დარგებიმეცხოველეობა

ძროხის სარძეო ჯიშები

 სანაშენე მუშაობის დონის მიხედვით განასხვავებენ ძროხის პრიმიტიულ, გარდამავალ და კულტურულ ჯიშებს. პროდუქტიული მიმართულების მიხედვით კი ძროხის ჯიშები იყოფა სარძეო, სახორცე და კომბინირებულ (სარძეო-სახორცე და სახორცე-სარძეო, აგრეთვე სარძეო-სახორცე-მუშა) ჯიშებად.

სპეციალიზირებული სარძეო  მიმართულების ჯიშები, ძირითადად, მიეკუთვნებიან კულტურულ ჯიშებს.

სარძეო ჯიშები ძირითადად იყოფა სამ მონათესავე ჯგუფად: 

1. შავჭრელ, 2. წითელ და 3. წითელჭრელ ჯიშებად.

სარძეო ჯიშებს ასევე მიეკუთვნება ჯერსიული და გერნსიული ჯიშები, რომლებიც არ ენათესავებიან სხვა არც ერთ ჯიშს.

შავჭრელი ჯიშები სათავეს იღებს ჰოლანდიის დასავლეთის ზღვის სანაპირო ზოლში ოდითგანვე ცნობილი შავჭრელი ძროხიდან. ამ ჯგუფში შედის ერთმანეთის მონათესავე რამოდენიმე ათეული შავჭრელი შეფერილობის ჯიში, რომლებიც, ძირითადად, იწოდებიან მოშენების ქვეყნების სახელებით: მაგალითად გერმანული შავჭრელი, ესტონური შავჭრელი, რუსული შავჭრელი და სხვ.

ჰოლშტინური ჯიში

ჰოლშტინური ჯიში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მაღალპროდუქტიულია მსოფლიოში. გამოყვანილია აშშ და კანადაში ჰოლანდიური ძროხის ხალასჯიშიანი მოშენებით გაუმჯობესების გზით. ჯიში ფერად შავ-ჭრელია, მაგრამ გვხვდება წითელჭრელი ჰოლშტინებიც. საკმაოდ დიდტანიანი ცხოველია, ფურების სიმაღლე მინდაოში 142-145 სმ, კუროების 155-160 სმ; ზრდასრული ფურების ცოცხალი მასა 600-700 კგ, კუროების 950-1100 კგ, ახალშობილი ხბოს კი 30-35 კგ.

ექსტერიერით ტიპიური სარძეო პროდუქტიული მიმართულების ცხოველია: თავი მსუბუქი, კისერი საშუალო სიგრძის და შედარებით წვრილი, მკერდი საშუალო სიღრმისა და განიერი; სხეულის უკანა მესამედი გრძელი და ფართო, ძვლეული წვრილი, კანი თხელი და დაფარულია ხშირი, მოკლე და ბზინვარე ბალანით; კისერზე კანი დანაოჭებულია, კიდურები და ჩლიქები მაგარი, ცური მოცულობიანი, უპირატესად ჯამისებრი ფორმის, კერტები უმეტესად ცილინდრული ფორმის. ფურების საშუალო მონაწველი 8000– 10000 კგ. ამასთან, რძეში ცხიმის და ცილის შემცველობა, ძირითადად, არ არის დიდი და, შესაბამისად, 3,6 და 3,1%-ს შეადგენს.

სარძეო პროდუქტიულობის მიხედვით დღეს არსებული ყველა მსოფლიო რეკორდი, გარდა რძეში ცხიმისა და ცილის შემცველობისა, ეკუთვნის ამ ჯიშის ფურებს. მას აშენებენ დასავლეთ ევროპაში, ავსტრალიაში და აზიის კონტინენტზე; შემოყვანილია საქართველოშიც.

სტეპის წითელი ჯიში

სტეპის წითელი ჯიში ჩამოყალიბდა XIX_XX საუკუნეებში უკრაინის სტეპის სამხრეთ რაიონების მკაცრი კლიმატის და შედარებით მწირი კვების პირობებში. ჯიშის წარმოშობა დაკავშირებულია ჰოლანდიელ-გერმანელი მენონისტების უკრაინაში ჩამოსახლებასთან, რომლებმაც თან ჩამოიყვანეს წითელჭრელი ოსტფრიზული და წითელი ფერის ანგელნური ჯიშის ძროხა. შემოყვანილი ცხოველები ვერ შეეგუენ ადგილობრივ კლიმატურ პირობებს, რის გამო დაიწყეს მათი შეჯვარება ნაცარა უკრაინული ჯიშის, აგრეთვე ველიკორუსულ ძროხასთან. შემდგომ ეტაპზე, სხვადასხვა გენერაციის ნაჯვარების „თავისში” მოშენებით მოხდა ამ ჯიშის ფორმირება.

თავიდან მას კოლონისტურს, მოგვიანებით კი გერმანულ წითელ ჯიშს ეძახდნენ, 1941 წელს კი ჯიშს შეუცვალეს სახელი და უწოდეს სტეპის წითელი.

მშრალი და ცხელი კლიმატისადმი შეგუება და ამტანობა ორასწლოვანი სელექციის ნაყოფია და მიჩნეულია ჯიშის ძირითად ღირსებად, ხოლო ნაკლად ითვლება შედარებით სუსტად განვითარებული კუნთოვანი ქსოვილი, აგრეთვე სხვა კულტურულ სარძეო ჯიშებთან შედარებით ნაკლები ცოცხალი მასა და მონაწველი. ჯიში გავრცელებულია უკრაინის და რუსეთის სამხრეთ რაიონებში, აგრეთვე ცენტრალური აზიის ქვეყნებში. შემოყვანილი იყო საქართველოში.

ექსტერიერით ჯიში მკვეთრად გამოხატული მერძეული ტიპისაა: ოდნავ წაგრძელებული ხმელი თავი, გრძელი კისერი შესამჩნევად დანაოჭებული კანით; მინდაო ვიწრო და ოდნავ მაღალი; ზურგისა და წელის ხაზი სწორი; გულმკერდი საშუალო სიღრმის და შედარებით ვიწრო; ღაბაბი სუსტად განვითარებული; გავა შედარებით მოკლე და დაქანებული, ცალკეულ შემთხვევაში კი სახურავისებრი. ცხოველების უმეტესობას კიდურების დგომა სწორია, ჩლიქები კი მაგარი. ტყავი თხელი და ელასტიურია, დაფარულია შედარებით მოკლე და ხშირი ბალნით; ცური საშუალო ან დიდი ზომის და ჯირკვლოვანი, უმეტესად აბაზანისებრი ან მომრგვალებული, კერტები გრძელი ან საშუალო სიგრძის და უმეტესად ცილინდრული ფორმის; სარძეო ჭა და სარძეო ვენები კარგად არის გამოხატული.

ზრდასრული ფურების სიმაღლე მინდაოში 128-130 სმ, ხოლო კუროების 138-141 სმ-ა. მათი ცოცხალი მასა, შესაბამისად, 450-520 და 750-800 კგ-ს შეადგენს, ახალშობილი ხბოს კი 25-30 კგ-ს.

სარძეო პროდუქტიულობის მიხედვით ჯიშის სტანდარტი I, II და III ლაქტაციაზე, შესაბამისად 2900, 3300 და 3700 კგ რძეა, 3,7 % ცხიმითა და 3,3% ცილით.

ჯერსიული ჯიში

ჯერსიული ჯიში გამოყვანილია კუნძულ ჯერსიზე (ბრიტ.) ნორმანდიული ძროხის ხალასად მოშენების გზით; 1789 წლიდან ამ კუნძულზე აიკრძალა ცხოველების იმპორტი, რის გამო გამოყვანის სასელექციო სამუშაოები ხორციელდეობდა სხვა ჯიშებისაგან იზოლირებულად, 10-12 ათას სულადობაზე. კულტურულ სარძეო ჯიშებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პატარა ტანიანია, ფურების ცოცხალი მასა 450-500, კუროების 750-850, ახალშობილი ხბოების კი 20-25 კგ-ა.

ცხოველები ხასიათდებიან მალმწიფადობით: I დაგრილებაზე დეკეულებს უშვებენ 12-14 თვის ასაკში; ამასთან, რძე გამოირჩევა ცხიმისა (5,55,8%) და ცილის (3,6-3,9%) მაღალი შემცველობით. სამშობლოში ფურების მონაწველი 4500-5000 კგ, აშშ-ში კი 4700 კგ რძეა 4,95% ცხიმით. ცალკეულ ფერმებში წველიან 7-9 ათას კგ, რეკორდისტი ფურებიდან კი 11-12 ათას კგ რძეს; ლაქტაციურ მონაწველში რძის საშუალო ცხიმიანობის რეკორდი შეადგენს 8,89%-ს.

გავრცელებულია დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, აშშ, ავსტრალიაში და სხვაგან. ჩვენში გამოყენებული იყო ქართული მთის ძროხასთან შესაჯვარებლად. I თაობის ნაჯვარები ცოცხალი მასით, მონაწველით და რძეღალიანობით  ადგილობრივ ჯიშს აღემატებოდნენ.

გიული გოგოლი, სმმ დოქტორი