აგრარული განათლებარუბრიკებიფერმერი ფერმერს

დიუროკი ჯიშის ღორი

დიუროკის ღორები დიდი ზომის, გამძლე, საძოვრებზე კარგად ადაპტირებულნი არიან.
თავდაპირველად ჯიში საქონე მიმართულებაზე იყო გათვლილი, მაგრამ მაღალი ხარისხის ხორცის გამო, მასზე  გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად, აქცენტი ხორცის წარმოებაზე გაკეთდა და ის დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეხორცული ჯიშის ღორია.

ცხოველები, როგორც წესი, დიდი ზომის არიან კარგად გამოკვეთილი სხეულის ფორმებით, ძლიერი კონსტიტუციით და მკვეთრად ჩამოყალიბებული თეძოებით და ცხიმოვანი მასით.

დიუროკის ღორებს აქვთ საშუალო სიგრძის, ფართო და ღრმა სხეული. კერატების ტანის საშუალო სიგრძე 180-185 სანტიმეტრია, ხოლო ნეზვების _ 175-185 სმ. აქვთ ამოზნექილი ზურგი, საკმაოდ ძლიერი და სწორი, მაღალი კიდურები. ტანის პროფილი თავი, ოდნავ მოხრილი, სავსე, ხორციანი, წინ ჩამოკიდებული ყურებით და ჩამოშვებული ღაბაბით.

ამ ჯიშის ღორების ჯაგარი, როგორც წესი, მოწითალო აქვთ, თუმცა ასევე ხშირია ოქროსფერიდან ყვითელ-ყავისფერ ან მუქ ალუბლისფერამდე მერყევი შეფერილობებიც.

დიუროკის ჯიშის ნაყოფიერება ზოგადად კარგია: ნეზვები  ნაყარზე 9-დან 11-მდე გოჭს იძლევიან. მაგალითად, დიდ თეთრ ღორებს საშუალოდ 11-12 ერთ ნაყარზე  გოჭიანობა ახასიათბთ.

დიუროკის ღორები მზრუნველი, ყურადღებიანები დედები არიან თავიანთი შთამომავლობის მიმართ, აქვთ მშვიდი ხასიათი, კარგად უვლიან და ზრუნავენ  ნაშიერზე. ახასიათებთ კარგი რძიანობა, გოჭების გადარჩენის მაჩვენებელი 92%-ია.

დიუროკის ღორების მთავარი უპირატესობა მათ სწრაფ ზრდაშია. საშუალო დღიური ნამატი 750-950 გრამს აღწევს, ზოგიერთი კვლევებით, დიუროკებმა ყველაზე მაღალ საშუალო დღიურ ნამატს _ 1016 გრამს მიაღწია.

ახალგაზრდა დიუროკები 100 კგ. ცოცხალ წონას (საკონტროლო  სუქებისას) 170-180 დღეში აღწევენ. ზრდასრული კერატების ცოცხალი წონა 330-370 კილოგრამია, ხოლო ნეზვებისა _ 240-320 კგ. დაკვლისას ხორცის გამოსავლიანობა 80%-ს აჭარბებს.

დიუროკის ღორის ხორცი

დიროკის ჯიში გამოირჩევა ხორცის მაღალი ხარისხით. აღსანიშნავია, რომ მას აქვს კუნთშორისი ცხიმის დიდი შემცველობა 3.93%, რაც მისი ხორცის მაღალკალორიულობას და შესანიშნავ გემოს უზრუნველყოფს.

ხორცის ხარისხი მაღალი და სტაბილური. ზურგის ქონის სისქე 17-18 მმ-ია.

დიროკის ჯიში აშშ-ში წითელი და სხვა ჯიშის ღორების შეწყვილებით მიიღეს; ორ შტატში ერთდროულად ორი მეტ-ნაკლებად ერთგვაროვანი ჯგუფის ჯიში გამოიყვანეს. ერთ ჯგუფს ჯერსი ერქვა (ნიუ-ჯერსის შტატის მიხედვით), ხოლო მეორეს _ დიროკი (ნიუ-იორკის შტატის მიხედვით). ჯერსის ჯიშის ღორები უფრო დიდი ზომის იყვნენ და გვიან მწიფდებოდნენ, ჰქონდათ სუსტი საყრდენი სისტემა, უხეში ჯაგარი, დიროკები კი უფრო პატარები იყვნენ, მაგრამ უფრო ადრე მწიფდნენ, გამოირჩეოდნენ მაღალი ხარისხის ხორცით და საკვების მაღალი ეფექტიანობით ათვისების უნარით.

მოგვიანებით ცხოველთა ამ ორი ჯგუფის ერთმანეთში შეწყვილება დაიწყო, ხოლო 1883 წელს ოფიციალურად დარეგისტრირდა, როგორც ახალი ჯიში _ დიუროკ-ჯერსი და დროთა განმავლობაში,  ღორის ეს ჯიში უბრალოდ დიუროკის სახელით გახდა ცნობილი.

ჯიშის ნაკლოვანებებს შორისაა ატროფიული რინიტისადმი (ცხვირის ლორწოვანი გარსის ქრონიკული ანთებითი მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ლორწოვანი გარსის და მასში არსებული ნერვული დაბოლოებების ატროფიით)  მგრძნობელობა და მაღალი ცილის შემცველობა.

ამჟამად, წმინდა სისხლის დიუროკის ღორებს ევროპაში, მეღორეობის ფერმებში მასობრივად აშენებენ. ისინი ძირითადად წმინდა სისხლის კომერციული ჰიბრიდების წარმოებისთვის გამოიყენება.

დიუროკის ღორის ჯიშის უპირატესობებში, როგორც აღვნიშნეთ, შედის მათი სწრაფი ზრდა, გამძლეობა, საძოვართან ადაპტაციის უნარი და მშვიდი ხასიათი. ეს ჯიში ასევე სტაბილურად მაღალი ხარისხის ხორცს იძლევა.

ნაკლოვანებებს შორისაა დაბალი ნაყოფიერება, ატროფიული რინიტისადმი მგრძნობელობა და მაღალი ცილის მოთხოვნილება.

დუროკის მოშენების პერსპექტივა საქართველოში

საქართველოში დუროკის ჯიშის გავრცელებას სერიოზული პოტენციალი აქვს, განსაკუთრებით იმ ფერმერებისთვის, რომლებიც ორიენტირებულნი არიან ხარისხიან ხორცის წარმოებაზე და ბაზრის დივერსიფიკაციაზე.

დუროკის ხორცი გამოირჩევა მაღალი გემოვნებით, რაც საშუალებას იძლევა ჩამოყალიბდეს პრემიუმ-სეგმენტის პროდუქციად _ კერძოდ, შიდა ქართლის, სამცხეჯავახეთის და კახეთის ზონაში, სადაც ბუნებრივი საკვების პირობებში მოშენება დამატებით უპირატესობას ქმნის.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია დუროკის სწრაფი ზრდა და ხორცის უხვად მოსავლიანობა, რაც საშუალებას აძლევს მცირე და საშუალო მეურნეობებს დაიზოგონ რესურსები და ერთეული ცხოველიდან  უფრო მეტი შემოსავალი მიიღონ.

ჯიში კარგად ეგუება ღია, საძოვრული შენახვის პირობებს, რაც ასევე მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს დასავლეთ საქართველოს ნოტიო და სუბტროპიკულ ზონებისათვის.

თუ ფერმერები მოიძიებენ შესაბამის ცილოვან საკვებს და დაინერგება დაავადებების პრევენციის სტანდარტები, დუროკის მოშენება საქართველოში შეიძლება გახდეს ხორცის მიმართულების მეცხოველეობის კარგი ეკონომიკური შესაძლებლობა, როგორც ადგილობრივი მოხმარების, ისე ექსპორტის პერსპექტივით.

მოამზადა ნატა მაჭარაშვილმა