფუტკრების სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება 20-30%-ით; 5. ფუტკრების საერთო რაოდენობა იზრდება 40%-ით; 6. ფუტკრის ოჯახის საერთო პროდუქტიულობა იმატებს 50%-ით.

საკვები მარაგი

თაფლის სავალდებულო ზამთრის მარაგი საქართველოს სხვადასხვა რაიონისათვის განსხვავებულია და მერყეობს 15-20 კგ ფარგლებში. მაღალმთიანი ზონებისთვის ის შეიძლება უფრო მაღალიც იყოს. თაფლის მარაგი ამ რაოდენობამდე შეიძლება მოგვიანებით, შემოდგომაზე შევავსოთ. მაგრამ თაფლის ამოღების შემდეგ ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ფუტკრის ოჯახი საკვების სავალდებულო მინიმუმის გარეშე არ დარჩეს. საკვების სავალდებულო მინიმუმად მიჩნეულია 6-8 კგ თაფლი და 2 კგ ჭეო. ბილაშისა და ტარანოვის შრომებში (1960) ნაჩვენებია, რომ თაფლის ან ჭეოს მარაგის სავალდებულო მინიმუმის განახევრებისას უჯრაში ფუმფლის საკვები რძის რაოდენობა 30%-ით იკლებს. შედეგად ვიღებთ არასრულფასოვან მუშა ფუტკრებს, რომლებიც გაცილებით სუსტნი და ნაკლებად სიცოცხლისუნარიანნი არიან. როცა ფუტკრის ოჯახში თაფლის მარაგი 1-1,5 კგ-მდე მცირდება, ფუმფლის სკვები რძის ოდენობა უჯრაში ნახევრდება იმ შემთხვევასთან შედარებით, როდესაც ფუტკრის ოჯახს 8 კგ თაფლის მარაგი აქვს. როგორი ხარისხის იქნება ასეთ პირობებში გაზრდილი მუშა ფუტკარი, ამის განსჯა თქვენთვის მოგვინდვია. აქედან გამომდინარე, 6-8 კგ თაფლი და 2-3კგ ჭეო ითვლება მინიმალურად აუცილებელ მარაგად. ქვემოთ მოყვანილი ცხრილი აღებულია ტარანოვის ნაშრომიდან (გ. ტარანოვი გვ. 81):

თაფლის რაოდენობა ფუტკრის ოჯახში კგ ფუტკრის რძის მასა 3-დღიან ფუმფლის უჯრედში მგ. 3-დღიანი ფუმფლის წონა მგ.
4,5 2,1 6,7
8,1 5,0 9,5
12, 4,8 10,8

როგორც ზემოთ მოყვანილი ცხრილიდან ჩანს, ფუტკრები 12 კგ თაფლის მარაგის არსებობისას გაცილებით უკეთ კვებავდნენ ფუმფლებს და მათი წონაც გაცილებით დიდია.

რიამოვმა ერთწლიანი ექსპერიმენტი ჩაატარა სამ ერთნაირ ჯგუფად გაყოფილ 30 ფუტკრის ოჯახზე: პირველი ჯგუფის ფუტკრებს მთელი გაზაფხულის განმავლობაში უნარჩუნებდნენ 3-4 კგ თაფლის მარაგს, მეორე ჯგუფის ფუტკრის ოჯახებს – 6-8 კგ, ხოლო მესამე ჯგუფის ათივე ოჯახი მთელი გაზაფხული განმავლობაში უზრუნველყოფილი იყო 10-12 კგ თაფლის მარაგით. ჭეოს რაოდენობა სამივე ჯგუფის ფუტკრის ოჯახებში გათანაბრებული იყო, ხოლო გარედან ნექტრისა და ყვავილის მტვრის შემოტანაშეუზღუდავი. ზაფხულის მთავარ ღალიანობაზე პირველი ჯგუფის ოჯახებმა საშუალოდ 27 კგ თაფლი მოიტანეს. მესამე, დიდმარაგიანმა ოჯახებმა, იმავე პირობებში საშუალოდ შეაგროვეს 40,5 კგ თაფლი. ცდის ქვეშ მყოფ ოჯახებში აღზრდილი მუშა ფუტკრების საშუალო მაჩვენებლები იხილეთ ქვემოთ მოყვანილ ცხრილში:

თაფლის მარაგი კგ. 6- დღიანი ფუმფლის წონა მგ. ახლადდაბადებული ფუტკრის მასა მგ. ხახის ჯირყვლის განვითარება ბალებში ცხიმოვანი სხეულის განვითარება % გალიაში ფუტკრის სიცოცხლის ხანგრძლივობა დღ.
3-4 137 108 3,5 100 14,5
6-8 159 116 3,7 117 18
10-12 171 118 3,9 121 19

ამ ცხრილიდან კარგად ჩანს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს საკვების დიდი მარაგების არსებობას ფუტკრის ოჯახში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფუტკრის ოჯახების დაზამთრებისწინა სამზადისის დროს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჭეოს მინიმალურად აუცილებელი მარაგი 2 დადანის ჩარჩოა, ხოლო თაფლის მინიმალურად აუცილებელი მარაგი 6-8 კილოგრამს შეადგენს. საკვების ზემოთ მითითებული რაოდენობა უნდა იყოს ფუტკრის ოჯახში წლის ნებისმიერ დროს, თუ გვინდა ხარისხიანი ფუტკრის მიღება. როგორც კი საკვების მინიმალურად აუცილებელი მარაგი მცირდება, ფუტკრები იწყებენ ეკონომიას ბარტყის კვებაზე, რის შედეგადაც ვიღებთ უხარისხო ფუტკრებს. რადგან ეს კანონი მოქმედებს მთელი წლის განმავლობაში, უნდა ვეცადოთ, რომ ფუტკრის ოჯახში მუდამ გვქონდეს საკვების მინიმალურად აუცილებელი მარაგი (6-8 კგ თაფლი და 2კგ ჭეო).

მომავალი წლის ფუტკრის ოჯახის პროდუქტიულობა და ხარისხი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოვამზადებთ დასაზამთრებლად ოჯახს წინა წელს. ფუტკრის ოჯახის სეზონური გავითარების ციკლები, სამწუხაროდ, კედელზე დაკიდებულ კალენდარს არ მისდევს. მას თავისი მიმდევრობა აქვს. ამ ციკლების დაწყება-დამთავრების დრო ერთი და იმავე დასახლებული პუნქტისთვისაც კი სხვადასხვა წელს განსხვავებულია. ფუტკრის ოჯახის განვითარების ციკლების დაწყება-დამთავრების დრო ეკოლოგიურ პირობებსა და ამინდზეა დამოკიდებული.

თუ ზაფხულის ბოლოსა და სექტემბერში, შემოდგომის გენერაციის, ფუტკრების გამოჩეკის დროს, მცირე ღალა მაინც არ არის, აუცილებელია მთაბარობა ან ხელოვნური კვების გამოყენება. ამასთან, ძირითადი ყურადღება უნდა მიექცეს ცილოვანი დანამატების გამოყენებას, როგორიცაა მოხდილი რძე და პურის ან ლუდის საფუარი (ცილოვანი დანამატები შაქრის სიროფს 5-7%-ით ემატება). ამის შესახებ უფრო დაწვრილებით მეხუთე თავში ვისაუბრებთ. იმ რეგიონებში, სადაც აგვისტო-სექტემბერში კვირიონების მოფრენა იწყება, ყოველგვარი კვება კვირიონების მოფრენამდე ერთი კვირით ადრე უნდა შევწყვიტოთ, რათა ფუტკრის მასობრივი დაკარგვა არ გამოვიწვიოთ. ასეთ რეგიონებში კვება კვირიონების სავარაუდო მოფრენამდე ან მათი გადაფრენის შემდეგ უნდა განვახორციელოთ.

ფუტკარი

მთავარი ღალის დამთავრების შემდეგ ფუტკრის რაოდენობა სხვადასხვა ოჯახში განსხვავებულია. ფუტკრის იმ ოჯახებში, რომლებიც შეზღუდულ ბუდეზე იმყოფებოდნენ და დიდი რაოდენობის თაფლი მოიტანეს, საკვერცხი ფართობის შემცირების გამო, ფუტკრის რაოდენობა შეიძლება 1-1,2 კგ-მდე შემცირდეს. ასეთივე შედეგი შეიძლება მივიღოთ, თუ სუსტი დედაა სკაში, ან რაიმე სხვა ფაქტორი უშლის ხელს. მთავარი ღალიანობის დროს ზოგიერთმა უფრო სუსტმა ოჯახმა შეიძლება ეს ღალიანობა ოჯახების გასაძლიერებლად გამოიყენოს და თაფლის მაგივრად ფუტკრის მასა დააგროვოს. თუ შემდეგი ეფექტური ღალა მოსალოდნელი არ არის, მაშინ ასეთი ოჯახების ნამეტი ფუტკარი შეიძლება სხვა დანიშნულებით გამოვიყენოთ. თუ აგვისტოსა და სექტემბერში მოსალოდნელია გვიანი ღალიანობა (სურო, ოქროწკეპლა, ცოცხი), სჯობს ბუდე დროზე დავაფორმიროთ და ისე შევახვედროთ ფუტკრის ოჯახები აღნიშნულ ღალას. გვიან სექტემბერსა და ოქტომბერში ბუდის ახლად ფორმირება არ ღირს. ასევე ადრე უნდა ჩატარდეს ბუდის ხილვა და ფორმირება იმ შემთხვევაშიც, თუ ფუტკრის ოჯახები ძლიერმა საზაფხულო ღალამ დაასუსტა. ეს საშუალებას მოგვცემს დროზე ჩავატაროთ ვაროატოზის საწინააღმდეგო მკურნალობა და დროზე დავიწყოთ ოჯახების დაზამთრებისწინა მომზადებაზე ზრუნვა.

თუ ყველა ჩამოთვლილი პირობის გათვალისწინებით ხელი არ შევუწყვეთ ფუტკრის ოჯახების დაზამთრებისწინა განვითარებას, დასაზამთრებლად მივიღებთ შედარებით სუსტ ოჯახებს, რომელთა ნორმალური გამოზამთრება ძალიან სათუოა. შედეგად კი, ადრე გაზაფხულიდან მოყოლებული, გაცილებით მეტი შრომა და საკვები დაგვჭირდება, რათა ცოტათი მაინც გამოვასწოროთ მდგომარეობა.

ბარტყი და დედა ფუტკარი

ზაფხულის ბოლოს დედა ფუტკარს ვამოწმებთ ბარტყის რაოდენობითა და დაკვერცხვის ხარისხით. თუ დაკვერცხვის ხარისხი და ბარტყის საერთო რაოდენობა არ არის საკმარისი (ამ დროს 5-6 ჩარჩო მაინც უნდა იყოს სანახევროდ ბარტყიანი, დანარჩენზე – თაფლი და ჭეო), მაშინ ვიღებთ სასწრაფო ზომებს. თუ ფუტკარი და საკვები მარაგი საკმარისია, საკვერცხი ფართობი ფიჭებზეც თავისუფალია, ხოლო ბარტყის რაოდენობა მცირეა, მაშინ დედა ფუტკარია უვარგისი და სასწრაფოდ უნდა შევცვალოთ. საერთოდ, დედების შეცვლას ჩვენ უფრო ადრე, ივნის-ივლისში, გირჩევთ და თანაც ყოველწლიურად. ძველ სახელმძღვანელოებში მითითებულია ორ წელიწადში ერთხელ დედის შეცვლა, რაც, ჩვენი აზრით, მოძველებულია ორი მიზეზის გამო: ჯერ ერთი, საბჭოთა სახემძღვანელოების უმეტესობას რუსი ავტორები ჰყავს და რუსეთში, საქართველოსგან განსხვავებით, სეზონზე დედები ორჯერ ნაკლებ კვერცხს დებენ და შესაბამისად ორჯერ გვიან ბერდებიან. მეორეც, ფუტკრის ოჯახების ნოზემატოზით მასიური დაავადების დროს დედა ფუტკრებიც ავადდებიან და ფუტკრები მათ შეცვლას გამოზამთრების შემდეგ, გაზაფხულზე, მასობრივად იწყებენ. შედეგად მთავარი ღალისთვის მზადება ერთი თვით იგვიანებს და კარგი მოსავლის აღება, ფაქტობრივად, ჩაგვივარდება.

 მოკლედ, მეფუტკრის ძირითადი მოვალეობაა გააზრებული მოქმედებით ფუტკრის ოჯახის განვითარებისთვის ხელშეწყობა და არა გაუაზრებელი მოქმედებით ხელის შეშლა. ამიტომ ყოველთვის წინასწარ კარგად უნდა გავაანალიზოთ რის გაკეთებას ვაპირებთ. თუ არ ვართ დარწმუნებული საფუტკრეში ჩასატარებელი სამუშაოების სისწორეში, სჯობს რჩევა ვკითხოთ გამოცდილ მეფუტკრეს.

დამატებითი საკვები ფუტკრის ოჯახის კარგი განვითარებისთვის ბევრი საკვები და გარემოს ზომიერი ტემპერატურაა საჭირო. თუ გარემოში მცირე ღალა მაინც არ არის, აუცილებელია ხელოვნური კვება. ხელოვნური კვებისთვის, წლის ნებისმიერ დროს, შეიძლება გამოვიყენოთ როგორც კანდი, ასევე შაქრის სიროფი ან მშრალი შაქარი. ჩვენი რჩევაა, ამ დროს გამოიყენოთ კანდი ან დაბალი კონცეტრაციის სიროფი, რათა ქურდობა არგამოიწვიოთ. უღალობის დროს სჯობს 30%-იანი (1 კგ შაქარს + 2 ლიტრი წყალი) ან 25%-იანი (1 კგ შაქარს + 3 ლიტრი წყალი) შაქრის სიროფი იხმაროთ. მშრალი შაქრით ან შაქრის პუდრით კვება შეიძლება წლის მხოლოდ თბილ დროს, როცა ფუტკარს წყლის მოტანა შეუძლია.

კანდის გამოყენება სეზონის ნებისმიერ დროს უკეთეს შედეგს იძლევა, რადგან ქურდობასაც გამორიცხავს და უფრო ხანგრძლივი გამაღიზიანებელი ეფექტიც აქვს. ჩვენს პრაქტიკაში ზაფხულის ბოლოს – უღალობის დროს – 2-3 კილო კანდის მიცემისას ხელოვნურფიჭიანი ჩარჩოების მშენებლობაც შეგვინიშნავს.

ჩვენს პრაქტიკაში (დასავლეთ საქართველოს დაბლობი ზონა), შაქრის ფხვნილით კვებამ ზაფხულის უღალობის პირობებში კარგი შედეგი გამოიღო, თუმცა შაქრის ცალკეული კრისტალები ფუტკრებს მაინც გამოჰქონდათ გარეთ. უფრო კარგი გამოდგა შაქრის პუდრით კვება, რომელიც გამორიცხავს ქურდობასაც და შაქრის დანაკარგსაც. შაქრის პუდრით ან მაგარი კანდით კვებისას ქურდობის შემთხვევები არ არის.

საგაზაფხულო კვებისთვის საუკეთესო დრო წინა წლის შემოდგომაა (მილერი).

მეფუტკრეობა

თემურ ღოღობერიძე, გოგი მაძღარაშვილი, მაია ფეიქრიშვილი, ცირა ნაფეტვარიძე, ლიზა ბალიაშვილი, ალექსანდრე კორძახია, შალვა კვეზერელი