დარგებიმემარცვლეობამემცენარეობა

ჰიბრიდული სიმინდის მოვლა-მოყვანის თავისებურებები

მარცვლოვანი კულტურებით უზრუნველყოფა ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური ძლიერების საფუძველია. საქართველო, როგორც უძველესი მიწათმოქმედების ქვეყანა, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა მარცვლოვნების მრავალფეროვნებას. თანამედროვე პირობებში აგრო-სასურსათო უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სიმინდის კულტურას.
სიმინდი მოსავლიანობის პოტენციალით მკვეთრად აღემატება სხვა მარცვლოვან კულტურებს. დღეისათვის ხორბლის პოტენციალური მოსავლიანობა გაზრდილია 12-15 /ჰა-მდე, მაშინ როდესაც, სიმინდის პოტენციალია 25-29 /ჰა. სიმინდს, როგორც სასურსათო მცენარეს მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს. იგი გამოიყენება ფქვილად და მისგან ამზადებენ სხვადასხვა პროდუქტებს.

სიმინდის კვებითი ღირებულება ბევრად არ ჩამოუვარდება ხორბალს. საქართველოში სიმინდის შემოტანისთანავე ქართველმა ხალხმა დაიწყო მისგან მჭადის და ღომის მომზადება.  დღეს საქართველოში შექმნილი სიმინდის მრავალფეროვნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მსოფლიოში.

სიმინდის კულტურამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა „მწვანე რევოლუციაში“. ჰიბრიდული სიმინდის შექმნით მსოფლიოს მეცნიერებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ადამიანის შესაძლებლობები ამოუწურავია. გენეტიკურმა მიღწევებმა მეცნიერებს საშუალება მისცა აღმოეჩინათ ციტოპლაზმური მამრობითი სტერილობა. ამან კი ხელი შეუწყო ჰიბრიდული სიმინდის ფართოდ გავრცელებას, რომელიც თითქმის ორჯერ მეტ მოსავალს იძლევა ვიდრე ჩვეულებრივი სიმინდი. ჰიბრიდული სიმინდის უპირატესობები  დაკავშირებულია პირველი თაობის მცენარეთა მაღალპროდუქტიულობასთან, რასაც განაპირობებს ჰეტეროზისი – ჰიბრიდული ძალა. ეს მცენარეს შესაძლებლობას აძლევს მაქსიმალურად გამოავლინოს ყველა შესაძლებლობა.  ახასიათებს აზიდული ფოთლები და ძლიერდება ფოტოსინთეზი. ამის გამო შემცირებულია კვების არე და იზრდება მცენარეთა რაოდენობა ჰექტარზე. ყველა მცენარე ერთნაირი განვითარებისაა  და ადვილად ემორჩილება მექანიზებულ  მოსავლის აღებას. ეს დადებითი თვისებები საშუალებას იძლევა სიმინდის მოსავლიანობა გავზარდოთ 15-20 /ჰა-მდე. არის შემთხვევები, როცა ჰიბრიდული სიმინდით მიღებულია 29.0 /ჰა-ზე.

ჰიბრიდული სიმინდის უპირატესობები მეტად მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი წარმოება დაკავშირებულია აუცილებელ ფაქტორებთან. ჩვეულებრივად ნიადაგის დროული და ნორმალური დამუშავება, თესვის ვადების და ნორმების დაცვა, სარეველებისგან და მავნებელ-დაავადებებისგან დაცვა და მორწყვა ისევე ტარდება, როგორც ჩვეულებრივ ჯიშებში.

 სიმინდის ქვეშ ნიადაგში შესატანი მინერალური სასუქების ნორმები

                                                (მინიმალური, მაქსიმალური)

 

 #

 

სასუქის  დასახელება

აღმოსავლეთ საქართველო დასავლეთ საქართველო
მომქმედი ნივთიერება ფიზიკური წონა მომქმედი ნივთიერება ფიზიკური წონა
აზოტიანი სასუქები  

 

N 60-90  P 60-90  K 30-45

   

 

N 90-120 P 90-120 K 45-60

 
 1 ამონიუმის გვარჯილა

 N 36%

180-270 270-350
 2 სულფატამონიუმი  N 20% 300-450 450-600
 3 შარდოვანა  N 46% 130-200 195-260
 ფოსფორიანი სასუქები    
 4 სუპერფოსფატი ფხვნილისებრიP18% 330-500 500-660
 5 სუპერფოსფატი გრანულებიP 20% 300-450 450-600
 6 ორმაგი სუპერფოსფატი P 45% 130-200 200-260
 7 სამმაგი სუპერფოსფატი  P 54% 110-165 165-220
 კალიუმიანი სასუქი    
 8 კალიუმის მარილი 75-110 110-150
 რთული სასუქები    
 9 დიამოფოსკა  N10  P16  K16 230-345 345-460
 10 ნიტროამოფოსკა  N16  P16  K16 375-560 560-750

სასურველია ნიადაგის დამუშავების წინ შევიტანოთ 20-30 ტონა გადამწვარი ნაკელი.

ჰიბრიდული სიმინდის მოყვანისათვის აუცილებელია გავითვალისწინოთ შემდეგი ძირითადი თავისებურებები: 1. თესლი აუცილებლად უნდა იყოს პირველი თაობის (ჰიბრიდული). 2. აუცილებელია სარწყავი სისტემით უზრუნველყოფა. ურწყავ პირობებში ჰიბრიდული სიმინდის მოსავალი მცირდება 50%-დან 70%-მდე.  უკეთესია დაწვიმებითი სისტემის გამოყენება. ზუსტად უნდა განისაზღვროს რწყვის დრო. ყველაზე მნიშვნელოვანია მორწყვა, ტაროს და ქოჩოჩის ფორმირების დროს, ასევე მარცვლის ფორმირების – რძისებრი სიმწიფის პერიოდში. 3. მნიშვნელოვანია სასუქებით უზრუნველყოფა. მაღალი მოსავლის გარანტიაა სასუქების მაღალი დოზების გამოყენება. ნიადაგის ანალიზის შემთხვევაში დოზები წინასწარ ზუსტად იქნება განსაზღრული.  სასუქების დაბალი დოზები მოსავალს შეამცირებს 40-50%-ით. უნდა გავითვალისწინოთ, რომ სასუქების 30% საჭიროა ვეგეტატიური სიძლიერისათვის, პროდუქტიულობის გაზრდას კი სჭირდება სასუქების საერთო რაოდენობის 70%. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სასუქების და რწყვის რეჟიმის თანხვედრა. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია მივიღოთ სასუქების დანაკარგი და უარყოფითი ემისიები.

ჰიბრიდული სიმინდის შემოტანილი ფორმებიდან უმრავლესობა სასაქონლე ფორმებია. ამიტომ, გირჩევთ, თუ ჰიბრიდული სიმინდის გამოყენება გსურთ სასურსათედ, თესლის შერჩევსას, გაითვალისწინეთ და მოითხოვეთ სასურსათე ფორმა.           საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრსა და საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში სწარმოებს ქართული თეთრმარცვლიანი სიმინდის ჰიბრიდის – „თოლიას“ მეთესლეობა. ჰიბრიდი შეგუებულია ადგილობრივ პირობებს. არ ახასიათებს ჩაწოლა. გამძლეა ჩრდილოეთის ჰელმინთოსპორიოზის მიმართ. სავეგეტაციო პერიოდი 136 დღეა. რეკომენდებულია დასავლეთ საქართველოს დაბლობ ზონაში და აღმოსავლეთ საქართველოს იმ სარწყავ რაიონებში გასავრცელებლად, სადაც ჰაერის აქტიურ ტემპერატურათა ჯამი არის 3900-45000C. მარცვლის მოსავალი 7-8 ტ/ჰა. ტარო ადვილად იტეხება და ადვილად იფშვნება. ამ ჰიბრიდის კვებითი ღირებულება მაღალია და აქვს გამორჩულად კარგი გემური თვისებები.  მისი გამოყენება თავიდან აგვაცილებს სასაქონლე სიმინდის  სასურსათედ გამოყენებას.

 

ცოტნე სამადაშვილი-სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,

ლიანა ქირიკაშვილი – სოფლის მეურნეობის დოქტორი,

ფილარეტ ბეგოიძე – სოფლის მეურნეობის დოქტორი

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

    1. ც. სამადაშვილი, ო. ლიპარტელიანი, ლ. ქირიკაშვილი, ფ. ბეგოიძე – ჰიბრიდული სიმინდის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგია. თბილისი, 2017;
    2. ო. ლიპარტელიანი – ჰიბრიდული სიმინდის სელექცია საქართველოში. თბილისი, 1974;
    3. გ. ბადრიშვილი, ლ. ქირიკაშვილი, ო. ქარჩავა, ა. წვერიკმაზაშვილი – სამარცცლე სიმინდის წარმოება და ეკონომიკური ანალიზი. თბილისი 2022;
    4. ო. ლიპარტელიანი და სხვ. – ჰიბრიდული სიმინდი და მისი აგროტექნოლოგია ფერმერულ მეურნეობებში. თბილისი, 2011;