აგროსიახლეები

საქართველოში ნუშის ინდუსტრიას დიდი პოტენციალი აქვს

„საქართველოში ნუშის ინდუსტრიას საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს, რომ კონკურენციაში ამერიკასთან შევიდეს”, _ ამის შესახებ ნუშის ინვესტორი ამერიკული კომპანია GE I Investment Corp-ის დირექტორმა თორნიკე ლათათიამ განაცხადა.

როგორც ლათათიამ აღნიშნა, ნუშის ინდუსტრია, დაახლოებით, 6 მლრდ დოლარიანია, რომელიც ყოველწლიურად მზარდია. ხოლო მისივე განმარტებით, სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ყოველწლიური მოთხოვნის ზრდას, მიწოდება ვერ ეწევა.  

“საქართველო ნუშის ექსპორტის მხრივ გეოგრაფიულად საინტერესოა. ევროპის ბაზრის დაახლოებით 60-70-%-ს აშშ ამარაგებს, ხოლო  საქართველოში და აშშ-ში ნუშის მსხმოიარობა ერთ პერიოდში ხდება. შესაბამისად, თუ ჩვენ თავიდანვე, სწორ სტრატეგიას ავირჩევთ და მაღალ ხარისხზე გავაკეთებთ აქცენტს, ვფიქრობ, რომ ლოგისტიკურად კარგი პოზიციები გვაქვს, რომ ნუში ევროპის ბაზარს მივაწოდოთ.

ჩვენც შეგვიძლია პოზიციონირება და ეს ბიზნესი სხვა ქვეყნების მსგავსად უნდა ვამუშაოთ. ბაზრებზე ნუშზე მოთხოვნა იზრდება და ეს პანდემიის შემდეგ კიდევ მეტად მოიმატებს.” – განაცხადა თორნიკე ლათათიამ.

მისივე განმარტებით, GE I Investment Corp ამჟამად ნუშის პირველად გადამუშავებაშია, მომავალ წელს უფრო მეტად განვითარდება და 2022 წელს ქართულ ნუშს ექსპორტზეც გაიტანს. 

“პირველ ეტაპზე კომპანიის მხრიდან იმპორტი ჩანაცვლდება, ხოლო შემდგომ იქნება ექსპორტი და ადგილობრივ ბაზარს მარტივად ავითვისებთ. იმპორტის ჩანაცვლების ნაწილში, პრობლემები არ გვექნება, რადგან იმპორტიორებს ხარისხით ვჯობნით და საფასო ნაწილშიც მოვერევით”, – აღნიშნა ლათათიამ.

კომპანია აგრეთვე, აგროტურიზმის მიმართულებით რამდენიმე პროექტზე, კონკრეტულ ადგილებზე მუშაობს. GE I Investment Corp-ის დირექტორის თქმით, პროექტები მზადდება და 2021 წლის პირველ, მეორე კვარტალში კონკრეტულ ლოკაციაზე ნუშის ბაღების გაშენების გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

წყარო: bm.ge