დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ჰორიზონტის რომელ მხარეს ჯობს ვენახის გაშენება და როგორ ამინდში უნდა ჩატარდეს რთველი?

სანამ მევენახეობა-მეღვინეობას სერიოზულად მოვკიდებთ ხელს, სასურველია ვიცოდეთ, რომ მეღვინეობის ტერუარის ძირითად შემადგენელ ნაწილად ითვლება კლიმატური პირობები, ნიადაგის ტიპი, ადგილის რელიეფი და იმ მცენარეთა ნაირსახეობა, რაც ნაკვეთზე და მის გარშემო იზრდება. გამოცდილი მევენახეები ხშირად ამბობენ, რომ ეს გარემო პირობები, სავენახე ტერიტორიისთვის განსაზღვრულ ყურძნის ჯიშს საშუალებას აძლევს გაიზარდოს და სათანადოდ (ბოლომდე) დამწიფდეს.

ასევე სასურველია იმის ცოდნაც, რომ ყურძნის და შესაბამისად, ღვინის ხარისხი, თუ მოსავლიანობა დიდად  დამოკიდებულია ნიადაგის შემადგენლობაზე. სასურველია თუკი ვენახის ნიადაგის შემადგენლობაში 60%-ზე მეტი მსხვილმარცვლოვანი ქვიშა და ღორღი იქნება. ღორღი ნიადაგის ერთგვარ დრენაჟს ახდენს, ხელს უშლის წყლის ზედმეტად აორთქლებას, აბალანსებს ტემპერატურას და ირეკლავს სინათლის ზედმეტ სხივებს.

ვენახების მდებარეობა ხშირად მოსავლის ხარისხზე გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. მაგალითად, თუკი ვენახები ჩრდილოეთ ფერდობზე იქნება გაშენებული, ასეთი მდებარეობა ვენახს ზედმეტი ტენიანობისგან იცავს და ხელს უწყობს ბუნებრივ კონდიცირებას (ვენახის განიავებას). აქვე უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ კახეთის ნიადაგის შემადგენლობაში არსებულმა თიხამ და ნეშომპალამ, ჩვენი ქვეყნის მეღვინეობის ეს რეგიონი აქცია ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ ტერიტორიად მევენახეობისთვის.

ვენახის მოვლა და სათანადოდ დამუშავება ცხადია, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ვაზის მოვლის მთელი წლიური ციკლის განმავლობაში, აუცილებელია მევენახის მიერ შეიქმნას  ვაზისთვის მაქსიმალურად კარგი პირობები დამწიფებისა და შემდეგ უკვე მსხმოიარობისთვის. სასურველია მოვლისთვის და წამლობისთვის თუ გამოიყენებთ ბიო საშუალებებს. ბევრი გამოცდილი მევენახე მიიჩნევს, რომ მევენახეობისადმი ასეთი მიდგომა, რაკი საუკუნეების მანძილზე გამოიყენებოდა, დღესაც წარმატებული მევენახეობა-მეღვინეობის საფუძველი იქნება.

აუცილებელია კარგი მევენახე წლის განმავლობაში მუდმივად აკვირდებოდეს მტევნის და ფითლის ზრდის პროცესს, ვაზის მსხმოიარობას. მნიშვნელოვანია მუდმივად დაფიქსირდეს ტემპერატურა, ნალექი და სხვა პარამეტრები, რაც ასევე დიდ გავლენას ახდენს მოსავალზე. უნდა ვიცოდეთ, რომ ყურძენი არასოდეს იკრიფება არამხოლოდ დიდი წვიმის, არამედ ნამის შემთხვევაშიც კი.

ამინდი რთველისას უნდა იყოს მაქსიმალურად მშრალი. ძალიან კარგი იქნება თუ კრეფის დღე იქნება ღრუბლიანი. მიუხედავად არსებული ტექნიკური საშულებებისა, ყველა გამოცდილი მევენახე გირჩევთ, რომ ყურძენი აუცილებლად ხელით უნდა დაკრიფოთ. მწიფე მტევნები, მარანში ტრანსპორტირებისათვის უნდა ჩაიდოს სპეციალურ სუფთა ხის, უჟანგავი ფოლადის ან პლასტმასის ჭურჭელში და რაც შეიძლება სწრაფად გადაიტანოთ გადასამუშავებლად. გაითვალისწინეთ, რომ შემდგომში ღვინის ხარისხისათვის მცირე დეტალებიც კი ძალიან მნიშველოვანია.

ლევან სეფისკვერაძე,

წყარო: allwine.ge