აგრარული განათლებარუბრიკებისტატიები

გამოუყენებელი რეზერვები მეთევზეობის  განვითარებისთვის

გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ მეთევზეობა საქართველოში არსებითად არ ვითარდება მიუხედავად იმისა, რომ მეთევზეობის განვითარების პერსპექტივები საქართველოში მრავალი ბუნებრივი მონაცემით შეიძლება იყოს განპირობებული.

კავკასიონის ქედზე არსებული მყინვარები, რომელთაც ქედის სამხრეთ ნაწილში ვხვდებით ყოველწლიურად დიდი რაოდენობით ყინულის მასას კარგავენ, რაც ჩვენი ქვეყნის უხვწყლიანობას განაპირობებს.

გვაქვს ბუნებრივი სიმდიდრე, რომელიც შემდეგი სახით წარმოგვიდგება:

  1. მდინარის წყალუხვობა;
  2. მაღალმთიანი ზონებიდან მდინარის ვარდნილობა და მათ მიერ სასუქების სახით ლამის ჩამონატანი;
  3. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა, ჰავა და კლიმატი;
  4. დამშრობი და სარწყავი საირიგაციო არხების სიმრავლე;
  5. ბუნებრივ წყალსატევებში ბინადარი თევზებისთვის საკვების მრავალფეროვნება;
  6. მუდმივი დინების სუფთა წყაროს წყლები საკალმახე მეურნეობის მოსაწყობად.
  7. საქართველოში შ. ცომაიას მონოგრაფიით აღრიცხულია 32 198 დიდი და პატარა მდინარე, რომელთა საერთო სიგრძე 75 553 კმ-ია. აქედან თევზის მეურნეობის თვალსაზრისით მხოლოდ 200კმ გამოიყენებოდა. მეცნიერულად შეუსწავლელია ქვეყნის ზოგიერთი წყალსაცავის, მდინარის, არხებისა და ტბების ათვისების, მათში თევზთა სახეობის მიხედვით წარმოებისა და ბუნებრივი საკვების პირობები. ეს უკანასკნელი კი სხვა ხელშემშლელ მიზეზებთან ერთად საშუალებას არ იძლევა კონკრეტული წყალსატევის პასპორტიზაციისთვის. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დღემდე არ ხერხდება თანამედროვე, მეცნიერული პირობების საფუძველზე დარგში მაღალპროდუქტიულობის მიღწევა, რაც რიგი მიზეზებით არის განპირობებული. არ ხდება დღემდე ჯერ კიდევ შემორჩენილი მეურნეობების აღდგენა-რეკონსტრუქცია, მათი სრულ სისტემიანობაში მოყვანა, მძლავრი საინკუბაციო საამქროს შექმნა, რომელიც ქვეყანას მოამარაგებს 30-50 გრამიანი სტანდარტული სანაშენე მასალით. არ იკრძალება ჩასასმელი მასალის სხვადასხვა რეგიონებიდან მეცნიერულად დაუსაბუთებელი და უკონტროლო შემოყვანა და წყალსატევების დათევზიანება მაშინ, როდესაც ყველასათვის ცნობილია, რომ აღწარმოება ეკონომიურად გამართლებული პროცესია და გარკვეულწილად დამზღვევი ეპიზოოტოლოგიური კეთილსაიმედოობისა.

ზემოთ ჩამოთვლილიდან გამომდინარე ადგილზე უნდა მოხდეს ჩვენში ბინადარი ისეთი ძვირფასი თევზის გადამუშავება — გამოყვანა, როგორიცაა: კალმახი, სქელშუბლა, კობრი, ჭაფალა, სიგი, პელიადი და სხვა. თევზის მოშენება-მომრავლება შეიძლება საქართველოს მთისა და ბარის მთელ რიგ რაიონებში. ეკონომიკური გაანგარიშება საფუძველს იძლევა ვთქვათ, რომ ის დიდი არხები, რომლებიც ამჟამად მიტოვებულია და გამოუყენებელი, აღდგენის შემთხვევაში საკმაო რაოდენობით თანხას დაგვიზოგავს და მათი სამეურნეო თვალსაზრისით გამოყენების შემთხვევაში მივიღებთ არანაკლებ პროდუქციას, ვიდრე -მეცხოველეობის ფერმები. ასეთ არხებს წარმოადგენენ საქართველოში განლაგებული ჰიდროელექტროსადგურების მკვებავი ღია სადერივაციო არხები და აგრეთვე დამშრობი და სარწყავი საირიგაციო სისტემები.

საქართველოს მდინარეებში მყარი ჩამონადენი ფორმირდება ზედაპირული ჩამონადენის, კლიმატური პირობების, ნიადაგის შედგენილობის, ცხოველური, მცენარეული საფარის და სხვა ფაქტორების ერთობლივი მოქმედების შედეგად. ჩამონარეცხი წყლების ხარჯზე მდინარეებსა და არხის წყლებში დიდი რაოდენობით მოედინება წყალში გახსნილი აზოტი, ფოსფორი, კალიუმი, კალციუმი და სხვა მიკროელემენტები. იკარგება ძვირფასი ბუნებრივი სასუქი, რომლის გამოყენებაც შეიძლება თევზის სამეურნეო წყალსატევებში თევზის პროდუქტიულობის გასაზრდელად.

მდინარის მიერ ჩამოტანილი ორგანული და მინერალური ნივთიერებები გამოიყენება თევზის ბუნებრივი საკვების წარმოსაქმნელად. ეს ნივთიერებანი წლების მანძილზე განიცდიან რა ჰაერისა და მზის უხვი სხივების აქტიურ მოქმედებას, ხელს უწყობენ მცენარეული და ცხოველური საკვების უხვად წარმოქმნას, რაც 2-3 ჯერ ზრდის თევზის პროდუქტიულობას როგორც დასავლეთ საქართველოში, სადაც სუბტროპიკული ჰავა და კლიმატია, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, რომელიც გვალვიან ზონად ითვლება.

ცნობილია, რომ მოტივტივე ფრაქციების ნალექი, რომელიც ლამის სახით წარმოგვიდგება და მდინარის ჩამონატანს წარმოადგენს, შეიცავს 72% ორგანულ ნივთიერებას, ხოლო ცხოველური ნაკელი ნივთიერებათა მხოლოდ 17%-ს. აზოტის შემადგენლობა ლამაში 2-ჯერ მეტია ვიდრე ცხოველურ ნაკელში, ხოლო ფოსფორმჟავას რაოდენობა 6-ჯერ მეტი, ვიდრე ნაკელში.

აზოტოვანი და ფოსფოროვანი ნაერთები ხელს უწყობენ ტბორებსა და წყალსაცავებში, არხებსა და მდინარეებში წყალმცენარეების და უმარტივესების განვითარებას, საბოლოოდ კი თევზის საკვები ბაზის სახით წარმოგვიდგება. ეს უკანასკნელი ზრდის რა თევზის ბუნებრივი საკვების უხვად წარმოქმნას, ზრდის თევზის პროდუქტიულობასაც.

ტბორებში, სადაც თევზის პროდუქტიულობა დაბალია და ბუნებრივი საკვები ბაზა მწირი (ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი), საკმარისია ბუნებრივი დანალექი ავშალოთ თითებიანი კულტივატორით, რითაც განვაახლებთ ბუნებრივ პირობებში დალექილ ლამს — როგორც ორგანული, ისე მინერალური სასუქის სახით, ამით კი ხელს შევუწყობთ თევზის ბუნებრივი საკვების წარმოქმნასა და გაზრდას. ამავე დროს, გაიზრდება წყალში ჟანგბადიანობა, ხოლო წყლის განახლებით თევზის პროდუქტიულობაც.

მეთევზეობის განვითარებისთვის გამოუყენებელი რეზერვებიდან აღსანიშნავია საქართველოში რეგისტრირებული თერმული წყლების არსებობა, რომელთა ტემპერატურა 50 დან 1000C-მდე აღწევს. აღნიშნულის გამოყენება ზამთრის პერიოდში საგრძნობლად გაზრდის სავეგეტაციო პერიოდს და შესაძლებელს გახდის თევზის ორი მოსავალი მივიღოთ. თბილი წყლით სათავე ტბორის გათბობა და მისი დანერგვა პირველი იქნება საქართველოს თევზის მეურნეობაში, რაც შემოსავლიანს გახდის ქვეყნის მეთევზეობას.

როგორც პრაქტიკამ გვიჩვენა, წარსული წლების შეცდომები მნიშვნელოვანი გაკვეთილებია იმისათვის, რომ შინაწყალსატევებში ბიოლოგიური რესურსების შენარჩუნებასა და თევზის მეურნეობათა გაზრდაზე მწარე გამოცდილების გათვალისიწინებით ვიზრუნოთ.

1990 წლამდე, ქვეყნის თევზის სამეურნეო კომპლექსის საწარმოო სიმძლავრეების გამოყენების შედეგად, საქართველო ყოველწლიურად მოიპოვებდა ოკეანეებში (ატლანტისა და ინდოეთის) 60-65 ათას ტონა თევზს, ხოლო შავი ზღვის სანაპირო ზოლში 80-100 ათას ტონა ქაფშიას.

ოკეანით გატაცებულნი, რადგან ოკეანე დიდძალ იაფასიან თევზს იძლეოდა, სათანადო ყურადღებას არ ვაქცევდით შინაწყალსატევებს. დადგა დრო შეიქმნას თევზის სამეურნეო ტრადიციები და თევზის სამეურნეო მეცნიერება, რომელიც მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე დაირაზმება. უარი უნდა განვაცხადოთ ნადირობის აზარტზე და გონივრულ მეურნეობრიობაზე გადავიდეთ. საჭიროა დროისა და რესურსების ზედმეტი დანაკარგების გარეშე მოვახდინოთ ერთგვარი შემობრუნება „ნადირობიდან“ მეურნეობისაკენ, ოკეანიდან -შინაწყალსატევებისაკენ. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ბიოსფეროს დაცვა მრავალრიცხოვანი პოპულაციების გაქრობისაგან. მნიშვნელოვანია ნებისმიერი საშუალებით იმ აკვატორიუმის ჰიდროფლორისა და ფაუნის დაცვა-შენარჩუნება, რომლებიც თავისთავად წარმოადგენენ ენდემური ფორმებით საქართველოს მდიდარ გენეტიკურ მასალას.

აუცილებელია თევზის რეწვის ზღვარის გულდასმით შესწავლა. ამ სიდიდის ამჟამად მოქმედი მარეგულირებელი სისტემა არაფრით არ არის გამართლებული, ვინაიდან პოპულაციიდან მსხვილი ინდივიდების ამოღება ხელს უწყობს ძნელად მზარდი ინდივიდების გენეტიკურ დამკვიდრებას, რომლებიც საჭიროებენ ბევრ საკვებს და ბიომასას არ ქმნიან. ბიოცენოზში არასასურველი შედეგების თავიდან აცილების მიზნით გულდასმით უნდა დასაბუთდეს სააკლიმატიზაციო სამუშაოები. ადგილობრივი თუ საზღვარგარეთის სამეცნიერო-კვლევითი კორპუსის მიერ მომზადდეს წარმოების სპეციალისტები, რაც დღეისათვის საქართველოში ყველაზე სუსტ რგოლს წარმოადგენს. ქვეყანაში არ არსებობს იქტიოპათოლოგიური სამსახური, რომელიც პრაქტიკაში დანერგავს მეცნიერულად დასაბუთებულ წინადადებებს. მეთევზეობაში მეცნიერული წინადადებებისა და რეკომენდაციების ფართოდ დანერგვა კი საშუალებას მოგვცემს შევამციროთ თევზის დანაკარგები მისი გამოზრდის პროცესში და ამით გავზარდოთ მისი წარმოება. ყოველივე ითვალისწინებს მწარმოებელთა ელიტური ჯოგის შექმნას და გარკვეული გეგმით გენეტიკურ-სელექციური მიმართულებით მუშაობის წარმართვას მზარდად, ადრე მომწიფების უნარიან და დაავადებათა მიმართ მედეგი სატბორე თევზის წარმოებას.

თამაზ გავაშელი, ვეტერინარიის დოქტორი