მედია ფერმერებისთვის TVრუბრიკებისტატიები

საქართველოს სოფლის განვითარების ძირითადი მიმართულებები

დღეს სოფელი უაღრესად დაკნინებულია. სოფლიდან მიგრაციული პროცესი ძლიერდება. 1994-2021 წლებში სოფლის მოსახლეობა შემცირდა 764,2 ათასი კაცით. მოსახლეობის შემცირებას თან ახლავს მისი ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის მკვეთრად გაუარესება. სოფლის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დედაქალაქში ეძებს სამუშაოს ან უცხოეთშია წასული, თანაც მიმღები ქვეყნის დონესთან შედარებით ყველაზე დაბალანაზღაურებადი სამუშაოს შესასრულებლად.
2020 წლის მონაცემებით სოფლის მცხოვრებთა 15,8 % უმუშევარი იყო, 27,5 % სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებოდა. ექსპერტთა შეფასებით 200-ზე მეტი გაუკაცრიელებული სოფელია. რიგ სოფლებში 1-5 ადამიანი ცხოვრობს. ცალკეულ რეგიონებში მოსახლეობის სიმჭიდროვე 6,5 კაცს შეადგენს. რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემოსვანეთში მოსახლეობის თითქმის 30% 65 წელს გადაცილებულია.

სოფლად შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა სახელმწიფოს, მთელი საზოგადოების მაქსიმალურ ყურადღებას და ძალისხმევას საჭიროებს. გასათვალისწინებელია, რომ სოფლის მეურნეობის ეფექტიანი ფუნქციონირება უაღრესად რთული და მრავალმხრივი პროცესია, რომელზეც გავლენას ახდენს ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების სიმრავლე, განსაკუთრებით დარგთა შორისი კავშირების რთული ბუნება, საწარმოო ძალების განვითარების დონე, ცალკეულ დარგებში ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებული პოტენციალი. ამ და სხვა თავისებურებათა გამო სოფელი და სოფლის მეურნეობა არა მარტო რთული ბუნებრივსაწარმოო, არამედ სოციალურ-ეკონომიკური ფენომენიცაა. მხედველობაშია მისაღები, რომ ქვეყნის სოფლის მეურნეობა (თავად სოფელიც) განვითარების დონით მკვეთრად ჩამორჩება არა მარტო სხვა ქვეყნების განვითარებას, არამედ საკუთარ რეფორმამდელ დონესაც (ტექნიკური შეიარაღება, საყოფაცხოვრებო პირობები, პროდუქციის რეალიზაციის სიძნელეები, კვალიფიკაცია და სხვა).

დღევანდელი გლეხი თავისი პოტენციალით, ეკონომიკური რესურსებით, კვალიფიკაციით, მკაცრ კონკურენტულ გარემოში თავის ფუნქციებს ვერ შეასრულებს. სოფლის საწარმოო (საინჟინრო) და სოციალური ინფრასტრუქტურა მოშლილია. მიწის ნაყოფიერება კატასტროფულად ეცემა, ეროზიას განიცდის სავარგულების ერთ მესამედზე მეტი (30 წლის წინანდელი ინფორმაციით), სავარგულების (ჩაის პლანტაციები, საძოვრები და სხვა) დიდი ნაწილი გავერანებულია. ფაქტობრივად არ მიმდინარეობს კულტურულ-ტექნიკური სამუშაოები. მინიმალურად არის გამოყენებული საექსპორტო პროდუქციის წარმოების პოტენციალი.

სავალუტო რესურსების შემქმნელი დარგების (ჩაის, ხილის, ეთერზეთების წარმოება) პოტენციალი მინიმალურად გამოიყენება. სოფლის მეურნეობა ფაქტობრივად ნატურალურ მეურნეობას, როგორც წარმოების ფორმას, ეყრდნობა. კოოპერაციის განვითარებას (როგორც ეკონომიკური პოტენციალის კომპლექსურად ამოქმედების ფორმას) ყურადღება არ ექცევა. ასეთ პირობებში გლეხი (სოფლის მუშაკი) მეურნეობის გაძღოლის თანამედროვე ცოდნასა და ჩვევებს ვერ იძენს, მამა-პაპური მეთოდებით საქმიანობაზეა ორიენტირებული, თოხისა და ბარის, ცოცხალი გამწევი ძალის იმედად ცდილობს საკუთარი მოთხოვნილება მინიმალურად მაინც დაიკმაყოფილოს. ძალიან ცოტას აწარმოებს პროდუქციას ბაზრისათვის (2014 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის მიხედვით დაახლოებით 21%-ს). სტიქიურად წარიმართება მცენარეთა დაცვა და ვეტერინალური მომსახურება. როგორც აღინიშნა საცხოვრებელს მასიურად ტოვებს სოფლის მცხოვრები. სოფელს არა აქვს პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი სტატუსი. დღეს სოფლად შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური გარემო ხელს უწყობს გლეხში ეკონომიკური სუბიექტის ქცევის მოტივაციის დაქვეითებას, ზერელე, ხშირად ამპარტავნულ დამოკიდებულებას მიწისა და შრომის მიმართ, რაც აძლიერებს პასიურობას, გაუცხოების, ეროვნული სიმდიდრის განიავება-დატაცებისადმი მიდრეკილებას. განვითარების ასეთ ფონზე ქვეყანას დიდი ძალისხმევა დასჭირდება იმისათვის, რომ გამოვიდეს შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან.

ჩვენი აზრით, ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ გარემოებებს:

– სოფელი (დასახლება) ფაქტობრივად მიკრო კომპლექსია, რომელიც ტერიტორიის კონკრეტულ ნაწილში განვითარების ბუნებრივ სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული და სხვა პირობების ზეგავლენით ყალიბდება. ეს თავისებურება განსაკუთრებულ აქტუალობას ანიჭებს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვას. ამიტომ აუცილებელია სოფლის (თემის) – მუნიციპალიტეტის რეგიონის (მხარის) ურთიერთობების სრულყოფის პრინციპებისა და მექანიზმების განსაზღვრა. ამოსავალი უნდა იყოს ადგილზე არსებული რესურსული პოტენციალის (პირველ რიგში მიწის რესურსების) რაციონალურად გამოყენება, განვითარების (ეკონომიკური ზრდის) ერთ-ერთ მთავარ პრინციპად სოციალური პრობლემების (დასაქმება, განათლება, კულტურა, ჯანმრთელობა და სხვა) გადაწყვეტა უნდა მივიჩნიოთ.

– გასათვალისწინებელია ის თავისებურებაც, რომ სოფელი (თემი) ტერიტორიულ სივრცობრივი ისეთი „ზონაა“ , რომელიც ლოკალურად ახდენს გავლენას ეკოლოგიური პირობების დაცვაზე. პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ, დემოგრაფიულ სტაბილიზაციაზე, ეროვნული ტრადიციების შენარჩუნება – განმტკიცებაზე. ყოველივე ეს ადასტურებს იმას, რომ სოფლის (თემის) სოციალურ-ეკონომიკური განვითარება უნდა წარიმართოს მიზნობრივი პროგრამებით. სოფელს (თემს) უნდა ჰქონდეს განვითრების სტრატეგია, რომელშიც ჩამოყალიბდება პრიორიტეტები, განისაზღვრება განვითარების ფონდი, (როგორც შიდა წყაროები, ასევე გარედან მოზიდული სახსრები). მიწის გადასახადი მთლიანად, ასევე სოფლის (თემის) ტერიტორიაზე ფუნქციონირებადი საწარმოების სავაჭრო ობიექტების და სხვა ორგანიზაციების შემოსავლების გარკვეული ნაწილი სოფლის (თემის) განვითარების ფონდში უნდა იყოს აკუმულირებული.

– სოფელს (თემს) მუდმივ სარგებლობაში უნდა გადაეცეს ამჟამად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფართობი (საძოვარი, სათიბი, წყლის ფონდის, ტყის ფონდის მიწა და სხვა რესურსები), რომლებიც მოცემულ ტერიტორიაზეა (გასათვალისწინებელია ადგილობრივი თავისებურებები).

– განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მთის რეგიონების (მუნიციპალიტეტების, სოფლების (თემების) სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. ამჟამად მოქმედი კანონი ვერ უზრუნველყოფს მწვავე პრობლემების გადაწყვეტას.

– მიზნობრივ-პროგრამული მეთოდის გამოყენების უპირატესობას თავად მიზნების მრავალგვარობა განაპირობებს. ეს თავისებურება ნათლად გამოჩნდა უკანასკნელ წლებში ქვეყანაში მიმდინარე ტრანსფორმაციული პროცესების შედეგებში, როცა ერთმანეთს დაუპირისპირდა საერთო სახელმწიფოებრივი, რეგიონული, მუნიციპალური და სოფლის (თემის) ინტერესები. სამწუხაროდ, ეს პროცესი გამოვლინდა ეროვნული სიმდიდრის ძარცვაში (მიწების მიტაცება, საზოგადოებრივი მეურნეობების ქონების ძარცვა და სხვა).

– მიზნობრივი პროგრამების ფორმირება-განხორციელებას განაპირობებს ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგნოზირებისა და სტრატეგიულ დაგეგმვის დონე. სამწუხაროდ, ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარებაში პროგნოზირებისა და სტრატეგიული დაგეგმვის როლი -ნომინალურია, რაც ხელს უშლის მიწისა და სხვა რესურსების რაციონალურად გამოყენების ორგანიზაციულ-მმართველობითი და ტექნიკურ-ეკონომიკურ ღონისძიებათა შემუშავება-განხორციელებას.

– გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შეიქმნას მდგრადი განვითარების, პროგნოზირებისა და სტრატეგიული დაგეგმვის სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს სოფლისა და სოფლის მეურნეობის კომპლექსური განვითარებისათვის არსებული რესურსული პოტენციალის რაციონალურად გამოყენების შესწავლა-ანალიზს, რომლის საფუძველზე განისაზღვრება ეკონომიკური ზრდისა და სოციალური განვითარების პარამეტრები, დარგობრივი სტრუქტურის სრულყოფის რეკომენდაციები და ა.შ.

– დაისვას საკითხი საქართველოს პარლამენტის წინაშე, რათა დაჩქარდეს „საქართველოს სოფლის სტატუსის შესახებ“ – კანონის მიღება.

– ეთხოვოს საქართველოს მთავრობას შეიმუშავოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარება – მოდერნიზაციის სახელმწიფო პროგრამა 2030 წლამდე პერიოდისათვის.

პროგრამის შემუშავების ორგანიზაციული საკითხები

2030 წლამდე პერიოდისათვის რეალურად იკვეთება საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ორი სცენარი: პირველი – ინერციული, რომელიც ეფუძნება მხოლოდ არაეფქტიანი საბაზრო მექანიზმებით განვითარებას, ამ შემთხვევაში შენარჩუნდება სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ჩამოყალიბებული ნეგატიური ტენდენციები, რაც მომავალში უფრო გააღრმავებს ეკონომიკურ კრიზისს და შეაფერხებს ქვეყნის განვითარებას; მეორე – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებამოდერნიზაცია სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამებით, რომლებიც დაეფუძნება არსებული რესურსული პოტენციალის (განსაკუთრებით მიწის რესურსების), სასოფლოსამეურნეო წარმოების სპეციალიზაციის, მისი რაციონალური გაადგილების და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას, ორგანიზაციულ-მმართველობით ფაქტორს. მისი უპირატესობა ისაა, რომ რესურსების მიზნობრივ-პრიორიტეტული გამოყენებაკონცენტრაცია აჩქარებს განვითარების როგორც ინტენსიფიკაციას, ასევე ჯერ კიდევ არსებული ექსტენსიური პოტენციალის ეტაპობრივად ამოქმედებას (განსაკუთრებით მიწის დაუმუშავებელი ფართობების აღდგენა-ათვისებას).

 ქვეყანამ მხარი უნდა დაუჭიროს მეორე მიდგომას

2030 წლამდე პერიოდისთვის საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარება-მოდერნიზაციის პროგრამით, უნდა განისაზღვროს სტრატეგიული მიზანი, ამოცანები, ეტაპები, პრიორიტეტები, მათი განხორციელების ორგანიზაციულეკონომიკური მექანიზმები. პროგრამაში პასუხი უნდა გაეცეს სამ მთავარ კითხვას:

ა) განვითარების რომელ საფეხურზე იმყოფება საქართველოს სოფელი და სოფლის მეურნეობა?

ამ კითხვაზე პასუხი იმიტომ გვჭირდება, რომ ვიცოდეთ როგორია განვითარების, მოდერნიზაციის სასტარტო ბაზა, თავისებურებანი, ტენდენციები, გამოვლენილი კანონზომიერებანი, გლობალურ პროცესებთან ადაპტირების უნარი, პოსტპანდემიური გამოწვევები და სხვა, რაც საფუძვლად უნდა დაედოს განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივის პროგნოზირებას.

ბ) როგორია საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიული მიზანი?

ამ შემთხვევაში საკმარისი არ არის ვიცოდეთ მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობები, აუცილებელია გარემო (მეზობელი ქვეყნების) და სხვათა ინტერესების (პოტენციალის) შესწავლა, მათი თანხვედრის, თუ დაპირისპირების, მოსალოდნელი გამოწვევებისა და მუქარების პროგნოზირება, კვლევის თანამედროვე მეთოდებით უნდა განისაზღვროს ქვეყანაში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მთავარი მიმართულებები.

გ) რა რესურსებით, მექანიზმებით და ვადაში მიიღწევა მიზანი?

ამისათვის აუცილებელია სწორად განისაზღვროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია, ამოცანები, მათი განხორციელების ფორმები და მექანიზმები (საშინაო და საგარეო პოლიტიკა, გეოეკონომიკური რესურსები, ქვეყნის მმართველობითი მოდელი და სხვა).

პროგრამის ძირითადი კონცეფტუალური და მეთოდოლოგიური მიდგომებია:

ქვეყნის ეკონომიკის, კერძოდ სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარებამოდერნიზაცია ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება-განმტკიცების ერთ-ერთ განმსაზღვრელ ორიენტირად უნდა მივიჩნიოთ, იგი არა მხოლოდ მისი ექსკლუზიური როლით (ქვეყნის სურსათით უზრუნველყოფა) განისაზღვრება, არამედ იმითაც, რომ მისი განვითარების მასშტაბებსა და ეფექტიანობაზეა არსებითად დამოკიდებული ეროვნული ეკონომიკის ახალი დარგობრივი სტრუქტურის ჩამოყალიბებაც.

ქვეყნის გეოეკონომიკის, როგორც განვითარების სტრატეგიული რესურსის გათვალისწინება საშუალებას მისცემს ქვეყანას შეასრულოს ევროპისა და აზიის ქვეყნების ეკონომიკური ინტერესების ხელშემწყობი ფაქტორის როლი. განსაკუთრებით გაიზრდება მოთხოვნა სოფლის მეურნეობის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე, კვალიფიციურ მუშახელზე, ახალ ტექნოლოგიებზე. არ უნდა გამოვრიცხოთ ქვეყნის ტერიტორიაზე თავისუფალი ეკონომიკური (სავაჭრო ან სხვა) ზონის ფუნქციონირებაც.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარება-მოდერნიზაციის პროგრამა უნდა იყოს მოქნილი, რათა ოპერატიულად და ერთდროულად მიესადაგოს შემდეგ სამ გამოწვევას:

ა. პანდემიის (პოსტპანდემიის) პირობებში უზრუნველყოს მოსახლეობის სასურსათო უზრუნველყოფის სტაბილური პირობების შექმნა (პირველ ეტაპზე უპირატესობა ეძლევა სასურსათო პროდუქციის წარმოების იმპორტ ჩანაცვლებას);

ბ. საექსპორტო პროდუქციის წარმოების სტიმულირებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა (ექსპორტის ყოველმხრივი სტიმულირება);

გ. სოფლისა და სოფლის მეურნეობის ეფექტიანმა განვითარება-მოდერნიზაციამ მნიშვნელოვანწილად უნდა უზრუნველყოს ეროვნული ეკონომიკის კომპლექსური განვითარების მაღალი ტემპები, მასშტაბები, ახალი დარგობრივი სტრუქტურის ფორმირება-ფუნქციონირება;

მოსახლეობის სასურსათო უზრუნველყოფაზე ორიენტაცია ყოველმხრივ გამართლებულია ქვეყანაში, სადაც სასურსათო პროდუქტების მოხმარება თითქმის არც ერთ სახეობაში არ არის უზრუნველყოფილი ადგილობრივი წარმოებით. ცხადია, ქვეყანა საკუთარი წარმოებით ყველა სახის სურსათზე მთლიანად მოთხოვნილებას ვერ დააკმაყოფილებს, მაგრამ მხოლოდ იმპორტზე ქვეყნის დამოკიდებულება დიდ რისკებთანაა დაკავშირებული და ამიტომ მიუღებელია. ორიენტაცია უნდა ავიღოთ ადგილობრივი წარმოების მაქსიმალურად ზრდისა და იმპორტის რაციონალურ შეთანწყობაზე. რეალურად უნდა შეფასდეს სასურსათო პროდუქტთა ნუსხის მიხედვით (პური და პურპროდუქტები, ხორცი და ხორცპროდუქტები, რძე და რძის პროდუქტები, კვერცხი, კარტოფილი, ბოსტნეული, ხილი, მცენარეული ზეთი, შაქარი, თევზი და თევზპროდუქტები). პერსპექტივაში ქვეყნის მოთხოვნილების დაკმაყოფილების პოტენციალი და საბაზრო კონიუნქტურის შესაბამისად განისაზღვროს დარგობრივი სპეციალიზაციის ამოცანები, ინტენსიფიკაციის დონის ამაღლების, მატერიალური და ადამიანური რესურსების ეფექტიანად გამოყენების, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა-გავრცელების ღონისძიებანი.

ქვეყნის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარება-მოდერნიზაციის ძირითადი ორიენტირი უნდა იყოს მიწის რესურსების რაციონალური გამოყენება, კოოპერაციის ფართოდ განვითარება, აგროსამრეწველო ინტეგრაციის გაღრმავება (სასოფლო-სამეურნეო წარმოების ინოვაციური ტექნოლოგიების საუძველზე ფუნქციონირება), სპეციალიზაციისა და კონცენტრაციის თავისებურებათა გათვალისწინებით გადამამუშავებელი, პროდუქციის შენახვისა და რეალიზაციის საწარმოო სიმძლავრეების უპირატესი განვითარება, შრომითი რესურსების რაციონალური განაწილება, რეგიონების ბუნებრივ-საწარმოო პირობების შესაბამისად სოფლის მეურნეობის მომიჯნავე დარგების რაციონალური გაადგილება, ინოვაციური ტექნოლოგიების ბაზაზე ეკოლოგიურად სუფთა და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოების გაფართოება და სხვა;

 – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარება-მოდერნიზაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს სტრუქტურებს მეცნიერებასთან ერთად, რადგან დღეს მხოლოდ საბაზრო მექანიზმებს, მით უფრო თავადფორმირებადს, არ შეუძლია დააჩქაროს დარგის კრიზისიდან გამოსვლა. სახელმწიფომ 4-5 წელიწადში უნდა შეძლოს ეფექტიანი ეკონომიკური სისტემის მყარი საფუძვლების ფორმირება, ამისათვის წინაპირობები ფაქტობრივად შექმნილია. ამჯამად, ქვეყნის სამეწარმეო სფეროში რეგისტრირებულ საწარმოთა 98%, წარმოებული პროდუქციის 95,7%, ძირითადი კაპიტალის 80%-მდე არასახელმწიფო სექტორშია. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის თითქმის 100%, სამრეწველო პროდუქციის 96%, სატრანსპორტო პროდუქციის 60%-მეტი, სამშენებლო პროდუქციის 95% მეტი კერძო სექტორში იწარმოება, ასეა მომსახურების სფეროც. ეს თვისებრივად ახალი რესურსია, რომლის რაციონალურად გამოყენება უნდა მოხდეს მიზნობრივი პროგრამებით;

 – სოფლის სოციალური პრობლემების გადაწყვეტაზე ფოკუსირებას პრინციპული მნიშვნელობა აქვს სოფლად დემოგრაფიული მდგომარეობის გაჯანსაღებისა და ახალგაზრდობის დასაქმებისთვის. სოფლად მცხოვრებს უნდა ჰქონდეს მეურნეობის გაძღოლის თანამედროვე მეთოდების, ახალი ტექნოლოგიების ათვისების, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების პირობები. ქართული სოფელი, როგორც სოციალურეკონომიკური და კულტურული ფენომენი, ყოველმხრივ განმტკიცებას საჭიროებს, პირველ რიგში გადასაწყვეტია სოფლისათვის სტატუსის მინიჭების საკითხი.

– განვითარების ახალი ტენდენციების გათვალისწინება, მხედველობაში გვაქვს რურალიზაცია – ქალაქის მოსახლეობის საცხოვრებლად სოფლად გადასვლის პროცესი, რომელმაც მნიშვნელოვანი მასშტაბები შეიძინა განვითარებულ ქვეყნებში. პრაქტიკა ადასტურებს, რომ მომავალში ურბანიზაციის პროცესს მნიშვნელოვან წილად რურალიზაცია ჩაანაცვლებს. ეს წინააღმდეგობრივი პროცესია, ამიტომ სახელმწიფოებრივი რეგულირება სჭირდება. რურალიზაციის პროცესი დააჩქარებს ცხოვრების დონის ამაღლებას, სოფლად საწარმოო და სოციალური სფეროს გაჯანსაღებას და სხვა.

– სოფლის მეურნეობის განვითარების თანამედროვე ეტაპზე ჩამოყალიბებული წინააღმდეგობრივი რეალობის გათვალისწინება, ერთი მხრივ წვრილი ოჯახური მეურნეობები, რომელთა 75% ფლობს ერთ ჰექტრამდე მიწას და ბუნებრივია, მათ შეზღუდული აქვთ მანევრირების, მეცნიერულ-ტექნიკური სიახლეების დანერგვის შესაძლებლობა. ამიტომ მარტო ისინი ვერ შეძლებენ ქვეყნის მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფას. მეორე მხრივ, ფსიქოლოგიური მომენტის გავლენით (კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობების როლის ე.წ. მსოფლმხედველობითი წარმოდგენები) მეურნეობის კოოპერაციული ფორმების მიმართ უნდობლობა. მესამე მხრივ, სოფლისა და სოფლის მეურნეობის უპირატესი განვითარება, როგორც სტრატეგიული ამოცანა კომპლექსური ღონისძიებების განხორციელებას მოითხოვს.

ორგანიზაციულ-მმართველობითი ფაქტორი, რომელიც სხვა ფაქტორების (რესურსების) ურთიერთმოქმედების, ურთიერთგანპირობებულობის დონით, განვითარების მიზნისა და მისი განხორციელების საშუალებათა კოორდინაციით ასრულებს მარეგულირებელ ფუნქციებს და განაპირობებს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზანმიმართულ ხასიათს.

ინოვაციური ტექნოლოგიების მოძიება და მათი მასიური დანერგვა-გავრცელება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეფექტიანობის ამაღლების, მემცენარეობის, მეცხოველეობის და ყველა სხვა მიმართულების მიხედვით, ასევე მეთესლეობის, სარგავი მასალის წარმოების, სანაშენო საქმის ორგანიზაციის, მცენარეთა დაცვის და სხვა სამსახურების შესაბამის სამეცნიერო ცენტრებთან ინტეგრირება სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შედეგების გამოყენების ასამაღლებლად.

ინოვაციური ტექნოლოგიების შემსწავლელი და გამავრცელებელი სპეციალისტების მომზადებისთვის პროფესიული სასწავლებლების, კოლეჯების, კვალიფიკაციის ამაღლების კურსების, კონსალტინგის სამსახურების მობილიზება, რათა კერძო სექტორისა და სახელმწიფოებრივი ინტერესების შესაბამისად უზრუნველყოფილი იყოს კადრების მომზადება-გადამზადება.

 პროგრამულ-მიზნობრივი მიდგომის უპირატესობა ისაა, რომ მასში აისახება პირდაპირი კავშირი დასახულ მიზანს და მისი მიღწევის რესურსულ და ეკონომიკურორგანიზაციულ უზრუნველყოფას შორის, რეალურად განისაზღვრება ადგილობრივი ბუნებრივ-საწარმოო პირობების და ფაქტორების კომპლექსურად ამოქმედების გზები და საშუალებები. პროგრამა საზოგადოებისთვის გახდება ქვეყნის სოფლისა და სოფლის მეუერნეობის განვითარება-მოდერნიზაციის სტრატეგიისა და ტაქტიკის შეფასების საფუძველი გამჭირვალობის მაღალი ხარისხით, რაც ბუნებრივია, სახელმწიფოს უკარნახებს სიტუაციის შესაბამისად კორექტივები შეიტანოს მის განხორციელებაში, იმოქმედოს გარდაქმნის პრაგმატული მოსაზრებებით.

2030 წლამდე პერიოდისათვის საქართელოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარება-მოდეფრნიზაციის სახელმწიფო პროგრამის რეალიზაციის მთავარი ინსტრუმენტია მიზნობრივი პროგრამები, რომლებიც უნდა შემუშავდეს რესურსული პოტენციალის (მიწა, შრომითი რესურსები, კაპიტალი, მეწარმეობისთი უნარი და სხვა) და ინოვაციური ტექნოლოგიების რაციონალურად გამოყენების საგუძველზე. პროგრამაში უნდა განისაზღვროს 2030 წლამდე სოფლის მეურნეობაში ეკონომიკური ზრდის რეალური პარამეტრები: მოცულობები, ტემპები, ეტაპები, პოლიტიკური, ეკონომიკური, ორგანიზაციულ-სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას. ეკონომიკური ზრდის დასახული მიზანი {ამოცანები} შეჯერებული უნდა იყოს სახელმწიფოს ფულადსაკრედიტო, საბიუჯეტო, საინვესტიცო პოლიტიკასთან.

ეკონომიკური ზრდის სამოქმედო გეგმა-პროგრამა უნდა ქონდეს ქვეყნის ტერიტორიაზე ფუნქციონირებად ყველა საბაზრო სუბიექტს (ქვეყნის სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობაში 2021 წლის 1 აპრილის მდგომარეობით 7134 სუბიექტიდან აქტიურად ფუნქციონირებდა მხოლოდ 33%), მუნიციპალიტეტს, მხარეს, რომელთა სამოქმედო გეგმა-პროგრამა წინასწარ იქნება შეჯერებული რესურსულ პოტენციალთან.

 სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარება-მოდერნიზაციის სახელმწიფო გეგმის შემუშავებისათვის მიზანშეწონილია შეიქმნას დროებითი სამთავრობო კომისია დაინტერესებული სამინისტროების (უწყებების, სამეცნიერო წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო, ეკონომიკური და ფინანსური ინსტიტუტების, საქრთველოს ეკლესიის წარმომადგენელთა შემადგენლობით).

კომისიამ კონკრეტულ ვადაში (განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა) უნდა უზრუნველყოს პროგრამის პროექტის მომზადება, რომელიც საჯარო განხილვისათვის მიეწოდება საზოგადოებას.

 მიზანშეწონილია საბოლოო გადაწყვეტილება პროგრამის შესახებ მიიღოს საქართველოს მთავრობამ.

წყარო: საქართველოს სოფლის მეურეობის მეცნიერებათა აკადემია (წლიური ანგარიში)