აგროსიახლეებიმეფრინველეობარუბრიკები

ინდაურის გამოზრდა და ფრინველის ზოგიერთი დაავადება

ინდაურის ხორცი არის დიეტური, დაბალი ქოლესტერინით, შეიცავს დიდი რაოდენობით საჭირო ვიტამინებს და ამინომჟავებს, მიკროელემენტებს. ხორცი ადვილად აითვისება, არ იწვევს ალერგიას. არანაკლებ სასარგებლოა ინდაურის ღვიძლი, რომელიც შეიცავს საკმაო რაოდენობის ფოლიუმის მჟავას და ვიტამინ k-ს.

ქათამთან შედარებით ინდაური უკეთეს, სპეციფიკურ პირობებს და გაძლიერებულ კვებას ითხოვს.

ინდაურს განვითარების საწყის ეტაპზე მძიმედ გადააქვს სიცივე და მაღალი ტენიანობა.

მისი შენახვის რეჟიმი ასეთია: 1-დან 10 დღემდე სასურველი ტემპერატურაა +31 +33 გრადუსი; 11-დან 30 დღემდე – +27 +28 გრადუსი. ტენიანობა 60-70%. არ დავუშვათ ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება.

20-25 დღემდე ინდაურის ჭუკებს ამყოფებენ სპეციალურ ყუთში (გალიაში) ბადიანი იატაკით (ბადე ავირჩიოთ წვრილნასვრეტებიანი). გალია იატაკიდან წამოწეული უნდა იყოს, რომ უზრუნველვყოთ გისტომონოზის პროფილაქტიკა.

20-25 დღის ასაკიდან ინდაურის ჭუკები შეიძლება გავზარდოთ თბილ შენობაში, ღრმა საფენზე. საფენად გამოვიყენოთ წვრილად დაჭრილი ნამჯა (სიღრმე არანაკლებ 10 სმ), რომელიც აუცილებლად უნდა შევინახოთ მშრალ მდგომარეობაში. ინდაურის ჭუკებისთვის აუცილებელია მზის გამოსხივება და მწვანე ბალახი. 5 კვირამდე ძალიან მგრძნობიარენი არიან სინესტისადმი, ამიტომ არ გავუშვათ ეზოში წვიმიან ამინდში, ასევე ცვარის დროს.

კვება

სიცოცხლის პირველ კვირაში ინდაური უნდა ვკვებოთ მაღალცილოვანი და ვიტამინებით დატვირთული საკვებით. ჭუკებს მივცეთ მაგრად მოხარშული, დაქუცმაცებული კვერცხი ახალი ხაჭოთი, რასაც დავუმატებთ ვიტამინებს: A, D, D ან მივცეთ წყლით. ჭუკები კარგად ჭამენ დაქუცმაცებულ მწვანე ხახვს, გახეხილ სტაფილოს. წყალი უნდა სვან შეუზღუდავად (წყლის ტემპერატურა +15 +22 გრადუსი). ნისკარტები რომ არ დაიზიანონ (რამაც შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს) სასურველია საკვები გავშალოთ მშრალი და რბილი ქსოვილის ქვესაფენზე ან სქელ ქაღალდზე.

10-30 დღიდან შეიძლება დავამატოთ სიმინდის ფქვილი, გაცრილი ქერი, ფეტვი, შროტი, სტაფილო, ხაჭო და რძის სხვა პროდუქტები. აუცილებელია ვიტამინებიც.

30 დღიდან 2 თვემდე შეგვიძლია ვკვებოთ: ფრინველის კომბინირებული საკვებით, ხორბლის ნარჩენით, სტაფილოთი, ახალი მწვანილით, რძის პროდუქტებით.

მომდევნო თვეებში კომბინირებული საკვებისა და მწვანე მასის რაოდენობა გავზარდოთ. აუცილებელია საკვებს დავუმატოთ საჭმელი მარილი და ნიჟარები.

თუ ინდაურის საძოვრული შენახვის საშუალება გვაქვს, აუცილებლად გამოვიყენოთ, რადგან ეს ფრინველი თავად მოიპოვებს მისთვის აუცილებელ საკვებს.

ინდაური კვერცხდებას 9-10 თვის ასაკში იწყებს. წელიწადში დებს 70-120 კვერცხს, მასა – 80-95 გრ. იზრდება სწრაფად. დიდტანიანი ჯიშების წონამ შეიძლება 25 კგ-მდეც მიაღწიოს, ხორცის გამოსავალია 80-85%. ინდაურის ჯიშებიდან საქართველოში გვხვდება მკერდფართო, ივანური, თეთრი ან ბრინჯაოსფერი. ზრდასრული მამლის წონაა 18-22 კგ, დედლის – 8-9 კგ.

ბრინჯაოსფერი ინდაური აღწევს: მამალი – 8-9 კგ-ს, დედალი – 6 კგ-ს, დებს 70-მდე კვერცხს.

მოსკოვური გვხვდება ბრინჯაოსფერი ან თეთრი. მამალი აღწევს 13-14 კგ-მდე, დედალი – 8 კგ-მდე. კვერცხდება 100 ცალს აღემატება.

ინდაურის ჭუკები ცუდად ხედავენ, ამიტომ საკვები პირველი სამი კვირა ხელით უნდა ვაჭამოთ, ან გვერდით მივუსვათ ქათმის წიწილები, რომლებიც მათ ჭამას ასწავლიან. ქათმის წიწილები დიდხანს არ შეიძლება ინდაურის ჭუკებთან იზრდებოდდნენ, რადგან შეიძლება ჭუკები დაავადნენ ენტეროჰეპატიტით. ქათმის წიწილებისგან განსხვავებით ინდაურის ჭუკები მეტად მფრთხალნი არიან, ადვილად ცივდებიან და ძნელად ეგუებიან საკვების ცვლას. გაფუჭებული საკვებით ადვილად ავადდებიან და კვდებიან.

ჭუკებს აუცილებლად სჭირდებათ ოთახის ტემპერატურის სუფთა წყალი. საწყურებელი ისეთი უნდა იყოს, რომ მათ დალიონ და არ დასველდნენ. საკვები დაუმზადეთ გამოყენების წინ.

გავითვალისწინოთ ისიც, რომ ინდაურები მიდრეკილები არიან გაცხიმოვნებისკენ, ამიტომ ეს რომ არ მოხდეს, საკვებ რაციონში ჩავამატოთ ბალახის ფქვილი და მარცვლეული შევამციროთ. მივცეთ საშუალება ბევრი იმოძრაონ.

კვერცხდების პერიოდია აპრილი და მაისი.

სამწუხაროდ, აღნიშნული ჯიშების რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია.

გავრცელებული გადამდები და არაგადამდები დაავადებები მოზარდ ფრინველში

ჭირი – მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომლის პროფილაქტიკა (აცრა) აუცილებელია.

პულოროზი – მწვავე ინფექციური დაავადებაა. წიწილები (ჭუკები) ძირითადად ავადდებიან 25 დღემდე, დაახლოებით – 60%-მდე. პულოროზი ემართება ყველა სახის შინაურ და გარეულ ფრინველს.

სიკვდილიანობა აღწევს 50%-ს და ხშირად მეტსაც. დაავადების სიჩქარესა და ინფექციური პროცესის ინტესივობაზე გავლენას ახდენს ფრინველის გამოყვანის ტექნოლოგიის უხეში დარღვევა, გადაცივება, ცუდი განიავება, ტენიანი საგებელი, დაბინძურებული და ტოქსიკური საკვები, საინკუბაციო კვერცხის ცუდი ხარისხი, ანტისანიტარული პირობები, არასრულფასოვანი კვება. ინვაზიის მიმდინარეობას ამწვავებს: ავიტამინოზი, ასპერგელოზი, კოკციდიოზი, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები.

კლინიკური და პათანატომური ცვლილებები. დაავადება როგორც წესი ვლინდება წიწილების (ჭუკების) გამოჩეკვიდან 1-2 დღის შემდეგ და გრძელდება 2-3 კვირა. თავდაპირველად სიმპტომები ყოველთვის არ შეიმჩნევა. 5-7 დღის შემდეგ წიწილები უმოძრაოდ არიან, ფრთები ჩამოყრილი აქვთ, კლოაკის მიდამო ფეკალით არის დაბინძურებული, მადა არ აქვთ, ეწყებათ დიარეა, ხშირად ვლინდება თეთრი ქაფიანი ფეკალი.

გაკვეთისას: ღვიძლი გამკვრივებულია, მოყვითალო ფერისაა, მცირე ნეკროზული კერებია, ნაღვლის ბუშტი გადავსებულია, ელენთა გადიდებულია, თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსზე კატარალური ანთებაა.

პროფილაქტიკა და მკურნალობა: აუცილებელია სრულფასოვანი კვება და შენახვა. 1-10 დღიან კვერცხს (რომელიც გამოიყენება ინკუბაციისთვის) დეზინფექციას უტარებენ 1%-იანი პერეკისის ხსნარით ან იოდზეფით, ფორმალინით, ენროფლოქს 10%-ით და ა.შ.

პროფილაქტიკისთვის საკვებში შეგვიძლია დავამატოთ ბიოლოგიური პრეპარატი „ალქვერნატ ნებსუ“ ან ალქვერფიდ ნატურალი შემდეგი დოზით: 1-დან 25 დღემდე 0,5-1გრ 1კგ საკვებში, შემდეგ 0,5 გრ 1 კგ საკვებში.

სამკურნალო ანტიბიოტიკებიდან კარგ საშუალებად ითვლება ენროფლოქსი 10%-იანი, ვილფლოქს ფორტე, ფლორვილ 10%-იანი, შესაბამისი დოზით: 1 მლ 1 ლიტრ წყალში 5-6 დღე. ხორცზე დაყოვნება 11 დღე. რაციონში ასევე დავამატოთ ვიტამინი ad3E. შეგვიძლია გამოვიყენოთ ბიოლოგიური ანტიმიკრობული საშუალება „დასი“ დოზით: 1 მლ – 1 ლ წყალში.

სალმონელოზი (პარატიფი) – სალმონელების უმრავლესობა კარგად ინახება გარემოში. ინვაზიის წყარო შეიძლება იყოს დაბინძურებული საინკუბაციო კვერცხები. ნაჭუჭის ზედაპირიდან სალმონელა რამდენიმე საათის შემდეგ შიგნით აღწევს.

კლინიკური და პათანატომიური ცვლილებები. სალმონელოზური ინფექციის პირველი ნიშანია კარგად განვითარებული და ზრდასრული ფრინველების ერთ დღეში მოულოდნელი დახოცვა. ქვემწვავე და ქრონიკული ფორმის დროს აღინიშნება ზრდაში ჩამორჩენა, მკვეთრი დაცემა, თუმცა, წიწილებსა და ინდაურის ჭუკებში სიმპტომები ხშირად არ ვლინდება.

იხვებს მუდმივად ერთი და იგივე ნიშნები აქვთ: წყლის მიღების შემდეგ უეცარი დაცემა და სიკვდილი. 3 კვირამდე ასაკის წიწილებსა და ინდაურის ჭუკებს აღენიშნებათ დიარეა, გაძლიერებული წყურვილი, სითხიანი ფეკალი.

 გაკვეთისას: ღვიძლი გადიდებული, ბრმანაწლავი სავსეა ყვითელი ხაჭოსებრი მასით.

პროფილაქტიკა და მკურნალობა: იმის გათვალისწინებით, რომ სალმონელების გავრცელება დაკავშირებულია დაბინძურებულ ნაჭუჭთან, აუცილებელია კვერცხის დეზინფექცია. მკურნალობა: როგორც პულოროზის დროს.

კოკციდიოზი – ხშირად ავადდება 2 კვირიდან 6 კვირამდე მოზარდი. ფრინველი უმოძრაოდ არის, კარგავს მადას, უძლიერდება წყურვილი, ფეკალი მომწვანო ან მოწითალო-შოკოლადის ფერისაა (იმის გათვალისწინებით, თუ რომელი ეიმერიით არის დაავადებული), ბიბილო და საყურეები უფერულია, წიწილები სწრაფად ხდებიან.

პროფილაქტიკა და მკურნალობა – აუცილებელია მოზარდის იზოლაცია მოზრდილი ფრინველისგან, ნაკელის ყოველდღიური გატანა შენობიდან, სუფთად და ბალანსირებულად კვება, მშრალი სასეირნო ადგილის მოწყობა. საკვებში დამატებით შევიტანოთ კოკციდიოზის საწინააღმდეგო საშუალება: მაგ. ზიკოკცი 0,5 გრ – 1 კგ-ში, რომელიც თითქმის 100%-ით დაიცავს ფრინველს დაავადებისაგან, არ მოქმედებს ხორცის ხარისხზე, არ აქვს შეზღუდვა.

დაავადების დროს კარგ სამკურნალო საშუალებად ითვლება პრეპარატები (ბიოკოკცი, ესპაკოკცი, პლურიკოკცინი). ფრინველის დაკვლა შეიძლება ამ პრეპარატების მიცემის შეწყვეტიდან 8 დღეში.

ფუზარიოტოქსიკოზი – საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, იწვევს მოწამვლას. სოკოების ცხოველმოქმედების პროდუქტი გროვდება მარცვლოვან და პარკოსან კულტურებში. შედარებით მგრძნობიარენი არიან 2 თვემდე ასაკის ფრინველები. ხშირად ავადდებიან ინდაურის და იხვის ჭუკები; იშვიათად – წიწილები. დაავადების წყაროა კომბინირებული საკვები, მარცვლოვნები, პარკოსნები, რომლებიც ობის სოკოთი დაავადებული მიწიდან ან სათესლე მასალიდან არის აღმოცენებული, არ არის სწორად შენახული. ფურაზიოზით დაავადებული მცენარე, მოხვდება რა საკვებში, იწვევს ძლიერ მოწამვლას, ხშირად ლეტალობით (ძლიერ შხამიანია ადამიანისთვისაც). სოკოს მიკოტოქსინები მდგრადია მაღალი ტემპერატურის მიმართ, ისინი არღვევენ იმუნურ სისტემას, მოქმედებენ რეპროდუქციაზე.

კლინიკური და პათანატომიური ცვლილებები – სიმპტომები დაინვაზირებული საკვების მიცემიდან 12-14 საათის შემდეგ ვლინდება. სიმპტომები ასეთია: დეპრესია, ფრთები ჩამოყრილი, ბიბილო გალურჯებული, პირის ღრუს ლორწოვანზე ნეკროზები, სისუსტე, სისხლნაკლებობა, ჩიჩახვის საყლაპავის ლორწოვანის შესიება, ჰიპერემირებული, ექსუდატით დაფარული, ჯირკვლოვანი კუნთის ლორწოვანას შესიება, კუნთოვანი კუჭის საზღვართან სისხლჩაქცევებია. აღენიშნება ღვიძლის ანთება, ჰემორაგიული დაავადებები. თუ არ ვუმკურნალებთ, ფრინველი იღუპება.

პროფილაქტიკა და მკურნალობა: პროფილაქტიკისთვის საუკეთესო საშუალებაა ფრინველის ხარისხიანი საკვებით კვება, მაგრამ რადგან მიკოტოქსინებიდან არც მაშინ ვართ დაზღვეული, ამიტომ უმჯობესია საკვებში პროფილაქტიკისთვის ჩავდოთ მიკოტოქსინების საწინააღმდეგო პრეპარატი. ამ მხრივ შეუცვლელია ბიოლოგიური პრეპარატები: ანტიტოქსი, სუპერანტიტოქსი, აპსა ქიმიტოქსი, რომლებიც საკვებში უნდა შევიტანოთ 1 დღიდან ზრდის დასრულებამდე. ამ პრეპარატების გამოყენებისას ხორცზე შეზღუდვა არ არის. მკურნალობისთვის გამოიყენება ჰეპავექს – 200, დოზით: 1 მლ-1,5 მლ. 1 ლ. წყალში 5-6 დღე.

  1. ინდაურის ხორცი შეგიძლიათ იყიდოთ მაღაზიაშიც, მაგრამ როცა თვითონ ზრდით, დარწმუნებული ხართ ხორცის ხარისხში და სიახლეში. თითქმის შეუცვლელი ცილის წყაროა ორსული და მეძუძური დედებისათვის, ბავშვებისათვის.

ინდაურის კვერცხი გემოვნებით და დიეტური თვისებებით მესამე ადგილზე დგას მწყრისა და ციცრის კვერცხის შემდეგ (მეოთხეზე ქათმის კვერცხია). ინდაურის ხორცი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე – ქათმის. სამი თვის ასაკიდან ის სწრაფად იმატებს. მისი ცოცხალი წონის 60-65%-ს შეადგენს კუნთოვანი მასა, სასარგებლო თეთრი ხორცით. ინდაური ღირებული ფრინველია საოჯახო ბიზნესისთვის, მოგებისთვის შეიძლება გავყიდოთ: ინდაურის ხორცი, კვერცხი, ბუმბული, მოზარდი ინდაური, ინდაურის ჭუკები.

მიხეილ ჭიჭაყუა,

„აგროექსპერტთა ასიციაცია“

ვეტკონსულტანტი, ბიოლოგიის დოქტორი