მედიარუბრიკებისტატიები

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის საქმიანობა საქართველოში

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) — სოფლის მეურნეობის დარგში გაეროს სისტემის ძირითადი სააგენტოა, რომელიც 1945 წლიდან სპეციალური პროგრამების მეშვეობით ქვეყნებს სურსათთან დაკავშირებულ საგანგებო კრიზისის დაძლევაში ეხმარება.

FAO-ს საქმიანობა მიზნად ისახავს ქვეყნებში შიმშილის აღმოფხვრას და ამ მიზნით, ის წევრ ქვეყნებს სთავაზობს საკუთარ გამოცდილებას სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის ფორმირების, ეფექტიანი კანონმდებლობისა და ეროვნული სტრატეგიების შემუშავების მიმართულებით.

საქართველო FAO-ს შეუერთდა 1995 წლიდან, ხოლო 2004 წლიდან მისი წარმომადგენლობა ოფიციალურად გაიხსნა.

საქართველოში ორგანიზაცია მიზნად ისახავს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხარდაჭერას. აღნიშნული გამოიხატება ორგანიზაციის აქტიურ მუშაობაში, როგორც პოლიტიკის, ასევე სხვადასხვა პროგრამების განხორციელების მიმართულებებით.

უფრო ზუსტად კი FAO-ს საქმიანობა საქართველოში ეფუძნება 5 სტრატეგიულ ამოცანას, რომელიც თანხვედრაშია მის რეგიონულ ინიციატივებსა და რეგიონულ პრიორიტეტებთან.

აღნიშნული ამოცანებია:

სიღარიბის, სასურსათო საფრთხეებისა და შიმშილის აღმოფხვრა;

სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის და მეთევზეობის სექტორების პროდუქტიულობის და მდგრადობის ამაღლება.

სოფლად სიღარიბის შემცირება

ინკლუზიური სასოფლო-სამეურნეო და სურსათის უვნებლობის სისტემების დანერგვა.

მოსახლეობის კრიზისებისა და საფრთხეების მიმართ მედეგობის გაზრდა.

აღნიშნული ამოცანები ასახულია 4 პრიორიტეტულ მიმართულებაში, რომელიც განისაზღვრა საქართველოსთან მიმართებაში:

პრიორიტეტი   1: ინსტიტუციური განვითარება;

პრიორიტეტი   2: რეგიონული და სექტორული განვითარება-ღირებულებათა ჯაჭვების განვითარება;

პრიორიტეტი   3: სურსათის უვნებლობა ვეტერინარია და მცენარეთა დაცვა;

პრიორიტეტი   4: კლიმატის ცვლილება გარემოს დაცვა და ბიომრავალფეროვნება.  

ზემოაღნიშნული პრიორიტეტების გათვალისწინებით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ახორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებას, რაც ემსახურება გაუმჯობესებული პოლიტიკისა და გადაწყვეტილების მიღების ეფექტიანობის ამაღლებას.

ამ მიზნით გაწეულ იქნა ტექნიკური მხარდაჭერა სხვადასხვა სახის პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების (მ.შ. სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია – 2015-2020; სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2021-2027; სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სტრატეგია) საკანონმდებლო და ანალიტიკური დოკუმენტების მომზადებისა და მონაცემთა მართვის სისტემების შემუშავების მიმართულებით, გაძლიერდა კოორდინაცია დონორებთან და უშუალოდ სამინისტროს სხვადასხვა რანგის თანამშრომლებისთვის ჩატარდა შესაძლებლობების გაძლიერების ტექნიკური ტრენინგები.

მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სექტორული და რეგიონული განვითარების მიმართულებით, რაც მიზნად ისახავს სოფლად ფერმერთა კონკურენტუნარიანობის ზრდასა და სასოფლო-სამეურნეო სექტორის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფას. ამ მიზნით გასული წლების მანძილზე და მიმდინარე ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს სოფლად სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა საგრანტო მექანიზმებით.

საგრანტო კონკურსები რეგულარულად ტარდება წინასწარ შერჩეულ მუნიციპალიტეტებში ისეთი დარგების მხარდასაჭერად როგორიცაა: მეკარტოფილეობა, მებოსტნეობა, ხორბლის წარმოება, მერძევეობა და მესაქონლეობა. ასევე მიმდინარე ეტაპზე მოხდა დამატებითი ფინანსური რესურსების გამოყოფა სარწყავი სისტემების დასაფინანსებლად.  საგრანტო მექანიზმი წარმოადგენს FAO-ს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, რისი მეშვეობითაც დამატებით ხდება იმ დარგებისა და მიმართულებების მხარდაჭერა, რომელზეც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა პოლიტიკის დონეზე.

მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებებს, რაც მოიცავს მცენარეთა დაცვას, ცხოველთა ჯანმრთერლობის დაცვას, მის მონიტორინგსა და კონტროლს, მიკვლევადობის სისტემების მეშვეობით, რათა უზრუნველყოფილ იქნას უვნებელი და ხარისხიანი პროდუქციის წარმოება.

ორგანიზაციის საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კლიმატის ცვლილებას, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობისა და კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის მიმართულებებს. აღნიშნული თემატიკის ფარგლებში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, როგორც პოლიტიკის დონეზე(ჩამოყალიბდა კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის სამუშაო ჯგუფი), ასევე ველად, სადემონსტრაციო საქმიანობის მიმართულებით.

ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი 2013 წლიდან გაძლიერდა FAO-ს თანამშრომლობა ევროკავშირთან. სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგად ENPARD-ის ფარგლებში გაწეულ იქნა მნიშვნელოვანი სამუშაო, როგორც ტექნიკური მხარდაჭერის, ასევე ექსტენციის და ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერის მიმართულებით.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია, საკუთარი მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე აგრძელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერას, მოქმედებს როგორც ძლიერი პარტნიორი, როგორც სახელმწიფო ისე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისთვის და საკუთარი გლობალური რესურსების გამოყენებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიმართულებით.

მარუაშვილი ჯუბა,

საქართველოში ფაო-ს პოლიტიკის მრჩეველი