გარგარი – სამეფო ხილი
გარგარი ბუნების ნამდვილი საჩუქარია. ის გამოიყენება გულის, სისხლძარღვების, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების სამკურნალოდ, ონკოდაავადებების პროფილაქტიკისთვის.
გარგარი (Prúnus armeniáca) ვარდისებრთა ოჯახის ხეხილოვანი მცენარეა კურკიანი ნაყოფით. მის სამშობლოდ მიიჩნევა ჩინეთი, ინდოეთი, ასევე სომხეთი, საიდანად ალექსანდრე მაკედონელის წყალობით მოხვდა რომში. რომაელებმა მას „სომხური ვაშლი“ უწოდეს. აქედან შემორჩა მას ბოტანიკაში დასახელება armeniáca. მისი ლათინური დასახელება apricus პირდაპირ ითარგმნება, როგორც „მზით გამთბარი“.
გარგარის შემადგენლობა და კალორიულობა
გარგარი ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო და სასარგებლო ხილია. მის შემადგენლობაშია ცილები, ცხიმები, ნაცარი, წყალი, ბეტა-კაროტინი, ქოლინი, ვიტამინები – A, B3, B2, B5, B6, C, E, H, PP, ასევე მინერალური ნივთიერებები: კალიუმი, მაგნიუმი, რკინა, იოდი, ფოსფორი და ნატრიუმი, პექტინები, ინულინი, საკვები ბოჭკოები, შაქრები, სახამებელი, მთრიმლავი ნივთიერებები, ვაშლის, ლიმონისა და ღვინის მჟავები.
ახალი გარგარი აბსოლუტურად უვნებელია მათთვისაც კი, ვინც ჭარბწონიანია, რადგან 100 გრამი პროდუქტი 42 კკალორიას შეიცავს. თუმცა, გარგარის ჩირი ფრთხილად უნდა გამოვიყენოთ, რადგან მასში დიდი შემცველობითაა ნახშირწყლები, ხოლო ჩირის კალორიულობა 100 გრამ პროდუქტზე 232 კ/კალორიაა.
გარგარის სასარგებლო თვისებები
გარგარის გამოყენება სეზონურად ამაღლებს სისხლში ჰემოგლობინის დონეს, აძლიერებს ორგანიზმის დამცავ თვისებებს, არის ფარისებრი ჯირკვლის დაავადების გაჩენის პროფილაქტიკური საშუალება. ხილში მაგნიუმის შემცველობა მას ძალზე სასარგებლოს ხდის გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის ნებისმიერი დარღვევისას, რადგან გულის კუნთის მუშაობას აწესრიგებს. გარგარი ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებას, აბრკოლებს ქოლესტერინის საცობების წარმოქმნას სისხლძარღვების კედლებზე, მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესში და აქტიურად მოქმედებს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნაში.
ასევე, დიდი ხანია ცნობილია, რომ გარგარს (ახალსაცა და ჩირსაც) მსუბუქი გამხსნელი ეფექტი ახასიათებს. მწიფე გარგარი ქრონიკული შეკრულობისთვისაც მისწრებაა, ხოლო გარგარის ჩირი – კურაგა, თუ რამდენიმე ცალს ღამით მდუღარე წყალს დავასხამთ და დილით მივიღებთ ნაყენთან ერთად, უებარი საშუალებაა ნაწლავების მოქმედების მოსაწესრიგებლად და სამკურნალო პრეპარატებს ათასჯერ სჯობს.
ასევე, გარგარი აუმჯობესებს მეხსიერებას, ამაღლებს ტვინის აქტიურობას, ამიტომ რაციონში უნდა ჩართოს ის ყველამ, ვინც ინტელექტუალურად შრომობს, მათ შორის სტუდენტებმა და მოსწავლეებმა.
გარგარის წვენს აქვს ანტიმიკრობული და ბაქტერიციდული თვისებები. მისი მიღება რეკომენდებულია კუჭში ჩირქოვანი პროცესებისას. ასევე, ერთი ჭიქა გარგარის წვენის მიღებით ადამიანის ორგანიზმი ვიტამინების აუცილებელ დღიურ დოზას იღებს.
გარგარის კურკის გულს ხშირად იყენებენ, როგორც ამოსახველებელ და დამამშვიდებელ საშუალებას ხველების, ბრონქიტისა და ლარინგიტის დროს.
გარგარის ხეზე გამოსული ფისი მედიცინაში გამოიყენება გუმიარაბიკის ნაცვლად ზეთოვანი ემულსიების წარმოებაში.
ასევე სასარგებლოა გარგარის ხის ქერქი. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები კარგად მოქმედებს გულისა და ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობაზე. მის მიღებას ურჩევენ ინსულტის შემდეგ, ასევე თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევების დროს. ქერქის წვენი ასევე სასარგებლოა ქალებისთვის მძიმე, გართულებული მშობიარობის შემდეგ, რადგან ის ძალების აღდგენაში ეხმარება.
სამკურნალოდ გამოიყენება ასევე გარგარის ფოთლები – გამხმარი სახით ის დიარეასთან გამკლავებაში დაგვეხმარება, ასევე ორგანიზმს ეხმარება ჭიებისგან გათავისუფლებაში. ახალ, დასრესილ ფოთოლს თუ დაზიანებულ ადგილზე დაიდებთ, ჰემატომა სწრაფად გაივლის. ასევე შეიძლება ახალი ფოთლის დაღეჭვა – ის კბილის ნადებისგან გვარიდებს და ასევე ამცირებს სტომატიტის სიმპტომებს.
შინაგანი სისხლდენისას გამოიყენება გარგარის ყვავილი. ყვავილების ნაყენს შეუძლია ცხვირიდან, ასევე ჭრილობიდან სისხლდენის შეჩერება. ამისთვის გამოიყენება ყვავილების ნაყენში დასველებული დოლბანდი.
გაითვალისწინეთ: გარგარის მიღება და განსაკუთრებით დიდი რაოდენობით არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც აქვს კუჭის მაღალი მჟავიანობა და გასტრიტი, დიაბეტი (ხილში 80% შაქრებია). ასევე, გარგარმა შეიძლება გამოიწვიოს დიარეა.
წყარო: sputnik-georgia.com