დარგებიმემცენარეობასტატიები

საქართველოში მეჩაიეობის ინდუსტრიული განვითარების პერსპექტივები, პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები

მსოფლიოში ჩაის მოხმარებისა და ფასების სტაბილურად მზარდმა ხასიათმა, ეკოლოგიურად სუფთა კვების პროდუქტებზე მომხმარებელთა განსაკუთრებულმა ინტერესმა კარგი წინაპირობები შექმნა საქართველოში ჩაის წარმოების რეაბილიტაციისა და მისი შემდგომი გაფართოებისათვის. ჩვენში არსებობს დარგის ინტენსიური და მასშტაბური განვითარების როგორც რესურსი, ასევე აუცილებლობა მისი სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობისა და ეკოლოგიური დატვირთვის გამო. ამ რესურსს აქვს დიდი პოტენციალი სოფლის მოსახლეობის ცხოვრების პირობების რადიკალური გაუმჯობესებისათვის და მისი რაციონალური გამოყენება განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს დღეს, როცა ქართული სოფელი სერიოზული გამოწვევებისა და საფრთხის წინაშეა.

რესურსების ათვისება, როგორც ცნობილია, ტექნოლოგიების საშუალებით ხდება. რაც უფრო სრულყოფილია ტექნოლოგიები, მით უფრო მაღალია წარმოების ეფექტურობა და, შესაბამისად, მოსახლეობის ცხოვრების დონეც.

საქართველოში ჩაი ინტროდუცირებული კულტურაა და გაშენებულია მისი გავრცელების არეალის უკიდურეს ჩრდილოეთ საზღვარზე. ასეთ პირობებში მცენარე, მით უმეტეს, თუ იგი სამეურნეო დანიშნულებისაა, მოითხოვს მოვლა-მოყვანისა და გადამუშავების სპეციფიკურ ტექნოლოგიებს. ამ ამოცანის პირველი ნაწილი _ დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკებში ჩაის მოვლა-მოყვანის ორიგინალური აგროტექნოლოგიის შექმნა და წარმოებაში დანერგვა ჯერ კიდევ გასული საუკუნის მეორე ნახევარში წარმატებით გადაწყდა ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კოლექტივის მიერ.
რაც შეეხება ჩაის გადამუშავებას, ჩვენ დღესაც იმ ტექნოლოგიებს ვიყენებთ, რომლებიც ამ კულტურას მისი სამშობლოდან შემოყვა და შექმნილია ჩვენგან მკვეთრად განსხვავებულ სამეურნეო გარემოში.

ტექნოლოგიის ამოცანაა დროისა და ადგილის მოცემულ პირობებში შეარჩიოს ან შექმნას სარგებლიანობის თვალსაზრისით ისეთი შესაძლებლობა, რომელიც შესძენს პროდუქტს მაქსიმალურ სიიაფეს სასურველი თვისებებისა და ფორმის შენარჩუნებით.
ამის გამო ტექნოლოგიები არაა ზუსტი მეცნიერება _ იგი გახლავთ მრავალკრიტერიალური ამოცანის კომპრომისული გადაწყვეტა სხვადასხვა ფაქტორის (კლიმატური, ეკოლოგიური, ეკონომიკური, დემოგრაფიული, სოციალური და სხვა) გათვალისწინებით და უნდა იცვლებოდეს ადგილისა და დროის გარემოებების მიხედვით.

ზემოთაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით ტექნოლოგიების შერჩევა ან, მითუმეტეს, ახლის შექმნა რთული ამოცანაა განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე გვაქვს ისეთ ნატიფ საგემოვნო პროდუქტთან, როგორიცაა ჩაი. მომხმარებლის საუკუნეობით ჩამოყალიბებული კონსერვატიზმი მნიშვნელოვნად გვიზღუდავს მანევრირების საშუალებებს როგორც ტექნოლოგიების მოდიფიკაციის, ასევე ახალი ოპერაციების განხორციელებისას. ერთხელ ჩამოყალიბებული კონსტრუქციული სქემის ხისტ ჩარჩოებში მოქცეული ჩაის თანამედროვე ტექნოლოგიები ხასიათდებიან მოქნილობის დაბალი დონით, თუ ამ ტერმინის ქვეშ ვიგულისხმებთ თვისებათა კომპლექსს, რომლის საშუალებითაც წარმოება ეგუება რთულ და, ხშირ შემთხვევაში, წინააღმდეგობრივ ურთიერთობებს ნედლეულის მომწოდებლებთან და პროდუქციის მომხმარებლებთან.

ზემოთ მივუთითეთ, რომ ტექნოლოგიის მიზანი პროდუქციის თვითღირებულების მინიმიზაციაა. დანახარჯები ნებისმიერ ტექნოლოგიურ პროცესზე ანუ პროდუქციის თვითღრებულება შედგება სამი ძირითადი ელემენტისგან: ნედლეული, ენერგია და პირობითად მუდმივი ხარჯები. მესამე ელემენტი მოიცავს ხელფასს, მოწყობილობათა ამორტიზაციას და ზედნადებ ხარჯებს.

მზა ჩაის თვითღირებულების ანატომია გვიჩვენებს, რომ იგი ნედლეულტევადი პროდუქტია _ მასზე მოდის დანახარჯების 60%-ზე მეტი.
იმის გამო, რომ ბაიხის ჩაის ნედლეული _ მცენარის ახალგაზრდა ნაზარდები შედგება სხვადასხვა ტექნოლოგიური ღირსების ელემენტისგან, მისი პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება (წარმოების ეფექტურობის აუცილებელი პირობა) ნიშნავს ნედლეულის შედარებით ერთგვაროვან ნაწილებად დაყოფის ეკონომიკურად გამართლებული საშუალების არსებობას. იმისდამიხედვით, თუ რა საშუალება გააჩნია ამა თუ იმ ტექნოლოგიას ამ ამოცანის გადასაწყვეტად, ყალიბდება დასამზადებელი ნედლეულის პარამეტრები (ფოთლების რაოდენობა დუყზე).

დღეისათვის ცნობილი ჩაის ტექნოლოგიებიდან ნედლეულის ერთგვაროვან ნაწილებად ეფექტურად დაყოფის ამოცანას მეტნაკლები წარმატებით წყვეტენ მხოლოდ ე.წ. კლასიკური ტექნოლოგიები, რომლებიც თვითრეალიზაციისათვის მოითხოვენ ასევე კლასიკურ ნედლეულს _ 2-3 ფოთლიან ნაზ დუყებს. ასეთი ნედლეულის დამზადება მოითხოვს დიდი რაოდენობით მუშახელს, რაც ჩვენი სოფლების დღევანდელ დემოგრაფიულ პირობებში სერიოზულ ბარიერს შეუქმნის რესურსის სრულ ათვისებას _ ჩაის წარმოების გაფართოებას.

გარდა ამისა, ჩაის ბუჩქის ბიოლოგიური თავისებურებები განაპირობებენ ფოთლის არათანაბარ „შემოსვლას“ საკრეფად, რის გამოც გადამამუშავებელი საწარმოები იძულებული არიან დააყენონ იმდენჯერ მეტი ტექნოლოგიური სიმძლავრე, რამდენჯერაც ნედლეულის საშუალო პიკური შემოსავალი აღემატება საშუალო დღიურს. ეს თანაფარდობა ცნობილია, როგორც უთანაბრობის კოეფიციენტი და ჩვენი რეგიონისათვის იგი შეადგენს 2-ს. სრული დატვირთვით გადამამუშავებელი საწარმო მუშაობს წელიწადში 12-15 დღე. საწარმოო სიმძლავრეების გამოყენების ასეთი დაბალი კოეფიციენტი მძიმე ტვირთად აწვება მეწარმე სუბიექტებს, რომლებსაც ისედაც უხდებათ სეზონური წარმოების ცნობილ პრობლემებთან გამკლავება.
ჩაის ნედლეულის უთანაბრო შემოსავლის ლიკვიდაციის მიზნით ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა ინსტიტუტში დამუშავებული გასხვლის სხვადასხვა სახეებისა და ვადების მონაცვლეობა, მართალია, არბილებენ პიკებს (ძირითადად სეზონის დასაწყისში), მაგრამ საკითხს რადიკალურად ვერ წყვეტენ.
გარდა ამისა, მართალია, კლასიკური ტექნოლოგიები დამაკმაყოფილებლად წყვეტენ დუყის ერთგვაროვან ნაწილებად დაყოფის ამოცანას, მაგრამ ფოთლის პოტენციალს მაქსიმალურად ვერ იყენებენ.

ასე, შავი ჩაის წარმოებისას ნედლეულის უჯრედების 20-25% დაუშლელი რჩება. ისინი არ ღებულობენ მონაწილეობას პროდუქციის ხარისხის ჩამოყალიბებაში და წარმოადგენენ არა მარტო უბრალო ბალასტს, არამედ უარყოფითადაც კი მოქმედებენ საბოლოო შედეგზე.

მწვანე ჩაის წარმოებისას გადამუშავების პირველივე ოპერაციის შედეგად ხდება ცილების დენატურაცია, რის გამოც იგი ეთიშება ბიოქიმიური გარდაქმნების პროცესებს და ვკარგავთ უკეთესი ორგანოლეპტიკური თვისებების მქონე პროდუქციის მიღების შესაძლებლობას.

ჩაის ნედლეულის დამზადებაში დაძაბულობის მოხსნა შესაძლებელია მასაში 4-5 და 6-ს ფოთლიანი ნაზარდების დაშვებით. ამ შემთხვევაში წარმოება იძულებულია შეეგუოს ნედლეულის ცალკეული ნაწილების ხარისხის ნიველირებას, პროდუქციის ასორტიმენტის მნიშვნელოვან გაუარესებას და დამატებითი ხარჯების გაწევას არაკონდიციური მინარევებისაგან მისი გაწმენდისათვის, რაც ამ ღონისძიების ეკონომიკურ ეფექტურობას საეჭვოს ხდის.

თუ ტროპიკულ ქვეყნებში ჩაის მწარმოებლები ურიგდებიან ზემოთჩამოთვლილ დანაკარგებს, ჩვენი ნედლეულის შედარებით ღარიბი ქიმიური შემადგენლობა გვაიძულებს მათი მაქსიმალურად გამოყენების შესაძლებლობების მოძიებას.

ამრიგად, ჩაის წარმოების საკითხში არსებობს ორი ალტერნატივა:
1) 2-3 ფოთლიანი ნაზი დუყების გადამუშავება კლასიკური ტექნოლოგიებით, რომელიც მოითხოვს დიდ შრომით დანახარჯებს და გაზრდილ საწარმოო სიმძლავრეებს;
2) გაუარესებული მექანიკური შემადგენლობის ნედლეულის გადამუშავება ე.წ. ინტენსიური ტექნოლოგიებით, რომელიც იწვევს პროდუქციის ასორტიმენტის გაუარესებას და წარმოების დანახარჯების გაზრდას.

მეორე პრობლემა, რომელიც სერიოზულ ბარიერებს ქმნის ჩაის წარმოების ეფექტური ფუნქციონირებისა და სტაბილური განვითარებისათვის (მოწყობილობათა გამოყენების დაბალი კოეფიციენტი, კვალიფიციური მუშახელის დიდი დენადობა და სხვა) მისი სეზონურობაა და იგი გამოწვეულია ჩვენი ქვეყნის კლიმატური პირობებით. მიუხედავად იმისა რომ პლანეტაზე კლიმატის ცვლილება ყველგან ხდება, განჭვრეტად მომავალშიც, ალბათ, ჩაის წარმოება ჩვენში შეინარჩუნებს სეზონურ ხასიათს. მიგვაჩნია, რომ პრობლემის სრული გადაჭრა თუ არა, მისი მნიშვნელოვანი შერბილება შესაძლებელია ჩაის გადამამუშავებელი საწარმოს ძირითადი მოწყობილობების გამოყენებით სხვა სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის გადამუშავებისათვის.

ზემოთაღნიშნულის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ შემდეგი:
_ ჩაის გადამუშავების დღეისათვის ცნობილი სამრეწველო ტექნოლოგიები ჩვენი სოფლების მძიმე დემოგრაფიული სიტუაციით გამოწვეულ მუშახელის მწვავე დეფიციტის პირობებში ვერ იძლევა რესურსის (მიწის) სრულად და სრულყოფილად ათვისების შესაძლებლობას ამ საიმედო და პოტენციურად მაღალრენტაბელური კულტურის ქვეშ სეზონის პერიოდში მუშახელის გარედან მოზიდვის გარეშე. ამან შესაძლოა გაანელოს კულტურის მიმართ საქართველოს მოქალაქეთა ინტერესი, ერთის მხრივ, და, მეორეს მხრივ რესურსის სრული ათვისების მომიზეზებით უცხოური კომპანიებისა და სამუშაო ძალის შემოყვანის მოტივაცია შექმნას.

_ ჩვენი რესურსის საკუთარი ძალებით ათვისების უზრუნველყოფისათვის, რაც თავიდან აგვაცილებს მეჩაიეობის დარგში უცხოური კომპანიების შემოყვანისა და უცხოტომელთა მასიური ჩამოსახლების საფრთხეს, აუცილებელია მოინახოს მცირე შრომითი დანახარჯებით ამ ამოცანის გადაწყვეტის საშუალება.
აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტის მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების კვლევის სამსახურში _ ჩაის მრეწველობის ინსტიტუტში ადრე ჩატრებულ სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოთა შედეგებზე დაყრდნობით მუშავდება საპილოტე პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ჩაისა და სხვა სუბტროპიკული მცენარეული ნედლეულის გადამამუშავებელი კომბინატის შექმნას.

პროექტის მიზანია ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა ადგილობრივი რესურსების ეფექტური გამოყენებით.
დასახული მიზანი მიიღწევა კომბინირებისა და ტექნოლოგიური მოწყობილობის ტრანსფორმაციის პრინციპების, აგრეთვე ეფექტური ტექნოლოგიური სიახლეების რეალიზაციით.

კომბინირებისა და მოწყობილობათა ტრანსფორმაციის პრინციპები გამოიყენება შესაბამისად საწარმოს მუშაობის სეზონურობის ლიკვიდაციისა და პროდუქციის თვითღირებულების შემცირების მიზნით.

ტექნოლოგიური სიახლები კი წარმოების ეფექტურობის მნიშვნელოვანი გაზრდის საშუალებას იძლევა.

კომბინირების პრინციპის განხორციელების მიზნით შერჩეულია შემდეგი სახის ნედლეული:
_ ჩაი;
_ სუბტროპიკული ხურმა;
_ ციტრუსოვნები.

ნედლეული შერჩეულია შემდეგი მოსაზრების გამო:

_ დასახელებული კულტურების ტექნიკური სიმწიფის პერიოდები დროში არაა თანხვდენილი და ისინი მთლიანობაში თითქმის უწყვეტად მოიცავენ პერიოდს მაისიდან დეკემბრამდე.

_ ამ კულტურების გავრცელების არეალი თანხვდენილია. უფრო მეტიც, სუბტროპიკული ხურმა შესაძლებელია გაშენდეს ჩაის პლანტაციებში, როგორც ამავე დროს დამრჩდილავი მცენარე;

_ არსებობს მსხვილი სამრეწველო მასშტაბებით მათი დამზადების შესაძლებლობა და ტრადიციები;

_ მათგან შესაძლებელია პროდუქციის დამზადება როგორც საკუთარი მოთხოვნების, ასევე ექსპორტისათვის.

ჩამოთვლილ ნედლეულთა შორის ცენტრალური ადგილი თავისი მნიშვნელობით უჭირავს ჩაის, რასაც განაპირობებს:

_ პროდუცენტი ქვეყნების მიერ სანედლეულო ბაზის გაფართოების შეზღუდულ პირობებში ჩაის მოხმარებისა და ფასების სტაბილურად მზარდი ხასიათი;

_ ჩაის მცენარე არის ერთ-ერთი იშვიათი სასოფლო-სამეურნეო კულტურა, რომელსაც კლიმატის გარდაუვალი ცვლილებებით გამოწვეული ამინდის გახშირებული ანომალიური მოვლენების პირობებში შეუძლია მოგვცეს გარანტირებული მოსავალი (მწვანე მასა).

_ ტიპიურ ნიადაგებზე გაშენებული ჩაი ერთადერთი კულტურაა, რომელსაც დასავლეთ საქართველოს პირობებში სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური თვალსაზრისით ალტერნატივა არ გააჩნია. მრავალგზის ძიების მიუხედავად ვერ მოხერხდა ჩაის სხვა კულტურით ადექვატური ჩანაცვლება. დასაქმებისა და შემოსავლების მაღალი პოტენციური შესაძლებლობების გამო დასავლეთ საქართველოს რეგიონებისათვის ჩაის წარმოება სოციალური დატვირთვის მატარებელია.
პროექტის მოსალოდნელ წარმატებას განაპირობებს ქართველი მეცნიერებისა და ინჟინრების მიერ დამუშავებული ჩაის პრინციპულად ახალი, მოქნილი, უნივერსალური ტექნოლოგია, რომელიც თავისუფალია ჩაის თანამედროვე სამრეწველო ტექნოლოგიების თითქმის ყველა იმ ძირითადი ნაკლისაგან, რის გამოც საწარმოები კარგავენ მნიშვნელოვან მოგებას.

პროექტით შემოთავაზებული საწარმოს ტექნიკურ ბაზად საქართველოში ამჟამად მოქმედი ჩაის გადამამუშავებელი საწარმოები ვერ გამოდგება მათი აღჭურვილობისა და ინფრასტრუქტურის მდგომარეობის გამო. პროექტის წარმატებისა და მისი შემდგომი სრულყოფა-განვითარებისათვის მიზანშეწონილად მიგვაჩნია ახალი საწარმოს ორგანიზება.

კომბინატის ძირითად საწარმოო ერთეულს წარმოადგენს პრინციპულად ახალი ტექნოლოგიური ხაზი, რომელიც დაკომპლექტდება როგორც სერიული, ასევე ახლად შექმნილი მოწყობილობებით.

ახალი ტექნოლოგიური ხაზი, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია, პასუხობს ზემოთ აღნიშნულ პრინციპებს. სახელდობრ:
_ „ხაზი“ სამივე სახის ნედლეულის გადამუშავებისას გამოიყენება;

_ „ხაზი“ უზრუნველყოფს:

ბაიხის ჩაის წარმოებისას ჩვენს მიერ დამუშავებული პრინციპულად ახალი, მოქნილი, უნივერსალური ტექნოლოგიის შესაძლებლობების გამოყენებით

_ შრომითი დანახარჯების მნიშვნელოვან შემცირებას ნედლეულის წარმოებაში;

_ ნებისმიერი მექანიკური შემადგენლობის ნედლეულის პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას;

_ სხვადასხვა სახის (შავი, მწვანე, ყვითელი, წითელი და თეთრი) ჩაის ერთიანი ტექნოლოგიის განხორციელების შესაძლებლობას;

_ ნედლეულის მეტნაკლებად თანაბარ დამზადებას და, ამდენად, საწარმოო სიმძლავრეების თანაბარ დატვირთვას სეზონურ ჭრილში;

_ საწარმოო ფართის მნიშვნელოვან შემცირებას;

_ ენერგოდანახარჯების შემცირებას ერთეული პროდუქტის წარმოებაზე;

_ როგორც ზემოთჩამოთვლილის შედეგი, რესურსის სრული და სრულყოფილი ათვისების შესაძლებლობას, საწარმოსა და ნედლეულის მწარმოებელთა შემოსავლების მნიშვნელოვან გაზრდას.

სუბტროპიკული ხურმის გადამუშავებისას

_ მაღალხარისხოვანი გამშრალი ხურმის (ჩირის) წარმოებას;
_ ხურმის ფხვნილის დამზადებას საკონდიტრო მრეწველობისათვის.

ციტრუსოვანთა ნაყოფების გადამუშავებისას

_ ნატურალური წვენის გამოსავალის გაზრდას;

_ ნაყოფების მშრალი კანის წარმოებას;

_ საკონსერვო მრეწველობისათვის ნაყოფების მომზადებას.

მეორე რიგის გარკვეული ინვესტირების შემდეგ ხაზის ძირითადი მოწყობილობები შეიძლება გამოყენებულ იქნეს მცენარეული ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხანგრძლივად და უდანაკარგოდ შენახვისათვის.

პროექტის განხორციელების მოსალოდნელი შედეგები:
_ ქართული სოფლების განვითარებისათვის პრიციპულად ახალი ტექნიკური ბაზის შექმნა;

_ ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა ადგილობრივი რესურსების სრული და ეფექტური გამოყენებით;

_ ბიზნესში მონაწილე ყველა სუბიექტის შემოსავლების გაზრდა იმ დონემდე, როცა მათ მართლა გაუჩნდებათ მყარი ეკონომიკური მოტივაცია;
_ მეურნეობის მოცემულ დარგში ინვესტიციური პოტენციალის აღდგენა;

_ წარმოების გადასვლა ინდუსტრიულ საწყისებზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის შრომის ნაყოფიერებას;

_ ჩაის წარმოებაში მივაღწევთ აბსულუტურ უპირატესობას, ანუ გვექნება უნარი ვაწარმოოთ უფრო მეტი საქონელი, ვიდრე სხვა ქვეყანა აწარმოებს რესურსების იგივე მოცულობისას;

_ გვიჩნდება შანსი საექსპორტო საგნად ვაქციოთ არამარტო კვების პროდუქტები, არამედ ტექნოლოგიები და ტექნოლოგიური ხაზები;

_ სოფელ ადგილებში სანედლეულო ბაზის თანაზომიერი სიმძლავრის გადამამუშავებელი საწარმო სტიმულს მისცემს დანაწევრებული მიწის ნაკვეთების გაერთიანებას საერთო ეკონომიკური მიზნის მისაღწევად. იგი არამარტო შეაჩერებს სოფლიდან მოსახლეობის მიგრაციას, არამედ მოიზიდავს და დაამაგრებს ინჟინერ-ტექნიკურ და ინტელექტუალურ კადრებს, დააბრუნებს სოფელს ტრადიციული ქართული სოციალურ-კულტურული ცხოვრების ორბიტაზე;

_ სოფლის რესურსები (ბუნებრივი, მატერიალური და ადამიანური) გახდებიან ერთი მწყობრი ორგანიზმის შემადგენელი ნაწილები, რომელთაც ერთმანეთთან ექნებათ გარკვეული შინაგანი კავშირი, ხოლო გადამამუშავებელი საწარმოს მაღალი ხარისხის მოქნილობა უზრუნველყოფს სისტემის შეგუებას დიდ დიაპაზონებში ცვალებად გარემო პირობებთან დღეს და მომავალში.“

პროექტის რეალიზაციის მიზნით მიზანშეწონილად მიგვაჩნია სახელმწიფოსა და/ან სხვა დაინტერესებული იურიდიული ან ფიზიკური პირის მონაწილეობით შეიქმნას ვენჩურული კომპანია, რომელიც არამარტო გამოავლენს შემოთავაზებული ინოვაციების რეალურ შესაძლებლობებს, არამედ იზრუნებს მათი შემდგომი გავრცელებისა და სრულყოფა-განვითარებისათვის.

ვლადიმერ ბოკუჩავა,
იოსებ ბასილია,
ზაურ გაბრიჩიძე
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების კვლევის სამსახური