აგროსიახლეები

ხორბალზე ფასი უნდა შემცირდეს, თუმცა მოსალოდნელია არასასიამოვნო სიურპრიზები რუსეთიდან“

რაც შეეხება საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ტენდენციებს, ფოთის მარცვლეულის ტერმინალის გენერალური დირექტორი bm.ge-თან ამბობს, რომ მომდევნო 3 თვის განმავლობაში ხორბალზე ფასი შესაძლებელია 280 დოლარიდან 200 დოლარამდე შემცირდეს, თუმცა იმპორტიორები რუსეთის მხრიდან მოულოდნელ გადაწყვეტილებებსაც არ გამორიცხავენ.

„ამ ეტაპზე ფასი ერთ ტონა ხორბალზე არის დაახლოებით 180 დოლარი, ეს არის სასურსათო მესამე კლასის ხორბალი. განწყობა ბაზრის არის ორაზროვანი, ერთის მხრივ მოდის ახალი მოსავალი და ფასების კლება არის გარდაუვალი, თუმცა ამას მეორე მხრივ ეწინააღმდეგება რუსეთის ბაზრის მიერ შემოღებული საექსპორტო გადასახადი, რომელიც აკორექტირებს ბაზარზე მიმდინარე ფასს. ამიტომაც ჩვენი ვარაუდით, ფასი აუცილებლად დაიკლებს, თუმცა მოსალოდნელია, რომ იყოს რაღაც ტიპის სხვადასხვა არასასიამოვნო სიურპრიზები რუსეთის ბაზრის მხრიდან. ამ წუთას არანაირი ხორბლის დეფიციტი არ გვემუქრება, 180 დოლარი ერთ-ერთი მაღალი ნიშნულია, თუმცა მისაღებია ეს ფასი, რადგან ორი თვეა ეს ფასია და ვერ ვხედავთ ამ წუთას ვერანაირ გართულებას.

სეზონის დასაწყისში ივლისის თვეში საშუალოდ ფასი არის ხოლმე 200 დოლარი, დღეს არსბული ფასი 80 დოლარით აღემატება მეტნაკლებად სასტარტო ფასს. 3 თვის განმავლობაში ფასი წესით უნდა შემცირდეს. დაახლოებით ჩვენ ვვარაუდობთ, 70-80 დოლარით, ახალი სეზონიდან იწყება ახალი ცხოვრება; ეს არის ყოველ წელს ჩვეულებრივი პროცესი, მაგრამ როდის წამოვა ფასები ქვემოთ არ ვიცი, უფრო ვფიქრობ, მაისიდან დაიწყება“-აცხადებს ქეთევან კუბლაშვილი.

ის, რომ ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული ხორბლის იმპორტზე, ამის ერთადერთი გადაწყვეტა ადგილობრივი წარმოების განვითარებაა, თუმცა დღეს საქართველოში წარმოებული ხორბალი ადგილობრივი მოხმარების მხოლოდ 10%-ს აკმაყოფილებს. საქართველო კვლავ რჩება ბოლო წლების განმავლობაში რუსული ხორბლის იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყნად.

თუ სტატისტიკას გადავხედავთ, მხოლოდ გასულ წელს საქართველომ რუსეთიდან 17,3 მლნ დოლარის ღირებულების 488 ათას ტონაზე მეტი ხორბლის და მესლინის იმპორტი განახორციელა. მიმდინარე წლის ორ თვეშიც საქართველომ 67 ათასი ტონა ხორბალი იყიდა, საიდანაც რუსეთის მიერ მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვებისა და გაზრდილი საბაჟო ტარიფების მიუხედავად, 50 ათასი ტონა ისევ რუსული ხორბალია.

ავტორი: ელენე გოგბერაშვილი

წყარო: bm.ge