დარგებიმეფუტკრეობა

დედების იზოლატორში დამწყდევის ან კვერცხდების შეწყვეტის რამდენიმე ვარიანტი, ვაროას გამრავლების კოეფიციენტი და ზრდის ტემპი

მოდით დღეს განვიხილოთ დედების იზოლატორში დამწყდევის ან კვერცხდების შეწყვეტის რამდენიმე ვარიანტი, ვაროას გამრავლების კოეფიციენტი და ზრდის ტემპი.

დავუშვათ,  დასავლეთ საქართველოსთვის კვერცხდება იწყება თებერვალში:

თებერვალ-მარტი _ 60 დღე _ გამოდის ფუტკრის დაახლოებით 3 თაობა;

აპრილ-მაისი _ 3 სამი თაობა;

ივნის-ივლისი _ 3 თაობა;

სულ 9 თაობა.

ვაროას საწყისი რაოდენობა 1 %-ია, გამრავლების კოეფიციენტი _ 1.5-2 (თუ სამამლე ბარტყს არ გავითვალისწინებთ, რომელშიც გამრავლების 4-მდე აღწევს):

I თაობა _ 1 * 1.5 = 1.5 თებერვლის დასაწყისი;

II თაობა _ 1.5 * 1.5 = 2.25;

III თაობა _ 2.25 * 1.5 = 3.5 მარტის ბოლო;

IV თაობა _ 3.5 * 1.5 = 5;

V თაობა _ 5 * 1.5 = 7.5;

VI თაობა _ 7.5 * 1.5 = 11 მაისის ბოლო;

VII თაობა _ 11 * 1.5 = 16;

VIII თაობა _ 16 * 1.5 = 24.

IX თაობა _ 24 * 1.5 = 36% ივლისის ბოლო ამ ცხრილიდან მოჩანს, რომ წამლობა ცოტა ადრე უნდა დაგვეწყო, ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში მაინც. მაგრამ მაშინ თაფლი არ გვაქვს ამოღებული და პრობლემაა.

ახლა დავუშვათ, რომ იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში დავამწყვდიეთ დედა მილენინის გალიაში 20-25 დღით დასავლეთ საქართველოში ეს ნამდვილად შესაძლებელია, ფუტკარიც ცოტაა, ამინდებიც კარგია, თითქმის ყველა ოჯახს ბარტყი ჰყავს და დედაც ადვილი სანახავია. ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ:

1. პირველ თაობაში არ გვექნება ვაროას 1,5-2, 0 ჯერადი ზრდა;

I თაობა _ 1 = 1% თებერვლის დასაწყისი _ 20-25 თებერვალს ვწამლავთ რომელიმე აკარაციდით და ვუშვებთ დედას. შეწამვლის შემდეგ, საწყისი 1%-დან დაგვრჩება მაქსიმუმ 0,1-0,15% საწყისიდან;

II თაობა _ 0,1 * 1.5 = 0, 225;

III თაობა _ 0,225 * 1.5 = 0,35 მარტის ბოლო;

IV თაობა _ 0,35 * 1.5 = 0,5;

V თაობა _ 0,5 * 1.5 = 0,75 მაისის დასაწყისი აქაც რომ დავამწყვდიოთ დედა აკაციის ყვავილობამდე 8-10 დღით ადრე, აკაციაზე უფრო მეტ თაფლს ავიღებთ, რადგან ფუტკარს ღია ბარტყი არ ექნება მოსავლელი, მაგრამ ეს უკვე ფანტასტიკაა. შევეშვათ.

VI თაობა _ 0,75 * 1.5 = 1,1;

VII თაობა _ 1,1 * 1.5 = 1,6;

VIII თაობა _ 1,6 * 1.5 = 2,4;

IX თაობა _ 2,4 * 1.5 = 3,6% ივლისის ბოლო. მივიღეთ გასაოცარი შედეგი, საწყისი ვაროას მხოლოდ 3,6 %. თუ წინა შემთხვევაში დედის დამწყვდევის გარეშე 36% ვიღებდით და ფუტკრის ოჯახი განწირული იყო, ახლა აგვისტოს ბოლომდე შეგვიძლია გადავდოთ წამლობა.

ასეთი შედეგი მოგვცა დედის დამწყვდევამ და ერთჯერადმა შეწამვლამ თუნდაც მჟაუნმჟავას 2% წყალხსნარით, ან მჟაუნმჟავის და გლიცერინის ნარევიანი ხელსახოცის დადებით. არაფერს ვამბობ უფრო ძლიერ ბიპინზე. 2%-იანი მჟაუნმჟავის წყალხსნარით 2-ჯერ რომ შეგვეწამლა, შედეგი კიდევ უკეთესი იქნებოდა. ახლა იტყვიან თებერვალში ბარტყი დაიკარგაო. სამაგიეროდ ყველა ფუტკარი შეგვენახა, თებერვლის სიცივეებში არ მოუხდა ფუმფლის კვება, გადაგვირჩა თაფლიც და ჭეოც. მარტში ისინი ორჯერ მეტ საქმეს გააკეთებენ.

დასკვნები

აკარაციდებით დამუშავებისას მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად:

ან უნდა მოვაცილოთ მთელი გადაბეჭდილი ბარტყი;

ან ხელოვნურად შევქმნათ უბარტყო პერიოდი ფუტკრის ოჯახში;

ამისთვის გამოვიყენოთ მილენინის, მალიხინის ან ხმარას დედა ფუტკრის იზოლატორები.

დავიცადოთ და დავამუშაოთ ფუტკრის ოჯახი გვიან შემოდგომაზე ბარტყის გამოსვლის შემდეგ (დასავლეთ საქართველოში ეს შეუძლებელია).

ზოოტექნიკური მეთოდი: გავყოთ ფუტკრის ოჯახი შუა ზაფხულში (ივლის-აგვისტო)

1 . ღია ბარტყიან, დედით და

2. გადაბეჭდილ ბარტყიან, უდედო ნაწილებად და დავამუშაოთ ცალცალკე.

პირველი, დედიანი ნაწილი იმავე დღეს ერთჯერადად, მეორე გადბეჭდილბარტყიანი 20-ე და 24 -27-ე დღეს ორჯერადად. შედეგად თითქმის 95-98% ვაროას მოვკლავთ. ერთი პირობაა ზემოთ მყვანილი მაგალითის გათვალისწინებით საქმე აგვისტოს ბოლომდე არ უნდა მივიყვანოთ. აქ დამატებით სკები ან საგანაყოფე ყუთები გვჭირდება, ან მოვაშოროთ ფუტკრის. ოჯახს დედები და ვაცალოთ ოჯახს თავად გამოიყვანონ ახალი დედა. მაშინ 24-ე და 27-ე დღეს შეწამვლა ეფექტიანი იქნება, რადგან გადაბეჭდილი ბარტყი ოჯახში არ გვეყოლება.

მე უფრო ეფექტიანად მიმაჩნია, ივნისის ბოლოს ივლისის დასაწყისში, ყველა ძლიერი ოჯახის შუაზე გაყოფა, დედის მონახვის გარეშე., მაგრამ ასეთ შემთხვევაში აუცილებელია, გვქონდეს გასაყოფ ფუტკრის ოჯახებზე ორჯერ მეტი რაოდენობის სკა ან საგანაყოფე ყუთი.

დედა ფუტკრის იზოლატორები

მილენინის, მალიხინის, ხმარას და ჩინური ბამბუკის იზოლატორებში დედის 15-20 დღიანი იზოლირება შუა ზფხულში, შემდგომი შეწამვლით. 10-15 ოქტომბრიდან იზოლირება დასვლეთ საქართველოს დაბლობ ზონაში დეკემრის შუამდე მაინც, 1-2 ჯერადი დამუშავებით დედის გაშვების წინ. მე ვამჯობინებ იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში გაშვებას, მაგრამ მაშინ აუცილებელია დეკემბერში, დამწყვდევიდან 20-25 დღეში დედიანი გალიის გადაადგილება-კორექტირება ფუტკრის გუნდის მიხედვით. ფუტკრებმა შეიძლება დედიანი გალია დატოვონ და სხვა მხარე გადაინაცვლონ.

ვაროას საწინააღმდეგო პრეპარატები

• კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ვაროას საწინააღმდეგო საშუალებები და მეთოდები. უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის შევეცადოთ ისინი დავაჯგუფოდ მოქმედი ნივთიერებების ან მეთოდების მიხედვით.

• 1 ჯგუფი _პერეტროიდები (ფლუვალინატი, ფლუმეტრინი).

ფლუვალინატის შემცველია: აპისტანი, აპიფიტი, ფუმისანი, ვაროკომი, ასკოვარი, აქვა-ფლო, მავრიკი, ფლუვალიდეზი, ბივაროლი.

ფლუმეტრინის შემცველია: ბაივაროლი, ვაროსტოპი, ბაიტიკი.

• 2 ჯგუფი _ ფორმამინები (ამიტრაზი): ბიპინი, აპიტაკი , ტედა, ბიპინ-ტ, ამიპოლ-ტ, თურქული შესაბოლებელი თოკები და მუყაოს ფირფიტები.

• 3 ჯგუფი _ ბრომპროპილატი: ფოლბექსი, ფოლბექს-BA, აკარასანი. ამ ჯგუფის პრეპარატები მოქმედებს აკარაპიდოზზეც (ტრაქეის მიკროსკოპულ ტკიპზე).

• 4 ჯგუფი _ კუმაფოსი (პერიცინი)

• 5 ჯგუფი _ ორგანული მჟავები: ჭიანჭველმჟავა (მოქმედებს აკარაპიდოზზეც), მჟაუნმჟავა, რძის მჟავა,

• 6 ჯგუფი _ ეთერზეთები, სამკურნალო მცენარეები და მათზე დამზადებული პრეპარატები: ეკოპოლი, აპიდეზი, ტიმოლი, ბისარინი, აპიბიო მკურნალი, აპიმაქსი, პჩოლკა, კას-81.

• 7 ჯგუფი _ ფიზიკური მეთოდები: თბილი ჰაერით დამუშავება, შაქრის პუდრის შეფრქვევა, თამბაქოს მტვერი, ცარცის, ტალკის, სახამებლის შეფრქვევა, ბადიანი ან მილებიანი ფსკერების გამოყენება.

• 8 ჯგუფი _ ზოოტექნიკური მეთოდები; ახალი განაყოფების გაკეთება, სამამლე ბარტყის განადგურება, ოჯახის გაყოფა ზაფხულში გადაბეჭდილ ბარტყიან და ღია ბარტყიან ნაწილებად.

თეიმურაზ ღოღობერიძე,

საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის პრეზიდენტი

ტელ: 599 19-75-88