აგროსიახლეები

ევროკავშირმა საქართველოდან ექსპორტირებულ თხილში აფლატოქსინის კონტროლის მექანიზმები შეამსუბუქა

საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებულ თხილსა და მისგან წარმოებულ სურსათში აფლატოქსინების კონტროლის პროცენტული მაჩვენებელი 30-დან 20%-მდე შემცირდა, რაც ქართული თხილის ხარისხის გაუმჯობესებაზე მიანიშნებს და საქართველოში აფლატოქსინის კონტროლის მექანიზმების დახვეწით არის განპირობებული.
გადაწყვეტილება ევროკავშირის 2019/1793 რეგულაციის მეათე განხილვაზე ევროპის კავშირის მცენარეთა, ცხოველთა, სურსათისა და ცხოველის საკვების კომიტეტმა მიიღო. კონტროლის მექანიზმების შერბილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზღვარზე გამოვლენილი შედეგების გათვალისწინებით განხორციელდა.

ქართულ თხილში აფლატოქსინის სახელმწიფო კონტროლის სისტემის ეფექტიანობის დადგენის მიზნით, მიმდინარე წლის დასაწყისში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ევროკომისიის აუდიტორებს წარუდგინა ინფორმაცია საექსპორტოდ განკუთვნილი თხილისა და მისგან წარმოებული პროდუქციის შემოწმების სრული ჯაჭვის შესახებ.

ევროკომისიის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატისგან (DG SANTE) სახელმწიფო სისტემამ დადებითი შეფასება მიიღო.