გარგარის ალტერნარიოზი და მის წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის პერსპექტივები
ბოლო წლებში, სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი სახელმწიფო სისტემის მოშლის შემდეგ, რასაც სახელმწიფო ახორციელებდა კოლმეურნეობებსა და კერძო საკარმიდამო ნაკვეთებზე, ბევრმა ისეთმა დაავადებებმა იჩინა თავი და ინტენსიურად გავრცელდა, რომლებიც ადრე ან საერთოდ არ იყო ჩვენთან ან უმნიშვნელოდ იყო გავრცელებული. ბრძოლის ერთიანი სისტემის მოშლას თან დაერთო სასოფლო-სამეურნეო კულტურათა უკონტროლო შემოზიდვა. უკონტროლოდ შემოზიდულ პროდუქციას თან შემოჰყვა მავნე ორგანიზმთა ახალ-ახალი სახეობები, რასები, შტამები და საკარანტინო ობიექტებიც კი, რომლებიც ინტენსიურად გავრცელდნენ საქართველოს მრავალფეროვანი კლიმატის პირობებში.
უკანასკნელ წლებში შეინიშნება ხეხილოვანი კულტურების, კერძოდ ვაშლის ალტერნარიოზის გავრცელება, რომელიც იმ დროს, როდესაც ხორციელდებოდა მავნებელ-ავადმყოფობათა წინააღმდეგ ბრძოლის გამიზნული და კარგად დასაბუთებული სისტემა, ქვეყანაში არ არსებობდა.
ჩვენ ახლახან გამოვავლინეთ გარგარის ყლორტების ხმობის ფაქტები, რომელიც ამ გვარის სოკო ორგანიზმით ალტერნარია სპ-ით არის გამოწვეული. ამ გვარის სოკოები ფართო პოლიფაგებია და კარგად ვითარდებიან როგორც მკვდარ სუბსტანტზე, ისე ცოცხალი ორგანიზმის ქსოვილებში, იწვევენ ინტენსიურ პათოლოგიურ პროცესებს და დიდ ზიანს აყენებენ პატრონ მცენარეს.
გარგარის ალტერნარიოზი ჩვენ პირველად აღვნიშნეთ გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში, სადაც დაავადებული იყო გარგარის ერთწლიანი ყლორტები. დაავადების გამომწვევი სოკოს მიცელიუმო და ნაყოფიანობა აღინიშნება ყლორტის მთელ სიგრძეზე და ახალგაზრდა ნაზარდს ახმობს. ყლორტებზე არ არის ფოთლების განვითარების კვალიც კი, ხოლო საყვავილე კვირტები ოდნავ გახსნილია და ღეროზეა მიმჭკნარი (სურ. 1,2). დაავადება კენწეროდან იწყება და მთელ ყლორტზე ვრცელდება.
ღეროზე აღინიშნება მორუხო-მოყავისფრო ლაქები, რომლითაც შემორკალულია ყლორტები, რასაც თან სდევს ახალგაზრდა ნაზარდის ჯერ ჭკნობა, საბოლოო ჯამში კი მათი სრული ხმობა. დაავადებული ყლორტების ანატომიურ ჭრილებში მთელ სიგრძეზე კარგად მოჩანს ალტერნარია სპ-ის მოცემული და ნაყოფიანობა.
დაავადებული ყლორტების ქსოვილებიდან გამოყოფილი სოკოს წმინდა კულტურა იდენტიფიცირებულია როგორც ალტერნარია სპ.
ალტერნარია სპ.-ის სუფთა კულტურის ჯვარედინი შეთესვისას თრიცჰოდერმა ვირიდის-თან ეს უკანასკნელი ინჰიბიტორულად ზემოქმედებს ალტერნარია სპ.-ის კოლონიაზე, რაც საშუალებას იძლევა თრიცჰოდერმა ვირიდის-ი გამოვიყენოთ, როგორც ამ დაავადების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის საშუალება.
ალტერნარიოზის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში მცენარე უნდა გაისხლას, ანასხლავი კი ნაკვეთიდან მოშორებით დაიწვას. საჭიროა მცენარეთა დამუშავება ბიოპრეპარატ ბიოკატენას 2%-იანი ხსნარით დილის ან საღამოს საათებში. ხშირნალექიან პერიოდში წამლობა უნდა გავიმეოროთ ყოველ 7-8 დღეში ერთხელ, ხოლო უნალექო ამინდში 10-12 დღის შემდეგ. ბიოკატენას ძირითადი მოქმედი საწყისია თრიცჰოდერმა ვირიდის, რომელიც თრგუნავს ალტერნარია სპ.-ის ზრდა-განვითარებას და პატრონი მცენარის ქსოვილებში ხელს უშლის პათოლოგიური პროცესების განვითარებას.
ასევე შესაძლებელია მცენარეთა დამუშავება 1%-იანი ბორდის სითხით ან 0,2-0,3%-ანი კაბრიოტოპით.
მცენარეთა გამძლეობის გაზრდის მიზნით რეკომენდებულია „ორგანიკი“ 1%-იანი ხსნარით მათი ფოთლოვანი გამოკვება ან ამავე ორგანული სასუქის 2%-იანი ხსნარის ფესვთა სისტემაში, ვარჯის გავრცელების არეალში 15-20 სმ. ორმოებში, ოთხივე მხრიდან შეტანა.
შ. ყანჩაველი, ლ. რეხვიაშვილი, დ. გეგეჭკორი,
დ. ჩაჩანიძე, კ. კიკორია, თ. ხარხელი.
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“