გარემოს დაბინძურების შემცირება ყოველი მოქალაქის საზრუნავია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პლასტიკის პარკების მწარმოებლებსა და იმპორტიორებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, შეხვედრას მინისტრის მოადგილეები სოლომონ პავლიაშვილი და კახა კაკაბაძე ესწრებოდნენ.
სოლომონ პავლიაშვილმა პლასტიკის პარკების წარმოებას და რეალიზაციასთან დაკავშირებული რეგულაციების საკითხზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში პლასტიკის დეგრადაციის ხარისხის და პლასტიკის მასალებში მეტალების განმსაზღვრელი კვლევების ჩატარება უკვე შესაძლებელია.
„სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა ამ მნიშვნელობის პროექტის განხორციელება. მინდა მოგახსენოთ, რომ აშენდა სპეციალური შენობა, აღიჭურვა საერთაშორისო სტანდარტების მოწყობილობებით, სადაც კვლევები აკრედიტებული მეთოდებით ხორციელდება და აღიარებულია საერთაშორისო დონეზე“,- განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის პოლიმერების ტესტირების ლაბორატორიამ 2024 წელს გაიარა აკრედიტაცია პლასტიკისა და ბიოდეგრადირებად პარკებში პლასტიკის მასალის მიკრო ფრაგმენტებად დაშლის განსაზღვრის და პლასტიკის მასალებში მეტალების (თუთია, სპილენძი, ნიკელი, კადმიუმი, ტყვია, ვერცხლისწყალი, ქრომი, მოლიბდენი, სელენი, დარიშხანი) განსაზღვრის კვლევებზე.
სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე კახა კაკაბაძემ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან კოორდინირებული თანამშრომლობის პრიორიტეტულობის საკითხზე ისაუბრა.
„გარემოს დაბინძურების მაქსიმალურად შემცირება თითოეული მოქალაქის ინტერესშია; სწორედ ამ მიზანს ემსახურება მიღებული რეგულაციები. სახელმწიფო პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის შესაბამისობის მონიტორინგს აპრილიდან დაიწყებს. მოსამზადებელი დრო არის იმისათვის, რომ პროცესს შევხვდეთ შესაბამისი მზაობით. ბიზნესის დაჯარიმება სახელმწიფოს თვითმიზანს არ წარმოადგენს. როგორც იცით, ლაბორატორიული კვლევები უკვე ჩვენს ქვეყანაშია ხელმისაწვდომი, რაც მნიშვნელოვნად ზრდის პროცესის ეფექტიანობას“,- განაცხადა კახა კაკაბაძემ.