აგრარული განათლებადარგებიმეცხოველეობა

ძროხის ზოგადი ჰიგიენა

ძროხის კანი და ბალანი განსაკუთრებით ცურის მუცლის ქვედა ნაწილი, უკანა კიდურებისა და კუდის კანის საფარი, ყველაზე მეტად ბინძურდება მიკროფლორით. კანის საფარის ზედაპირზე ხშირად რჩება ქვეშსაგების, ნაკელის, საკვების ნაწილაკები. ცურის კანის დასენიანება მიკროორგანიზმებით საშიშია, რადგან დვრილის არხით აღწევს რა სარძევე ჯირკვალში, ხშირად იწვევს მის ანთებას (მასტიტს).
ძროხის კანიდან აღებული 1გრ. მტვერი შეიძლება შეიცავდეს 200 მლნ-მდე მიკროორგანიზმს. 1 სმ² კანზე მოდის 500 ათასამდე მიკროორგანიზმი, ამიტომ ძროხის კარგი ჯანმრთელობისა და რძის მაღალი პროდუქტიულობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა კანის სუფთად შენახვა. ცხოველის დაბანა, კანის გასუფთავებასთან ერთად, ხელს უწყობს მადის გაუმჯობესებას, წონამატის ზრდას, რძის პროდუქტიულობის მატებას 10-15%-ით, ასევე რძის ხარისხის გაუმჯობესებას მასში ნაკლები მიკროორგანიზმების მოხვედის გამო.

ცხოველის წმენდა სპეციალური ჯაგრისებითა და როტაციული მასაჟორებით ზრდის ორგანიზმის საერთო მდგრადობას სხვადასხვა დაავადებებისადმი. წმენდა უზრუნველჰყოფს კანზე არსებული პარაზიტების მექანიკურ მოშორებას, იხსნება ოფლისა და ცხიმოვანი ჯირკვლების სადინარები, ხოლო მსუბუქი მექანიკური ზემოქმედება კანზე იწვევს მისი ნერვული და სისხლძარღვთა სისტემის სტიმულირებას, რაც ხელს უწყობს სისხლის მოქცევას კანის სისხლ-ძარღვებში და მისი ზედაპირიდან თბოგაცემის მომატებას. ყოველივე ეს კი, საბოლოო ჯამში,    წველადობის მომატებაზე მოქმედებს (სურათი).

მასაჟორი ლლაკდფლაჯდფ

სურათი – საქონლის ელექტრო სენსორული მასაჟორი

არსებობს რამდენიმე ღონისძიება, რაც შეიძლება ცხოველების სისუფთავის გასაუმჯობესებლად განხორციელდეს:

  • შეაჭერით კუდზე ბალანი. სუფთა კუდის მქონე ძროხები ნაკლებ ბუზს იზიდავს;
  • საჭიროების შემთხვევაში გვერდების, მუცლისა და ცურის შეკრეჭა ამცირებს დაბინძურებული ქვეშსაფენის ან ფეკალის მიკვრის შესაძლებლობას ამ უბნებზე;
  • ერთჯერადი გამოყენების ხელთათმანით მოაშორეთ დაბინძურებები და დავარცხნეთ;
  • სუფთა ცხოველები მეტად ჯანმრთელები არიან და წველის დროს ნაკლებად აბინძურებენ რძეს მავნე ბაქტერიებით;
  • გასავლელები და დასასვენებელი ადგილები გაწმენდილი უნდა იყოს ნაკელის, წუნწუხისა და დაძველებული საკვების ნარჩენებისგან;
  • სანაკელე არხების ცხაურათი დაფარვა რათა კუდი და კიდურები არ დაბინძურდეს მასში მოხვედრის გამო.

ცურის ჰიგიენა

წველის დროს ცურსა და ცურთითებზე ჰიგიენის მიზანი მიკრობული პოპულაციის შემცირებაა, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ცურის დაავადებების ალბათობა. წველამდე მოსამზადებელი რეკომენდაციები გულისხმობს წყლის ნაკადით ცურის ჩამობანვას (ძლიერი დაბინძურების შემთხვევაში), ან ერთჯერადი გამოყენების სველი ქაღალდის ხელსახოცით ან ნაჭრის ტილოთი ცურთითების გაწმენდას.

წველის დროს მასტიტის გადაცემის ალბათობა ერთი ძროხიდან მეორეზე ძალიან მაღალია, არა მხოლოდ უშუალოდ რძის ან რძესთან შეხებაში მყოფი ინვენტარის საშუალებით, არამედ წველის დროს არაჰიგიენური პირობებისას (გარემოს ბაქტერიები). იმის გამო, რომ საწველი აპარატის ცურთითის საწოვრები რამდენიმე ფურზე გამოიყენება, მათი სისუფთავე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მასტიტის პროფილაქტიკაში. დარწმუნდით, რომ ცურთითის საწოვარებში არსებული რძე არ მოხვდება შემდეგი ფურის ცურთითებთან, რათა თავიდან აიცილოთ შესაძლო ბაქტერიების შეღწევა ჯანმრთელ ცურში.

წველის დროს საწველი აპარატის ვაკუუმის დონე ასევე მნიშვნელვანი ფაქტორია, მან უნდა უზრუნველყოს სათანადო მოწველა, ცურთითებზე ზედმეტი ზემოქმედების გარეშე. ვაკუუმის მაღალმა დონემ ან მისმა არასტაბილურობამ შეიძლება გამოიწვიოს ცურთითის ბოლოების დაზიანებები, რაც იწვევს ბაქტერიის უფრო ადვილად შეღწევას ცურთითის არხში. წველის დასრულების შემდეგ, ცურთითები უნდა იყოს მშრალი, რაც მიანიშნებს რძის გადადენას სწორ სიჩქარეზე. თუ ცურთითები სველია, ეს ნიშნავს, რომ რძე არასაკმარისი სიჩქარით გაედინება საწველ სისტემაში.

მასტიტის განვითარების კონკრეტული რისკის დასახელება ძნელია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მიზანი ინფექციის გავრცელების მაქსიმალური პრევენცია უნდა იყოს. ინფექციის გავრცელება ძირითადად გამოწვეულია ტემპერატურის, ტენიანობისა და ჰიგიენაზე დამოკიდებულებით, მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია სადგომის პირობები, იატაკის სისუფთავე, ცხოველთა სიმჭიდროვე და მათი პროდუქტიულობა. გარემოს ჰიგიენა იწყება ძროხისთვის ყველაზე კომფორტული გარემოს შექმნით. ასეთი გარემოს უზრუნველსაყოფად საჭიროა ოპტიმიზირებული ვენტილაცია, სივრცე და განათება, მიუხედავად იმისა, ძროხები მთელი წლის განმავლობაში სადგომში არიან თუ ზაფხულში გარეთ გადიან.

დარწმუნდით, რომ ყველა ძროხას აქვს საკმარისი ადგილი (მაქსიმუმ 10% გადატვირთულობა). დასაწოლი ადგილები ყოველდღიურად უნდა გასუფთავდეს, მიღებულია ცარცის (ან ქვიშის) გამოყენება მისი სიმშრალის შესანარჩუნებლად.

გარემოსთან დაკავშირებული ბაქტერიების არსებობა გარდაუვალია, მაგრამ შეიძლება განსხვავდებოდეს კონცენტრაციით. მაგალითად, E. coli ბაქტერია ყოველთვისაა ნაკელში, ერთ გრამ ნაკელში ერთი მილიონი ბაქტერიის კონცენტრაცია ნორმად ითვლება. როდესაც ნაკელი შერეულია სადგომის ქვეშსაგებთან და რძესთან, კონცენტრაცია იზრდება 1 მილიარდამდე. ბაქტერიების ამ რაოდენობამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ფურებს სადგომებში. ფურები წველის შემდეგ, როდესაც ცურთითების არხები ღიაა დაახლოებით 20-30 წუთის განმავლობაში, განსაკუთრებით მოწყვლადები არიან მასტიტების გამომწვევი ბაქტერიების მიმართ. მიზანშეწონილია უზრუნველყოთ, რომ ფურები წველის შემდეგ დაუყოვნებლივ არ დაწვნენ, ამისათვის ფერმერების წველის შემდეგ საქონელს საკვებს აძლევენ, რათა მათ ფეხზე მდგომებმა გააგრძელონ კვება სანამ ცურთითების არხები დაიხურება.

ავტორები: მიხეილ ჭიჭაყუა, დავით ბოსტაშვილი, ლიკა ჭიჭაყუა,

(SQIL) ლაშა ავალიანი, 

პროექტი _ „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში _ საქართველო“

სახელმძღვანელო,

„წველის საუკეთესო პრაქტიკა და მობილური საწველი აპარატის მოხმარება“