ეკოლოგია და სოფლის მეურნეობა

მსოფლიოს მასშტაბით დღითიდღე მატულობს ეკოლოგიური პრობლემები. ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს გარემოს დაბინძურება. ეს პრობლემა საქართველოშიც აქტუალურია.

ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, თანამედროვე ტექნოლოგიების და ტექნიკის გამოყენება, მნიშვნელოვან ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს გარემოზე. ეკოლოგიური პრობლემების არსებობის ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს სოფლის მეურნეობა. უკანასკნელ პერიოდში, ინტენსიურ სოფლის მეურნეობაში გამოყენებული სასოფლო-სამეურნეო და ტექნოლოგიური ოპერაციები, რომლებიც სრულდება ამა თუ იმ კულტურის გაშენების, მოვლა-მოყვანის, მოსავლის აღების, ნედლეულის პირველადი დამუშავების და სხვა პროცესების დროს, უმეტეს შემთხვევაში გარკვეულ ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენენ გარემოზე. შეიძლება ითქვას, რომ სოფლის მეურნეობა ქმნის არანაკლებ ეკოლოგიურ პრობლემებს, ვიდრე მრეწველობა, ტრანსპორტი და სხვა დარგები.

დღეისათვის სოფლის მეურნეობის დარგი მოიცავს დედამიწის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს. განუწყვეტლივ მიმდინარეობს ახალი ფართობების ათვისება, იცვლება კონტინენტების ლანდშაფტი, ინტენსიურად იკაფება ტყეები, ჯუნგლები, ბუჩქნარით დაფარული ფერდობები, მუშავდება მინდვრები და საძოვრები, რაც საბოლოოდ იწვევს მთელ რიგ ლოკალურ და რეგიონალური მაშტაბის ეკოლოგიურ პრობლემებს. სოფლის მეურნეობით დაკავებული ფართობები ეკოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით არამდგრადია, ვინაიდან მათი არასწორი ექსპლუატაცია იწვევს ნიადაგის ჩარეცხვას, დამლაშებას, ქარისმიერ და წყლისმიერ ეროზიას. საძოვრების ინტენსიური, არასწორი ექსპლუატაცია იწვევს მათ გაუდაბნოებას, ბუნებრივი მცენარეული საფარის ლიკვიდაციას და სხვ. ნიადაგზე ადამიანის არასწორი ზემოქმედების შედეგად ადგილი აქვს შემდეგ ნეგატიურ მოვლენებს:

– ნიადაგის ეკოლოგიური სისტემის რღვევა;

– ნიადაგში ჰაერისა და წყლის რეჟიმის გაუარესება;

– ნიადაგის წყლისმიერი და ქარისმიერი ეროზია;

– ნიადაგის სტრუქტურის რღვევა და გამკვრივება;

– ბუნებრივი მცენარეული საფარის ლიკვიდაცია;

– წყლისა და ჰაერის დაბინძურება;

– მცენარეების, ცხოველების და ადამიანების დაავადება;

ზემოთ აღნიშნული ნეგატიური მოვლენების ძირითადი გამომწვევი ფაქტორებია:

– ნიადაგის ხვნა ფრთიანი გუთნით და სისტემატურად ნიადაგის ზედაპირული გაფხვიერება;

– მინერალური სასუქების და შხამქიმიკატების ჭარბი გამოყენება;

– ფართობების არასწორი მელიორაცია;

– საძოვრების ინტენსიური ექსპლუატაცია;

– სოფლის მეურნეობის ნარჩენების არასწორი გამოყენება და უტილიზაცია;

ეკოლოგიური პრობლემების წარმომქმნელი ფაქტორების სრული ლიკვიდაცია შეუძლებელია, მაგრამ გეგმაზომიერი და კონტროლირებადი მიდგომით შესაძლებელია მნიშვნელოვნად შევამციროთ ამა თუ იმ ფაქტორის ნეგატიური ზემოქმედება გარემოზე. 1. ნიადაგის ყოველწლიური ხვნა და ზედაპირული დამუშავება, მისი სტრუქტურის რღვევისა და ნაყოფიერების შემცირების პარარელურად, ხელს უწყობს ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიის განვითარებას. ქარისმიერი ეროზია არის ნიადაგის ნაწილაკების ინტენსიური გადაადგილება მიწის ზედაპირზე, რომელიც მიმდინარეობს 15-20 მ/წმ სიჩქარის ქარის მოქმედებით, როდესაც ნიადაგი გაფხვიერებულია და არ არის დაფარული მცენარეებით. ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიის გავრცელების რაიონებში აუცილებელია ნიადაგდამცველი ღონისძიებების გატარება: თესლბრუნვის შემოღება, ზოლებრივი თესვა, ძლიერ ეროზირებული მიწების დაკორდება, ბუფერული ზოლების შექმნა, მრავალწლიანი ბალახებით თოვლის შეკავება, ქვიშრობის გატყევება, მინდორსაცავი ტყის ზოლების გაშენება, აგრეთვე ნიადაგის გადაუბრუნებლად მიწის დამუშავება, ნაწვერალის ზედაპირზე დატოვება და სხვ.

წყლისმიერი ეროზია შეიძლება იყოს სიბრტყითი და ხაზობრივი. სიბრტყითი ეროზია ვითარდება ნიაღვრებით ან ნადნობი წყლის ნაკადით. განსაკუთრებით საშიშია ნიადაგის ეროზია მთებში. მათი წარმოშობის მთავარი მიზეზია ტყის არასწორი ჭრა, ასევე პირუტყვის უზომო ძოვება და თოვლის ზვავები. წყლისმიერი ეროზიის გავრცელების ზონაში აუცილებელია ნიადაგის დამუშავება და თესვა ფერდობის გარდიგარდმო, სახნავი ფენის გაღრმავება და წყლის ზედაპირული დინების შემამცირებელი სხვა ხერხების გამოყენება;

უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაინერგა ნიადაგდამუშავების „მინიმალური“ და „ნულოვანი“ ტექნოლოგია. ამ ტექნოლოგიების გამოყენების შემთხვევაში არ გამოიყენება ნიადაგის ყოველწლიური ხვნა, ზედაპირული გაფხვიერება, კულტივაცია და სხვა ნიადაგის სტრუქტურის მრღვევი ოპერაციის შესრულება. ასეთი ტექნოლოგიების გამოყენების შემთხვევაში 3-4 წლის შემდეგ აღდგება ნიადაგის თავდაპირველი ბუნებრივი მდგომარეობა, უმჯობესდება მისი სტრუქტურა, ტენტევადობა, ჰაერისა და წყლის რეჟიმი, ნაყოფიერება, ჰუმუსის შემცველობა, რეგულირდება ნიადაგის სიმკვრივე და სხვ. შესაბამისად იქმნება მცენარის ზრდა-განვითარებისათვის აუცილებელი პირობები.

  1. ამჟამად სოფლის მეურნეობაში მინერალური სასუქების და პესტიციდების (შხამ-ქიმიკატების) მოხმარება დღითიდღე იზრდება, ვინაიდან მათი გამოყენება მოსავლიანობის ამაღლების მიზნით აუცილებელია. სასოფლო-სამეურნეო ნიადაგებმა, ბოლო ათეული წლების განმავლობაში, არასწორი ექსპლუატაციის შედეგად დაკარგეს ნაყოფიერება, მოხდა მათი გამოფიტვა, სტრუქტურის რღვევა და სხვა ნეგატიური მოვლენები. ამდენად აუცილებელია ნიადაგების გაუმჯობესება ქიმიზაციის გზით. ამერიკელი მეცნიერების შეფასებით, მინერალური სასუქების როლი მოსავლიანობის ამაღლებაში 41%-ს აღწევს, გერმანელი სპეციალისტების მონაცემებით 50% -ს, ხოლო ფრანგი სპეციალისტების აზრით 60-70%-ს. მოსავლიანობის ზრდის პარალელურად, მინერალური სასუქების გამოყენება იწვევს ნიადაგის დაბინძურებას ბიოგენური ელემენტებით და ბალასტური ნივთიერებებით. წყალში ხსნადი ბალასტური ელემენტები გამოირეცხებიან ნიადაგიდან და ხვდებიან ზედაპირულ და წყალქვეშა წყლებში, წყალში უხსნადი ნივთიერებები კი გროვდება ნიადაგში და გარკვეული კონცენტრაციის მიღწევის შემდეგ ხვდებიან მცენარის სტრუქტურაში, შემდეგ კი ცხოველების და ადამიანის ორგანიზმებში. ზოგჯერ მათი რაოდენობა აღწევს ტოქსიკურ დონეს, რაც იწვევს ადამიანების მოწამვლას. პესტიციდები, რომლებიც თვითმფრინავების საშუალებით გაიფრქვევა ჰაერში, ქარს გადააქვს სხვადასხვა მიმართულებით, ხვდება არა მარტო ნიადაგის ზედაპირზე, არამედ მდინარეებში, წყალსაცავებში, ტბებში, და იწვევენ წყალში მობინადრე სასარგებლო ორგანიზმების: თევზების, წყალმცენარეების და სხვა ორგანიზმების განადგურებას. დღეისათვის სოფლის მეურნეობაში ფართო მასშტაბით გამოიყენება პესტიციდების სხვადასხვა სახეობა:

– ჰერბიციდები – სარეველებთან საბრძოლველად;

– ალგიციდები – წყალმცენარეებთან და სხვა სარეველებთან საბრძოლველად;

– არბორიციდები – ბუჩქნარ და არასასურველ მერქნიან მცენარეებთან საბრძოლველად;

– ფუნგიციდები – მცენარის სოკოვან დააავადებებთან საბრძოლველად;

– ბაქტერიაციდები – ბაქტერიებთან და ბაქტერიულ დაავადებებთან საბრძოლველად;

– ინსექტიციდები – მავნე მწერებთან საბრძოლველად;

– ზოოციდები – მღრღნელებთან საბრძოლველად.

პესტიციდების ასორტიმენტი დღითიდღე ფართოვდება, რომელთა შემადგენლობაში გვხვდება 700 – მდე ქიმიური ნივთიერება, რომლებიც მიეკუთვნება ორგანული და არაორგანული ნივთიერების სხვადასხვა კლასს. ყოველწლიურად საქართველოში შემოდის ათასობით ტონა შხამქიმიკატი და ზოგჯერ არ არის დაზუსტებული მათი შეტანის დოზები და ნორმები; მათი მოხმარება ხდება ყოველგვარი კონტროლის და წინასწარი გამოცდის გარეშე, რაც იწვევს არასასურველ შედეგებს და უარყოფითად მოქმედებს გარემოზე.

  1. ნიადაგის არასწორი მელიორაცია იწვევს ნიადაგის ჩარეცხვას, ხშირ შემთხვევაში მის დამლაშებას. მლაშობ ნიადაგებს ხშირად ვხვდებით ველზე, უდაბნოსა და ნახევრად უდაბნოებში. დამლაშებას უმეტესად იწვევს ნიადაგის ზედაპირზე ამოსული მარილი, რომელიც წარმოიქმნება ზედაპირიდან გრუნტის წყლის აორთქლების შედეგად. დამლაშების სიღრმის მიხედვით განასხვავებენ ზედაპირულად და ღრმად დამლაშებულ ნიადაგებს, მარილის შემცველობის მიხედვით – ძლიერ, საშუალო და სუსტად დამლაშებულს.

ნიადაგის ნაყოფიერების შემცირებას იწვევს დამლაშებისა და გაბიცოების პროცესი. ნიადაგში მიმდინარე დამლაშების პროცესი შესაძლოა დაკავშირებულ იქნას მარილშემცველი ქანების გამოფიტვასთან, მინერალიზებული გრუნტის წყალთან, ასევე რწყვის ნორმების წესების დაუცველობასთან, რომლის შედეგადაც ფორმირდება მეორადი დამლაშებული ნიადაგები. დამლაშებული ნიადაგების აღდგენა ხდება გრუნტის წყლის დონის დაწევით, ჩარეცხვით, ბალახის დათესვით და სხვა აგროტექნიკური ღონისძიებებით. გაუდაბნოებას ხშირად იწვევს საძოვრების არასწორი ექსპლუატაცია. საქართველოს ტერიტორიაზე გაუდაბნოების საშიშროება უფრო მეტად არსებობს კახეთის შიდა და ქვემო ქართლის რეგიონებში, თუმცა, შესაძლებელია გაუდაბნოებისადმი მგრძნობიარე სხვა ტერიტორიების არსებობაც.

  1. გარემოს დაბინძურების ერთ-ერთ ფაქტორს წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების არასწორი გამოყენება და უტილიზაცია. სოფლის მეურნეობაში ფართო მასშტაბით გამოიყენება ორგანული სასუქები, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ნარჩენები: ნაკელი, კომპოსტი, ფრინველის სკორე და სხვა, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავენ შედარებით ადვილად დაშლად ორგანულ ნივთიერებებს. მათი გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს მინერალური სასუქების მოხმარების აუცილებლობას. ორგანული სასუქების ფართო მასშტაბით, სწორად მოხმარების შემთხვევაში შემცირდება გამოყენებული ნარჩენების რაოდენობა, გაადვილდება მათი უტილიზაცია და შესაბამისად შემცირდება ნარჩენების გარემოზე ნეგატიურად ზემოქმედების შესაძლებლობა.

მეცხოველეობის და მეფრინველეობის ნარჩენების არასწორი გამოყენების შემთხვევაში შეიძლება დაბინძურდეს ნიადაგი და მცენარე პათოგენური მიკროორგანიზმებით და სარეველების თესლით. ასევე ჭარბი ორგანული სასუქები იწვევს ნიადაგში თუთიის და რკინის შემცველობის ზრდას. ზოგჯერ შესაძლებელია ნიტრატების შემცველობის ამაღლებაც, რაც უარყოფითად ზემოქმედებს მცენარის ზრდა-განვითარებაზე.

  1. დღეისათვის სოფლის მეურნეობაში წარმოქმნილი ეკოლოგიური პრობლემების ნაწილობრივ გადაწყვეტის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს ბიოწარმოების განვითარება, რომელიც ტრადიციული, უვნებელი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიღების პარალელურად ითვალისწინებს ეკოლოგიური ამოცანების გადაწყვეტასაც, როგორიცაა: გარემოს დაცვა, ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნება, ბუნებრივი რესურსების შენარჩუნება, ცხოველთა მოშენების მართებული მეთოდების გამოყენება და სხვ.

მემცენარეობაში, ბიოწარმოების სპეციფიკური წესების თანახმად, გამოყენებული უნდა იქნას ნიადაგის დამუშავებისა და კულტივაციის ისეთი მეთოდები, რომელიც ხელს შეუწყობს მასში არსებული ორგანული ნივთიერებების შენარჩუნებას, დაიცავს მას ეროზიისაგან და გამკვრივებისაგან. ნიადაგის ნაყოფიერების და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მიზნით რეკომენდებულია მრავალწლოვანი თესლბრუნვის, ბენეფეტი მცენარის, პარკოსნების, მწვანე სასუქის, ბიომეურნეობიდან მიღებული ნაკელის და ორგანული ნარჩენების გამოყენება. დაშვებულია სასათბურე წარმოება, მრავალწლიანი მცენარეები, მუდმივი საძოვრები, განსაზღვრულია ნიადაგში შეტანილი ნაკელის რაოდენობა და სხვ. საყურადღებოა, რომ ბიოსასუქის დამზადებამ, შენახვამ და გამოყენებამ არ უნდა დააბინძუროს ზედაპირული და მიწისზედა წყლები.

ბიომეურნეობის სწორად წარმართვის შემთხვევაში მიღებული პროდუქცია გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე მაღალინტენსიური ტექნოლოგიებით წარმოებული პროდუქტები. ვინაიდან ბიოწარმოებაში გამორიცხულია ძვირადღირებული შხამქიმიკატების გამოყენება, ფერმერი იყენებს მის მეურნეობაში მიღებულ ნაკელს – ბიოჰუმუსს და კომპოსტს; მავნებლების და მცენარეთა დაავადებების წინააღმდეგ იყენებს მცენარეთა ნაყენს, ნაცარს, მარილს, კირს და ყველა იმ უსაფრთხო საშუალებას, რაც ნებადართული და დაშვებულია ეკოლოგიურად სუფთა ბიო პროდუქციის მისაღებად. ამგვარად ბიოწარმოება, სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების პარალელურად, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბიოპროდუქციის მწარმოებელი ფერმერის ეკონომიკურ მდგომარეობას.

ლევან უჯმაჯურიძე,

სსიპ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, სოფლის მეურნეობის დოქტორი, სრული პროფესორი;

ნუგზარ ებანოიძე,

ტექნ. მეცნიერების დოქტორი, სრული პროფესორი;

გოჩა წერეთელი;

სოფლის მეურნეობის დოქტორი, პროფესორი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.