მედიასტატიები

ესტონეთი _ ქვეყანა, სადაც სოფლის მეურნეობა მაღალი ტემპით ვითარდება და უმუშევრობა არ არის

საზღვარგარეთ მოგზაურობის შემდეგ შთაბეჭდილებების გაზიარება საინტერესოც არის და გარკვეულწილად სასარგებლოც და თუ ეს ვიზიტი საქმიანია, კიდევ უფრო აორმაგებს ინტერესსაც და სარგებლიანობასაც. ამ ლოგიკიდან გამომდინარე, გადავწყვიტე ფართო მკითხველისათვის გამეზიარებინა ჩემი ესტონეთის რესპუბლიკაში საქმიანი ვოიაჟის შთაბეჭდილებები.

 შპს „კავკასიის გენეტიკის“ (ხელმძღვანელები გ. ხატიაშვილი და თ. ქაჩაშვილი) ეგიდით და ესტონური მხარის მიწვევით, შარშან მეცხოველე ფერმერთა გარკვეულ ჯგუფთან ერთად , ესტონეთის რესპუბლიკაში ვიმყოფებოდი.  ქ. ტარტუს უნივერსიტეტის მეცხოველეობის კათედრის სასწავლო-ექსპერიმენტული მეურნეობის ბაზაზე სემინარ-საკვალიფიკაციო კურსებზე მსხვილი რქოსანი პირუტყვის ფერმერული მეურნეობების მენეჯმენტისა და კვების თანამედროვე ტექნოლოგიების საკითხებს გავეცანით.

თვითმფრინავი ბალტიისპირეთის მიწაზე ტალინის დროით დილის 10 სთ-სა და 20 წთ-ზე დაეშვა. აეროპორტიდან გამოსვლისთანავე იგრძნობა, რომ მოხვდი მოწესრიგებულ და დალაგებულ ევროპულ ქვეყანაში. იმ დღესვე უნივერსიტეტის პროფესორებმა ჩაგვიტარეს პირველი სემინარი და გაგვაცნეს ესტონეთის მეცხოველეობის მდგომარეობა. სემინარიდან გაირკვა, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში განვითარებული მოვლენების შემდეგ ეს ქვეყანაც ძალიან მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. მეცხოველეობაც, შესაბამისად, დარჩა უპატრონოდ და ქვეყანაში ჯერ კიდევ არ იყო ფერმერული მეურნეობები. გლეხებმა საკუთარი ძალებით თვითონ დაიწყეს მსხვილი რქოსანი პირუტყვის მოშენება, თუმცა, ვერ აუდიოდნენ პრობლემებს. ამის შემდეგ ცოტა უფრო შეძლებულმა მეურნეებმა, რომელთაც ჰყავდათ ხუთი, ათი და მეტი ძროხა, თვითონ შეძლეს ერთმანეთში შეთანხმება და გაერთიანდნენ, მიაკითხეს ზემდგომ ორგანოებს  და ნელ-ნელა დაიწყეს ერთობლივი ძალებით პრობლემების მოგვარება. მიუხედავად დიდი მცდელობებისა, 2005 წლამდე ქვეყანაში საშუალო წლიური მონაწველი ერთ ფურზე 3000 ლ რძეს ვერ აცდა. 2006 წელს სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება და ფერმერთა დასახმარებლად სპეციალური პროგრამა შეიმუშავა. ჩამოყალიბდა 200, 400, 600 და 1000-სულიანი ფერმები. ფურების მდგომარეობა დაყვეს ოთხ ძირითად პერიოდად და ამის მიხედვით შეიმუშავეს ფაზობრივი კვება. თითოეულმა ფერმერმა თავისი ფერმისათვის შექმნა დამიქსერებული, სრულფასოვანი საკვები _ TMR. ძირითადი აქცენტი გაკეთდა კვებაზე. ამჟამად შემუშავებულია საკვების რაციონის სპეციალური პროგრამები, რომლებსაც ცალ-ცალკე ამუშავებენ სხვადასხვა ფაზობრივ მდგომარეობაში მყოფი ფურისთვის. რაციონის შედგენა ძირითადად ხორციელდება საკვებში არსებული მშრალი ნივთიერების გაანგარიშებით.

საკვები ერთეული და ენერგეტიკული საკვები ერთეული ესტონეთმა დატოვა xx საუკუნეში. პროგრამაში შეჰყავთ ფურის ცოცხალი მასა, საშუალო დღიური მონაწველი და საკვების მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით პროგრამა ადგენს საკვების რაციონს.
სახელმწიფო პროგრამის განხორციელება და, შესაბამისად, რძის პრობლემის მოგვარება ესტონელმა ფერმერებმა დაიწყეს ჰოლშტინური ჯიშის ფურების შეყვანით და ამჟამად მერძეული მიმართულების ფერმებში ძირითადად აშენებენ სამ ჯიშს: ჰოლშტინს, ადგილობრივ ჰოლშტინს და ესტონური წითელი ჯიშის ფურებს. ჰოლშტინის საშუალო წლიური წველადობა იქ 10 ათას ლიტრს აჭარბებს, ხოლო ესტონური წითელი მას ჩამოუვარდება, საშუალოდ, 600 ლიტრით.

2016 წლის მონაცემებით ესტონეთში მთლიანად პირუტყვის სულადობა იყო 257 786 სული მსხვილი რქოსანი პირუტყვი (მრპ), მათ შორის ფური _ 86 593 სული, ხოლო სახორცე მიმართულების მრპ _ 30 716 სული. მეხორცული მიმართულების ფერმებში ძირითადად მოშენებული ჰყავთ შემდეგი ჯიშები: ჰერეფორდი, ანგუსი და შაროლე.

რესპუბლიკაში საშუალო წველადობა 9429 ლ რძეა წელიწადში. ამ მაჩვენებლით ესტონეთი ევროპაში მხოლოდ დანიას ჩამორჩება. ქვეყანა მოიხმარს წარმოებული რძის მხოლოდ 40 %-ს, დანარჩენი გადის ექსპორტზე ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებში, აგრეთვე ფინეთსა და მცირე ნაწილი გერმანიაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მშპ-ს (მთლიანი შიდა პროდუქტიის) წარმოებით ერთ სულ მოსახლეზე ესტონეთი პირველ ადგილზეა ევროპაში.
დღის პირველ ნახევარში გვიტარდებოდა სემინარები სასწავლო-ექსპერიმენტული მეურნეობის სასწავლო კორპუსში, ხოლო მეორე ნახევარში ფერმებში პრაქტიკებზე დავდიოდით. ვესწრებოდით საკვების დამზადების და კვების, აგრეთვე წველის პროცესებს. წველა ყველა მერძეული მიმართულების ფერმაში დღეში სამჯერ საწველ დარბაზებში ხორციელდება.

ძალზე შრომატევადია მწველავის შრომა, რომელთაც მიმდინარეობს სამ ცვლაში. მწველავის ანაზღაურება 1000 ევროა, მაგრამ დაქვითვების შემდეგ ხელზე იღებს 720 ევროს. მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ სამ ფერმაში მუშაობს მწველავი რობოტი, რომელიც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და როგორც ერთ-ერთ მათგანში გვითხრეს, მისი მონტაჟი დაახლოებით 250 _ 300 ათასი ევრო ჯდება. ესტონეთში საშუალო ხელფასი 600 ევროა. აქვე დავსძენ, რომ ბაზარი ამ ქვეყანაში არც თუ ისე იაფია, მაგრამ, როდესაც ოჯახში დასაქმებულია 3 პიროვნება და შესაბამისად ოჯახის შემოსავალი 2000 ევროა, იგი უკვე უზრუნველყოფილია. ესტონეთში ყველაზე თვალშისაცემია ის, რომ არ არის უმუშევრობა. დღეს თუ გაუჩნდება ადამიანს მუშაობის სურვილი _ ხვალვე დასაქმდება.

ესტონეთში პირუტყვის კვებაში პროტეინის ძირითად წყაროს წარმოადგენს რაფსის კულტურა, რომელიც მოჰყავთ საკვებმწარმოებელ ფერმერებს და შემდეგ აბარებენ რაფსის გადამამუშევებელ ქარხანაში (იგი ერთადერთია ქ. ტარტუს გარეუბანში, მთელს ბალტიისპირეთსა და ფინეთში). ეს ქარხანა ყოველწლიურად გადაამუშავებს 140 ათას ტონა რაფსის მარცვალს და ამზადებს შროტს და რაფსის ზეთს. ამ პროდუქტს მოიხმარს მთლიანად რესპუბლიკა, აგრეთვე გადის საექსპორტოდ ფინეთში, ლატვიასა და ისრაელში. ისრაელი დიდი რაოდენობით მოიხმარს რაფსის ზეთს, რომელიც სწორედ ესტონეთიდან მიეწოდება.
დავათვალიერეთ რესპუბლიკაში არსებული ერთადერთი საბუღე სადგური _ ელევერი, სადაც ინახავენ 160 სულამდე ძირითადად მერძეული მიმართულების ბუღებს და მცირე რაოდენობით მეხორცულ ჯიშებს. იქვე არსებობს სპერმის კრიოკონსერვაციის ლაბორატორია, სადაც ხდება სპერმის გაყინვა და ამ გაყინული სპერმით მარაგდება როგორც ესტონეთის მრპ-ს ფერმები, ასევე ევროპის რამდენიმე ქვეყანა. მერძეულ ფერმებში 100 %-ით დანერგილია ხელოვნური განაყოფიერება, ხოლო მეხორცული მიმართულების ფერმებში 80 %-ით წარმოებს ხელზე დაგრილება.

ესტონეთში საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული მეღორეობაც. სამზარეულოც ძირითადად ღორის ხორცის ნაწარმისაგან შედგება, რადგან, მოგეხსენებათ, ჩრდილოეთის ქვეყანაა და საჭიროებს მაღალკალორიულ საკვებს. ტარტუში იმ ნეზვს უდგას ძეგლი, რომელიც გასული საუკუნის 30-იან წლებში ექსპლუატაციაში ჰყავდათ 13 წლის განმავლობაში და მისგან მიიღეს 30 ტონამდე ხორცი. ფაქტობრივად, როგორც ესტონელები ამბობენ, უკიდურესი გაჭირვებისა და შიმშილობის წლებში ქვეყანა ღორმა გადაარჩინა.
ქვე აღვნიშნავ, რომ ტარტუს უნივერსიტეტი ერთ-ერთი უძველესია ევროპაში, სადაც ამჟამად სხვადასხვა პროფესიას ეუფლება 20 000 სტუდენტი, ხოლო მათ შორის 200 საქართველოდან წარგზავნილია. ზოოტექნიკური და სავეტერინარო სპეციალობა ადგილობრივი მსურველისთვის უნივერსიტეტში უფასოა, ხოლო არაესტონურენოვანი მსმენელისთვის სემესტრი ღირს 8000 ევრო. ჩვენ შევხვდით ქართველი სტუდენტების ჯგუფს (ამ სპეციალობებზე, სამწუხაროდ, არ სწავლობენ ქართველები) და ვუსურვეთ, რომ განსწავლულები დაუბრუნდნენ ჩვენ ქვეყანას, რათა მიღებული ცოდნა და გამოცდილება ქვეყნის აღმშენებლობის საქმეს მოახმარონ და, საბედნიეროდ, იმათგანაც თანხმობა მივიღეთ.
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, საკმაოდ ნაყოფიერი და სასარგებლო აღმოჩნდა ჩემთვის, როგორც ამ დარგის სპეციალისტისთვის, ეს ვიზიტი, ასევე სასარგებლო იყო მეცხოველე ფერმერებისთვისაც, რადგან ვთვლი, რომ სპეციალისტმა პერიოდულად აუცილებლად უნდა აიმაღლოს კვალიფიკაცია და დაეუფლოს ახალ ტექნოლოგიებს, რათა შემდეგ ეს ყოველივე დანერგოს თავის ქვეყანაში. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მადლობა მინდა გადავუხადო „კავკასიის გენეტიკას“ და ვუსურვო მას წარმატებები, ხოლო მე კი ვისურვებდი, რომ სახელმწიფომ უფრო მეტი ინტერესი გამოამჟღავნოს დარგის სპეციალისტების მომზადების სფეროში, რადგან ამ ურთულეს დარგს _ მეცხოველეობას ესაჭიროება მონდომებული და კარგად განსწავლული, ძლიერი სპეციალისტი.

კობა ნაცვალაძე,
სოფლის მეურნეობის დოქტორი,
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი