ეთილის სპირტი

         სპირტის წარმოება ცალკე საწარმოო დარგია.  არყის დასამზადებლად გამოიყენება მარცვლეული კულტურების (ხორბალი, ქერი, ჭვავი), კარტოფილის ან შაქრის ჭარხლისაგან მიღებული რექტიფიცირებული ეთილის სპირტი. ალკოჰოლური სასმელების დასამზადებლად დაშვებულია უმაღლესი სიწმინდის სპირტრექტიფიკატების _ ,,ლუქსისა” და ,,ექსტრას” გამოყენება (გოსტ 5962-ის მიხედვით).     
ეთილის სპირტი … (CH3-CH2-OH)  გამჭირვალე, ადვილად აქროლადი, სპეციფიკური სუნის მქონე სითხეა. დუღს +78.3ºC და იყინება -117ºC, ხვედრითი წონა=0,78927. წნევის მატებასთან ერთად მატულობს სპირტის დუღილის ტემპერატურა, შემცირებასთან ერთად კი _ კლებულობს.

ეთილის სპირტს წყალი  ნებისმიერი პროპორციით იერთებს.

ქიმიურად სუფთა ეთილის სპირტს ნეიტრალური რეაქცია ახასიათებს. 

     სასმელი სპირტი ორგანოლეპტიკური და ფიზიკურ ქიმიური მაჩვენებლებით უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: იყოს უფერული, გამჭირვალე, ყოველგვარი მინარევის გარეშე, დამახასიათებელი სუნით და გემოთი.

სპირტს უნდა ერთოდეს ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი. მასში ასახული ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს მოქმედი  სტანდარტის (5962-ის) მოთხოვნებს.

სპირტის ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლები (გოსტ 5962)

რექტიფიცირებული ეთილის სპირტი არაერთი ორგანული ნაერთის კარგ გამხსნელად ითვლება. არყის წარმოების ტექნოლოგიურ პროცესში, სხვადასხვა გემოვნური თვისების მინიჭების მიზნით, მცენარეული წარმოშობის ეთერზეთების, სპირტნაყენების, არომატული სპირტების, გლიცერინის, ორგანული მჟავების (ლიმონმჟავა, ღვინომჟავა, ძმარმჟავა) გამოყენება სირთულეს არ წარმოადგენს და პროდუქციის მდგრადობაზე არ მოქმედებს.

კონტრაქცია

წყალთან ეთილის სპირტის შერევის დროს ხდება სითხის შეკუმშვა და ნარევის მოცულობა კლებულობს. ამ მოვლენას კონტრაქცია ეწოდება. მაგალითად, 50 მლ სპირტისა და 50 მლ წყლის ნარევის მოცულობა არის არა 100 მლ, არამედ 96,4 მლ. წყლისა და სპირტის ნარევის შეკუმშვის სიდიდე დამოკიდებულია სპირტისა და წყლის თანაფარდობაზე. 

კონტრაქციის სიდიდედ მიღებულია ყოველი 1 მოც. % სიმაგრის მომატებისას ნარევის 0,08 %-ით შეკუმშვა. იგი შემდეგი ფორმულით იანგარიშება:

S=((VkAk-VA):100). 8:100;

Vk_ კუპაჟის მოცულობა, დალი;

Ak  _ კუპაჟის მოც. % სიმაგრე;

V  _ სითხის მოცულობა დასპირტვამდე;

A  _     სიმაგრე მოც. % დასპირტვამდე;

S  _     კონტრაქცია.

სპირტისა და წყლის შერევის შედეგად გამოყოფილი სითბო ზრდის ნარევის ტემპერატურას.  ეს პროცესი ყველაზე მეტად შესამჩნევია ნარევის 30 მოც. % სპირტშემცველობის დროს. სპირტის შემადგენლობის მომატებით ან დაკლებით სითბოს გამოყოფა კლებულობს.

 

სპირტისა და წყლის შერევის დროს ნარევის მოცულობის შეკუმშვა და სითბოს გამოყოფა მოწმობს იმას, რომ სპირტისა და წყლის მოლეკულებს შორის დაახლოება, ურთიერთზემოქმედება მიმდინარეობს. ამიტომ სპირტწყალხსნარების განხილვა არ შეიძლება როგორც უბრალო ნარევის. არც სპირტი და არც წყალი ურთიერთშერევის შედეგად არ კარგავენ თავდაპირველ თვისებებს. კონტრაქციის სიდიდე ნარევის სიმაგრესთან ერთად იზრდება, მაგრამ გარკვეულ ზღვრამდე _ ნარევის 54 მოც. % სიმაგრემდე, ამის შემდეგ სიმაგრის მომატებისას სპირტწყალ ხსნარის კონტრაქციის სიდიდე მცირდება.

მ. ხომასურიძე;

„არყის ტექნოლოგია“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.