დარგებიმემარცვლეობამემცენარეობაფერმერი ფერმერს

ენდემური სახეობების და ხალხური ჯიშების გადასარჩენად

რა საფრთხეს უქმნის, ან შეიძლება მომავალში შეუქმნასთესლის სერტიფიცირების არსებული სისტემამ ენდემური სახეობების და ხალხური ჯიშების გადარჩენას?

თესლის სერტიფიცირება ჯიშების გენეტიკური იდენტურობის დადგენისა და სიწმინდის შესანარჩუნებლად საერთაშორისოდ აღიარებული სისტემაა.

თესლის სერტიფიცირების მიზანია შეინარჩუნოს და ხელმისაწვდომი გახადოს ელიტური, მაღალპროდუქტიული ჯიშების მაღალი ხარისხის თესლეული.

თესლის სერტიფიცირება ეფუძნება წინაპირობას, რომ თესლის სათანადო იდენტიფიკაცია აუცილებელია საწარმოო ჯაჭვში ჩართული ყველა პირისთვის და გულისხმობს შესაბამის კონტროლს ყველა დონეზე. კონტროლი, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია ფინანსურ ხარჯთან, რაც აძვირებს თესლს და, შესაბამისად, ასეთი თესლი ნაკლებად ხელმისაწვდომია საშუალო და მცირე მეურნეებისთვის, შედეგად ვიწროვდება მწარმოებელთა ისედაც მცირე რაოდენობა, ამასთან, ასეთ თესლს, როგორც წესი, მხოლოდ ერთეული თესლეულის მწარმოებლები აწარმოებენ. შესაბამისად, თესლის სერტიფიცირების სტანდარტული სისტემის გამოყენება პრაქტიკულად ისედაც გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ენდემური სახეობებისა და აბორიგენული ჯიშების მიმართ, მათ შენარჩუნებას თესლეულის ერთეულ მწარმოებელთა ბიზნესის წარმატებაზე დამოკიდებულს ხდის და კიდევ უფრო ამცირებს მათი გადარჩენის შანსს.

მნიშვნელოვანია, რომ სერტიფიცირებისთვის თესლეული აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს ე.წ. DUS (distinct, uniform, stable / განსხვავებული, ერთგვაროვანი, სტაბილური) კრიტერიუმს. საყოველთაოდ ცნობილია რომ ხალხური სელექციით მიღებული ჯიშები გენეტიკური ერთგვაროვნებით არ გამოირჩევიან¹ და ვერ აკმაყოფილებენ DUS კრიტერიუმებს, ამიტომაც ისინი არც წარმოადგენენ საერთაშორისო ვაჭრობის საგანს. ხალხური სელექციის გზით მიღებული ჯიშები საერთო საზოგადოებრივ ღირებულებას წარმოადგენენ და ხელმისაწვდომია გენბანკების, სამეცნიერო დაწესებულებებისა თუ მოყვარული სელექციონერების საშუალებით. ასეთ ჯიშები დაბალმოსავლიანია და ინდუსტრიულად არ იწარმოება; ახასიათებთ გარემოპირობებისადმი მაღალი ადაპტაციის უნარი, მდგრადობა დაავადებების მიმართ და განსაკუთრებული გემური თვისებები. სწორედ ამ თვისებების გამო, ასეთი ჯიშები შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენენ მცირე მეურნეების, აგროტურიზმში ჩართული პირებისა თუ არტიზანი მცხობლებისათვის და არა ინდუსტრიული მწარმოებლებისათვის, რომლებიც სერტიფიცირებულ სელექციურ თესლეულს იყენებენ.

 აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კულტურების მზარდმა ერთგვაროვნებამ შესაძლოა სურსათის წარმოების სისტემები არამდგრადი გახადოს. FAO-ს შეფასებით, კულტურულ მცენარეთა მრავალფეროვნების 75% დაიკარგა 1900-2000 წლებში და მოსალოდნელია, რომ კლიმატის ცვლილების გამო, 2055 წლისათვის სურსათისა და სოფლის მეურნეობისთვის მნიშვნელოვანი მცენარეთა გენეტიკური რესურსების კიდევ 22 პროცენტი გაქრება.

კულტივირებული მცენარეების ადეკვატური კონსერვაცია შეუძლებელია იმ ადამიანების გარეშე, რომლებსაც ისინი მოჰყავთ, ამრავლებენ და საჯაროდ ხელმისაწვდომს ხდიან ცოდნას ამ კულტურების შესახებ. ამიტომ, „in situ” თუ ”on farm“ კონსერვაციის სპორადულ ღონისძიებები პრობლემის მხოლოდ დროებითი გადაწყვეტაა, რადგან ასე კულტივირებული სახეობებისა და ჯიშების მხოლოდ ნაწილის კონსერვაციაა შესაძლებელი.

ადამიანები სოფლის მეურნეობის დასაბამიდან თავისუფლად ინახავდნენ, ირჩევდნენ, ცვლიდნენ, ან ყიდდნენ თესლს, მოსავალს იყენებდნენ სურსათად ან ცხოველთა საკვებისათვის. ასე შეიქმნა კულტურათა მრავალფეროვნება, რომელიც ჩვენი სასურსათო უსაფრთხოების საფუძველია. აგრარული ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მნიშვნელობა და მეურნეთა როლი მათი შენარჩუნების საქმეში ხაზგასმულია რიგ საერთაშორისო შეთანხმებებში, როგორიცაა ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენცია (CBD) და მისი პროტოკოლები, სურსათისა და სოფლის მეურნეობისათვის მნიშვნელოვან მცენარეთა გენეტიკური რესურსების საერთაშორისო ხელშეკრულება (ITPGRFA) და გლეხებისა და სოფლის სხვა მუშაკების უფლებების შესახებ გაეროს დეკლარაცია (UNDROP). „in situ” თუ ”on farm“ კონსერვაციის ხელშეწყობა საერთაშორისოდ აღიარებულია 1995 წლიდან FAO-ს პირველი გლობალური სამოქმედო გეგმით, როგორც აუცილებელი საფუძველი კულტივირებული მცენარეთა მრავალფეროვნების შენარჩუნებისათვის. აგრარული ბიომრავალფეროვნების დაცვის საკითხები შესულია საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგიასა და მოქმედებათა გეგმის დოკუმენტში (2014-2020).

_ სერტიფიცირების არსებული სისტემის ფარგლებში, რა შეღავათები იქნებოდა თქვენთვის მისაღები, ენდემური სახეობების და ხალხური ჯიშების დაცვის, გამრავლებისა და გავრცელების ხელშეწყობისთვის (ჯიშობრივი სიწმინდის, აღმოცენების უნარის და სიჯანსაღის შენარჩუნების გათვალისწინებით და ისტორიულად ცნობილი პოპულაციების ჩათვლით).

_ მნიშვნელოვანია მწარმოებელთა ასოციაციების შექმნის წახალისება და მათი საშუალებით ცოდნის გავრცელება – კონსულტაციები (ინდივიდუალური კონსულტაციები, ტრენინგები, სემინარები, ფერმერის დღეები და სხვ.) ტრადიციული მეთესლეობის შესახებ (ჯიშობრივი სიწმინდის, აგროტექნოლოგიის, მოვლა-მოყვანის თავისებურებების შესახებ). აუცილებელია სამთავრობო სტრუქტურების, მეცნიერების, მეურნეების, კერძო და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობა დაცვის შესაბამისი მექანიზმების შესამუშავებლად. შესაძლებელია ევროგაერთიანების გამოცდილების გაზიარება, სადაც მაგალითად, აღიარებულია ე.წ. კონსერვაციული ჯიშები და შესაბამის დირექტივებში მოცემულია გარკვეული საგამონაკლისო წესები ლანდშაფტებთან, ადგილობრივ ან რეგიონულ პირობებთან ბუნებრივად ადაპტირებული ჯიშებისთვის (კონსერვაციული ჯიშები) და კონკრეტულ პირობებში გასაშენებლად გამოყვანილ ჯიშებზე (ე.წ. მოყვარულ სელექციონერთა ჯიშები). საგამონაკლისო წესები შეეხება როგორც თესლის წარმოებას, ასევე მის მარკეტინგს. მაგ. თესლის გაყიდვას კონტროლი არ ეხება თუ ბრუნვა 500 ევროს არ აღემატება, გათვალისწინებულია შეზღუდვები წარმოების ფართობთან დაკავშირებით, რაოდენობრივი შეზღუდვები მოითხოვს თესლის გაყიდვას მხოლოდ მცირე შეფუთვაში, შემუშავებულია ეტიკეტირების სათანადო წესი და ა.შ. ამ წესებზე შესაძლებელია ვიმსჯელოთ. მთავარია სერტიფიცირება არ იქცეს ბარიერად ისედაც გადაშენების პირას მყოფი კულტურების ფართო გავრცელებისათვის.

_ რა კონტროლის მექანიზმი იქნებოდა ეფექტური, სანდო და მისაღები გადაშენების პირას მყოფი ჯიშებისთვის (მაღალი ხარისხის/კატეგორიის თესლის წარმოებისთვის და ჯიშის ნამდვილობის დადგენისთვის)?

 _ მცირე წარმოება საერთოდ არ საჭიროებს კონტროლს, უკიდურეს შემთხვევაში კონტროლი უნდა ხორციელდებოდეს მწარმოებელთა ასოციაციების მიერ შიდა კონტროლის სისტემის დანერგვის საფუძველზე (რომელიც მიკვლევადობასაც ითვალისწინებს), ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოცემულ სახეობა/ჯიში საწარმოო რაოდენობას მიაღწევს.

_ როგორ დავიცვათ ხორბლის ადგილობრივი ენდემური სახეობები და ხალხური ჯიშები გადაშენებისგან? (ბიომრავალფეროვნება და გენეტიკური მთლიანობა თაობების განმავლობაში).

ამ მხრივ მნიშვნელოვანია მწარმოებელთა ასოციაციებისა და მეცნიერების თანამშრომლობის წახალისება. გაგიზიარებთ „ახალციხის წითელი დოლის“ გამრავლების „ელკანას“ გამოცდილებას, რომელსაც დადებითი შედეგი ჰქონდა:

  • 2004 წლიდან ელკანა სოფელ წნისში, ახალციხე, ფლობს მეურნეობას – „მარცვლეულის კიდობანი“, სადაც სპეციალისტებთან თანამშრომლობით ყოველწლიურად მიმდინარეობს გადაშენების პირას მყოფი მარცვლეული (მათ შორის ახალციხის წითელი დოლის) და პარკოსანი კულტურების თესვაგამრავლება;
  • მიღებული თესლი, ხელშეკრულების საფუძველზე, უფასოდ გადაეცემა დაინტერესებულ მეურნეებს, შემდგომი გამრავლების მიზნით;
  • მეურნე, რომელიც უფასოდ იღებს თესლს, ხელშეკრულებით ვალდებულია დაესწროს შესაბამის ტრენინგს, მიღებული მარცვლეული გამოიყენოს სათესლედ და აღებული მოსავლიდან ელკანას „მარცვლეულის კიდობანში“ დააბრუნოს მიღებულზე 1.5-ჯერ მეტი სათესლე ხორბალი (ანუ, თუ მიიღო 100 კგ, აბრუნებს – 150 კგ-ს);
  • დაბრუნებულ თესლს, „ელკანა“, ასევე ხელშეკრულების საფუძველზე, უფასოდ გადასცემს სხვა დაინტერესებულ მეურნეებს იგივე პირობებით;
  • პროგრამაში მონაწილე მეურნეებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ უფასო კონსულტაცია კულტურის მოვლა მოყვანის თაობაზე. თესლეულის გამრავლებასთან ერთად, ეს პრაქტიკა ასევე, იძლევა კონტროლისა და მიკვლევადობის საშუალებასაც.                                                                                                                                                                                                         _ როგორ დავიცვათ მომხმარებელი ფალსიფიცირებული პროდუქტისგან (მაღალი ფასით გამორჩეული ენდემური სახეობების და ხალხური ჯიშების თესლი, მარცვალი, ფქვილი, პური).

_ უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიზრუნოთ იმაზე რომ „მაღალი ფასით“ მაქსიმალურად ისარგებლოს მწარმოებელმა. ხარისხისა და მიკვლევადობის სისტემის დანერგვა მწარმოებელთა ასოციაციის ფარგლებში არ წარმოადგენს პრობლემას.

წყარო: წყარო: „ელკანას“ რჩევები ბიომეურნეებს 

¹ “… landraces are not distinct taxa, but variable populations of a crop taxon, and the goal of landrace conservation is to conserve the full range of genetic diversity within the landrace, not just the representation of the landrace per se.”, Valeria Negri, Nigel Maxted and Merja Veteläinen – European Landrace Conservation: an Introduction, European landraces: on-farm conservation, management and use, Bioversity Technical Bulletin, 2009 -, pg. 16

“Italy was the first country in Europe to have created national and regional regulations aimed at landrace inventorying and conservation of landraces … The relationship between genetic resources, territory, typical products and local traditions has generally been a focal point in establishing the measures aiming to preserve landraces.” Oriana Porfiri, Maria Teresa Costanza and Valeria Negri, Landrace Inventories in Italy and the Lazio Region Case Study, European landraces: on-farm conservation, management and use, Bioversity Technical Bulletin, 2009 -, pg. 117