დარგებიმემცენარეობა

გოგრის თესლი _ მრავალი დაავადების მკურნალი

 გოგრის თესლის რაციონში ჩართვა ძალზე სასარგებლოა ის თუთიის სრულფასოვანი საბადოა, რომელიც ასე სჭირდება (განსაკუთრებით) მამაკაცის ორგანიზმს, მის სქესობრივ სისტემას.

გოგრის სამშობლოა სამხრეთ ამერიკა. გოგრის თესლი პირველად არქეოლოგებმა მექსიკის გამოქვაბულებში აღმოაჩინეს და დაადგინეს, რომ მას ჩვენს წელთააღრიცხვამდე 7000 წლის წინათაც მოიხმარდნენ.

 ინდიელები გოგრის რბილობსა და თესლს დიეტური და სამკურნალო კერძების დასამზადებლად იყენებდნენ. დღეს გოგრა პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში მოჰყავთ და მსოფლიოში მისი 900-მდე სახეობაა გავრცელებული.

გოგრის თესლი ძალზე სასარგებლო პროდუქტია, ის მრავალ დაავადებას შველის. თესლი რომ გემრიელი და ხარისხიანი მივიღოთ, ის სწორად უნდა მოვამზადოთ: გავასუფთავოთ ნაყოფისგან, გავრეცხოთ გამდინარე წყალში, შემდეგ გავაშროთ მზეზე ან სხვაგვარად. გოგრის თესლი დიდხანს არ ინახება — მაქსიმუმ ერთი თვე, თუ მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში და ცივ ადგილას მოვათავსებთ.

გოგრის თესლის სამკურნალო თვისებები:
  • ძილის ნორმალიზება და დეპრესიის განვითარების რისკის შემცირება;
  • ჰიპერტონიული დაავადებების პროფილაქტიკა;
  • თირკმლისა და შარდსასქესო ორგანოების დაავადებების მკურნალობა;
  • დამწვრობისა და ჭრილობების მკურნალობა;
  • ცუდი ქოლესტერინის დონის შემცირება, ათეროსკლეროზის განვითარების პროფილაქტიკა;
  • კანის სილამაზე და ახალგაზრდული იერი, აბრკოლებს ნაოჭების წარმოქმნას;
  • ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა, სახსრების ართრიტის ანთების შემცირება;
  • პროსტატის პროფილაქტიკა;
  • ორგანიზმიდან ჭიებისა და სხვა პარაზიტების გამოდევნა;
  • გულის დაავადებებისგან დაცვა;
  • შაქრიანი დიაბეტის პროფილაქტიკა;
  • ნაწლავური სისტემის მუშაობის ნორმალიზება, ქრონიკული შეკრულობა;
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების პროფილაქტიკა;
  • სისხლის ნორმალური შედედება;
  • მხედველობისა და ფერთა აღქმის გაუმჯობესება;
  • იმუნიტეტის ამაღლება;
  • როგორც მამაკაცის, ისე ქალის ჰორმონების გამომუშავების ხელშეწყობა;
  • კოგნიტური უნარების გაუმჯობესება, განსაკუთრებით— მეხსიერების;
  • პირღებინების პროფილაქტიკა— ავტომობილში, ზღვაზე, ასევე ორსულებისთვის ზომიერი რაოდენობით;
  • მამაკაცის უნაყოფობის პროფილაქტიკა— სპერმატოზოიდები უფრო მოძრავი ხდება, რაც ბავშვის ჩასახვის შანსს ზრდის;
  • ცილების მნიშვნელოვანი წყარო, რაც ძალიან წაადგებათ ვეგეტარიანელებსა თუ მათ, ვინც მარხვას ინახავს.

გასათვალისწინებელია: გოგრის თესლისგან რომ მეტი სარგებელი მივიღოთ, ის ნედლად უნდა გამოვიყენოთ. მოხალვის შედეგად ვიტამინებისა და მიკროელემენტების უდიდესი ნაწილი ნადგურდება. გოგრის თესლი  უშუალოდ მიღების წინ უნდა გავფცქვნათ.

გოგრის თესლის შემადგენლობაშია სხვადასხვა ვიტამინი (В-ჯგუფის ყველა ვიტამინი, А, ასკორბინის მჟავა, Е, К), ამინომჟავა, მინერალი და ცხიმი. საშუალოდ, ის შეიცავს 8,2 გრამამდე წყალს, 13,4 გრამამდე ნახშირწყლებს, 24,5 გრამამდე ცილებს, 25,7 გრამამდე ცხიმებს და 4,1 გრამამდე უჯრედისს.

გოგრის თესლი შეიცავს თუთიას, რკინას, მაგნიუმს, ფოსფორს, მანგანუმს.

100 გრამი გოგრის თესლის მიღებით ორგანიზმი იღებს თუთიის სადღეღამისო აუცილებელი ნორმის 80%-ს, მაგნიუმის 160%-ს, მანგანუმის 130%-სა და კალიუმის 40%-ს.

კალორიულობა

გოგრის თესლი საკმაოდ მაღალკალორიული პროდუქტია — 100 გრამი — 559 კ/კალორია.

გოგრის თესლი მამაკაცებისთვის

მამაკაცებისთვის ძალზე სასარგებლოა რაციონში გოგრის თესლის ჩართვა — ის თუთიის სრულფასოვანი საბადოა, რომელიც ასე ესაჭიროება მამაკაცის ორგანიზმს, მის სქესობრივ სისტემას. თავი რომ დაიცვან წინამდებარე ჯირკვლის ადენომისგან, მათ დღეში დაახლოებით გოგრის 50 ცალი თესლი უნდა მიიღონ.

გარდა ამისა, თუთია ტესტოსტერონის — მამაკაცის მთავარი ჰორმონის მოლეკულის ნაწილია. თესლის შემადგენლობაში შემავალი მიკროელემენტები ზრდიან სპერმატოზოიდების მოძრაობას, რაც მამაკაცის უნაყოფობის შესანიშნავი პროფილაქტიკაა.

ასევე სასარგებლოა გოგრის თესლი ალოპეციის (თმის ცვენა) დროს. თესლი აძლიერებს თმის ძირებს. ასევე, თესლში შემავალი თუთია ებრძვის ქერტლს, რომელიც სოკოვანი დაავადება და არა უბრალოდ კოსმეტიკური დეფექტი.

დამტკიცებულია, რომ მამაკაცები ქალებზე უფრო ადრე ავადდებიან ათეროსკლეროზით, რომელიც ინფარქტსა და ინსულტს იწვევს. გოგრის თესლის გამოყენება ამ პროცესის შეჩერებას უწყობს ხელს; ასევე ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.

გოგრის თესლი ქალებისთვის

ქალებისთვის გოგრის თესლი სასარგებლოა როგორც სილამაზის, ისე ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

ცნობილია, რომ ქალებს უფრო ხშირად აქვთ ოსტეოპოროზი, ვიდრე მამაკაცებს. კალციუმის ორგანიზმიდან გამოდევნა განსაკუთრებით 45 წლის შემდეგ აქტიურდება. გოგრის თესლში შემავალ მინერალებს ამ პროცესის შეჩერება შეუძლია.

ქალების კიდევ ერთი გახშირებული პრობლემაა სისხლნაკლებობა. რადგან გოგრის თესლი რკინის ერთგვარი საბადოა, ქალებისთვის დღეში 100 გრამის მიღება საკმარისია, რომ ამ მიკროელემენტის დღიური ნორმა შეივსონ.

გარდა ამისა, გოგრის თესლი ამაგრებს თმასა და ფრჩხილებს, ებრძვის ნაოჭებს, კანს სილამაზეს ანიჭებს, ხსნის მიკროანთებას. ცხიმოვანი მჟავები კანს შიგნიდან ატენიანებენ, აბრკოლებენ თმის ცვენას და ქერტლის გამომწვევი მიზეზების მოშორებას უწყობენ ხელს.

გოგრის თესლი სასარგებლოა ქალებისთვის მენოპაუზის დროს, რადგან მასში შემავალი ფიტოესტროგენები ხელს უწყობს განწყობის ნორმალიზებას, ებრძვის დეპრესიას, აუმჯობესებს ძილს, ხსნის თავისა და სახსრების ტკივილს.

რეცეპტები

პროსტატის სამკურნალოდ: ნახევარ კგ გოგრის თესლს ფქვავენ და ურევენ 200 გრამ თაფლში (თაფლი დაშაქრული არ უნდა იყოს). ნარევი შესქელებისთვის უნდა მოთავსდეს მაცივარში. შემდეგ მისგან მზადდება პატარა, თხილისოდენა ბურთები. მიღების წესი — უზმოდ 1-3 ბურთი უნდა ნელ-ნელა მიიღოთ, პირში დნობით. კურსის ხანგრძლივობა — 1 თვე.

ძილის მოსაწესრიგებლად, ნერვული დაძაბულობის მოსახსნელად: სამ სუფრის კოვზ გოგრის თესლს დაასხით 0,3 მლ წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე 4 წუთი, შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ მეოთხედი ჭიქა ნახარში ძილის წინ, ძლიერი ემოციური დაძაბულობის დროს.

გოგრის თესლი  დიდი რაოდენობით მიღება მავნებელია:

  • პროდუქტი ძალზე კალორიული და დღეში 140 გრამზე მეტის მიღებამ შეიძლება წონის მატება გამოიწვიოს;
  • საკვებში მარილიანი და მოხალული თესლის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სახსრების მოძრაობის შეზღუდვა და უმოძრაობა;
  • ასევე, შესაძლებელია კბილის ემალის დაზიანება, ამიტომ თესლი ხელით გაარჩიეთ და არა კბილით.

გოგრის თესლის გამოყენება არ შეიძლება:

  • საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებების გამწვავების სტადიაში;
  • ინდივიდუალური აუტანლობა, ალერგია;
  • ზედმეტი წონა.

წყარო: sputnik-georgia.com