ინდური გველის სურო (Catharantus roseum )
ინდური გველის სურო, ანუ ვარდისფერი კატარანტუსი ბოტანიკურად მიეკუთვნება ქენდისებრთა ოჯახს. მრავალწლიანი ტროპიკული მცენარეა. ჩვენში სიმაღლით 50-70 სმ-მდე აღწევს. ის ტროპიკებში მარადმწვანე, მრავალწლიანი ნახევრად ბუჩქია: სუბტროპიკული ჰავის პირობებში კი ერთწლიანია. ველური სახით ფართოდ არის გავრცელებული ტროპიკულ ქვეყნებში, ინდოეთში, ავსტრალიის და სამხრეთ აფრიკის ქვეყნებში. 1958 წელს მისი თესლი პირველად ქობულეთის სამკურნალო მცენარეთა საცდელ სადგურში იქნა შემოტანილი.
მას ინდოეთის ხალხურ მედიცინაში იყენებენ დიაბეტის სამკურნალოდ და თვლიან, რომ მისი მოქმედება უფრო ეფექტურია, ვიდრე ინსულინისა. ასევე იყენებენ ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა დაავადებისას, სისხლის გათეთრების (ლეიკოზის) და ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალო საშუალებად.
ვარდისებრი კატარანტუსი ფართოდ გამოიყენება აგრეთვე სადეკორაციო ყვავილოვანი გაფორმებისათვის, იგი ყვავილობს ხანგრძლივად, განუწყვეტლივ, ყვავილები ლამაზი და სხვადასხვაფრად შეფერილია. როგორც დეკორატიული ყვავილოვანი მცენარე, კატარანტუსი ფართოდაა გამოყენებული ტროპიკულ ქვეყნებში. მისი ღერო სწორ მდგომარეობაშია, შიშველი, ზოგჯერ შებუსული., წაგრძელებულ-ოვალური, მოკლე ყუნწით და პრიალა ზედაპირით. ყვავილი-მსხვილი, 5 სმ-მდე სიგრძის, კიდეები ოდნავ ტალღოვანი, ჩვენს პირობებში ყვავილობს ივნისიდან ადრეული ყინვების დადგომამდე. მცენარის ვეგეტაცია გრძელდება 210 დღეს. ის, როგორც ტროპიკული წარმოშობის მცენარე, მეტად მგრძნობიარეა დაბალი ტემპერატურისადმი. მისი ნორჩი ნაწილები ზიანდება 00-ზე, მიწისზედა მწვანე მასა-3°C-ზე იღუპება.
საქართველოს ტენიან სუბტროპიკებში კატარანტუსი ზრდას იწყებს ივნისის მეორე დეკადიდან ან და აგრძელებს სექტემბრის შუა რიცხვებამდე (90-95 დღის განმავლობაში). ის კარგად იზრდება კოლხეთის დაბლობის პირობებში, ასევე წითელმიწა ნიადაგებზე PH 4-5,5 ფონზე.
ვარდისფერი კატარანტუსი მრავლდება, როგორც თესლით, ისე ვეგეტატიურად, კალმების დაფესვიანებით. წარმოებაში უპირატესობა ეძლევა თესლით გამრავლებას. თესლით გაღვივებისათვის საჭიროა მაღალი ტემპერატურა და ტენი. ღია გრუნტში თესლის დათესვისას, ჭიანურდება თესლის აღმოცენება, ამიტომ უმჯობესია სარგავი მასალის კვალსათბურებში და სათბურებში გამოყვანა. ასეთ პირობებში ადვილდება და ჩქარდება თესლის გაღვივება და ჩითილების გადასარგავად მომზადება. 20-22°Cტემპერატურაზე თესლის აღმოცენება იწყება მეშვიდე დღეს. აღმოცენდება 95-96%. 1 გრამში 1300-1500 თესლია.
თესლი ითესება წინასწარ მომზადებულ დეზიფენქცირებულ ნიადაგზე. 1 მ-ზე, 2-3 სმ სიღრმის კვლებში უნდა დაითესოს 0,5გ თესლი. თესვის საუკეთესო ვადაა მარტის ბოლო და აპრილის დასაწყისი, კვალსათბური საჭიროებისამებრ უნდა მორწყან და გაანიავონ; როცა ჩითილები 12-15 სმ-ს მიაღწევს, შეიძლება მათი ღია გრუნტში დარგვა. დარგვის წინ ჩითილების ფესვები უნდა ამოავლონ თიხანარევ წუნწუხში.
ვარდისფერი კატარანტუსის გასაშენებლად უმჯობესია, მსუბუქი მექანიკური შედგენილობის ნიადაგები, სუსტი მჟავე ან ნეიტრალური რეაქციით. ნიადაგი 20-25 სმ სიღრმეზე თებერვალში უნდა დაამუშავონ. ნიადაგის ძირითადი დამუშავებისას 1 ჰა-ზე უნდა შეიტანონ 30 ტ ორგანული სასუქები.
ფოსფორიანი სასუქი – 120 კგ, ხოლო კალიუმიანი _ 100 კგ. დარგვამდე ორი კვირით ადრე, მახრისა და მურა ხვატრის მატლების წინააღმდეგ უნდა შეიტანონ 8-12%-იანი ჰექსაქლორანი. დარგვა უნდა ჩატარდეს 70X30 სმ კვების არით. დარგვის საუკეთესო ვადაა 20 მაისიდან 20 ივნისამდე. სავეგეტაციო პერიოდში საჭიროა 4-5 ჯერ კულტივაცია და ასევე გამარგვლა. ამ წესით ჰექტარზე ირგვება 47 ათასი ნერგი.
სასუქები შეტანილი უნდა იქნას შემდეგი დოზით: 200 კგ აზოტი შეიტანება კულტივაციის წინ სამჯერადი გამოკვებით: პირველი დოზის 50 კგ/ჰა შეიტანება ნერგების გახარების შემდეგ, მეორე _ 75 კგ/ჰა ყვავილობის დაწყებისას, მესამე-75 კგ/ჰა მსხმოიარობის ფაზაში. ორგანული სასუქები _ 15-20 ტ შეიტანება სარგავ ორმოებში. მჟავე ნიადაგებზე კარგ შედეგს იძლევა დეფეკაციური ტალახის შეტანა _ 6-12 ტ. ჰა-ზე.
ვარდისფერი კატარანტუსის სამკურნალო ნედლეულია მიწისზედა მწვანე მასა, ძირითადად ფოთლები და ყლორტები. ნედლეულის აღების საუკეთესო ვადაა, როგორც მოსავლიანობით, ასევე ალკალოიდების შემცველობით _ სექტემბრის თვე.
კატარანტუსის მოთიბული მასა იჭრება სპეციალური მანქანით, 30 მმ სიგრძის ნაწილებად, სასაქონლო ნედლეულად სტანდარტით ითვლება: ფოთლები, ღეროები – 2 მმ-მდე სისქით, არაუმეტეს 15%-ისა. ნედლეული იფუთება პოლიეთილენის პარკებში და ინახება 1 წლამდე.
რეზო ჯაბნიძე, სსმმ აკადემიის აკადემიკოსი