დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

გინესის რეკორდების წიგნში შესული უძველესი მსხმოიარე ვაზი და ქვეყანა, რომელსაც ჩვენთვის ბევრის სწავლება შეუძლია

სლოვენია ევროპის მევენახეობის და მეღვინეობის მყარი ტრადიციების მქონე გამორჩეული ქვეყანაა, ძალიან სპეციფიკური, ძალიან ორიგინალური ღვინოებით და უაღრესად საინტერესო ხასიათით. ეს ბალკანური ქვეყანა, კომუნისტური ტოტალიტარიზმის დასრულების შემდეგ დაჟინებით ცდილობს, გადაეწყოს ახალ ეკონომიკურ ყაიდაზე და ბევრი ტურისტი მიიზიდოს, რასაც მშვენივრად ახერხებს კიდეც.

სლოვენიაში მუდმივად ტურიზმის ბუმია. მხოლოდ ლიუბლიანაში, რომელიც არცთუ ისე დიდი ქალაქია სულ რაღაც 266 ათასამდე მაცხოვრებლით, 2016 წელს ჩავიდა 4,17 მილიონი ვიზიტორი, რაც 9,4 %-იანი ზრდა იყო 2015 წელთან შედარებით და აქ ტურიზმის სექტორის განსაკუთრებული წილი უკავია სწორედ ღვინის ტურიზმს.

სლოვენიაში ათწლეულების მანძილზე მეღვინეობა ჩამკვდარი იყო. არავინ არ აქცევდა ყურადღებას ორიგინალურ სლოვენიურ ღვინოებს, რომელთა ფალსიფიცირების ხარისხი ძალიან მაღალი გახლდათ. მაგრამ მეღვინეობამ აქ აღმავლობა განიცადა კომუნისტური ტოტალიტარიზმის დასრულების და განსაკუთრებით სლოვენიის ევროკავშირში შესვლის შემდეგ.

ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ სლოვენიური ღვინოები სჯობს მაგ. ფრანგულ ან იტალიურ ღვინოებს, საამისოდ მათ არც ხარისხი ჰყოფნის და არც ჯიშური თვისებები, მაგრამ აქ არის რამდენიმე ძალიან საინტერესო ღვინო. ერთ მათგანს, ცვიჩეკს, ძალიან ორიგინალური ხასიათი აქვს და აქტიურად მოიხმარენ დიაბეტის მქონე ადამიანები, რადგან მასში შაქრიანობა უაღრესად დაბალია – 2,5 გრამი ერთ ლიტრზე. ექსპორტზე გატანილი ცვიჩეკი ღვინის მოყვარულ დიაბეტის მქონე ავადმყოფებში ძალიან პოპულარულია ევროპის მასშტაბით.

სლოვენიური ღვინოები სახასიათო ღვინოებია და მათი წარმოების დონე სულ უფრო იზრდება. გაცილებით უფრო უკეთესია ქართული ღვინო, ალბათ ასი თავით მაინც სჯობს სლოვენიურს და ამიტომ საუბარი იმაზე (რასაც ხშირად გაიგონებთ), რომ ევროპაში საკუთარი ღვინოები ბევრია და ქართული ღვინოები არავის არ დასჭირდება, არის მტკნარი სისულელე. თუ სლოვენია ახერხებს საკუთარი ღვინოების გაყიდვას ევროპის ერთიან ბაზარზე, ჩვენ ეს მით უმეტეს უნდა მოვახერხოთ.

მაგრამ დავუბრუნდეთ ისევ ძირითად თემას. სლოვენიაში არამარტო განვითარებულია ღვინის ტურიზმი, არამედ მარიბორში არსებული საკუთრივ ერთი ვაზია ქცეული ტურისტულ ღირსშესანიშნაობად. საუბარია მდინარე დრაის მარცხენა სანაპიროზე, პტუის ერთ ერთი ციხესიმაგრის შიდა ეზოში მზარდ ვაზზე, რომელსაც სტარა ტრტა ეწოდება. ის 400 წელზე მეტი ხნისაა და მსოფლიოს ყველაზე ძველი მსხმოიარე ვაზია, რითაც გინესის რეკორდების წიგნშია შესული.

ყოველი წლის ოქტომბრის დასაწყისში ამ ვაზზე იკრიფება 50 კილოგრამამდე ყურძენი, რომელიც საზეიმო ვითარებაში იწურება. შემდეგ, ამ დაწურული ყურძნისგან ღვინო ისხმება 250-მილილიტრიან ბოთლებში, რომლებიც ხელოვნების ნამდვილი ნიმუშებია და ამგვარად იყიდება, როგორც ღირსშესანიშნაობა.

სტარა ტრტას უამრავი ტურისტი აკითხავს ყოველწლიურად. მისგან ყურძნის დაკრეფის ცერემონიალზე კი ტურიზმის ნამდვილი ბუმია. ამას ათიათასობით ადამიანი ესწრება, რადგან ყველას სურს გინესის რეკორდების წიგნში შესული, უძველესი მსხმოიარე ვაზის რთველი იხილოს.

ჩვენ ბევრი რამ შეგვიძლია ვისწავლოთ სლოვენიისგან. ძალიან საინტერესოა, თუ როგორ მოახერხა ამ ბალკანურმა სახელმწიფომ ევროპის უღარიბესი ქვეყნიდან თანამედროვე ტურისტულ მექად ტრანსფორმირება. სლოვენია ხომ მართლაც არის წარმატების მაგალითი: მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით აქ 26 000 დოლარს აჭარბებს, რაც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს უახლოვდება. ყოფილი კომუნისტური ქვეყნისთვის ეს მართლაც ფენომენალური შედეგია.

დავით ჩუთლაშვილი,

წყარო: allwine.ge