დარგებიმეფუტკრეობა

დედა ფუტკრის გამოზრდა ინტენსიური ტექნოლოგიით

ინტენსიური ტექნოლოგიით დედა ფუტრის გამოზრდის პროცესის დასაწყისი ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივი ტექნოლოგიით:

 ა) სადედე მასალის აღება იმ ოჯახიდან, რომელსაც აქვს მაღალი სანაშენე თვისებები პროდუქტიულობისა და ცხოველმყოფელობის თვალსაზრისით და რაც ოჯახში დედა ფუტკრის პირადი მონაცემებითაც დასტურდება;

ბ) აღმზრდელად მაღალპროდუქტიული, ნახშირწყლოვანი და პროტეინოვანი (ჭეო) საკვების უხვი მარაგის მქონე ოჯახის შერჩევა;

 გ) ერთასაკოვანი ბარტყის გადანერგვა ჩარჩოში, რომელსაც აქვს ჰორიზონტალურ თამასებზე დამაგრებული სადედე ჯამები (საერთო რაოდენობით 30-35 ცალი). სადედე ბარტყის განვითარება აღმზრდელ ოჯახში გრძელდება ჭუპრობის დაწყებამდე.

სადედე უჯრედების გადაბეჭდვის შემდეგ, როცა მთავრდება ბარტყისთვის ძიძა ფუტკრების მხრით რძის მიწოდება (ემბრიონული განვითარების მე-9 დღე), სადედე უჯრედებს ათავსებენ გალიებში და გადააქვთ კლიმატურ კარადაში, რომელზეც თერმორეგულატორის მეშვეობით დაყენებულია ტემპერატურა 34-35,5ºC-ის ფარგლებში, ხოლო ფარდობითი ტენიანობა 70-80%-ს შეადგენს.

ბარტყის გამოჩეკის შემდეგ (6-13 დღის შუალედში) ხდება დედა ფუტკრის ხელოვნური დათესვლა ლაბორატორიაში, არანაკლებ 25ºC ტემპერატურის პირობებში. სპერმის აღება მამლებიდან იწყება არანაკლებ 14 დღის ასაკიდან. ყოველ ჯერზე დედა ფუტკარს დათესლავენ 4×10-3 მლ მოცულობის სპერმით. განმეორებით დათესვლა ხდება 1-2 დღის შემდეგ, შუალედში კლიმატის იმავე რეჟიმში ყოფნით. მეორე დათესვლის შემდეგ დედა ფუტკარს ამყოფებენ კლიმატურ კარადაში კიდევ 5-7 დღეს, რომლის დროსაც სპერმა გადადის საშოდან სპერმათეკაში. ამის შემდეგ იგი გადაჰყავთ ნუკლეუსში, სადაც იწყება კვერცხდება, ხოლო შემდგომ ნაყარში ან ძირითად ოჯახში.

დედა ფუტკრის გამოზრდისა და განაყოფიერების ინტენსიური ტექნოლოგიის გამოყენებით თითქმის ერთიორად იზრდება ერთეული აღმზრდელი ოჯახიდან სადედე მასალის გამოსავლიანობა, მცირდება დანახარჯები აღმზრდელი ოჯახის შენახვაზე და საბოლოო ჯამში გამოზრდილი და განაყოფიერებული დედა ფუტკრების თვითღირებულება.

გიორგი მაძღარაშვილი,

სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი