ღვინო „მანავი“ _ მევენახეობის მიკროზონა „მანავი“
გეოგრაფიული მდებარეობა – მევენახეობის სპეციფიკური ზონა “მანავი” მდებარეობს გარე კახეთში, საგარეჯოს ადმინისტრაციულ რაიონში, ცივ-გომბორის ქედის სამხრეთ და მის მიმდებარე ფერდობების მთისწინებზე ჩრდილო განედის _ 41044’׀ და აღმოსავლეთის გრძედის 45027′ და მათ მახლობლად მდებარე კოორდინატებზე. სამრეწველო ვენახები ძირითადად განლაგებულია ზღვის დონიდან 450-800 მეტრ სიმაღლის საზღვრებში. ივრის ზეგანის ამ ნაწილის ფიზიკურ-გეოგრაფიულ ინდივიდუალობას განსაზღვრავს მისი ერთობლივი შემაღლებულ-ვაკისებრი, დატალღული, სუსტად დანაწევრებული რელიეფი და კონტინენტური კლიმატიდან ზღვის კლიმატზე გარდამავალ ოლქში მდებარეობა.
ღვინო „მანავის“ მიკროზონა მოიცავს შემდეგ სოფლებს: თოხლიაური, მანავი, ბურდიანი, გიორგიწმინდა, ანთოკი, მარიამჯვარი, დიდი ჩაილური, პატარა ჩაილური, კაკაბეთი და ვერხვიანი.
კლიმატი – ზომიერად ნოტიოა, ზომიერად ცივი ზამთრით და თბილი ხანგრძლივი ზაფხულით.
მიკროზონაში მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 2100-2200 საათის ფარგლებშია, ხოლო სავეგეტაციო პერიოდში 1650 სთ-ს უდრის. ჯამობრივი რადიაციის წლიური სიდიდე 120-130 კკალ/სმ²-ია. წლიური რადიაციული ბალანსი 50-52 კკალ/სმ²-ს უდრის.
მიკროზონაში ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 9-12°C-ის ფარგლებშია, აქ ყველაზე ცივი თვე იანვარია, რომლის საშუალო ტემპერატურა დასახელებული სიმაღლეების შესაბამისად 0-დან -20°C-მდე იცვლება, უთბილესი თვეების (ივლისი, აგვისტო) საშუალო ტემპერატურა კი 23,5-22°C საზღვრებში იცვლება, მანავში – 650 მ სიმაღლეზე 230 უდრის.
წლიური აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურებიდან საშუალო -12, -14°C-ის ფარგლებშია. 10 წელიწადში ერთჯერ მინიმალური ტემპერატურა შესაძლოა -17, -190-მდე დაეცეს. ექსტრემალური ტემპერატურები -25 _ +39°C-ის ფარგლებშია.
მხარის უმეტეს ნაწილში ჰაერის ტემპერატურის 100-ზე ზევით მდგრადი გადასვლა აპრილის I დეკადაში აღინიშნება, ხოლო 100-ზე ქვევით ტემპერატურა ოქტომბრის ბოლო რიცხვებში ეცემა. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 190-200 დღის ფარგლებში მერყეობს, აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 450-დან 800 მ სიმაღლემდე 3800-34000-მდე იცვლება. „დიდი ზვრის“ მიკროუბანში კი 3650-დან 34500-ის ფარგლებშია.
ღრუბლიანობა, საერთო მოღრუბლულობის მიხედვით, 55-60%-ია. მეტი ღრუბლიანობით (60-70%) გამოირჩევა ზამთარი და გაზაფხული, ნაკლებით (35-40%) ზაფხული.
მიკროზონაში ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამი 590-865 მმ-ის ფარგლებშია, ხოლო სავეგეტაციო პერიოდში 400-600 მმ-ის საზღვრებში იცვლება.
წლიური ნალექებიდან მაქსიმუმი მაისშია (90-130 მმ), ხოლო მინიმუმი დეკემბერში (25-35 მმ). კახური მწვანე და რქაწითელი კვირტის გაშლას საშუალოდ აპრილის მეორე ნახევრიდან (22.IV) იწყებენ. ყვავილობა იწყება ივნისის I დეკადაში, ხოლო ყურძნის სიმწიფე აგვისტოს II ნახევარში. კახური მწვანე ყვავილობას და სიმწიფეს სამი დღით ასწრებს რქაწითელს. მანავის მიკროზონებში კახური მწვანე საუკეთესო ხარისხის ღვინომასალას სექტემბრის ბოლო რიცხვებში დაკრეფილი ყურძნიდან იძლევა, როდესაც აქტიური სითბო 33000 და მეტია. ასეთი წლების რაოდენობა კი აქ 50 %-მდე აღწევს, ხოლო დანარჩენ წლებში იწარმოება კარგი ხარისხის სუფრის ღვინო.
ჰაერის შეფარდებითი სინოტივის წლიური მნიშვნელობა საშუალოდ 69-70%-ის ფარგლებში მერყეობს. ჰაერის ტენით გაჯერება ყველაზე ნაკლებია (62-64%) ზაფხულის თვეებში (ივლისი, აგვისტო). ყველაზე მეტ (76-79%) სიდიდეს კი გვიან შემოდგომით და ზამთრის დასაწყისში აღწევს.
მიკროზონაში სეტყვიან დღეთა რიცხვი წლის განმავლობაში ზღვის დონიდან სიმაღლის მიხედვით 0,9-2,6 უდრის. ყველაზე სეტყვიანი თვე მაისია – 0,6-1,1 დღე.
გომბორის ქედის სამხრეთ მთისწინებზე და მდინარე ივრის გავაკებაზე, ვენახებისათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე ძირითადად გაბატონებულია დასავლეთის, (25%) აღმოსავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის (16-17%) ქარები. ქარის საშუალო წლიური სიჩქარე 2,2-2,6 მ/წმ საზღვრებში იცვლება. დადაბლებულ ზონაში, განსაკუთრებით გაზაფხულზე 2,8 – 3,3 მ/წმ-ს უტოლდება. ძლიერ ქარიან დღეთა რიცხვი 19-ს არ აღემატება. ძლიერი ქარის მაქსიმალური სიჩქარე 40 მ/წმ 20 წელიწადში ერთხელ არის მოსალოდნელი, 10 წელიწადში ერთხელ კი ქარის სიჩქარემ შესაძლოა 36 მ/წმ-ს მიაღწიოს. მავნე ქარების მიხედვით მიკროზონა მიეკუთვნება I ჯგუფს, ამიტომ ძირითადი ქარსაფარები უნდა გაშენდეს 200-250 მ დაშორებით.
ნიადაგები
ჩატარებული იქნა ნიადაგების საველე მორფოლოგიური და ლაბორატორიული გამოკვლევა, რომელიც ითვალისწინებდა ნიადაგის პროფილის შესწავლას ზედაპირიდან დედაქანის ჩათვლით, როგორც მორფოლოგიური ნიშნებით, ასევე ლაბორატორიულად ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლებით. ამისთვის გაკეთდა ჭრილები მიკროზონის სხვადასხვა ადგილებში რელიეფის ფორმების, ნიადაგის ტიპების და სახესხვაობების შესაბამისად.
კვლევის საფუძველზე მიკროზონაში გამოყოფილია ყავისფერი ნიადაგები თავისი ქვეტიპებითა და სახესხვაობებით და ალუვიურ-პროლუვიურ ნიადაგები, რომელიც შეიძლება ასე იქნეს კლასიფიცირებული.
I. ყავისფერი ნიადაგები.
1. მუქი ყავისფერი (შავმიწისებური) კარბონატული, დიდი სისქის, მცირე ჰუმუსიანი, თიხიანი და მძიმე თიხნარი, განვითარებული ლიოსისებურ თიხებზე.
2. მუქი ყავისფერი (შავმიწისებური) კარბონატული, დიდი სისქის, ღრმა ჰუმუსიანი, ალაგ სუსტად ხირხატიანი და ქვიანი, თიხიანი და მძიმე თიხნარი, განვითარებული ლიოსისებურ თიხებზე და თიხნარიან კონგლომერატზე.
3. მუქი ყავისფერი (შავმიწისებური) კარბონატული, საშუალო სისქის, მცირე ჰუმუსიანი, თიხიანი და მძიმე თიხნარი, სუსტად ხირხატიანი და ქვიანი, განვითარებული ლიოსისებურ თიხებზე და თიხნარიან კონგლომერატზე.
4. ყავისფერი ჩვეულებრივი, კარბონატული, დიდი სისქის, საშუალო და მცირე ჰუმუსიანი, თიხიანი და მძიმე თიხნარი, ალაგ სუსტად ხირხატიანი და ქვიანი, განვითარებული ლიოსისებურ თიხებზე და თიხნარიან კონგლომერატზე.
II. მდელოს ყავისფერი ნიადაგები.
5. მდელოს ყავისფერი (ძველი ალუვიურ-დელუვიური) კარბონატული, დიდი სისქის, საშუალო და მცირე ჰუმუსიანი, მძიმე თიხნარი და მსუბუქი თიხა, განვითარებული ალუვიურ-პროლუვიურ ნალექებზე.
6. მდელოს ყავისფერი (ძველი ალუვიურ) კარბონატული, დიდი სისქის, მცირე ჰუმუსიანი, თიხიანი და მძიმე თიხნარი, განვითარებული ალუვიურ ნალექებზე.
III. ალუვიურ-პროლუვიური ნიადაგები.
7. ალუვიურ-პროლუვიური კარბონატული, დიდი სისქის, საშუალო ჰუმუსიანი, ძლიერ ხირხატიანი და ქვიანი, თიხნარი, განვითარებული ალუვიურ-პროლუვიურ ნალექებზე.
მუქი ყავისფერი (შავმიწისებური) ნიადაგები, რომლებიც დიდი სისქის პროფილით ხასიათდებიან (სახესხვაობა 1 და 2), გავრცელებულია ძირითადად ჩაილურის, კაკაბეთის, ვერხვიანის, ყანდაურის, ბადიაურის და შიბლიანის ტერიტორიის ზედა ნაწილში, სოფლის დასახლებასა და თბილის-კახეთის რკინიგზას შორის. ამ ნიადაგების პროფილის სისქე 0,8-1,2 მ-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი ფენა 35-50 სმ-ია. მუქი ყავისფერი (შავმიწისებური) საშუალო სისქის ნიადაგი (სახესხვაობა ¹3) წარმოდგენილია მანავის (ნაკვეთი „ზეიანი“) და ბადიაურის (ნაკვეთი “ფერმებთან”) ტერიტორიაზე.
ამ ნიადაგის პროფილის სისქე 50-70 სმ-ია, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი ფენა 35-40 სმ. პირველი სამი სახესხვაობის ნიადაგი ზედა აკუმულიაციურ (A) ფენაში მუქი ყავისფერი, მოშავო შეფერილობით ხასიათდება, გარდამავალ (B) ფენაში ყავისფერი ან ღია ყავისფერია, ქვევით ჩალისფერში გადადის და კარბონატობის მაღალი შემცველობის გამო მოთეთრო იერს ღებულობს ან აჭრელებულია კირის თვლებით.
კარბონატების დაგროვება ამ ფენაში შეიმჩნევა ღია მიცელების სახითაც. სტრუქტურა აკუმულაციურ ფენაში გოროხოვან-კოშტოვანი. გარდამავალ (მეტამორფულ B) ფენაში კი წვრილკოშტოვანი ან გოროხოვანი, ქვევით კი უსტრუქტუროა, ალაგ ხირხატიანობით და ქვიანობით ხასიათდებიან (სახესხვაობა 2, 3). აგებულებით ზედა ფენაში ფხვიერია, ქვევით მომკვრივო და მკვრივია, განვითარებული არიან ლიოსისებურ თიხებზე და თიხნარიან კონგლომერატებზე.
მდელოს ყავისფერი (ძველი ალუვიურ-დელუვიური) ნიადაგი (სახესხვაობა ¹5) წარმოდგენილია სოფელ მანავის ტერიტორიაზე. კერძოდ, ნაკვეთზე “ზვრები”, “მწვანე”. ამ ნიადაგის პროფილის სისქე 1,5-2,0 მ-ს აღწევს. აქტიური ჰუმუსიანი ფენა კი 45-50 სმ-ია. ხასიათდება ყავისფერი შეფერილობით აკუმულაციურ (A) ფენაში, ქვევით კი ღია ყავისფერი შეფერილობისაა, მოჩალისფრო იერით. გენეზისური ჰორიზონტების ჩამოყალიბება სუსტად არის გამოხატული. სტრუქტურა ზედა ფენებში კოშტოვან-გოროხოვანია. ქვედა ფენებში კი სუსტად არის გამოხატული ან უსტრუქტუროა. 80-100 სმ-ის სიღრმეზე შეიმჩნევა ნამარხი ფენა, შედარებით მუქი შეფერილობით. ზედა ფენებში ფხვიერი აგებულებისაა, ქვევით კი მკვრივია, მძიმე მექანიკური შედგენილობით.
მდელოს ყავისფერი (ძველი ალუვიური) კარბონატული, დიდი სისქის, მძიმე თიხნარი და თიხიანი ნიადაგი, (სახესხვაობა ¹6) გავრცელებულია ძირითადად სოფელ მანავის მიმდებარე ტერიტორიაზე რკინიგზის გასწვრივ ქვედა მხარეს. ამ ნიადაგის პროფილის სისქე 1,5-2,0 მ-ს აღემატება. აქტიური ჰუმუსიანი ფენა კი 50-60 სმ-ის ფარგელბშია. ხასიათდება ყავისფერი შეფერილობით აკუმულაციურ ფენაში, ქვევით ყავისფერი შეფერვით. 80-100 სმ-ის სიღრმიდან ჟანგის ლაქებით.
0-80 სმ-მდე სიღრმეზე გოროხოვანი და ბელტოვანი სტრუქტურით. ქვევით კი უსტრუქტუროა ან სუსტად გამოხატული სტრუქტურა აქვს. აგებულებით მომკვრივო ან ფხვიერია. ხასიათდება თიხიანი და მძიმე თიხნარი მექანიკური შედგენილობით და ტენიანობით.
ალუვიურ-პროლუვიური ნიადაგები (სახესხვაობა ¹7) წარმოდგენილია მანავის, თოხლიაურის, ჩაილურის და საგარეჯო-გიორგიწმინდის ტერიტორიის ჩრდილო ნაწილში, ჩაილურის ხევის, მათიანთხევის და გიორგიწმინდის ხევის გამოზიდვის კონუსებზე. ხასიათდებიან ღრმა სისქის პროფილით და 40-50 სმ სისქის ჰუმუსიანი ფენით. ზედა ჰუმუსიან ფენაში წვრილმარცვლოვან-კოშტოვანი სტრუქტურით, ქვევით, უსტრუქტურო აგებულებით, ფხვიერია. ძლიერ ხირხატიანი და ქვიანი. განვითარებულია გამოზიდვის კონუსების ქვა-ღორღიან და ქვიშიან ნალექებზე.
ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგენილია, რომ ყავისფერი და მდელოს ყავისფერი (ძველი ალუვიურ-დელუვიური და ალუვიური) ნიადაგები (სახესხვაობა 5 და 6) ძირითადად ჰუმუსის დაბალი შემცველობით ხასიათდებიან და აქტიურ ფენაში მათი რაოდენობა ძირითადად 3,5-1,5%-ის ფარგლებშია. ქვევით კი მკვეთრად მცირდება. გამონაკლისია მეორე სახესხვაობის ნიადაგი (ნაკვეთი „ხოდაბუნები“ და „სამკალი მიწა“ სოფ. კაკაბეთი) სადაც ჰუმუსის შემცველობა უფრო ღრმა ფენებშიც (100-120 სმ) უახლოვდება ზედა აქტიურ ფენას და 2,9-1,6%-ს შეადგენს. საერთო აზოტის შემცველობაც თითქმის შესაბამისობაშია ჰუმუსის რაოდენობასთან და აქტიურ ფენაში (A) ძირითადად 0,238-0,070%-ს შეადგენს.
გამონაკლისია ჭრილი ¹9 (სოფ. კაკაბეთი ნაკვეთი „სამკალი მიწა”), სადაც მისი რაოდენობა მაღალია და 0 – 20 სმ-ის ფენაში 0,980%-ს აღწევს. ასევე გამონაკლისს წარმოადგენს ჩვეულებრივი ყავისფერი ნიადაგები (სახესხვაობა ¹4), სადაც საერთო აზოტის შემცველობა ზედა ფენებთან შედარებით, მაღალია ქვედა ფენებში და 50-100 სმ-ის სიღრმეზე 0,980-0,602%-ს აღწევს, რაც არაკანონზომიერია.
ჰიდროლიზური აზოტი ზედა ფენაში 0-60 სმ-ის სიღრმეზე 11,70-5,60 მგ-ის ფარგლებშია 100 გ ნიადაგში, რაც საშუალო მაჩვენებელს წარმოადგენს. ქვედა ფენებში კი კანონზომიერად კლებულობს.
აგროტექნოლოგიური რეგლამენტები. “მანავის მწვანის” დასახელების ღვინის მისაღებად ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით დაცული უნდა იქნეს შემდეგი აგროტექნოლოგიური რეგლამენტები.
ჯიში კახური მწვანე
გავრცელების არეალი ზღვის დონიდან 400-დან 800-მდე.
დარგვის სქემა: 2 X 1,5 მ; 2,5 X 1,5 მ-ზე; იშვიათად 3 X 1,5მ;
შტამბის სიმაღლე: 60 – 100 სმ;
სხვლის ფორმა: თავისუფალი, ქართული ორმხრივი შპალერი, იშვიათად კორდონები;
დატვირთვის ნორმა 1 მ²-ზე 8-10 კვირტი; 1 ჰა-ზე 80-100 ათასი კვირტი.
მოსავალი 1 ჰა-ზე: _ 6-7 ტონა.
ჯიში რქაწითელი
დარგვის სქემა: 2 X 1,5; 2,5 X 1,5; იშვიათად 3 X 1,5მ;
შტამბის სიმაღლე: 70 – 100 სმ;
სხვლის ფორმა: ქართული ორმხრივი შპალერი და თავისუფალი;
დატვირთვის ნორმა 1 მ²-ზე 8-10 კვირტი. 1 ჰა-ზე 80-100 ათასი კვირტი.
მოსავალი 1 ჰა-ზე: – 9-10 ტონა.
ნიადაგის მოვლა-დამუშავება
სარწყავში. ნიადაგის დამუშავება აგრორეგლამენტების მიხედვით საშემოდგომო და საგაზაფხულო ხვნებით. კულტივაცია 4-5-ჯერ. ტენდამცველი ღონისძიებები _ ნიადაგის ზედაპირის ფხვიერ მდგომარეობაში შენარჩუნება (კულტივირება, ფრეზირება, მულჩირება). ბოლო სავეგეტაციო მორწყვის დამთავრება რთველის დაწყებამდე ერთი თვით ადრე.
ურწყავში. საშუალო ფერდობებზე ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებები: ნიადაგის მინიმალური და ნულოვანი დამუშავება; ბალახიან-კორდიანი სისტემა; ნიადაგის მულჩირება შესაძლებლობის მიხედვით.
განოყიერება
ორგანულ-მინერალური სასუქების გამოყენება კარტოგრაფიული აგრორეგლამენტებით.
ფიტოსანიტარული რეგლამენტები
ძირითადი დაავადებები: განსაკუთრებული მიდრეკილება ნაცრისადმი, ჭრაქი, სიდამპლეები.
მავნებლები: ტკიპები, ყურძნის ჭია, ვაზის ცრუფარიანა.
ბრძოლის ღონისძიებების გატარება
ნაცრის წინააღმდეგ დამატებითი ღონისძიებების ჩატარება, საქართველოში რეგისტრირებული, კონტაქტური და სისტემური ქიმიური პრეპარატებით.
კახური მწვანის და რქაწითელის სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება
კახური მწვანე – თეთრყურძნიანი, საღვინე ვაზის ჯიშია.
ვაზი საშუალო ზრდისაა, საშუალო სიმწიფის პერიოდის. მტევნის საშუალო წონა 172 გ-ია, ხოლო საშუალო მოსავალი ჰექტარზე 5-8 ტ. ჯიშს ახასიათებს შაქრის დაგროვების (200-220 გ/დმ³) საკმაოდ დიდი უნარი, ნორმალური მჟავიანობის შენარჩუნებით (6,0-7,8 გ/დმ³). მგრძნობიარე ნაცრის მიმართ.
რქაწითელი – თეთრყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშია. გამოირჩევა სხვადასხვა პირობებისადმი გამძლეობით და პროდუქციის მაღალი ღირსებით. ჯიში საშუალო ან საშუალოზე საგვიანო პერიოდისაა, უხვმოსავლიანი (მტევნის საშუალო წონა 160-250 გ-მდე).
მწიფე ყურძენში შაქრიანობა 240 გ/დმ³-ს აღწევს, 7,8 გ/დმ³ მჟავიანობის შენარჩუნებით.
„მანავი“ – ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის თეთრი მშრალი ღვინოა.
მანავის ღვინის დასამზადებლად რთველი ტარდება ყურძნის 190 გ/დმ³ შაქრიანობისა და 5,5-7,5 გ/დმ³ ტიტრული მჟავიანობის დროს.
ღვინო „მანავი“ ადგილწარმოშობის კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის თეთრი მშრალი ღვინოა. მზადდება კახური მწვანეს ჯიშის ყურძნიდან. დასაშვებია 15%-მდე რქაწითელის ჯიშის ყურძნის გამოყენება.
ღვინო„მანავი“ ხასიათდება ღია ჩალისფერიდან ჩალისფრამდე, მომწვანო ელფერით, გემოზე ნაზი, ჰარმონიული, დახვეწილი, ხალისიანი. ხილის ტონებით, ჯიშური არომატით, განვითარებული ბუკეტით.
ღვინო „მანავის“ ქიმიური მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მაჩვენებლებს:
მოცულობითი სპირტშემცველობა, % – 10,5 – 12,5;
ტიტრული მჟავიანობა – 5 – 7 გ/დმ³;
აქროლადი მჟავები – არა უმეტეს 1 გ/დმ³;
შაქარი – 0,3 გ/დმ³;
დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია – არანაკლებ 16 გ/დმ³;
გოგირდოვანი მჟავის საერთო მასის კონცენტრაცია – არაუმეტეს 210 მგ/დმ³;
თავისუფალი გოგირდოვანი მჟავის კონცენტრაცია – არაუმეტეს 30 მგ/დმ³;
დანარჩენი ნორმატივები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საკანონმდებლო აქტებს და ევროსაბჭოს 1999 წლის 17 მაისის ¹ 1493/98999 წ დადგენილებას.
ღვინო „მანავის“ სანედლეულო ბაზის არსებული ფართობები:
მანავის მიკროზონაში სანედლეულო ბაზის ფართობი შეადგენს დაახლოებით 346 ჰა-ს.
წარმოებული მოსავალი მიკროზონაში საშუალოდ იქნება 2425 ტ. 1 ტონიდან 65 დეკალიტრის გამოსავლიანობის შემთხვევაში შესაძლებელია წარმოებული იქნას 157 000 დეკალიტრი ღვინომასალა.
მანავის მიკროზონის გეოგრაფიული მდებარეობა – ივრის ზეგანის შემაღლებულ-ვაკისებრი, დატოვებული სუსტად დანაწევრებული რელიეფი; მშრალი სუბტროპიკულიდან ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულზე გარდამავალი კლიმატი; მუქი ყავისფერი (შავმიწისებური) კარბონატული ნიადაგები, ჯიშის კახური მწვანეს გამორჩეული თვისებები განსაზღვრავენ ღვინო “მანავის” განსაკუთრებულ ღირსებას.
წყარი: georgianwine.gov.ge