გასული 2017 წელი ქართულ მევენახეობა-მეღვინეობაში
ტრადიციულად გთავაზობთ საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში ჩავლილი წლის შეფასებას. ერთად გადავავლოთ თვალი გასულ წელს ვაზისა და ღვინის სფეროში ჩავლილ მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან მოვლენებს.
ამ ეტაპზე ქართულ მევენახეობა-მეღვინეობის სფეროებს კვლავ უწევს უწიგნურობასთან ჭიდილი. პრობლემას ამძაფრებს დარგის სპეციალისტების დიდი დეფიციტი, რის ფონზეც ზოგიერთი არაკომპეტენტური და უფრო მეტიც, უწიგნური თავს დარგის სპეციალისტად ასაღებს. ასეთები ბოლო პერიოდში მრავლად მოგროვდნენ…
განვლილი წლის მიმოხილვა მევენაეობა-მეღვინეობის სფეროებში გამოცემული ლიტერატურით დავიწყოთ. თუმცა კი, მანამდე აღვნიშნავთ, რომ ზოგიერთი ნაშრომის გამოუცემლობით გაცილებით დიდი სარგებელი შეიძლება მოვუტანოთ ქვეყანას, ვიდრე გამოცემით. დღევანდელი სიტუაცია მოითხოვს ამ სფეროს მკაცრ კონტროლს. უნდა დაარსდეს კომისია, რომელიც გააკონტროლებს მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში გამოსაცემ ლიტერატურას, რადგან სამომავლოდ თავიდან ავიცილოთ ზოგიერთი უხერხულობა.
- ქართული გამოცემებიდან მნიშვნელოვანია ბატონ ბონდო კალანდაძის წიგნი „ჭაჭა, ქართული ფენომენი“. ნაშრომი 2016 წლის მიწურულს დაისტამბა და შესაბამისად იგი საზოგადოების წინაშე 2017 წელს წარსდგა. აღნიშნული ნაშრომი ნამდვილად კარგი შენაძენია დარგისათვის.
- ამავე წელს გამოიცა მცირე ბროშურა სახელწოდებით „როგორ დავაყენოთ ქვევრის ღვინო“. გამოცემა 1914-15-იანი წლების გამოცემებიდანაა გადმოკოპირებული და მას გარდა ისტორიულისა, დღეისათვის არანაირი პრაქტიკული გამოყენება არა აქვს. გარდა ამისა, გაურკვევლია წყაროც. ბროშურიდან, სადაც ქვევრში ღვინის დაყენება 4 ფარატინა გვერდზეა დატეული, ვერ ვიგებთ ავტორის ვინაობასაც…
- სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა გამოსცა მცირე ბროშურა „ვაზის მავნებლები, დაავადებები და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები.
- ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციამ 2017 წელს გამოსცა კედლის კალენდარი სერიიდან „ქართული ვაზის ჯიშები“, სადაც მოცემულია ინფორმაცია გადაშენების პირას მყოფი ვაზის ჯიშების შესახებ.
- ღვინის ეროვნულმა სააგენტომ გამოსცა ინგლისურენოვანი ბროშურა, ნათარგმნი სახელწოდებით – „საქართველო, ღვინის აკვანი“.
- მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა გამოსცა ბროშურა „მუზეუმის საკოლექციო ნაკვეთში არსებული ძველკოლხური უნიკალური ვაზის ჯიშების კატალოგი“. ავტორი გ. ელიავა.
- გერმანიის თანამშრომლობის GIZ – ის პროექტის ფარგლებში გამოიცა ბროშურა „ქვევრის ღვინის იდენტობა“.
- ამავე ორგანიზაციის პროექტით გამოიცა კიდევ ორი ბროშურა: ქვევრის თიხის შემადგენელი ელემენტები და ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები. ქვევრის დამზადების პროცესი.
- და მეორე ბროშურა – წყლისა და ენერგიის მოხმარების დაზოგვა. თვითშეფასების სახელმძღვანელო ღვინის საწარმოებიასთვის.
რაც შეეხება უცხოენოვან გამოცემებს, საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ ეს წელი ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო, რადგან აქამდე არსებულ მწირ ლიტერატურას ძალზე მნიშვენლოვანი წიგნები შეემატა.
- ქალბატონი კარლა კაპალბოს საკმაოდ მოცულობითი ნაშრომი „Testing Georgia“ („საქართველოს გემო“). ავტორმა წიგნის დაწერისას ფაქტობრივად მთელი საქართველო შემოიარა და მოაგროვა ინფორმაცია და ფოტომასალა არა მხოლოდ ღვინის, არამედ ქართული ტრადიციული კულინარიის შესახებაც. ეს ინგლისურენოვანი წიგნი უდაოდ უნდა ჩაითვალოს 2017 წლის გამოცემების ლიდერად.
- შემდეგი გამოცემაა ფრანგული წიგნი „Au pays de Lavigne et du vin, la Georgie“ („საქართველო – ვაზისა და ღვინის ქვეყანა“). ავტორი – პასკალ რეიგნიეცი.
- ასევე მეტად მნიშვნელოვანი გამოცემაა ინგლისურენოვანი წიგნი „Georgia“, რომელიც ერთგვარი გზამკვლევის ფუნქციას ატარებს. წიგნში განხილულია საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დღევანდელი სიტუაცია. ნაშრომს უცხოეთშივე საკმაოდ დიდი დაფასება ხვდა.
იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალი წელი ქართული მევენახეობა-მეღვინეობის გამოცემების თვალსაზრისით არანაკლებ საინტერესო იქნება.
რაც შეეხება დანარჩენ მოვლენებს, ამ მხრივ გასული წელი მეტად საინტერესო იყო. შევეხოთ საფრანგეთის ქალაქ ბორდოში ახლადგახსნილი ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის მუზეუმის გახსნას, რაც წლის მოვლენად უნდა შეფასდეს ჩვენს ქვეყანაში. ეს ფაქტი საფრანგეთის შემდეგ ალბათ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ჩვენთვის, საქართველოსთვის იყო. ფრანგულმა მხარემ მუზეუმის გახსნა დაუკავშირა საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს სტატუსის მქონე ქვეყანას და მუზეუმის გახსნის წელი საქართველოს წლად გამოაცხადა. ამ დროის განმავლობაში საქართველოდან ბორდოში არაერთი დელეგაცია ჩავიდა. თუმცა მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ამ მნიშველოვანი მოვლენისათვის გაცილებით მეტის გაკეთება და მოსწრება შეიძლებოდა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სპეციალურად ამ მოვლენის აღსანიშნავად გამოსცა ვერცხლის 5 ლარიანი მონეტა, რომლის ერთ გვერდზე გამოსახულია ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის მუზეუმი ბორდოში, ხოლო მეორე მხარეს კი ვაზი და წითელი ღვინით სავსე ქვევრი.
- შევეხოთ ტრადიციად ქცეულ ახალი ღვინის ფესტივალს, რაც საქართველოს მეღვინეობის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე უფრო მასშტაბური ღონისძიებაა. აღნიშნული ღონისძიება საკმაოდ დიდ საქმეს აკეთებს განსაკუთრებით მცირე და ტრადიციული მარნების პოპულარზაციის მხრივ.
- ასევე მნიშვნელოვანია ყოველწლიური ღონისძიება ბათუმში – „ოჯახში დამზადებული ღვინის ფესტივალი“. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება სულ უფრო და უფრო იზრდება და იძენს პოპულარობას.
- „ექსპოჯორჯიას“ საგამოფენო ცენტრმა ტრადიციულად უმასპინძლა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენას.
- ქალაქ ქუთაისში გაიმართა ბუნებრივი ღვინის საკმაოდ ფართომასშტაბიანი ფესტივალი.
- ქვევრის ღვინის მეოთხე სიმპოზიუმი გაიმართა იყალთოში, რასაც უმასპინძლა იყალთოს ქვევრის ახლადგახსნილმა სასწავლებელმა. ღონისძიება 2011 წლიდან ყოველ ორ წელიწადში იმართება და ის ქართული ღვინის ცნობადობის მხრივ მნიშვენლოვან საქმეს აკეთებს.
- დედაქალაქში ღვინის კლუბის ინიციატივით უკვე მეორედ ჩატარდა მცირე მარნების ფესტივალი სახელწოდებით – „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“.
- სამეგრელოში, ქალაქ ზუგდიდში ჩატარდა მევენახეობა-მეღვინეობის პირველი სამეცნიერო კონფეენცია.
- წლის მიწურულს ღვინის კლუბის ინიციატივითა და ორგანიზებით მოეწყო ღვინის ორდღიანი საახალწლო ბაზრობა, რომელიც ჩატარდა თბილისში, ღვინის ნომერ პირველ ქარხანაში.
- სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს ინიციატივით ქალაქ ამბროლაურში ჩატარდა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციების განვითარებას რაჭა-ლეჩხუმში. იმავე ღონისძიების ფარგლებში ქალაქ ამბროლაურის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში საფუძველი ჩაეყარა ვაზისა და ღვინის კუთხის ჩამოყალიბებას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია.
- ლონდონში, პლუმპტონის ღვინის კოლეჯში აშენდა ბრიტანეთში პირველი ქართული მარანი, სადაც გასულსავე წელს დაყენდა ღვინოც. უნდა აღინიშნოს, რომ ბრიტანელები დიდი ინტერესით უყურებენ ქართულ ქვევრსა და ღვინის ქართულად დაყენების სქემას. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჭურჭელიცა და ღვინის ტექნოლოგიაც ქართულია.
- სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სპეციალურად ბორდოს მუზეუმისათვის გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომლის ჩვენებაც გაიმართა ბორდოში. ფილმის ნახვა შესაძლებელია ქართულ ინტერნეტ სივრცეში.
- სტუდია „გუთანმა“ გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ბიწკინაშვილების მარანი შაშიანში“.
- იმერეთში ჩატარდა ღვინის ფესტივალი – „თერჯოლა 2017“, სადაც ძირითადად ადგილობრივმა მეღვინეებმა მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ღვინის დეგუსტაცია და საუკეთესო ღვინოების გამოვლენა.
ტრადიციული მარნები
კახეთში, შეიძლება ითქვას, რომ ტრადიციული მარნების მშენებლობამ ძალზე ფართო ხასიათი მიიღო, რაც მისასალმებელია. უკანასკნელ პერიოდში ტრადიციულ მარანში დაყენებული ღვინო საკმაოდ მომრავლდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ხშირია შემთხვევა, როდესაც ოჯახური ღვინის ხარისხი არ არის სათანადო. ეს ყოველივე მემარნეებში დარგობრივი ცოდნის დაბალ დონეზე მეტყველებს, რაც საჭიროებს გამოსწორებას. ზოგადად მოსახლეობაში ვაზისა და ღვინის დარგობრივი ცოდნის დონე ძალიან დაბალია. ძალზე სამწუხაროა, რომ ვაზისა და ღვინის ქვეყანაში არ არსებობს სპეციალური გაზეთი, სადაც მოსახელობა მევენახეობა-მეღვინეობის აქტუალურ საკითხებს გაეცნობოდა, წაიკითხავდა სიახლეებს, ინფორმაციას ახალი გამოცემებისა და ღონისძიებების შესახებ და სხვ. ამგვარი გაზეთის არსებობდა ბევრ პრობლემას გადაჭრიდა და დარგობრივი ცოდნის დონესაც აამაღლებდა. ეს საქმე არა კერძო პირმა, არამედ „ღვინის მთავრობამ“ უნდა გააკეთოს, რაც, მეორე მხრივ, ფინანსურადაც მომგებიანი იქნება, რადგან ამგვარ გაზეთს ნამდვილად დიდი დაფასება ექნება ქვეყანაში და ამასთან ბევრი მკითხველიც ეყოლება. მისასალმებელი იქნება თუ ჩვენი ღვინის მთავრობა ძალისხმევას აქეთკენაც მიმართავს.
მოსაგვარებელია და დიდ პრობლემას წარმოადგენს „თუშური გარმონივით გაწელილი“ მევენახეობის მიკროზონების საკითხიც. ხოლო მეორე მხრივ კი ახალი მიკროზონების დარეგისტრირება. ამ მეტად საჭირბოროტო საკითხებში შესაბამისი კომპეტენციის პირები უნდა ჩაერთნონ.
რიგ ჩასწორებებს საჭიროებს ვაზისა და ღვინის კანონიც, რაც მცირე დროში ნამდვილად ვერ მოესწრება, თუმცა მთავარია, საქმე დაიძრას.
წარმატებას ვუსურვებთ ქართული ვაზისა და ტრადიციული ღვინის ჭეშმარიტ მეგობრებსა და გულშემატკივრებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო საინტერესო იქნება, ხოლო ქართულ ბუნებურ ღვინოს კიდევ უფრო მეტი დამფასებელი გამოუჩნდება ჩვენიც და უცხოეთშიც.
გიორგი ბარისაშვილი
2017 წ.