მდინარე ბაწარას და ალაზნის შენაკადები 100 000 ერთეული ნაკადულის კალმახის ქვირითით დათევზიანდა

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, პოპულაციის აღდგენის მიზნით, ბაწარას სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე მდინარე ბაწარას და ალაზნის შენაკადები აღმოსავლეთ პოპულაციის (მტკვრის აუზი) ნაკადულის კალმახის 100 000 ქვირითით დაათევზიანეს.
დათევზიანების პროცესში, ველური ბუნების სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და სამინისტროს, მათ შორის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის წარომადგენლები მონაწილეობდნენ.

ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს, ადამიანის მინიმალური ჩარევით, მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკვის პროცესს.

2016 წლის სექტემბრიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახორციელებს პროექტს, რომელიც საქართველოს „წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს. სააგენტოს გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანებაა.

ნაკადულის/მდინარის კალმახი 2006 წელს „წითელ ნუსხაში“ მოხვდა. მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია. მსგავსი ტენდენცია ევროპის არაერთ ქვეყანაშია, რის გამოც პოპულაციის ხელოვნური გამრავლება და მდინარეთა დათევზიანება ხდება.