აგრარული განათლებადარგებიმეფუტკრეობა

ღალიანობის თავისებურებები, დამატებითი კვება,  შესაძლო გვერდითი მოვლენები და საფრთხეები

ფუტკრის ოჯახი გარემოში საკვებს სხვადასხვა ინტენსივობის ღალიანობის პირობებში მოიპოვებს.

ფუტკრის ოჯახის ჯანმრთელობისათვის შემდეგი ფაქტორებია გასათვალისწინებელი –

მცირე და საშუალო ღალა იდეალური პერიოდია ოჯახის განვითარების ან სიძლიერის შესანარჩუნებლად, აგრეთვე, საჭიროებისას შესაძლებელია ამ დროს დაიგეგმოს ოჯახის მკურნალობა ვეტერინარული პრეპარატით.

ძირითადი (უხვი) ღალა ოჯახის ნექტრის შეგროვებაზე მობილიზებას ახდენს. თუკი ოჯახი ძლიერი და ჯანმრთელია და არ მრავლდება მოცემული მომენტისთვის, მუშა ფუტკრების დიდი ნაწილი, მათ შორის ახალგაზრდებიც, ნექტრის შეგროვებაზე, დასაწყობებასა და გადამუშავებაზე არიან გადართული. საკვები მარაგების სწრაფად და დიდი რაოდენობით მოპოვება და დაბინავება მალევე აბერებს ფუტკრის ოჯახს მოღალეების სწრაფი ცვეთა-დაბერების გამო და ღალიანობის დასასრულს ოჯახი შესაძლოა შესუსტდეს კიდეც, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ოჯახი დაავადებულია.

ძირითადი ღალის პერიოდში დაუშვებელია ვეტერინარული პრეპარატების გამოყენება და დამატებითი კვების ჩატარება თაფლის მარაგების დაბინძურების რისკის გამო.

შიმშილი ფუტკრის ოჯახის განვითარების ან სიმძლავრის შენარჩუნებისთვის დამაბრკოლებელი მოვლენაა. ფუტკრის ოჯახში საკვების განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მოხმარება ადრე გაზაფხულიდანვე იწყება, მაშინ, როდესაც ოჯახის მოსახლეობის გაახალგაზრდავება და რაოდენობრივი ზრდა მიმდინარეობს. ამ დროს შიმშილი ოჯახს იძულებულს ხდის შეწყვიტოს დედა ფუტკრისა და მოზარდი თაობის გამოკვება და თვითგადარჩენაზე დაიწყოს ზრუნვა. გაზაფხულზე გაგრძელებული უამინდობისას განსაკუთრებით მოულოდნელად და მწვავედ შიმშილი შეიმჩნევა ძლიერ ოჯახებში და ამ დროს საკვები მარაგის სათანადოდ შევსება მეფუტკრის გადაუდებელი მოვალეობა ხდება.

როდის და რით შეიძლება ვკვებოთ ფუტკრის ოჯახი?

თაფლის მარაგის უკმარისობისას და ამავდროულად ბუნებაში ნექტრის არარსებობისას ოჯახის კვება შაქრის ბაზაზე დამზადებული წყალხსნარით ან ცომისებრი მასით არის შესაძლებელი. როდის და რა რაოდენობით უნდა მიეცეს ოჯახს პირველი ან მეორე საშუალება, მეფუტკრემ თავად უნდა განსაზღვროს შემდეგი საკითხების გათვალისწინებით:

შაქრიანი წყალხსნარის გამოყენება რეკომენდებულია, თუკი დაცულია შემდეგი პირობები:

  1. ფუტკრის ოჯახი აქტიურია, ჰყავს ბარტყი და ფუტკრებს შეუძლიათ სკის პერიფერიულ ნაწილებზე თავისუფლად გადაადგილება და საკვებურთან მიახლოება;
  2. მეფუტკრეს აქვს საკვებური, რომელიც გამორიცხავს: მუშა ფუტკრების დახრჩობას ხსნარში, შაქრის წყალხსნარის სუნის გარემოში გავრცელებას და ოჯახებს შორის ქურდობის პროვოცირებას;
  3. ფუტკრის ოჯახს ჰყავს საკმარისი რაოდენობით ზრდასრული მუშა ფუტკრები, რომ შეძლონ შაქრიანი წყალხსნარის საკვებურიდან აღება, ფიჭებში დაბინავება და საჭიროებისას მისი დამწიფება/გადაბეჭდვა.

თუკი ჩამოთვლილი პირობებიდან რომელიმე არ არის დაკმაყოფილებული, მაგრამ ოჯახის კვება აუცილებლად უნდა ჩატარდეს, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შაქრის წვრილ დისპერსიული ფქვილის ბაზაზე დამზადებული ცომისებრი მასა – კანდი.

რას უნდა ვერიდოთ?

წყლით მეტისმეტად გაზავებული შაქრიანი წყალხსნარით კვებას.

შაქრის მასური წილი ხსნარში არ უნდა იყოს 60%-ზე დაბალი. როგორც წესი, ხსნარით დამატებითი კვება ტარდება გაზაფხულზე ან შემოდგომაზე, როდესაც გარემოში ტემპერატურა დაბალია და ოჯახი არ ახდენს ბუდის აქტიურ ვენტილაციას. ამ დროს, არასათანადოდ კონცენტრირებული შაქრიანი წყალხსნარის ოჯახისთვის მიწოდებისას, ფუტკრის ბუდეში მატულობს ფარდობითი ტენიანობა, რაზეც მეტყველებს წყლის კონდენსატის არსებობა სკის კედლების კუთხეებსა და ფსკერზე, მათი შემდგომი დაობებითა და გაშავებით. ოჯახს ტენიან გარემოში მეტი სითბო ეკარგება და სითბოს დანაკარგის კომპენსირებას ფუტკრის გუნდი ნახშირწყლების უფრო მეტი რაოდენობით მოხმარებით ცდილობს, რასაც, თავის მხრივ, წყლის ორთქლის ახალი ულუფის გამოყოფა ახლავს და პრობლემა ღრმავდება. ხშირად ეს მოვლენა ფუტკრის ბარტყის სოკოვანი დაავადების – ასკოსფეროზის განვითარების მიზეზიც ხდება.

საერთო მოხმარების, ღია საკვებურების გამოყენებას.

თაფლნარევი შაქრიანი წყალხსნარის ან თაფლის წყალხსნარის გამოყენებას.

დამატებითი კვებისთვის, თუკი არ ვართ დარწმუნებული, რომ მოცემული თაფლი არ არის ამერიკული სიდამპლეზე კეთილსაიმედო მეურნეობაში მოპოვებული.

ვეტერინარული პრეპარატების შერევას დამატებით საკვებში რომელიმე დაავადების პროფილაქტიკის მიზნით.

თაფლის მარაგით ან თუნდაც შაქრით დამზადებული საკვებით ფუტკრის ოჯახმა შესაძლოა თვეები იცოცხლოს, თუმცა ცილოვანი საკვების დეფიციტისას ოჯახში წყდება თაობათა ცვლა და ოჯახის ზრდა-განვითარება. ოჯახის მიერ ცილოვანი საკვების მოხმარება საკმაოდ რთული პროცესია, მაგალითად, მოღალე ფუტკარი, რომელიც ყვავილის მტვერს აგროვებს და მოაქვს ოჯახში, თავად მას არ მოიხმარს. ყვავილის მტვერს ან მისგან დამზადებულ ფერმენტირებულ და თაფლით „დამტკბარ“ მარაგს – ჭეოს ძირითადად ახალგაზრდა მუშა ფუტკრები მოიხმარენ.

ყვავილის მტვრის მონელების კვალდაკვალ ახალგაზრდა მუშა ფუტკრებს უაქტიურდებათ ცვილის გამომყოფი ჯირკვლები, საკვებწარმომქმნელი ჯირკვლები, რომლებიც მოზარდების და სხვა ზრდასრული მუშა ფუტკრებისა და დედა ფუტკრის საკვებად სხვადასხვა ტიპის რძეს გამოიმუშავებენ. შესაბამისად, ცილოვანი საკვების დეფიციტი მყისიერად აისახება ოჯახის, როგორც ერთიანი სისტემის ნაკვებობაზე, სიცოცხლისუნარიანობასა და პროდუქტიულობაზე. ცილოვანი შიმშილისას მუშა ფუტკრები კანიბალიზმსაც ავლენენ – იკვებებიან რა იმ მოზარდების სხეულით, რომელთა აღზრდასაც ვერ ახერხებენ. კანიბალიზმი, ამ შემთხვევაში, ოჯახის სრულიად ნორმალური და რაციონალური პასუხია ცილოვან შიმშილზე.

ზოგიერთი დაავადება, მაგ., ვაროოზი, ოჯახის მოთხოვნას ცილოვან საკვებზე საგრძნობლად ზრდის.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ფუტკრის ოჯახისთვის ყვავილის მტვრის ხელმისაწვდომობა განსხვავდება, რაც, თავის მხრივ, ფუტკრის ოჯახის სიცოცხლის თავისებურ რიტმს განაპირობებს ყველგან.

როგორ მოვიქცეთ გარემოში ყვავილის მტვრის და ოჯახში მისი მარაგის – ჭეოს უკმარისობისას?

მეფუტკრისთვის და ფუტკრის ოჯახისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ყვავილის მტვრით ოჯახის უზრუნველყოფა გაზაფხულზევე დაიწყოს, ოჯახმა მოახერხოს ახალგაზრდა თაობების აღზრდა და განვითარება, რათა მან შეძლოს გამრავლება და საკვები მარაგის შექმნა. აგრეთვე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემოდგომის დადგომისას ოჯახში გაჩენილმა ბოლო თაობის მუშა ფუტკრებმა უხვად მიიღონ ცილოვანი საკვები დაზამთრებამდე და თავიანთ მუცელში არსებულ ცხიმოვან სხეულში მარაგად აქციონ ის, რათა შეძლონ გამოზამთრება, ზამთარშივე ოჯახიდან გაუსვლელად საკუთარი საკვებწარმომქმნელი ჯირკვლების ამოქმედება და დედა ფუტკრის კვება და ახალი თაობების აღზრდა.

ყვავილის მტვრის დეფიციტი შეიძლება, ორგვარი მიდგომით გადაიჭრას

მთაბარობით – საფუტკრის იმ ადგილას გადაყვანით, სადაც შესაძლებელია მტვრის შეგროვება;

ყვავილის მტვრის ბაზაზე დამზადებული ცილოვანი საკვების ოჯახისთვის მიწოდებით.

ფუტკრის ოჯახისთვის განკუთვნილი ხელოვნური ცილოვანი საკვების არაერთი რეცეპტია გავრცელებული, თუმცა ვერც ერთი ჩამნაცვლებელი ცილოვანი სუბსტრატი, გარდა ყვავილის მტვრისა, სრულფასოვნად ვერ აღმოფხვრის ცილოვან შიმშილს, მათი უმეტესობა შესაძლოა ოჯახისთვის მომწამლავ ნაერთებსაც შეიცავდეს.

წყარომეთაფლე ფუტკრის დაავადებების მართვა  და უვნებელი თაფლის წარმოება