დარგებივეტერინარია

„შმალენბერგის“ დაავადება

დაავადება, რომლის ისტორია 2011 წლის აგვისტოდან იწყება, პირველად გერმანიის ქალაქ შმალენბერგში მეწველ ფურებში მანამდე შეუსწავლელი კლინიკითა და სიმპტომებით იქნა რეგისტრირებული.

დაავადების გამომწვევი აღმოჩნდა უცნობი ვირუსი, რაც გერმანიის ფრიდრიხ ლეფლერის სახელობის ინსტიტუტში ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა და მიაკუთვნეს ორთობუნიავირუსების გვარის ბუნიავირუსების ოჯახს, ხოლო დაავადებას შმალენბერგი უწოდეს.

2012 წლის იანვარში დაავადება გამოვლინდა დიდ ბრიტანეთში. შემდგომი პერიოდისთვის თავი იჩინა ნიდერლანდებში მეცხვარეობის ფერმებშიც. ამჟამად დაავადება რეგისტრირებულია ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში.

ვირუსის ძირითადი ამთვისებელია მერძეული და მეხორცეული ჯიშიანი მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი და თხა. ინკუბაციური პერიოდი 2-5 დღეა. კლინიკური ნიშნები გამოიხატება ცხელებით, დიარეით, წველადობისა და წონის კლებით, რომლებიც რამდენიმე დღეში ნორმას უბრუნდება. წვრილფეხა რქოსან პირუტყვში შეიძლება მკაფიო კლინიკური ნიშნები არც გამოიხატოს. ავადდება მთლიანი სულადობის 20-დან 70 %-მდე. დაავადებას თან ახლავს მრავლობითი აბორტები. დაბადებული ნაყოფი განუვითარებელია და ახლავს მთელი რიგი სიმახინჯეები: მოგრეხილი კისერი, განუვითარებელი სახსრები, თავის ტვინში კისტოზური წარმონაქმნები, კიდურების არასიმეტრიული ზომები, სქოლიოზი, კუნთების ატროფია, ქვედა ყბის დეფორმაცია, ატაქსია, ჰიდროცეფალიები, მუცლისა და გულ-მკერდის ღრუს ასციტები, სიბრმავე და სხვა. ზოგიერთ ფარაში შეიძლება 50%-მდე დეფექტიანი ბატკნების მოგება მოხდეს. როგორც წესი, ასეთი კლინიკური ნიშნებით დაბადებული ცხოველები მასობრივად ძალიან სწრაფად კვდებიან.

დადასტურებულია ცხოველთა ყველა ასაკობრივი ჯგუფის ამთვისებლობა. ადამიანთა დაავადების შემთხვევები რეგისტრირებული არ არის, თუმცა ჰოლანდიის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერთა კვლევებით ადამიანთა დაავადების შესაძლებლობა არ გამოირიცხება.

შმალენბერგის დაავადებას მიაკუთვნებენ ტრანსმისიურ ინფექციებს და ნაჩვენებია ჰორიზონტალური (სისხლისმწოველი მწერიდან-მცოხნავ ცხოველზე) და ვერტიკალური (ინფიცირებული დედიდან, ტრანსპლაცენტარული — ნაყოფზე) დასნებოვნების გზები.

ხოველთა დასნებოვნების ძირითადი გზებია:

სისხლისმწოველი მწერების კბენა;

დედის ორგანიზმიდან — მაკეობა;

ინფიცირებული სპერმა.

დაავადების პათოგენეზი, ვირუსის გავრცელების ძირითადი მექანიზმი და მისი შორეული მოქმედებები სხვადასხვა მიმართულებებით ვირუსის ჯერჯერობით არასრული შესწავლის გამო უცნობია, ვინაიდან დაავადება ახალია და გამომწვევი მიზეზები სრულყოფილად შესწავლილი არ არის, თან პროფილაქტიკური საშუალებები არ მოიპოვება. ასევე შესწავლის პროცესშია იმუნიტეტის საკითხი იმ ცხოველებში, რომლებსაც ჰქონდათ დაავადების ნიშნები ან მოიხადეს დაავადება.

რუსეთის ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში შემუშავებულია სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემები პოლიმერაზა ჯაჭვური რეაქციით (გენომის) და იმუნოფერმენტული ანალიზის (ანტიგენი-ანტისხეულები) კვლევის მეთოდებით, რომლებსაც წარმატებით იყენებენ მრავალ ქვეყანაში.ევროკავშირის ქვეყნებში ტარდება მასიური მონიტორინგი სისხლის შრატში და რძეში დაავადების ანტისხეულების არსებობაზე.

ახლახანს კლასიფიცირებული ვირუსი სწრაფად ვრცელდება ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც ვეტერინარული სამსახურები სხვადასხვა სქემებით და სტრუქტურებით ნაკლებეფექტურად მუშაობენ. პრობლემად რჩება დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების არარსებობა, დაავადების კუპირებისათვის და აცილებისათვის ორგანიზმის დამცველი პროფილაქტიკური საშუალებების არარსებობა. ზოგიერთ ქვეყანაში მოლოდინის რეჟიმის გამო არავითარი ღონისძიებები არ გაუტარებიათ და ექსპერტთა უმრავლესობა ევროპისა და აზიის ქვეყნებში ახალ-ახალი მრავლობითი კერების აფეთქებას ვარაუდობს.

ვეტერინარული ინსპექტირებისა და მოთხოვნების შესუსტებამ გამოიწვია ის, რომ ავსტრიაში რამდენიმე კვირის მანძილზე დაავადება მცოხნავ ცხოველთა თითქმის 90%-ში გავრცელდა.

ამჟამად მთელ რიგ ქვეყნებს დაწესებული აქვთ დროებითი შეზღუდვები გერმანიიდან, ბელგიიდან, ავსტრიიდან, ნიდერლანდებიდან, ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან,ლუქსემბურგიდან ცოცხალი პირუტყვის, ხორცის, სუპპროდუქტების, სპერმისა და ემბრიონების იმპორტზე.

ევროკავშირის ქვეყნების ვეტერინარი სპეციალისტების მიერ დეტალური ეპიზოოტიური კვლევების შედეგად დადგენილია, რომ დაავადების პირველი კერების ტერიტორიული გამოვლინებები ემთხვევა 2006 წლის ბლუტანგის დაავადების გამოვლინების პირველ შემთხვევებს, რომლის აღმძვრელი ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში მოხვდა თვითმფრინავის მეშვეობით აფრიკიდან ვირუსმტარებელი სისხლისმწოველი მწერებით, რომლებიც მრავალი სახისაა. დაავადების გამოწვევის დღემდე არსებული სტერეოტიპების შესწავლით მეცნიერთა დასკვნებით დაავადება ევროპაში ავსტრალიიდან და ახალი ზელანდიიდან ჯიშიანი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შემოყვანის შედეგად გავრცელდა, რაც მსოფლიო ვაჭრობის გლობალიზაციის შედეგია.

აღნიშნულ პრობლემაზე საერთაშორისო ეპიზოოტიური ბიუროს გენერალურმა დირექტორმა ბერნარ ვალამ დიდი ხნის წინათ განაცხადა: „არაცენტრალიზირებული სახელმწიფო ვეტერინარული სისტემა ძალიან უხერხული და არაეფექტურია დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლაში. ცხოველთა დაავადებებთან ბრძოლა ნამდვილი ომია, სადაც ბევრი ჯარისკაცი და პოლკოვნიკია, გენერალი კი ერთი უნდა იყოს, ბევრი გენერლის შემთხვევაში კი ყველა ომი წაგებული იქნება“.

ცეზარ მაჩიტიძე,

ვეტერინარულ-მეცნიერებათა დოქტორი,

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“