აგრარული განათლებააგროსიახლეებისტატიები

ევროპული ინტეგრაცია და საინოვაციო  პროცესები სოფლის მეურნეობაში

ევროინტეგრაციის პროცესში, აღმოსავლეთის პარტნიორობის 6 ქვეყნისთვის, ერთ-ერთი სირთულე ევროპული და ადგილობრივი სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროში პოლიტიკის დაახლოებაა. ევროპული სასოფლო-სამეურნეო (ს/ს) პოლიტიკის ძირითადი იდეები, როგორიცაა სურსათით თვითუზრუნველყოფა, სოფელსა და ქალაქს შორის სოციალურ-კულტურული განსხვავებების შემცირება და ზოგიერთი სხვა, პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში ორი ათეული წლის განმავლობაში აღიქმებოდა როგორც საბაზრო ეკონომიკის საწინააღმდეგო თეორიები. უფრო მეტიც, ასეთი მიდგომა სოციალისტური აზროვნების გადმონაშთად ითვლებოდა, რამაც ამ ქვეყნების სოფლის მეურნეობა (ს/მ) მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანა — ვერც ერთ მათგანში ვერ მიაღწია ს/ს წარმოების, თუნდაც, საბჭოთა პერიოდის მაჩვენებლებს, რომ არაფერი ვთქვათ ევროპულზე. საქართველო ამ მხრივ განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

საქართველოს ს/ს პროდუქცია მშპ-ს 10%, ფულად გამოსახულებაში 1,7 მლრდ. ლარია (USD 1 მლრდ). დაახლოებით ამ ღირებულების სასოფლო სამეურნეო პროდუქტს აწარმოებს სინგაპური, სადაც სოფლის მეურნეობაში მოსახლეობის 0,1 პროცენტია დაკავებული. სინგაპურის ს/მ სხვადასხვა მონაცემით მშპ-ს(მთლიანი შიდა პროდუქტი) 0,7 — 0,2 პროცენტს შეადგენს, ხოლო მშპ (მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით) დაახლოებით, 300 მლრდ. აშშ დოლარია.

ვფიქრობთ, მკითხველს დააინტერესებს ევროკავშირის სასოფლო-სამეურნეო საინოვაციო პოლიტიკა, რომელიც მის მაღალ პროდუქტიულობას უზრუნველყოფს.

სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა ევროკავშირში

პირველ რიგში განვმარტოთ რა იგულისხმება, ევროპულ სოფელში ან სასოფლო სივრცეში. ეს არის ტერიტორია, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე ერთ კვ.კმ-ზე 150 კაცს შეადგენს. ასეთ სივრცეს ევროკავშირში ტერიტორიის 90% უკავია და იქ მოსახლეობის 50% ცხოვრობს. ევროპის მაღალგანვითარებულ ქვეყნებში სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში 1-2%-ია, მთლიანად ევროკავშირში — 2,4%. მაგრამ, სხვადასხვა მიზეზის გამო, რომელთა მნიშვნელობა წმინდა ეკონომიკურ საკითხებს სცდება, ს/ს პოლიტიკას ევროკავშირში ცენტრალური ადგილი უკავია. აქედან გამომდინარე, ევროკომისიის სახსრების განაწილებაში ს/მეურნეობისა და სოფლისთვის გაწეულ დახმარებას ლომის წილი აქვს. ამის გარდა, ს/ს პოლიტიკა ევროკავშირში ერთიანია — ფერმერებისთვის პირდაპირი გადახდების სახით განკუთვნილი დახმარება ბრიუსელიდან ნაწილდება. ქვეყნებს სხვა ამ ტიპის დახმარების გაწევის უფლება არა აქვთ. ერთიანი პოლიტიკა მოქმედებს 1954 წლიდან და ევროინტეგრაციის ერთ-ერთ უძველეს და უძლიერეს მექანიზმს წარმოადგენს. ამჟამად 15 ქვეყანაში 1 ჰა მიწაზე წლიურად გაიცემა 500 ევროზე მეტი და 100 ევრომდე — ახალმიერთებულ ქვეყანაში.

ევროკავშირის სოფლის მეურნეობა

ევროკავშირის ს/ს პოლიტიკის შედეგია მსოფლიოში ერთ-ერთი მაღალკონკურენტუნარიანი ს/მ ჩამოყალიბება. მისი წლიური მოცულობა 400 მლრდ. ევროს შეადგენს (ამაში არ შედის მეთევზეობა და მეტყევეობა), აქედან 75 მლრდ. ევროს პროდუქტი ექსპორტზე გადის. კვების მრეწველობასთან ერთად ს/მ უკვე 1 ტრლნ. ევროს პროდუქციას ქმნის. შესრულებულია ევროკავშირის გაფართოების ამოცანა, რის შედეგადაც ევროკავშირს მრავალი ფერმერი შეემატა, ამასთან ისეთიც, რომელსაც განსაკუთრებული დახმარება ესაჭიროებოდა.

ევროკავშირში სოფლის მეურნეობისადმი განსაკუთრებული ყურადღება რამდენიმე მოსაზრებითაა განპირობებული: სურსათით თვითუზრუნველყოფა უსაფრთხოებისა და მდგრადობის გარანტიაა, მოსახლეობის ტრადიციული ს/ს საქმიანობა ქვეყნის რეკრეაციული და სოციალური ფასეულობების შენარჩუნებას ნიშნავს. ს/ს პროდუქტები ეროვნული იდენტურობის მნიშვნელოვანი ელემენტია.

ს/მ-ის მნიშვნელობას აძლიერებს სურსათზე ფასების ზრდის პერსპექტივა.

ამის გარდა, აღსანიშნავია სოფლის მეურნეობასთან მჭიდროდ დაკავშირებული სოფლის განვითარების საკითხების გადაჭრის საჭიროება. ამიტომ, ერთიან სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკასთან ერთად მოქმედებს სოფლის განვითარების პოლიტიკა, რომელიც, ძირითადად, ევროპული სოფლის განვითარების სასოფლო-სამეურნეო ფონდიდან და რეგიონული განვითარების ფონდებიდან (ე.წ. სტრუქტურული ფონდებიდან) ფინანსდება. სოფლის განვითარება უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე სოფლის მეურნეობის განვითარება. მისი მიზანია სოფლის მოსახლეობის სოციალური სტატუსის გათანაბრება ქალაქის მოსახლეობასთან, რასაც სოფლად მოსახლეობის შესანარჩუნებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. თუ გავიხსენებთ, რომ ფერმის წლიური შემოსავლის საშუალო სიდიდე მხოლოდ 35,000 ევროა, გასაგები ხდება, რატომ აქვს სოფლის მოსახლეობისთვის შემოსავლების სხვა (დამატებით) წყაროებს ასეთი არსებითი მნიშვნელობა.

ევროკავშირის ერთიანი ს/ს პოლიტიკა თანდათან შეიცვალა, თუ წინათ დახმარება გარკვეული პროდუქტების წარმოების სტიმულირებისთვის გაიცემოდა, ამჟამად იგი ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით ფერმის მოვლის სტანდარტების დასაცავად გაიცემა.

ცვლილების მიზანია, ერთი მხრივ, დააკმაყოფილოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი განვითარებადი ქვეყნების მოთხოვნა ამ ორგანიზაციის წესების (სუბსიდირებასთან დაკავშირებით) დარღვევის შეწყვეტის თაობაზე, ხოლო სხვა მხრივ, მიმართოს სახსრები კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგოდ. მაშასადამე, ცვლილების უმთავრესი შინაარსი წარმოების მხარდაჭერიდან გარემოს დაცვითი ტექნოლოგიების და სოფლის განვითარების ღონისძიებათა მხარდაჭერაზე გადასვლაა.

სოფლის განვითარების პროგრამები

სოფლად შემოსავლების ზრდისა და კომფორტული, ქალაქთან გათანაბრებული ცხოვრების პირობების შესაქმნელად, ევროპული სტრუქტურული ფონდები და ეროვნული მთავრობები რამდენიმე დებულებით ხელმძღვანელობენ:

გარემოს დაცვა-შენარჩუნება და მასთან დაკავშირებული ტურიზმის განვითარება სოფლად დასაქმებისა და შემოსავლების ზრდის პოტენციალს შეიცავს;

კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა, ხელს უწყობს ეროვნული იდენტურობის შენარჩუნებასა და ტურიზმის განვითარებას;

სოფლად მოსახლეობის შენარჩუნებისა და ტურიზმის განვითარებისათვის აუცილებელია სოფლის ტელეკომუნიკაციით, ტრანსპორტით, ენერგიითა და წყლით უზრუნველყოფა;

ინფორმაციისა და განათლების ხელმისაწვდომობა, სოფლად საინფორმაციო საზოგადოების განვითარება, მისი ქალაქთან გათანაბრების აუცილებელი პირობაა; სოფლად პროდუქციის გადამუშავების გაზრდა და ინოვაციური ტექნოლოგიების ათვისება უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების ზრდას.

ჩამოყალიბებული დებულებები სრულად პასუხობს „ლისაბონის სტრატეგიისა” და „ევროპა 2020-ის” მოთხოვნას ეკონომიკური ზრდისა და მეტი, უკეთესი სამუშაო ადგილის შექმნის შესახებ.

სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის სოფლის მოსახლეობას დახმარების მიღება შეუძლია: რეგიონული მთავრობის, ეროვნული მთავრობის, ევროპული სასოფლო-სამეურნეო გარანტიების ფონდის (ფერმერებისთვის პირდაპირი გადახდის სქემით), ევროპული სოფლის განვითარების სასოფლო-სამეურნეო ფონდის (სოფლის განვითარების პროგრამებისთვის), ევროპული სტრუქტურული ფონდებისგან.

სასოფლო-სამეურნეო კვლევები

ზოგადად, გარემოს დაცვისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოების პროდუქტიულობის ზრდის მოთხოვნებს შორის წინააღმდეგობა არსებობს. ს/ს წარმოების მრავალი ტრადიციული მეთოდი (მაგალითად, ქიმიური სასუქებისა და პესტიციდების გამოყენება, სასაძოვრე მეცხოველეობა) გარემოზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. სოფლის განვითარების ღონისძიებებიც, ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს ვიწრო ს/ს წარმოების ინტერესებთან. ამის გარდა, სოფლის განვითარებისთვის საჭირო ენერგეტიკის, კავშირგაბმულობის, ჯანდაცვის, განათლების, წარმოებისა და სხვა საკითხები ქალაქთან შედარებით, სხვაგვარად გადაწყვეტას ითხოვენ. წინააღმდეგობების გადამლახავი ახალი ტექნოლოგიებისა და მეთოდების შემუშავება მხოლოდ მეცნიერებას შეუძლია. ცალკე ამოცანაა ახალი ტექნოლოგიები მცირე ფერმერული მეურნეობებისთვის. ვინაიდან ფერმერულ მეურნეობებს, დიდებსაც კი, ზემოხსენებული მოკრძალებული შემოსავლების მქონე ფერმერებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ძვირადღირებული კვლევების დაკვეთა არ შეუძლიათ, მეცნიერების დაფინანსების ტვირთს სახელმწიფოები და ევროკავშირი კისრულობენ. ეს სოფლისთვის გაწეული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი (არაპირდაპირი) დახმარებაა.

ევროგაერთიანება კვლევებისთვის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამებში ითვალისწინებს სახსრების გამოყოფას. ამჟამად მიმდინარე მე-7 ჩარჩო პროგრამაში სახსრების 4% ს/ს კვლევაზე იხარჯება. სასურველია გავიხსენოთ, რომ სოფლის მეურნეობის წილი ევროკავშირის მშპ-ში 2% არ აღემატება. ჩარჩო პროგრამა, წევრი ქვეყნების ს/ს კვლევის ეროვნულ პროგრამებთან ერთად (რომელთა ჯამური დაფინანსება მრავალჯერ აღემატება ჩარჩო პროგრამით გათვალისწინებულ ს/ს კვლევის დაფინანსებას), ევროკავშირში კვლევის საჭირო დონეს ქმნის.

კვლევისა და ინოვაციის მე-7 ჩარჩო პროგრამის ერთერთი ძირითადი მიმართულებაა „სურსათი, სოფლის მეურნეობა და მეთევზეობა, ბიოტექნოლოგია” რაც მოიცავს: მიწის, ტყის და წყლის ბიოლოგიური რესურსების მდგრადი წარმოებისა და მართვის კვლევა; ე.წ. „ფერმიდან ჩანგლამდე” – სურსათის კვლევას; მეცნიერებას სიცოცხლის შესახებ, ბიოტექნოლოგიასა და ბიოქიმიას არასაკვები პროდუქტებისა და პროცესებისთვის.

პროგრამას მართავს კვლევისა და ინოვაციის გენერალური დირექტორატი, რომელთანაც ს/ს მიმართულების სამართავად შექმნილია სასოფლო-სამეურნეო კვლევის მუდმივი კომიტეტი. მასში შედიან სხვა დაინტერესებული დირექტორატების – სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების, მეთევზეობის, გარემოს დაცვის, – წარმომადგენლები და წამყვანი მეცნიერები. კომიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა სტრატეგიისა და პროგნოზების შემუშავებაა.

*   *   *

როგორც აღვნიშნეთ, ქვეყნების მიერ დაფინანსებული კვლევების ჯამური მოცულობა ევროკომისიის მიერ კვლევაზე გაწეულ ხარჯებს აღემატება. ს/ს კვლევები წარმოებს ქვეყნებში როგორც ეროვნულ, ასევე რეგიონულ დონეზე (რეგიონული მთავრობების დაფინანსებით). როგორც ევროკომისიის, ასევე ქვეყნების მიერ დაფინანსებული კვლევების შედეგების ფერმერებამდე და მეწარმეებამდე დაყვანა, რაც უშუალოდ საინოვაციო პროცესის შინაარსს წარმოადგენს, მთლიანად ეროვნული მთავრობების პასუხისმგებლობის სფეროს განეკუთვნება. ამ მიზნით ქვეყნებში მოქმედებს, მთლიანად ან ნაწილობრივ მთავრობების მიერ დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო საკონსულტაციო სამსახურები. ამ სამსახურების როლი ს/მეურნეობაში, გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე წარმოების სფეროში. თითქმის ყველა ქვეყანაში, სასოფლო სამეურნეო კვლევაზე გაწეული ხარჯების საერთო წილი ეკონომიკაში ს/მ წილს აღემატება, ზოგიერთ ქვეყანაში კი ძლიერ აღემატება.

 ეროვნული სასოფლო-სამეურნეო საინოვაციო სისტემები

მაგალითად, სლოვაკეთის ს/ს კვლევის სისტემა 5 უნივერსიტეტსა და 18 საჯარო კვლევით ორგანიზაციას მოიცავს. აქედან 7 კვლევითი ინსტიტუტი შედის სოფლის მეურნეობის სამინისტროში მემცენარეობის; მეცხოველეობის; სამთო სოფლის მეურნეობისა და საძოვრების; ნიადაგმცოდნეობისა და კონსერვაციის; სურსათის; სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის ეკონომიკის; მეტყევეობის.

სლოვაკეთის მეცნიერებათა აკადემიის დაქვემდებარებაშია 11 ინსტიტუტი, კერძოდ: გენეტიკისა და მცენარეთა ბიოტექნოლოგიის; ს/ს ცხოველთა ფიზიოლოგიის; პარაზიტოლოგიის; ბიოქიმიისა და ცხოველთა გენეტიკის; მოლეკულური ბიოლოგიის; სოციოლოგიის; ლანდშაფტური ეკოლოგიის; ტყის ეკოლოგიის; ბოტანიკის; ვირუსოლოგიის; ნევროიმუნოლოგიის.

სასოფლო-სამეურნეო კვლევა წარმოებს 5 უნივერსიტეტში: სლოვაკეთის სასოფლო-სამეურნეო; ვეტერინარული; კომენიუსის; ბრატისლავისა და ზვოლენის ტექნიკურ  უნივერსიტეტები. კვლევის თემატიკას ადგენს სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.

აგროკვლევა ფინეთში

ფინეთის სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის სამინისტრო პასუხისმგებელია პოლიტიკაზე, ბუნებრივი რესურსების გამოყენებასა (ს/მ, მეტყევეობა, მეთევზეობა და ნადირობა, წყლის ბიორესურსები და სოფლის განვითარება) და სურსათის უსაფრთხოებაზე. აქვს რა 5 საკუთარი აგროკვლევითი ინსტიტუტი და ბიუჯეტი აგროკვლევების საკონკურსო დაფინანსებისთვის, იგი ს/ს კვლევის სფეროში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მისი კონკურსები მიმართულია: მეცნიერებაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა შემმუშავებელ პროექტებზე; კონკურენტუნარიანი, ეკოლოგიურად და ეთიკურად მდგრადი ტექნოლოგიების შემუშავების პროექტებზე; სურსათის ხარისხსა და უსაფრთხოების უზრუნველმყოფ პროექტებზე. პოლიტიკის შემუშავებასა და პროექტების გადარჩევაში მას ეხმარება აგრო-სასურსათო კვლევის საკონსულტაციო საბჭო. სამინისტრო თანამშრომლობს კვლევის დამფინანსებელ ევროპულ და სხვა ფინურ ორგანიზაციებთან, რომლებსაც აგრეთვე აქვთ აგროსექტორის რელევანტური კვლევის მიმართულებები და პროგრამები.

ზემოთ მოყვანილი ორი მაგალითი ნათლად გვიჩვენებს სოფლის მეურნეობის სამინისტროების მონაწილეობას ს/ს კვლევების წარმართვაში და, აგრეთვე, საუნივერსიტეტო და აკადემიური მეცნიერების მონაწილეობას ს/ს კვლევებში. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მიმართ სახელმწიფოს პასუხისმგებლობის დონე ევროპაში ძალიან მაღალია.

საკონსულტაციო სამსახურები

უკვე აღვნიშნეთ, რომ კვლევების დაყვანა ფერმერებამდე ს/მ განვითარების საკვანძო საკითხია. განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, ამ საკითხს ჯეროვანი ყურადღება არ ეთმობა, რის გამოც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია იძულებული გახდა გამოეცა სახელმძღვანელო ამ ქვეყნების პოლიტიკური მმართველობისთვის. სამსახურების დანიშნულებაა ინდივიდუალური ფერმების ტექნოლოგიური თუ მენეჯმენტის პრობლემების გადაწყვეტა. ევროპა, ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში. ზოგიერთ ქვეყანაში ეს სამსახურები 100 წელზე მეტი არსებობს (დიდი ბრიტანეთი, დანია, გერმანია). ზოგიერთ ქვეყანაში შექმნილია ერთიანი ეროვნული სამსახური, სხვებში — რეგიონულ (თითოეულ რეგიონში). სამსახურები ან სახელმწიფოა (მაგალითად, გერმანიაში), ან კერძო (ასოციაციები), რომლებიც დიდ დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან.

ევროპის რეგიონული საინოვაციო სისტემები

რეგიონების (ქვეყნების ნაწილების) სასოფლო-სამეურნეო სისტემები და პოლიტიკა დამოკიდებულია იმაზე, ადმინისტრაციულად რას წარმოადგენს რეგიონი. ამ სისტემებში, ეროვნული სისტემების მსგავსად, საკმაო განსხვავებები არსებობს.

განვიხილოთ ორი მაგალითი, რომელშიც შეგვიძლია საქართველოსთვის მრავალი სასარგებლო დეტალი ვიხილოთ.

ბავარიის ს/საინოვაციო სისტემა

ბავარიის თავისუფალი სახელმწიფოს (როგორც მას ოფიციალურად უწოდებენ): მოსახლეობა 12.5 მლნ-ია, მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი – 1.2%, ხოლო მრეწველობისა — 30%. ერთ სულზე გადანაწილებით მშპ – 33,200 ევროა. ბავარიას, ისევე როგორც გერმანიის სხვა მიწებს (რესპუბლიკებს), ფედერალური მიწის სტატუსი აქვს. მთავრობა, რომელსაც ფართო უფლებამოსილება გააჩნია, რამდენიმე სამინისტროსგან შედგება. მთავრობის მეთაური პრემიერ-მინისტრია. სოფლის მეურნეობის განვითარებაზე პასუხისმგებელი სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის სამინისტროებია.

აგროკვლევის სისტემა

ბავარიის სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო მძლავრი კვლევითი ცენტრი სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ცენტრში 10 ინსტიტუტია გაერთიანებული: ს/ს ეკოლოგიის, ორგანული ფერმერობისა და ნიადაგის დაცვის; მემცენარეობისა და მცენარეთა ახალი ჯიშების; მავნებლებთან ბრძოლის; მეცხოველეობისა და ცხოველთა ჯიშების; ცხოველთა კვებისა და საკვების მართვის; მეთევზეობის; აგროინჟინერიისა და მეცხოველეობის; სოფლის განვითარების, ბიზნესის ეკონომიკისა და ს/ს საინფორმაციო ტექნოლოგიების; კვების სამეცნიერო პრობლემებისა და მარკეტინგის; მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის მანქანების. ყველა ინსტიტუტი ქ. ფრაიზინგშია (Freising) თავმოყრილი.

ამის გარდა ცენტრის შემადგენლობაშია: ხარისხის უზრუნველყოფისა და შესწავლის უწყებრივი სისტემა; სწავლებისა და გამოცდის სამი სპეციალიზებული ცენტრი მერძევეობის, ეკო-ფერმერობის, მეფრინველეობისა და წვრილფეხა ცხოველების სფეროებში; სვიის კვლევის ცენტრი.

სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, აგრეთვე, ტექნოლოგიისა და ინოვაციის ცენტრი, რომელიც კვლევითი ცენტრის ინსტიტუტებთან (კომერციალიზაციის ეტაპზე) თანამშრომლობს და კერძო ორგანიზაციებსაც იზიდავს.

უმაღლესი სკოლა. იმავე ქ. ფრაიზინგში მდებარეობს გამოყენებითი მეცნიერების სახელმწიფო უნივერსიტეტი (დაარსებული 1805 წელს, 4000 სტუდენტი), სადაც ისწავლება სოფლის მეურნეობა და კვების მრეწველობა (www.hswt.de) და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ბიომეცნიერებათა განყოფილება (3000 სტუდენტი) (http://www.tumuenchen.de). უნივერსიტეტები ბავარიის მეცნიერების, კვლევისა და ხელოვნების სამინისტროს ექვემდებარება. მათ ფართო საკვლევი პროგრამები, საცდელი და სასწავლო მეურნეობები გააჩნია.

ბავარიის სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო კვლევითი ცენტრი ორი უნივერსიტეტის საკვლევ და სასწავლო დაწესებულებებთან ერთად ქმნის ბავარიის აგროკვლევის კლასტერს. ცენტრების დასახელებიდანაც ჩანს, რომ ბავარიაში აგროკვლევა ფართო მნიშვნელობით იხმარება: წარმოება — ეკოლოგია — სოფლის განვითარება. ამ თვალსაზრისით იგი სავსებით პასუხობს ევროკავშირის ლისაბონის სტრატეგიიდან გამომდინარე აგროკვლევის ფილოსოფიას. ამავე დროს, აგროკვლევაში აქცენტები გამახვილებულია ბავარიის სოფლის მეურნეობის ინტერესებიდან გამომდინარე, მაგალითად სვიის კვლევა.

საკონსულტაციო სამსახური

ბავარიაში საკონსულტაციო სამსახური სახელმწიფო ორგანიზაციაა და სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის სამინისტროს ექვემდებარება. მისი ისტორია 1897 წელს დაიწყო, როდესაც „მოხეტიალე მასწავლებლები” (ს/ს მრჩეველები) სახელმწიფო სამსახურში აიყვანეს. 2003 წლის მონაცემებით ბავარიაში დაახლოებით 570 კონსულტანტია.

კონსულტანტები, როგორც სახელმწიფო მოხელეები, მომსახურებისთვის გასამრჯელოს არ იღებენ. საკონსულტაციო სამსახურებთან დაკავშირებულია, დაახლოებით, 50 პროფესიული გადამზადების სკოლა. კონსულტანტების გადარჩევისა და მომზადების, გამოცდების ჩაბარების სისტემა მკაცრია. ისინი ყოველწლიურად ერთკვირიან გადამზადებას გადიან სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შექმნილ სპეციალურ ელიტის მომზადების სახელმწიფო ინსტიტუტში. კვლევითი და საკონსულტაციო სისტემები ერთად ქმნის ინოვაციის ინსტრუმენტს, რომელიც ცოდნის უწყვეტი ჯაჭვის მოქმედებას უზრუნველყოფს.

ბოლცანოს ავტონომიური პროვინცია  — ალტო ადიჯე
(სამხრეთ ტიროლი)

ავტონომიური ოლქია იტალიაში, რომელსაც გუბერნატორი მართავს. სოფლის მეურნეობა შეადგენს მშპ-ს 3.6%. მრეწველობა – 20%. მოსახლეობა – 500000 ადამიანი, ტერიტორიის 64% განლაგებულია ზღვის დონიდან 1500 მ. მაღლა. მშპ სულზე – 32,000 ევროა. ბოლცანოს პროვინციის სასოფლო-სამეურნეო საინოვაციო სისტემა ძირითადად ლამბურგის სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის კვლევით ცენტრს და სამხრეთ ტიროლის საკონსულტაციო სამსახურს ეყრდნობა.

კვლევითი ცენტრი სახელმწიფო ორგანიზაციაა და პროვინციის სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის დეპარტამენტს ექვემდებარება. პროვინციის ს/მ გასაუმჯობესებლად ცენტრი ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევას აწარმოებს, საველე ექსპერიმენტებსა და მათთან დაკავშირებულ ღონისძიებებს ახალი ცოდნისა და ტექნოლოგიების მისაღებად. სახსრების 39%-ს მას პროვინციის მთავრობა აძლევს, 1% — იტალიის ცენტრალური მთავრობა, დანარჩენს შეადგენს გრანტები (ევროკავშირის, იტალიის მთავრობის და სხვა) და საკუთარი სახსრები. საკუთარ სახრეებს შეადგენს ბოლცანოს ოლქის საკუთრებაში არსებული და ცენტრისთვის მართვაში გადაცემული 36 მიწის ნაკვეთისა და მათზე განლაგებული უძრავი ქონების ექსპლუატაციიდან შემოსავლები, ასევე საკუთარი ღვინის ქარხნიდან, სანერგიდან, თევზის გამრავლების სადგურიდან და რამდენიმე მექანიკური საამქროდან მიღებული. ცენტრში 200 ადამიანია დასაქმებული.

აღნიშნული ნაკვეთები სხვადასხვა გეოგრაფიულ-კლიმატურ ზონაში განლაგებულ საცდელ-სადემონსტრაციო ფერმებს წარმოადგენენ. ერთი ნაკვეთი ბოტანიკური ბაღია. მათ ცენტრის მუშაკები იყენებენ ექსპერიმენტებისთვის, პროფსასწავლებლის სტუდენტები — პრაქტიკისთვის. ფერმების პროდუქცია მრავალფეროვანია — რძე, თაფლი, თევზი, ხილი, ყურძენი, სამედიცინო ბალახები, ღვინო. ცენტრი ინფორმაციას აწვდის ს/ს კონსულტანტებსა და ფერმერებს კურსების, სემინარებისა და გამოცემების მეშვეობით. ცენტრს აქვს საკუთარი მეხილეობის, მეღვინეობისა და მებაღეობის პროფესიული სასწავლებელი. სამხრეთ ტიროლის საკონსულტაციო სამსახური (So­uth Tyro­le­an Advisory Ser­vi­ce) წარმოადგენს ამხანაგობას, რომელშიც 6000-ზე მეტი წევრია გაერთიანებული. სამსახური ეყრდნობა როგორც კვლევითი ცენტრის მიღწევებს, ასევე ცოდნის გარე წყაროებს. კვლევის მთავარი მიმართულებებია მებაღეობა (უმთავრესად ვაშლის კულტურა) და მევენახეობა-მეღვინეობა.  კონსულტანტისგან რჩევების მიღება შეიძლება როგორც  პირადი შეხვედრით, ასევე ტელეფონით, SMS-ით ან ინტერნეტით. სამსახური საწევროებისა და მთავრობის (44%) ხარჯებით არსებობს. თანამშრომელთა რიცხვი 40-ს აღემატება.

ბოლცანოს თავისუფალი უნივერსიტეტი, რომლის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ფაკულტეტი სპეციალიზებულია სოფლის მეურნეობაზე (განსაკუთრებით ბოლცანოს ოლქისთვის პროფილურ მეხილეობაზე), ხოლო მისი კვლევითი სამუშაოები სოფლის მეურნეობის გარემოსდაცვით ასპექტებს ეხება.

სამხრეთ ტიროლში სასოფლო-სამეურნეო საინოვაციო სისტემა ეხება ს/ს წარმოების საკითხთა ძალიან ფართო წრეს: მიწათმოქმედება, ჯიშების შერჩევა, მავნებლებთან ბრძოლა, ნიადაგის დაცვა, მოსავლის შენახვა და გადამუშავება, ყინვებისა და გვალვისგან დაცვა, ინტელექტუალური საკუთრების საკითხები (საფირმო და ადგილწარმოშობის ნიშნები), მარკეტინგის ახალი ფორმები და სხვა. მის მუშაობაში სხვადასხვა პროფესიული გაერთიანება მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მათ გარეშე რთული ინოვაციური ღონისძიებები პროვინციაში საკმაო მასშტაბით ვერ განხორციელდება. სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულმა ყველაზე მნიშვნელოვანმა სახელმწიფო და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა შექმნეს გაერთიანება AGRIOS, რომელმაც პროვინციაში ინტეგრირებული ვაშლის წარმოების სისტემის დანერგვა მოახერხა. სისტემა გულისხმობს ვაშლის წარმოებისადმი ყველა ფერმერის ერთიან მიდგომას, მავნებლებთან ბრძოლიდან დაწყებული და მარკეტინგით დამთავრებული, ერთიანი მაღალი სტანდარტების დაცვას. გაერთიანებულია პროვინციის სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის დეპარტამენტი, ლამბურგის სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის კვლევითი ცენტრი, სამხრეთ ტიროლის საკონსულტაციო სამსახური, მეხილეობის კავშირი სამხრეთ ტიროლი, სამხრეთ ტიროლის ხილის აუქციონების მხარდამჭერი ორგანიზაცია, სამხრეთ ტიროლის ფერმერთა ალიანსი, კავშირი სამხრეთ ტიროლის ახალგაზრდა ფერმერები, უშუალო მეწარმეთა ფედერაცია. ინტეგრირებული სისტემის მოთხოვნები ბოლცანოს პროვინციაში ადგილობრივი კანონია. წლების განმავლობაში სისტემა გაიზარდა და ამჟამად ბოლცანომ ევროპის ვაშლის წარმოებაში 7% დაიკავა, გააფართოვა ექსპორტი, შეამცირა მარკეტინგული ხარჯები, დაამკვიდრა რა მსოფლიოში ადგილწარმოშობის ნიშანი „ვაშლი ბოლცანოდან”, რომლითაც ადგილობრივი ფერმერები სარგებლობენ. ფაქტობრივად, ბოლცანოში ინოვაციური ვიწროსპეციალიზებული მეხილეობის კლასტერია შეიქმნილი.

ამ უკანასკნელი მაგალითიდან ცხადად ჩანს სასოფლო-სამეურნეო საინოვაციო სისტემისთვის საცდელი მეურნეობებისა და სადგურების მუშაობის მნიშვნელობა.

*   *   *

ევროკავშირის გამოცდილების მრავალი ელემენტი შეიძლება ეფექტიანად გამოვიყენოთ საქართველოში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე წევრი ქვეყნების, ახალმიღებული ქვეყნებისა და დიდი ქვეყნების რეგიონების გამოცდილება. ყველა შემთხვევაში, ვაცხადებთ რა ევროინტეგრაციის კურსს, უნდა ღრმად გვესმოდეს ევროკავშირის სოფლის მეურნეობაში მოქმედი მექანიზმები და მისი მაღალი წარმადობისა და მდგრადობის წყაროები.

ოლეგ შატბერაშვილი

შუა აზიისა და კავკასიის სასოფლო-სამეურნეო კვლევითი

ინსტიტუტების ასოციაციის გამგეობის წევრი

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ №13